ბიზნესი და სოციალური პასუხისმგებლობა - გზაპრესი

ბიზნესი და სოციალური პასუხისმგებლობა

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი წარმატებული ბიზნესისა და კომპანიის სავიზიტო ბარათად იქცა. დასავლეთში უკვე წლებია ერთგვარ ტრენდად ჩამოყალიბდა - რაც უფრო წარმატებული ხარ ბიზნესში, მით მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გაკისრია. ბიზნეს კონსულტანტთა თქმით, დღეს, როცა ბიზნესის ტრადიციული წესები შეიცვალა, სოციალურ აქტივობას შეუძლია ბიზნესი უფრო ეფექტიანი გახადოს და გაზარდოს კომპანიის მოგება.

ბოლო წლებში ცნობილი კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა გაიზარდა საქართველოშიც. კომპანიებმა ისწავლეს ასე ვთქვათ, სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიულად განხორციელება და შესაბამისად, სულ უფრო ხშირად ეხმარებიან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მიუსაფარ ბავშვებს, მართავენ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებსა და აქციებს, ერთვებიან ისეთი აქტივობებშიც, როგორიც გარემოს დაცვაა. პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტის, კახა მაღრაძის თქმით, საქართველოში კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა ძირითადად ქველმოქმედებაში და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაში გამოიხატება. მისივე თქმით, ქველმოქმედება, სპონსორობა და ქცევის წესები, თუნდაც ბიზნესეთიკა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილია.

"თუმცა არის ბევრი სხვა მიმართულებაც. დიდ და განვითარებულ კომპანიებს უფრო დივერსიფიცირებული აქვთ ეს საკითხი და არა მარტო ქველმოქმედებით გამოხატავენ თავიან სოციალურ პასუხისმგებლობას, არამედ სხვადასხვა სფეროების მხარდაჭერით, სტანდარტების განვითარებით, თანამშრომლებზე ზრუნვით, გარემოზე ზრუნვით და სხვა აქტივობებით გამოირჩევიან", - აღნიშნავს კახა მაღრაძე.

გარემოს დაცვაზე მზრუნველ კომპანიებს შორის უნდა აღინიშნოს კომპანია "ნატახტარი", რომელმაც ცოტა ხნის წინ მსხვილი ინვესტიცია განახორციელა წყლის გამწმენდი ნაგებობის შესაძენად. ნაგებობა გამოყენებულ წყალს მანამდე წმენდს, ვიდრე წყალი ჩამდინარე სისტემაში მოხვდება. კახა მაღრაძის თქმით, მხოლოდ გადასახადების გადახდა და კანონმომრჩილება არ არის მთავარი და როდესაც ბიზნესი ვითარდება, ის ვალდებულიც კი არის მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. "ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას ორი ამოსავალი წერტილი აქვს - პირველი, როცა წარმატებული ხარ, საზოგადოებისგან ჩნდება მოთხოვნილება, რომ უფრო მეტი გააკეთო მისთვის, ვიდრე გევალება. დასავლეთში დღეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ტენდენციაა, რომელსაც ე.წ. რბილი კანონიც კი უწოდეს, ანუ რეალურად კანონი არ არის, მაგრამ თუ კომპანიას არა აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, ეს ცუდად აისახება კომპანიის იმიჯზე. რა თქმა უნდა, სამართლებრივად ეს კეთილი ნებაა, მაგრამ ეს არის მორალური ვალდებულება", - აღნიშნავს კახა მაღრაძე. "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი ასევე მიიჩნევს, რომ როდესაც კომპანია მზრუნველია და აღელვებს საზოგადოება, არ არის გარიყული და განყენებული, ასეთი კომპანიები უფრო სანდო და მისაღებია მოხმარებლისთვის.

საქართველოში კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრისას ასევე აღსანიშნავია "საქართველოს ბანკის" ფონდი "სიცოცხლის ხე", რომელმაც გასულ წელს შშმ პირებისთვის თბილისის ქუჩებში პანდუსები დააგო. "ჩვენ ვცდილობთ ფოკუსირება გავაკეთოთ ისეთი ტიპის აქტივობაზე, რომელიც მიმართული იქნება არა სიმპტომის მკურნალობაზე, არამედ - გამომწვევი პრობლემის მკურნალობაზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უმჯობესია ყურადღების გამახვილება საკუთრივ რომელიმე ერთ პრობლემაზე და შეეცადო, ძირეული ცვლილება გამოიწვიო. სწორედ ამიტომ შარშან განვახორციელეთ ქალაქში პანდუსების დაგება შშმ პირებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვგონია, რომ ქვეყანაში არ გვყავს შშმ პირები, რადგან ისინი არ ჩანან. გარეთ ვერ გამოდიან. ბუნებრივია ვხვდებით, რომ პანდუსები არ არის პანაცეა, მაგრამ ეს არის ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ შშმ პირები უფრო აქტიურად გამოვიდნენ საზოგადოებაში", - ამბობს სოფო ბალავაძე. მისივე თქმით, ბიზნესი ალბათ არის სექტორი, რომელსაც შეუძლია ბევრი პოზიტიური ცვლილების მოტანა საზოგადოებისთვის და ამდენად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა პოზიტიური ძვრები განახორციელოს ამა თუ იმ მიმართულებით.

შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდამჭერ პროექტებს შორის ასევე უნდა აღინიშნოს კომპანია "ნიკორას" ინიციატივით ჩატარებული მედიაპროექტ "ეტალონის" სპეციალური თამაშები, რომლითაც კომპანია ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პატარების რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრირების საქმეში წვლილის შეტანას. ამ მიმართულებით "ნიკორა" აქტიურად თანამშრომლობს მედიაპროექტ "ეტალონთან". ჩაიწერა რამდენიმე გადაცემა, რომელიც ძალიან მალე გავა ეთერში. "გარდა შშმ პირების მხარდაჭერისა, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მხარდაჭერას გულისხმობს. კომპანია ცდილობს გვერდში დაუდგეს სწორედ იმ კატეგორიის მოსახლეობას, რომელიც დღეს ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას. ჩვენ ვახდენთ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების კვების პროდუქტებით, ასევე სხვა აუცილებელი საოჯახო ნივთებითა თუ ფართით უზრუნველყოფას. საკუთარი სოციალური აქტივობების პარალელურად, რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებთან, მათ შორის "მომავლის გზასთან" და "ლიბერლურ კვალთან", "იავნანასთან", "კათარზისთან", წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებასთან და თანამშრომლობის ფარგლებში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს კვების პროდუქტებით ვამარაგებთ. გასულ წელს კი, "იავნანას" საქველმოქმედო მარათონის ფარგლებში "ნიკორამ" ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართიც შეიძინა, - აღნიშნავს " ნიკორას" წარმომადგენელი.

ექსპერტები და წამყვანი მარკეტოლოგები ბრენდებს, რომელთაც სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდის სურვილი აქვთ, ასევე ურჩევენ ქველმოქმედების გარდა, მხარი დაუჭირონ სოციალურ ღონისძიებებსა და პროექტებს. საქართველოში შექმნილი რთული ეკონომიკური და სოციალური ვითარებიდან გამომდინარე კი, კარგი იქნება, თუ სოციალურ პასუხისმგებლობას სულ უფრო მეტი კომპანია გამოიჩენს და დასავლეთში მოქმედი ე.წ. რბილი კანონი ჩვენთანაც ამოქმედდება.

მარი ჯავახიშვილი