რა უნდა ვიცოდეთ ძვირად ღირებული ტექნიკის შეძენისას - გზაპრესი

რა უნდა ვიცოდეთ ძვირად ღირებული ტექნიკის შეძენისას

ამბავი, რომელსაც მოგითხრობთ, ალბათ არაერთ ადამიანს შემთხვევია: დაახლოებით ერთი წლის წინ დიქტოფონი შევიძინე, რომელსაც ერთწლიანი გარანტია ჰქონდა. თერთმეტი თვის შემდეგ დიქტოფონი გაფუჭდა, ვერც უკან დავაბრუნე და მისმა რემონტმაც გვარიანად გამაწამა. აღარაფერს ვამბობ თანხაზე, რომელიც წყალში გადავყარე. ალბათ მკითხველიც დამეთანხმება, რომ არც პირველი ვარ და არც - უკანასკნელი: ადამიანები ყიდულობენ ძვირად ღირებულ ტექნიკას - მაცივრებს, ტელევიზორებს, მობილურ ტელეფონებს და მალე უფუჭდებათ. ამ პრობლემაზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის პროექტების ხელმძღვანელს, ლია თოდუას:

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც ახალშეძენილი, ძვირად ღირებული ნივთი გაუფუჭდა?

- გაფუჭებული ნივთი უნდა მიგეტანათ იქ, სადაც იყიდეთ. ასეთ დროს დაზიანებული ტექნიკა უნდა შეგიკეთონ და საგარანტიო ვადაც ხელახლა მოგცენ. თანაც, ეს ყველაფერი განმარტებული უნდა იყოს საგარანტიო ტალონში. მართალია, არც პირველი ხართ და არც - უკანასკნელი. ანალოგიური საჩივრით ბევრი მოგვმართავს. ნაკლი ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს და არსებობს კანონმდებლობა, რომ თუ ძვირად ღირებულ ნივთს ნაკლი აქვს, ის უნდა გამოიცვალოს. ეს პირდაპირ წერია ჩვენს სამოქალაქო კოდექსში, მაგრამ სამწუხაროდ იმის გამო, რომ მომხმარებელთა კანონი არ არსებობს, ეს წესი არ სრულდება. სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ ამბობს, რომ თუ ნაკლიანი ნივთი მოგყიდეს, ან უნდა გამოგიცვალონ, ან - შეგიკეთონ. მაგრამ ამავე დროს, თუ ყიდვისას სხვანაირად მოილაპარაკებთ, შეიძლება ეს მუხლი გაუქმდეს. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებას, რომელსაც აფორმებთ. ყველას გვიხარია ახალი ნივთის შეძენა, ამ ნივთებს ხშირად მოჰყვება ე.წ. "საგარანტიო ფურცელი", რომელსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ. მაშინაც კი, როცა მასზე ხელს გვაწერინებენ. არადა ეს არის ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა პირობებით ვიძენთ ნივთს. სამწუხაროდ, ეს ხელშეკრულებები ჩვენს უფლებებს ხშირად ზღუდავს. მას ეძახიან "გარანტიას", რის გამოც მომხმარებელი ტყუვდება და არ აკვირდება, რომ ხუთი, შვიდი ან თუნდაც ათი დღის შემდეგ გამოცვლაზე პრეტენზია ვეღარ ექნება. ანუ ე.წ. გარანტიის წყალობით ფაქტობრივად, დაზიანებული ნივთის შეცვლის უფლებას კარგავს. უცხოეთში ასეთი ხელშეკრულება ბათილია, თუ ნივთი ნაადრევად გაფუჭდება. ეს არის წესი, რომელიც ცივილიზებულ ქვეყნებში მოქმედებს. ჩვენთანაც უკვე მომზადდა მომხმარებელთა დაცვის კანონი, რომელიც ამგვარ ხელშეკრულებებს ბათილად გამოაცხადებს, მაგრამ ის ჯერჯერობით მიღებული არ არის. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ უნებლიეთ ჩვენი უფლებების შემზღუდავ ხელშეკრულებას არ მოვაწეროთ ხელი.

- სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანებმა ეს არ იციან, რის გამოც მართლა ხშირად ტყუვდებიან...

- იმის გამო, რომ ჩვენ არა ვართ გარკვეული სამოქალაქო სამართალში, მყიდველებმა არ იციან რა უფლებები აქვთ და რა უფლებებს კარგავენ მაშინ, როცა ე.წ. გარანიტიას ხელს აწერენ. სახელმწიფო არსებობს იმისათვის, რომ მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი ადამიანებისგან დაიცვას. მომხმარებლებს ვურჩევთ, პირველ რიგში ყურადღება მიაქციონ, რას ყიდულობენ და ვისთან. ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულება, რომელსაც გაძლევენ, შეამოწმეთ, ახლავს თუ არა თქვენს მიერ შეძენილ ნივთს მწარმოებლის გარანტია, რადგან მწარმოებლის გარანტიაში ყოველთვის ლაპარაკია ერთ-ორ წელზე და არა საგარანტიო 5-10 დღეზე. შეძლებისდაგვარად, თავი უნდა შევიკაოთ ისეთ მაღაზიებში შეძენისაგან, სადაც რამდენიმედღიან გარანტიას გვთავაზობენ. დიდია ალბათობა, რომ ეს მეორადი პროდუქციაა. მე მგონი, მარტივი ჭეშმარიტებაა: რამდენიმე თვეში არ უნდა გაფუჭდეს ძვირად ღირებული ტელევიზორი ან მაცივარი, რომელსაც 2-3 წლით ყიდულობ. ეს ხომ ფეხსაცმელი ან ჩანთა არ არის? ხელს ნუ მოაწერთ ისეთ ხელშეკრულებას, სადაც საგარანტიო ვადად 5 ან 10 დღე წერია, ხოლო თუ სასამართლომდე მივიდა საქმე ან უფასოდ შეგიკეთებენ, ან შეგიცვლიან...

- ჩვენში ასეთი შემთხვევების გამო სასამართლოს თითქმის არავინ მიმართავს.

- ადამიანს და მის პრინციპს გააჩნია. ახლა უკვე მომრავლდნენ ისეთები, ვინც სასამართლოში ჩივის და მიყენებული ზარალის უკან დაბრუნებას ითხოვს. ერთ-ერთ უნივერსიტეტში უფასო საადვოკატო მომსახურებაც კი აქვთ შექმნილი. დაზარალებულ მომხმარებლებს ისინი სასამართლოში უფასოდ დაეხმარებიან. კარგ ადვოკატს შეუძლია დაასაბუთოს, რომ მყიდველი რაღაც ხერხებით მოატყუეს, შეცდომაში შეიყვანეს და საქმე მოიგოს კიდეც. ამიტომ, კარგია, რომ ეს უფასო ადვოკატები გამოვიყენოთ. "ნიუ ვიჟენ" - ასე ჰქვია ამ უნივერსიტეტს, მათ გვითხრეს, რამდენი ადამიანიც მოვა ჩვენამდე, იმდენს მოვეხმარებითო. ეს არის უნივერსიტეტი და მათი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ ეს მათი სტუდენტებისთვის პრაქტიკა იქნება. ამავე დროს, თითოეულ საქმეს უხელმძღვანელებს ადვოკატი, რომელსაც ფულს უნივერსიტეტი გადაუხდის.

- თქვენ თუ დახმარებიხართ ოდესმე ადამიანებს, რომლებმაც ძვირად ღირებული ტექნიკა შეიძინეს და გაუფუჭდათ?

- რასაკვირველია. ვინც მოგვმართავს, ყველას შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. მოგვმართა ერთმა პიროვნებამ, რომელსაც ახალნაყიდი ფოტოაპარატი გაუფუჭდა. წესით, მისთვის ეს ნივთი უნდა შეეცვალათ, რაზეც მაღაზიაში უარს ეუბნებოდნენ. ვიდრე ჩვენ არ მივყევით, არ გამოუცვალეს. ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო: მწყობრიდან გამოდის ახალნაყიდი ნოუთბუქი, მობილური ტელეფონი, სხვა ძვირად ღირებული ტექნიკა და რეალიზატორებს მისი შეცვლა არ სურთ. სწორედ ეს ხდება ძირითადად დავის საგანი. მსგავსი დავა საერთოდ სასამართლოში უნდა გადაწყდეს. 10 ნივთიდან ერთი შეიძლება იყოს ნაკლიანი, მაგრამ ის უნდა გამოგიცვალონ, ამით მომხმარებელი არ უნდა დაზარალდეს. ბევრმა ეს არ იცის. სხვათა შორის, უკეთესი მდგომარეობაა, როცა ტექნიკას ბრენდულ მაღაზიაში შეიძენთ, როცა მწარმოებლის მაღაზიაა, ის არ ყიდის მეორად ნაწარმს და ნაკლიან ნივთსაც უპრობლემოდ ცვლის, ეს მათთვის ჩვეულებრივი პროცედურაა. პრობლემა ისაა, რომ უცნობია, საიდან მოდის ეს პროდუქცია. ძალიან დიდია ეჭვი, რომ ეს არის შეკეთებული, მეორადი ნივთები, რომელსაც თან არ მოჰყვება არც მწარმოებლის ინსტრუქცია, არც მისი გარანტია. საკმაოდ საფუძვლიანია ეჭვი, რომ ასეთი ნაკლიანი ნივთი ზოგიერთ მაღაზიაში ბევრია. როდესაც მას არ მოჰყვება ქარხნის ინსტრუქცია და მწარმოებლის გარანტია, უკვე ჩნდება ეჭვი, რომ ეს მეორადი ნივთია.

- ძალიან ხშირად ტექნიკას აწერია "სონის", სამსუნგისა" და სხვა ცნობილი ფირმების სახელი, მაგრამ ეს არის პატენტი - დამზადებული ჩინეთში ან სხვა ქვეყანაში...

- ესეც არ არის გამორიცხული და ეს არის ძალიან საშიში რამ - ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ გეუბნებიან, რომ ეს არ არის ნაღდი "სონი" ან "სამსუნგი", მაშინ ვეღარ გექნებათ პრეტენზია, მაგრამ როცა არ გეუბნებიან, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ვერ ვიტყოდი, რომ ჩინური ყველაფერი უხარისხოა, არსებობს ჩინური კარგი ტექნიკაც, მაგრამ არის უხარისხო და ყალბიც. საქართველოშიც იყიდება "ლენოვოს" ლეპტოპები, რომლებიც ჩინურია, მაგრამ კარგი ხარისხისაა და საკმაოდ ძვირიც ღირს. თუმცა, ყველამ იცის, რომ ჩინური, გაყალბებული პროდუქცია პრაქტიკულად ერთჯერადია.

ნივთის შესყიდვა დაიწყეთ ე.წ. გარანტიის შესწავლით.

ნივთის შეძენამდე პრაგმატულად უნდა შეისწავლოთ ყველაფერი, რაც მას შეეხება და ცივი გონებით უნდა შეიძინოთ.

გულდასმით წაიკითხეთ საგარანტიო ფურცელი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, შეიძენთ თუ არა მას.

ვიდრე რაიმე ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:

1. თუ ნივთს ნაკლი აღმოაჩნდა, მოსთხოვოთ მაღაზიას, დაიბრუნოს, გამოცვალოს ან შეაკეთოს იგი.

2. ეს უფლება თქვენ გაქვთ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომლის დროსაც ამგვარი ნივთები ჩვეულებრივ შეუფერხებლად მუშაობს.

3. ნივთის გამოცვლისა და დაბრუნების ყველა ხარჯი, მათ შორის - ტრანსპორტირებისა, უნდა გაიღოს მაღაზიამ.

4. ნაკლი არ ნიშნავს მხოლოდ "ქარხნულ წუნს", არამედ ნებისმიერ ნაკლოვანებას, რომლის გამოც ნივთი არ არის ვარგისი, არ არის იმ ხარისხის, რაშიც ყიდვისას დაგარწმუნეს, ან - რაიმე ნაწილი აკლია.

თუმცა, ეს უფლებები ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს და სწორედ ასეთი ხელშეკრულებაა ხშირად ე.წ. "გარანტია", რომელზეც თქვენ ნივთის შეძენისას ხელს გაწერინებენ.

ხათუნა ჩიგოგიძე, ჟურნალი "გზა"