"პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ტრაგედია არაა" - გზაპრესი

"პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ტრაგედია არაა"

საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და გიორგი მარგველაშვილმა საკმაოდ ობიექტურად და ამომწურავად მიმოიხილა ყველა ის შიდა თუ გარე პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური საკითხი, რაზეც ყურადღების გამახვილებას მისგან საზოგადოება ელოდა. იყო ზომიერი კრიტიკაც, "ქართული ოცნებისთვის" ვალდებულებების შეხსენება და იმ "ღვაწლზე" ხაზგასმაც, რაც ამ ხელისუფლების პირობებში, ზოგიერთი მიმართულებით გვხვდება. საინტერესო გახლდათ მისი გზავნილები როგორც საქართველოს ევროპული გეზის, ასევე, აზიასთან თანამშრომლობის კუთხით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კონტინენტის დასავლეთიც და აღმოსავლეთიც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, საერთო ჯამში, მისი სიტყვა უარყოფითად არ შეაფასეს, თუმცა, ჩვეული ქილიკით მაინც მოიხსენიეს ის "მეოცნებე" მინისტრები, რომლებმაც პრეზიდენტი "არ დააფასეს და მას მხოლოდ "შავი ყუთიდან" უსმინეს". ან იქნებ არც უსმინეს... ამ ფაქტზე აზრთა სხვადასხვაობა თვითონ მმართველ გუნდშიც იყო და თუ ერთნი ამტკიცებდნენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრება ქვეყნის უმაღლესი პირის გამოსვლაზე სავალდებულო არ არის და ამის გამო, ისინი მთელი დღით ვერ მოცდებოდნენ, მაგალითად, თინა ხიდაშელმა სინანული გამოთქვა დარბაზში ცარიელი სკამების არსებობის თაობაზე...

პრეზიდენტის სიტყვის შეფასება ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ვთხოვე.

- ქალბატონო ხათუნა, როგორ შეაფასებთ ბატონი გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში? რამდენად სწორი აქცენტები გააკეთა მან ამა თუ იმ მიმართულებით?

- პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ მრავალმხრივი იყო და ბევრი აქტუალური სფერო და საკითხი მიმოიხილა. ხაზი გაუსვა იმ მიმართულებების ძირითად ნაწილს, სადაც რეფორმის აუცილებლობაა, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, რომელიც ასევე იდო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებში, რომ ხელს შეუწყობდა მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრის ფორმირებას საქართველოში; ასევე, შსს-ს რეფორმის აუცილებლობა და შეახსენა, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების რეალიზების დროა. უსაფრთხოების კუთხით, ხაზი გაუსვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის აუცილებლობას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და რუსეთთან მიმართებაში, პრეზიდენტის პოზიციის დაფიქსირება ძალზე მნიშვნელოვანი იყო. საინტერესოა, რომ საქართველოს უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის გამოსვლაში რუსული საინფორმაციო პროპაგანდის თემა პირველად მოხვდა და თქვა, რამდენად მტკივნეული და საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის. კარგია, რომ გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ამ საფრთხის არსებობას. საინტერესო მოხსენება იყო და საინტერესო აქცენტები გაკეთდა ბევრი მიმართულებით.

- კონკრეტულად რა მნიშვნელოვანი გზავნილები დაინახეთ საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე?

GzaPress- ევროატლანტიკური მიმართულება, ნატოსთან ინტეგრაციის ხაზგასმა და მსგავსი საკითხები, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამავდროულად, მისი მხრიდან ძალიან სწორი მესიჯები იყო გაკეთებული აღმოსავლეთის მიმართულებით, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში "იხარშება" და მთელი ინტერესი მათკენაა მიმართული, იგივე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის მხრიდან. კარგია, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს ეს მიმართულება ყურადღების მიღმა არ დარჩენია. XXI საუკუნის ეკონომიკის "ჭიპი", ხერხემალი სწორედ იქაა და ბუნებრივია, ამ ტენდეციას საქართველოც არ უნდა ჩამორჩეს და მაგალითად, ჩინეთთან და იაპონიასთან ინტენსიური კონტაქტები, რა თქმა უნდა, აუცილებელია. პრეზიდენტის ყურადღების არეალში მოხვდა ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტები. მოკლედ, კრიტიკასთან ერთად, ის მიღწევებიც იყო აღნიშნული, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებშია.

- პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის მიმართულებით ბევრი რამ კეთდება და რომ საქართველოში კრიმინალის, კორუფციის, გადასახადების დაბალი დონე, ბიზნესის კეთების მარტივი გარემოა, რაც ინვესტორების მოსაზიდად ხელსაყრელია. რამდენად ეთანხმებით?

- ის, რომ კრიმინოგენული სიტუაცია გაუარესებულია, სამწუხაროდ, ფაქტია. შესაძლოა, პრეზიდენტს ჰქონდა იმისი სურვილი, რომ ინვესტორებისთვის ეს გარემო მიმზიდველი გაეხადა, თავის მოხსენებაში ცეცხლზე ნავთი არ დაესხა, მაგრამ ამ მხრივ, ალბათ, უფრო ობიექტური უნდა ყოფილიყო. მესმის, რომ მას კონკრეტული პოლიტიკის აღსრულება კონსტიტუციით არ ევალება, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს და მის აპარატს სხვადასხვა ინიციატივის შემუშავებას არავინ უშლის. თუ არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ პროექტებს ხელისუფლებას, რატომ არ შეიძლება პრეზიდენტმაც იგივე ფუნქცია იტვირთოს? სხვა თემაა, მიიღებს თუ არა მისგან შეთავაზებებსა და იდეებს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც მის იგნორირებასა და მარგინალიზაციას ცდილობს, მაგრამ მარგველაშვილი ხომ მხოლოდ მათი პრეზიდენტი არ არის? ის მთელი ქვეყნისა და საზოგადოების პრეზიდენტია და პირდაპირი ვალდებულება აქვს, პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მათი გადაჭრის გზები დაანახვოს და სწორედ საზოგადოება გაიხადოს პარტნიორად, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება არ ეთანამშრომლება.

- რამდენად შეუძლია მარგველაშვილს, იყოს ისეთი ლიდერი, პიროვნული თვისებებით იყოს ისეთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ხალხს აიყოლიებს? მაგალითად, სამომავლოდ, საკუთარი პოლიტიკური გუნდი შემოიკრიბოს და რაიმე სერიოზულ გეგმებსა და იდეებს ჩაუყაროს საფუძველი და განახორციელოს?

- ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, მას ან ამის სურვილი არ აქვს, ან - შესაძლებლობა, რაც ჩემთვის სამწუხაროა. არადა, მმართველობის საკმაოდ დიდი დრო აქვს წინ. იგი ღერძი უნდა გახდეს საინტერესო ახალგაზრდული ინიციატივებისა და იდეების მოზიდვის კუთხით. ამიტომაც ვამბობ, რომ არ არის გამორიცხული, ხვალინდელი გადასახედიდან, მისი უმოქმედობა უარყოფითად შეფასდეს. შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს თავისი წილი დანაშაულები მიუძღოდეს ქვეყნის წინაშე, ბევრი დააშავა, მაგრამ ბევრიც გააკეთა, თუმცა, ეს ყველაფერი ტერორის, ავტორიტარული ტენდენციებისა და საკუთარი მოსახლეობის დაშინების ხარჯზე. ქვეყანას დღეს ძალიან სჭირდება საზოგადოების გააქტიურება და მარგველაშვილმა ამაზე უნდა იფიქროს.

- ვინ უფრო "ზარალდება", აღმასრულებელი ხელისუფლების მიუსვლელობით ყბადაღებული ქილიკის გამო?

- ფაქტია, პარლამენტში მისვლით, საქართველოს დიპლომატიურმა კორპუსმა პრეზიდენტის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოხატა, მაგრამ თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰგონია, რომ მსგავსი ნაბიჯებით მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის მარგინალიზაციასა და დამცირებას ახდენს, ძალიან ცდება. იგივე, თუ უფრო მეტი პროცენტით არა, საკუთარ თავს იმცირებენ და ზოგადად, საზოგადოების თვალში აღმასრულებელი ხელისუფლების როლსა და ფუნქციას აქილიკებენ. თუ ჰგონიათ, ამ ნაბიჯით მხოლოდ პრეზიდენტი ხდება ვინმესთვის საქილიკო, ძალიან ახლომხედველები ყოფილან. საბოლოო ჯამში, ამით სახელმწიფო ინსტიტუტები და სტრუქტურა ინგრევა, ესაა მთელი უბედურება.

- ამ დროს, მათი ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობა ქვეყნისთვის ხომ უფრო სასარგებლო შედეგებს მოიტანდა?

- არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ტრაგედიაა. პირიქით, სწორედ ესაა ქართული დემოკრატიის ფუნდამენტი, რომ პარლამენტი, პრეზიდენტი და პრემიერი ერთ ხმაზე არ მღერიან. ეს გადასარევია. მონოლითურობა იყო ცუდი. გამოვცადეთ, რომ როცა ყველა ერთ ხმაში მღეროდა, ეს პირდაპირ ჩვენს ზურგებზე აისახებოდა - ზოგისთვის ქონების წართმევით, ზოგის - უკანონო პატიმრობით და ა.შ.

თამთა დადეშელი