საქართველოში მამაკაცები დეკრეტული შვებულებით სარგებლობენ - გზაპრესი

საქართველოში მამაკაცები დეკრეტული შვებულებით სარგებლობენ

წინა წლებთან შედარებით, შობადობის მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2009 წელს, 3 000-ით მეტი ახალშობილი დაბადებულა საქართველოში, ვიდრე - 2014 წელს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ნაბიჯები უკვე გადაიდგა და მომავალშიც დიდი ყურადღება მიექცევა.

სახელმწიფო პროგრამა შარშან ამოქმედდა. პროგრამის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, ამიტომ შობადობის მატერიალური წახალისება ხდება. სახელმწიფო პროგრამა იმ რეგიონებზე ვრცელდება, სადაც შობადობა შემცირებულია. 2014 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა ეს ცვლილება და ყოველი მესამე ახალდაბადებული შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას იღებს. მთიან რეგიონებში მცხოვრებლებს მესამე და მომდევნო შვილზე 200 ლარი ეძლევათ, ხოლო ბარში მცხოვრებლებს - 150 ლარი. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა მანამ, სანამ პატარა ორი წლის გახდება. თუ თქვენ ცხოვრობთ ასეთYრეგიონში და აჩენთ მესამე შვილს, ფულადი დახმარების დანიშვნის მოთხოვნით უნდა მიმართოთ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს. თქვენს განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა შვილების დაბადების მოწმობები. თუ ოჯახს საარსებო შემწეობა აქვს დანიშნული, მას ეს დახმარებაც უნარჩუნდება. ყოველთვიურ ფულად სოციალურ დახმარებასაც ოჯახი ჩვეულებრივად მიიღებს.

GzaPress

სამწუხაროდ, ხშირად ორსულებს, რომლებსაც დეკრეტული შვებულების აღება სურთ, პრობლემები ექმნებათ სამსახურში. ძირითადად, ეს პრობლემა კერძო სექტორში მომუშავე ქალებს აქვთ. დასაქმებულ ორსულებს კომპანიაში ულტიმატუმს უყენებენ, - თუ დროზე არ გამოხვალ სამმუშაოდ, იცოდე, სამსახურს დაკარგავო. ამიტომ ქალებს შვილის ძიძასთან დატოვება უწევთ. არადა, ეს საკითხი შრომის კოდექსით რეგულირდება და აუცილებელია, ქალბატონებო, შრომის კოდექსთან ერთად, გაეცნოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას, რომელიც სრული ინფორმაციის მომცველია თქვენი, როგორც ორსულის უფლებების შესახებ.

მარიკა, 32 წლის:

- ერთ-ერთ კომპანიაში 10 წელი ვიმუშავე. ტოქსიკური ფეხმძიმობა მქონდა, თავს ცუდად ვგრძნობდი. ამის მიუხედავად, ბოლო თვემდე ვიმუშავე. თავს ძალას ვატანდი, მინდოდა, ბოლომდე მემუშავა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ჩემს პატარასთან უფრო მეტი დრო გამეტარებინა. ფეხმძიმობის ბოლო თვეს, როცა დეკრეტის საკითხზე დაველაპარაკე ხელმძღვანელობას, გამომიცხადეს, - მაქსიმუმ, 4 თვეში უნდა გამოხვიდე სამსახურში, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს ვერ შეინარჩუნებო. როცა კანონმდებლობა შევახსენე, მითხრა, - ჩემო კარგო, ეს კერძო კომპანიაა, ჩვენს მოთხოვნებს უნდა დაემორჩილო, თუ არა და მოგიწევს აქედან წასვლა, ხომ იცი, რამდენი უმუშევარი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაშიო. ისე ცივად მელაპარაკა, მივხვდი, მასთან შეპასუხებას აზრი არ ჰქონდა. მაშინ ბევრი ვინერვიულე, არ მინდოდა უმუშევრად დარჩენა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მშობიარობის შემდეგ იმ კომპანიასთან კონტრაქტი შევწყვიტე.

- რატომ არ იჩივლეთ სასამართლოში?

GzaPress- მივხვდი, აზრი არ ჰქონდა ჩივილს. კანონები კარგად ვიცი. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩემს ხელმძღვანელობას სასამართლო გაამტყუნებდა და მოუწევდათ სამსახურში ჩემი აღდგენა, მაგრამ ნერვების წყვეტის ფასად ეს არ მიღირდა. ვიცი, მერე იმ კომპანიაში მუშაობა მაინც გამიჭირდებოდა, შესაძლოა, სხვა მიზეზი მოეძებნა და ისე გავეშვი სამსახურიდან. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს, არ ღირდა, სამსახურის გამო ბავშვი ხელოვნურ კვებაზე გადამეყვანა და უჩემოდ ყოფილიყო. დამხმარეც არავინ მყავს, ე.ი. ძიძა უნდა ამეყვანა, მისთვის ხელფასი გადამეხადა, ჩემი შემოსავლიდან კი აღარაფერი დამრჩებოდა. ამიტომ ვარჩიე ჩემს შვილთან დარჩენა. ჩემი მეუღლე ღმერთის წყალობით, მუშაობს და მისი ხელფასით გაგვაქვს თავი. ვფიქრობ, სახელმწიფომ რაიმე მექანიზმი უნდა აამუშაოს, რომ კომპანიებმა ასე არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. ბევრი ქალი იძულებულია, დაემორჩილოს მათ მოთხოვნას, უწევს შვილის დატოვება და უმოკლეს ვადაში სამსახურში დაბრუნება, მაგრამ ეს ხომ უფლებების შელახვაა? კომპანია კანონს ხომ უნდა დაემორჩილოს? ვფიქრობ, სანქციები უნდა გატარდეს ასეთი კომპანიების მიმართ და სხვები ვეღარ გაბედავენ იმავეს. ისედაც იცით, ჩვენს ქვეყანაში როგორაა დაქირავებულის უფლებები შელახული. რა აზრი აქვს ფარატინა ფურცელზე დაწერილ კანონს, თუ ის არ აღსრულდა?! დასაქმებული კანონზე რომ მიუთითებს და უფლებების დაცვას იწყებს, მაშინვე კარგავს სამსახურს. შედარებით დარეგულირებულია ეს საკითხი სახელმწიფო სტრუქტურებში. ვინც სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, თითქმის ყველა ქალი ერთწლიან შვებულებას მაინც იყენებს და მერე უბრუნდება თავის სამსახურს. ჩემთან ერთად ჩემი მეგობარი გოგონაც მუშაობდა, მან ჩემზე 3 თვით ადრე იმშობიარა და ოთხ თვეში გავიდა სამსახურში, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ფეხმძიმობის დროს გაშორდა მეუღლეს და დღეს შვილის გაზრდა მარტო უწევს. დედა ეხმარება პატარას მოვლაში. რომ არ გასულიყო, შემოსავლის გარეშე რჩებოდა, სხვა გზა არ ჰქონდა. პატარა ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანა. ასე არ უნდა ხდებოდეს.

მარიკას მსგავსად, ბევრი ქალია ამ პრობლემის წინაშე. ხშირად ორსულები და მეძუძური დედები წუხან იმის გამო, რომ მათი უფლებები ირღვევა. არადა, ახალშობილს ყველაზე მეტად სჭირდება, დედა რომ გვერდით ჰყავდეს. ფსიქოლოგების აზრით, სამ წლამდე ბავშვები დედის განუყრელ ნაწილად გრძნობენ თავს და ძუძუთი კვება მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი ეწინააღმდეგებიან იმ დედების გადაწყვეტილებას, რომლებიც სპეციალურად იშრობენ რძეს სამსახურში გასვლის გამო. ფსიქოლოგის აზრით, სამსახურში დედის დაბრუნება ძნელი გადასატანია როგორც თავად დედისთვის, ისე - პატარისთვის. პირველ თვეებში დედის გვერდით ყოფნა ბავშვისთვის აუცილებელია, ამიტომ თუ დედა სამსახურს დაუბრუნდა, ის ისეთმა ადამიანმა უნდა შეცვალოს, ვინც ბავშვისთვის განსაკუთრებით ახლობელია. იდეალურ შემთხვევაში, ეს არის ბებია, თუმცა, სანამ დედა სამსახურში გავა, პატარა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეეჩვიოს ახალ მომვლელს. ფსიქოლოგები ურჩევენ დედებს, ბავშვი ჯერ 3-4 საათით დატოვონ მარტო ახალ მომვლელთან. ეს ხანმოკლე განშორება სასარგებლო იქნება როგორც პატარისთვის, ისე - დედისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ურთიერთობისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ანა კვერნაძე, ორსულებს მოუწოდებს, კანონით იხელმძღვანელონ და თუ მათი უფლებები ირღვევა, მაშინ აუცილებლად მიმართონ სასამართლოს.

ანა კვერნაძე:

- დეკრეტული შვებულებები ორგანული კანონით, შრომის კოდექსითა და ასევე, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. ძალიან გაზრდილია დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა. თუ ადრე იყო 440 კალენდარული დღე, ახალი კანონმდებლობით, ქალს შეუძლია, 730 კალენდარული დღით ისარგებლოს. მკვეთრად არის გაზრდილი დღეების რაოდენობა, რაც აძლევს დედებს საშუალებას, მეტი დრო გაატარონ შვილებთან. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება. 730 კალენდარული დღიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე. საერთო ჯამში, გამოდის ორწელიწად-ნახევარი, აქედან 6 თვეზე მეტი - ანაზღაურებადია, დანარჩენი - უფასო. დედას ამ დროის მანძილზე შეუძლია იყოს შვებულებაში და სამსახური უნდა შეუნარჩუნდეს. ეს გარანტიები შრომის კოდექსში დევს.

- კერძო კომპანიებში ითხოვენ, მეძუძური დედები ადრე გავიდნენ სამსახურში. დედებიც იძულებულები არიან, ჩვილები მიატოვონ და იმუშაონ, სამსახური რომ არ დაკარგონ. მათ რას ურჩევდით?

- უკვე აღვნიშნე, კანონში წერია, დასაქმებულის უფლებები რა არის და ამის დარღვევა არ შეიძლება. თუ ვინმე არღვევს ამ კანონს, მას უნდა უჩივლონ სასამართლოში. თუ მოითხოვენ უფრო ადრე სამსახურში გასვლას, ასეთი ფაქტები თუ რეალურად ხდება, ეს კანონმდებლობის დარღვევაა. ამ დღეებით სრულად სარგებლობის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს და თუ ეს უფლება ირღვევა, აქვს საფუძველი, მიმართოს სასამართლოს. თუ ქალის მშობიარობა გართულდა ან მას ტყუპი შეეძინა, მაშინ 200 კალენდარული დღეა ანაზღაურებადი.

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. ორსულზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა და მაქსიმალური ზღვარია 1.000 ლარი. ადრე 600 ლარი გაიცემოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქალს 1.000 ლარი დაერიცხება. ეს საკითხი მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება გამოითვლება გამომუშავებული ხელფასის წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან; თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია, მაშინ - ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან; ფიქსირებული ხელფასის შემთხვევაში, ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით ხდება დაანგარიშება. დამატებით თანხას თუ მისცემს მას ის კომპანია, სადაც მუშაობს, ეს მათ მოლაპარაკებასა და ხელმძღვანელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სოციალურად დაუცველებისთვის ცალკე პაკეტია და მათ დამატებით ეძლევათ დახმარება.

GzaPressრაც შეეხება ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევებს, ასეთ დროს დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, შეუძლია ისარგებლოს შვებულებით, ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. აქედან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

თუ ქალი არ მუშაობს, ის ვერ მიიღებს სახელმწიფოსგან ერთჯერად თანხას. თუ დასაქმებული არ ხარ, ასეთ შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება არ გაიცემა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდნენ დედებმა: თუ ხარ მეძუძური დედა და კვებავ ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, შენი მოთხოვნის საფუძველზე უფლება გაქვს, აიღო დამატებითი შესვენება, დღეში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისათვის შესვენება სამუშაო დროში, ანაზღაურებადია. ამიტომ ერთის ნაცვლად, დღის მანძილზე გექნება ორსაათიანი შესვენება. შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

- ბოლო დროს მამაკაცებიც სარგებლობენ დეკრეტული შვებულებით?

- რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მამაკაცებმა ისარგებლეს ამ შესაძლებლობით. კანონით გაწერილია ბავშვის მოვლის გამო დამატებით შვებულების გაცემის საკითხიც. დამატებითი შვებულება ნებისმიერმა ბავშვის მომვლელმა შეიძლება აიღოს 12 კვირის ოდენობით მანამ, ვიდრე ბავშვი 5 წლის არ გახდება. მამასაც შეუძლია, აიღოს დეკრეტული შვებულება და ის მისთვისაც ანაზღაურებადია. მისასალმებელია, მზრუნველობის აღება საკუთარ თავზე ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც რომ სურთ. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ბევრი მამაკაცი სარგებლობს ამით.

თეა ხურცილავა