"კახეთის რეგიონში, სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95%-ით შემცირდება" - გზაპრესი

"კახეთის რეგიონში, სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95%-ით შემცირდება"

აპრილის ბოლოდან კახეთის მოსახლეობას ეს საფრთხე აღარ დაემუქრება, რადგან სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჭოტორის მთაზე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შემადგენლობაში მყოფი, რადიოლოკაციური სადგურის სამონტაჟო სამუშაოები დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ორგანიზაცია "დელტას" ინფორმაციით, ამ ეტაპზე რადიოგამჭვირვალე გუმბათის აწყობა მიმდინარეობს.

რეგიონში სულ, 80-ზე მეტი ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო წერტილი განთავსდება და რვავე მუნიციპალიტეტს მოიცავს. პირველი სატესტო სროლები აპრილის ბოლო რიცხვებში გაიმართება, სისტემის ფუნქციონირება კი, მთელ კახეთში ზაფხულიდან დაიწყება. მას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა", შვილობილ სამშენებლო კომპანიასთან ერთად ახორციელებს.

სისტემის პირველი სატესტო სროლები აპრილის ბოლო რიცხვებში გაიმართება. სრული ფუნქციონირება ზაფხულიდან დაიწყება... ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ, კახეთის რეგიონში, სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95%-ით შემცირდება. "დელტას" წარმომადგენლების აზრით, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების საშუალებით ღრუბელში სეტყვის კრისტალების დაშლა ადრეულ სტადიაზე ვერცხლის იოდიდის გაფრქვევით ხდება. რაც გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს. რაკეტების რეაგენტი შემოწმებულია და გამოიყენება ამერიკასა და ევროპაში.

გიგა ინაშვილი, "დელტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი:

GzaPress- სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია 2013 წლის დასაწყისში მოხდა. მისი შექმნის ინიციატივა "დელტას" გენერალურ დირეტორს ეკუთვნის. შემდეგ კი, სახელწიფომ პროექტი რამდენიმე მილიონი ლარით დააფინანსა. პირველ რიგში, მეცნიერებმა თეორიული სამუშაოთი დაიწყეს, საბჭოთა კავშირის დროინდელი საფუძვლების ნაწილი გამოიყენეს. კახეთში რამდენიმე ჯგუფი ჩავიდა, რომლებმაც კონკრეტული წერტილები შეარჩიეს, სადაც უნდა განთავსებულიყო საცეცხლე წერტილები, მეტეორული რადარი, საცეცხლე პოზიციები და სარაკეტო დანადგარი... რადარი განთავსდება სიღნაღთან ახლოს, ჭოტორის მთაზე. რაც შეეხება საცეცხლე წერტილებს, მთელ კახეთში 85 საცეცხლე წერტილი განთავსდა. საცეცხლე დანადგარები საქართველოში დამზადდება, რაც შეეხება რადარებს, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან შემოგვაქვს.

- ანუ სისტემა უკვე ამუშავდა?

- ჯერჯერობით არა, სისტემის განლაგება ეტაპებადაა დაყოფილი და ჩვენი გათვლებით, მთელი სისტემა აპრილის ბოლოდან უნდა ამუშავდეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საცეცხლე სარაკეტო დანადგარების დამზადება "დელტას" საწარმოებში. კახეთში, ჭოტორის მთაზე, რადიოლაკაციური სადგურის რადარის მონტაჟი თითქმის დასრულებულია, რომელიც ასევე საქართველოშია დამზადებული. რადარის აწყობაში, ქართველებთან ერთად, უცხოელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.

- ადგილობრივების დამოკიდებულება როგორია ამასთან დაკავშირებით?

- სანამ საცეცხლე დანადგარების მონტაჟი დაიწყებოდა, მოსახლეობის აზრს გავეცანით. "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი შეხვდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და მათ კითხვებზე უპასუხა.

- რა კითხვები ჰქონდათ მათ?

- როგორ მუშაობს სისტემა და საფრთხის შემცველია თუ არა ეს დანადგარი მოსახლეობისთვის? ჩვენმა დირექტორმა მათ არგუმენტირებულად აუხსნა, რომ სისტემა არავითარი საფრთხის შემცველი არ არის, რადგან ახალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული... ერთი სიტყვით, ყველანაირი აზრი მოვისმინეთ, თუმცა, ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ უმრავლესობა კმაყოფილი იყო. იყო შემთხვევები, როდესაც ადგილობრივებმა სისტემის განსათავსებლად საკუთარი მიწის ნაკვეთებიც კი დაგვითმეს, - ოღონდ ამ პრობლემას კახეთში ეშველოს და ყველაფერს გავაკეთებთო.

- მაგრამ მოსახლეობაში იყო საწინააღმდეგო აზრიც, ხომ?

- დიახ, არიან ისეთებიც, ვისაც ამის გაკეთება არ სურდა, თუმცა, რა იყო მიზეზი, გარკვევა არ დაგვიწყია. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მესაკუთრეს არ სურდა მის ნაკვეთთან ახლოს ამ დანადგარის დამონტაჟება და ჩვენც შევცვალეთ პოზიცია და რამდენიმე ასეული მეტრით სხვაგან გადავინაცვლეთ... სამშენებლო პროცესებში ხანდახან ჩართული იყო ადგილობრივი მუშახელი და კერძო კომპანიებიც.

- ფუნქციურად როგორ იმუშავებს სისტემა?

- საბჭოთა დროინდელი სისტემა "ალაზნისგან" განსხვავებით (90-იან წლებში სამხედრო დანიშნულებითაც იყენებდნენ და სწორედ ამიტომ, მთლიანად განადგურდა), უფრო ეფექტიანი იქნება. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მაშინდელი კვლევების საკმაოდ დიდი ნაწილი გამოვიყენეთ, რაც თეორიული საფუძვლებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. დიდი სიამაყითაა აღსანიშნავი, რომ მსოფლიოში, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების გამოგონებაში ქართველი მეცნიერები მოწინავეები არიან, ვინც სეტყვასთან აქტიური ზემოქმედების პრინციპი შეიმუშავეს. რაც შეეხება სისტემის მუშაობას, - ეს ერთიან კომპიუტურულ სისტემაშია მოქცეული და ადამიანურ ფაქტორს თითქმის გამორიცხავს. "დელტას" ტერიტორიაზე მოეწყობა ერთიანი მართვის ცენტრიც და 80 ერთეულზე მეტი საცეცხლე დანადგარი, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული რადიოლოკაციური მართვის ცენტრთან. რადიოლოკაციური სადგურების მიერ, სეტყვის ღრუბლების აღმოჩენა დროულად, რამდენიმე ათეული კილომეტრიდან მოხდება და ძალიან მოკლე დროში, ინფორმაცია გადამუშავდება და შესაბამის კვადრატში განთავსებულ საცეცხლე დანადგარს გადაეცემა, რომელიც სეტყვის ღრუბლის მიმართულებით რამდენიმე წამში გაისვრის.

- სეტყვის გაუვნებლებას მთლიანობაში რა დრო დასჭირდება?

- სულ რამდენიმე წამი... რაც შეეხება ღრუბელზე ზემოქმედების პრინციპს, ეს არის დაფუძნებული ვერცხლის იოდიდის რეაგენტზე, რომლის საშუალებითაც ხდება სეტყვის კრისტალებზე ზემოქმედება და მათი მაქსიმალური დეცენტრალიზაცია, - ანუ სანამ ისინი სეტყვად არ გარდაიქმნება და მიწაზე წვიმად არ ჩამოვა.

- კახეთში განთავსებული ყველა დანადგარი დაცულია თუ არა დაზიანებისგან, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან?

- დიახ, ფართობი, სადაც ეს დანადგარებია განლაგებული, მაქსიმალურად დაცულია, - იქაურობა შემოღობილია და დამონტაჟებულია კამერები, რომელიც "დელტასგან" კონტროლდება და მიერთებული იქნება შს სამინისტროს შესაბამის ბაზას, საპატრულო პოლიციას. თუ რომელიმე დანადგარის დაზიანება დაფიქსირდება, ოპერატიულად მოხდება რეაგირება... ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, წინა წლებთან შედარებით, ზარალი 95% შემცირდება.

დავით ჯანიკაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

- ამ სისტემის განთავსებას კახეთისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მხსნელია, რადგან ყოველწლიურად შიშის ქვეშ ვიყავით. მე თვითონ 50 ჰექტარი მიწა მაქვს და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ისე პირწმინდად გაუნადგურებია სეტყვას მოსავალი, რომ ერთი მტევანი ყურძენი და ხილი არ მომიკრეფია... მოსავალი რომ დამეზღვია, ფული უნდა გადამეხადა, რაც ცოტა არ ღირს... რამდენი წელია, ამას ვითხოვთ, რომ დავისვენოთ და ძლივს გვეღირსა. საბჭოთა კავშირის დროს კი არსებობდა ასეთი სისტემა, მაგრამ როგორც ამიხსნეს, ეს ბევრად ეფექტიანი იქნება. ჩემი ოჯახის შემოსავლის 80% სეზონური შემოსავალია და მერამდენე წელია ამის გარეშე ვრჩებოდით. ხალხს მუშაობის მოტივაციას არ ჰქონდა, რადგან არც ვიცოდით, შედეგი ექნებოდა თუ არა ჩვენს შრომას. წლევანდელ სეზონს მოუთმენლად ველოდებით და დიდი იმედი გვაქვს...

ვალერი ოსიაშვილი, კახეთის მკვიდრი:

GzaPress- მერამდენე წელიწადია, ამას ვითხოვთ, - გვიშველეთ რამე, ღრუბლის გამოჩენის გვეშინიაო; ყველა მთავრობას ამას ვეუბნებოდით. კახეთის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ყველა არჩევნების წინ სწორედ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შექმნა იყო და ყველა დაუზარებლად გვატყუებდა და გვპირდებოდა, - კი ბატონო, ამით ვიწყებთ კახეთის "აღმშენებლობასო", მაგრამ გამარჯვების შემდეგ ჩვენი დაპირება ვიღას ახსოვდა... შარშანაც გამინადგურდა მოსავალი, მაგრამ ბოლოს, კახეთში ყველაზე ძლიერი სეტყვა 2012 წლის 19 ივლისს მოვიდა. დღევანდელივით მახსოვს ის დღე, - სეტყვასთან ერთად ქარბორბალაც იყო და ვენახს ვინ ჩიოდა, კინაღამ დედაბუდიანად მოგვთხარა. აი, რომ ხუმრობდნენ, - ისეთი სეტყვა იყო, სულ კოპები მაჯდა თავზეო და ამ დროს ელვა ანათებდა, რომ არ ამცდენოდაო, - აი, ეგრე იყო ჩვენი საქმე; ბაღში გავედი, ხეხილს დავხედავ-მეთქი, რას ვუშველიდი, მაგრამ გულმა არ მომითმინა და ისე დამიშინა თავ-პირში, რომ სახლის კარამდე ბარბაცით მივედი... მაშინ სტიქიამ გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დააზარალა. 200-მდე სახლს მთლიანად, ათასზე მეტს კი სახურავი ნაწილობრივ გადახადა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. ჩემი ცოლუორი გურჯაანში ცხოვრობს და იქაურ სოფლებში, ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურსა და ვაჩნაძიანში, სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. სულ ცარიელ-ტარიელები დავრჩით... ლამის ხელი ჩაქნეული გვქონდა, ავიბარგოთ, წავიდეთ სადმე სხვაგანო, ვამბობდით.

- ამ წლიდან სეტყვა ვერაფერს დაგაკლებთო, გვპირდებიან...

- ჰო, აგრე გვითხრეს, აგაშენებთო და რა გითხრათ აბა... აშენება არ გვინდა, ცაზე ტიალი ღრუბლის გამოჩენის გვეშინოდა. არადა, წვიმაც საჭიროა, შვილო... თუ ის ღრუბელი წვიმად ჩამოვა, მართლა ავშენებულვართ და ეგაა. 95 პროცენტით შემცირდება ზარალიო, 70-იც რომ იყოს, ჩვენს შრომას მაინც ექნება შედეგი. სხვისი არ ვიცი და მე თუ ერთი წელს მაინც ისე მოვიყვანე ყურძენი და ხილი, რომ ხელი არაფერმა შემიშალა, - იმ ქვეყნად მიქელასაც კი ამ სისტემაზე დავუწყებ ლაპარაკს... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი, ვერ ვიჯერებ იმ დღეს თუ მოვესწრები კახეთში სეტყვის მოსვლის არ გვეშინოდეს.

შევეცადეთ ბოლო წლების განმავლობაში კახეთის რეგიონში სეტყვით გამოწვეული ზარალის სტატისტიკა მოგვეპოვებინა, მაგრამ როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. ხოლო კახეთის მუნიციპალიტეტებს ზარალის სტატისტიკა არ აქვთ.

ლალი პაპასკირი