20 წლის "კვირის პალიტრა" და მისი შვილობილი ჟურნალი - გზაპრესი

20 წლის "კვირის პალიტრა" და მისი შვილობილი ჟურნალი

მკითხველის აქტიურობამ, ინტერესმა და ერთგულებამ აუცილებელი გახადა, რომ "კვირის პალიტრას" ქვეყნის საინფორმაციო პალიტრაში საკუთარი ფერი დაემატებინა და ნელ-ნელა დაიჯესტი ინდივიდუალურმა სიტყვამ, მყარ არგუმენტებზე დაყრდნობით მოძიებულმა ინფორმაციამ და ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა გუნდმა შეცვალა. ასე გახდა "კვირის პალიტრა" ყველაზე პოპულარული და მაღალტირაჟიანი გაზეთი, რომელსაც დღემდე ყველაზე გემოვნებიანი მკითხველი ჰყავს. მოგვიანებით, სიტყვას, ხმოვანი და საეთერო პალიტრაც დაემატა და ის, რაც 20 წლის წინ გაზეთის სახით დაიწყო, ერთ დიდ ჰოლდინგად იქცა. "პალიტრამედიაში" ყველა ფერია!

მრავალრიცხოვან გამოცემას შორის, რომლებიც "კვირის პალიტრამ" თავის გარშემო "შემოიკრიბა", ერთ-ერთი გამორჩეულია ყოველკვირეული ჟურნალი "გზა", რომელიც გაზეთის დაბადებიდან ხუთი წლის შემდეგ მოევლინა მკითხველ საზოგადოებას.

ზურაბ აბაშიძე, "გზის" მთავარი რედაქტორი:

GzaPress- უცნაურად აეწყო ჩემი ურთიერთობა "კვირის პალიტრისთან": მისი შემქმნელების უფროსი თაობა, ლალი გუნთაიშვილის თავკაცობით, ჩემი კოლეგები და მეგობრები იყვნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ დროს მათ მხარში ვერ ამოვუდექი. თუმცა, დიდი გულმოდგინებით ვადევნებდი თვალყურს ახალი გაზეთის პირველივე ნაბიჯებს და ვგულშემატკივრობდი კიდეც. მერე, შემთხვევის წყალობით (რომელიც არსებითად, კანონზომიერება უფრო იყო), "პალიტრელებს" შემოვუერთდი. მთავარი რედაქტორის მოადგილეს, ნუცა დუმბაძეს "შევახსენე თავი" და შედეგად, ლალი გუნთაიშვილმა მიხმო: თურმე დაწყებული ჰქონიათ ჟურნალის შექმნა, და ლალიმ გამომცემელს, ირაკლი თევდორაშვილს შემახვედრა. მან და კომპანიის კომპიუტერული სამსახურის მაშინდელმა უფროსმა, გიორგი ჟორჟოლიანმა თითქმის ნახევარი ჟურნალი დამახვედრეს და გადმომაბარეს: რამდენიმე მასალა, გვერდებად დაკაბადონებული, დასასტამბად პრაქტიკულად მზად იყო...

არ მჯერა, რომ იმ დღიდან 15 წელი გავიდა - მართლაც მთელი ეპოქა, რომელიც ერთი ადამიანის პროფესიული ბიოგრაფიისთვისაც ბევრია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ვფიქრობ, მკითხველი არასდროს გაგვიწბილებია და ზუსტად "ჩავჯექით" კომპანიის "ფლაგმანის" - "კვირის პალიტრის" მიერ დამკვიდრებულ ტრადიციაში.

"გზის" პირველი ნომერი 2000 წლის 31 მარტს გამოვიდა. სერიოზულიც იყო და ამავდროულად სახალისოც. მართალია, მისი გამოსვლა "ტყუილის დღის" - 1-ლი აპრილის კვირაში მოექცა, მკითხველმა მაინც სერიოზულად მიიღო. კარგ სტარტს არანაკლებ წარმატებული გაგრძელება მოჰყვა. თანდათან ჟურნალი მოცულობითაც იზრდებოდა და უფრო მრავალფეროვანიც ხდებოდა. რაც მთავარია, ჩვენს საქმიანობას ორი ძირითადი კომპონენტი ახლდა (და დღემდე ასეა): "გარეთ" - მკითხველთან მჭიდრო კავშირი, ხოლო "შიგნით" - ოჯახური ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც ჩვენი კოლექტივის "საფირმო ნიშნად" მიმაჩნია. როგორც ფართო პროფილის გამოცემა, ვცდილობთ, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა გავაშუქოთ, მაგრამ უპირატესობას ყოველთვის ადამიანს ვანიჭებთ - მის სატკივარს, წუხილსა და სიხარულს. ამის წყალობით, ფაქტობრივად, ქველმოქმედებასაც ვეწევით: განვლილი წლების განმავლობაში არაერთხელ შემოგვიკრებია მკითხველი, კეთილი ადამიანები მრავალშვილიანი ოჯახის, მძიმე სენით დაავადებული დიდ-პატარისა თუ შშმ პირის დასახმარებლად და ამ გზით ბევრი სიკეთე შემატებია ქვეყანას. ისიც ასევე მნიშვნელოვანია, ამ აქციებში სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასულ ქართველ ემიგრანტებსაც რომ მიუღიათ მონაწილეობა. ასე რომ, "გზას" ჩვენი ქვეყნის ფარგლებს მიღმაც კითხულობენ.

ძალიან წარმატებული აღმოჩნდა პროექტები, რომლებიც ჯერ "კვირის პალიტრასთან" ერთად განხორციელდა, ხოლო შემდგომ - "გზასთან" ერთად: მხედველობაში მაქვს წიგნების სერიები, რომლის მეშვეობითაც მკითხველებს ქართული და უცხოური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების შეძენა ძალზე ხელმისაწვდომ ფასად შეუძლიათ.

GzaPressძნელია, მოკლედ გადმოსცე ის 15-წლიანი გზა, ბევრი ტკივილი და სიხარული, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გამოგვიცდია. ისიც შეუძლებელია, ყველა ახლანდელ თუ ყოფილ თანამშრომელს მოეფერო ან თუნდაც, ახსენო. ჩვენი რედაქციის ჰაერი ბევრ ახალგაზრდა კოლეგას შეუსუნთქვას, ზოგიერთი მათგანი წლებია, ჩვენ გვერდით შრომობს, ზოგი "დავაფრთიანეთ", დავაწინაურეთ, მათ შორის - ჩვენივე კომპანიის სხვადასხვა გამოცემასა თუ სამსახურში. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, თუნდაც თითო-ოროლა წერილისთვის, ვისაც ჩვენი ჟურნალის გამდიდრება მოუხერხებია. პერსონალურად კი (სხვები ნუ მიწყენენ) ამჯერად მხოლოდ უშუალო კოლეგებს - ლიკა ქაჯაიასა და მარი ჯაფარიძეს მივმართავ, რომელთა მხრებზეც "გზის" კეთების ძირითადი სიმძიმე გადადის. და კიდევ - მადლობა მკითხველს ერთგულებისა და მხარში დგომისთვის! გარწმუნებთ - კვლავაც გავაგრძელებთ თავდაუზოგავ შრომას და ცდას არ დავაკლებთ ძიებას თქვენთვის სიახლეების შემოსათავაზებლად.