ფიცვერცხლნაჭამთა ურთიერთობები ცალმხრივად გაწყდა - გზაპრესი

ფიცვერცხლნაჭამთა ურთიერთობები ცალმხრივად გაწყდა

საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ნათელმირონობა და ძმადნაფიცობა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მსხვეპლი ხდება.

საჩხერიდან 18 კილომეტრში მდებარე სოფელ პერევში, მდინარე ყვირილაზე კომუნისტურ დროში აგებული ხიდის გადაღმა რუსული ბლოკპოსტია. მისი გადაღების უფლება უსაფრთხოების გამო აკრძალულია. ოსურ-რუსული დროშები გვამცნობს, რომ ხიდს იქით ქართველებისთვის "გაუცხოებული" ტერიტორიაა და თუ იქით ფეხი გადადგი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, "უფასოდ მოგანახულებინებენ" ცხინვალს.

GzaPressსაკუთარი თვალით მინახავს, როგორ "ითავხედა" ერთმა ხბომ და ხიდზე შეაბიჯა. დასკვნა სასწრაფოდ გაკეთდა "აქეთურებისგან" - პატრონი მაგას ვეღარ დაიბრუნებს, თუ თავად არ გადმოვიდა უკანო. პატრონის გულის გასახარად, ხბომ ხიდის შუაგულამდე მიატანა, მერე კი უკან დაბრუნდა. ხბოს გამო კი არა, წყალგაღმით დარჩენილი ცოლოურებისა და ნათესავების მოსანახულებლად ვერ გადადიან ქართველები. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა "იქეთურებს" არ ეკრძალებათ. ქარძმანელები, სინაგურელები და თედელეთელები პერევში წელიწადში რამდენჯერმე გადმოდიან. თუ უკან იმავე დღეს დბრუნება უნდათ, ბლოკპოსტს საღამოს 8 საათამდე უნდა მიაკითხონ, თორემ მერე ქართველ ნათესავებთან უნდა დარჩნენ ღამისთევით.

ქართულ ბლოკპოსტზე ეჭვის თვალით გიყურებენ კამერიან ადამიანს. ბუნებრივია, პროვოცირების მოლოდინი სულ არსებობს. მაპროვოცირებელი სიტუაციის გარდა, საშიში აქ ყოველი დღეა, არავინ იცის, რა ხასიათზე იღვიძებენ კრემლში! პერევის ცენტრში პოლიციის განყოფილების შენობა დგას. აქ 24-საათიანი რეჟიმით მორიგეობენ და თვალყურს ადევნებენ სიტუაციას. კიდევ კარგი, უკვე დიდი ხანია, მშვიდ რეჟიმშია მოსახლეობა და ჯონჯოლ-სოკოს გამო თუ არ გადაუცდათ ფეხი საიქითოს, მანამდე მყუდროება არ ირღვევა.

პერევში ზოგჯერ ჩინოვნიკები ადიან - ჰუმანიტარულ ტვირთს აიტანენ, პერეველებს კიდევ ერთხელ შესძახებენ, რომ ვაჟკაცები და აუღებელი ციხესიმაგრეები არიან და უკან დაბრუნდებიან. პრობლემა ბევრია ამ სოფელში. პირველი მაინც უმიწობაა. ზემო იმერეთში სახნავ-სათესები ცოტაა და ამ სოფელს ის ცოტაც აღარ შერჩა. სავარგულები მდინარის გაღმა ჰქონდათ და ახლა იქ უბატონოდ ჩიტიც ვერ გადაფრინდება, თორემ ხვნა-თესვას ვინღა ჩივის? საძოვრებსა და სათიბებზე წლების წინ ადგილობრივი მოსახლეობა პირუტყვს ალაღებდა, კენკრას, სოკოს, ჯონჯოლს აგროვებდა ტყეებში და თავი გაჰქონდათ წლიდან წლამდე.

XX საუკუნის შუა ხანებამდე აქ ქართველები და ოსები ძმად იფიცებოდნენ. ფიცვერცხლნაჭამთა ურთიერთობებზე პერევში ლეგენდები დადის. ძმად გაფიცვის გარეშეც ქართველები ოსებს ისევ მეგობრულად ხვდებიან, მეგობრობა კვლავ გზად და ხიდად უდევთ, ოღონდ - ცალმხრივად! მეორე მხარეს ქართველებისთვის ხიდი რუსებს ჩაუტეხავთ.

სოფელს ახალგაზრდა ექიმი, ნანა კაპანაძე ჰყავს. ორი შვილის დედა ღირსების ორდენოსანია, თუმცა, ამით თავს სულაც არ იწონებს.

GzaPress- აქ გაზრდილი ვარ, აქვე დავოჯახდი. მეუღლე, შვილები, მეზობლები ჩემ ირგვლივ ტრიალებენ და მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ წუთში შეგვიძლია აქედან წასვლა, არსადაც არ მივდივართ! კარგი ხელფასის გამო ნამდვილად არ ვჩერდები პერევში. ვიცი, რომ უჩემოდ აქ ცხოვრება გაჭირდება, ამ ადამიანებს ვჭირდები და ღალატი არ შეიძლება. ექიმის გარეშე წარმოგიდგენიათ ხეობა, რომელშიც ხუთი სოფელი და 1 700-ზე მეტი ადამიანია?! აქ საოკუპაციო ზონიდანაც გადმოდის მოსახლეობა და მათთვის ბევრჯერ გამიწევია დახმარება, წლების განმავლობაში. ეროვნებას მნიშვნელობა არა ქვს, ჩვენ მრავალი წელი კეთილმეზობლური განწყობით ვცხოვრობდით და საზღვრის გავლების მიუხედავად, ოსებთან ისევ ვინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას. უბრალოდ, მე ვერ გადავდივარ საზღვრის გადაღმა, თორემ იქით დარჩენილი ადამიანი, როცა მოდის ჩემამდე, ეროვნებას არც ვეკითხები, - მითხრა ნანა ექიმმა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დაახლოებით 60 ოჯახს დაუტოვებია სოფელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პერევს 60 ერთეულ ჯავშანტექნიკაზე უფრო საიმედო საყრდენი გამოეცალა.

- აქ ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, როცა მიწის ნაკვეთების უმეტესობა საზღვრის გაღმა დარჩა. მიწის ფონდის 85% ოკუპირებულია და მესაქონლეობასაც ვეღარ ვეწევით. ადრე სათიბებიდან მოგვქონდა თივა, გაზაფხულზე იალაღზე გაგვყავდა პირუტყვი და 100-კილოგრამიანი წონანამატით ვიბრუნებდით შემოდგომით. კომუნისტების დროს თითო ძროხაზე 35 კილოგრამი ხორცი მაინც უნდა ჩაგვებარებინა, მაგრამ ეს არ გვიჭირდა, რადგან პირუტყვის მოსაშენებლად ყველა პირობა გვქონდა. ახლა ხბოც რომ გადავიდეს მდინარის მეორე მხარეს, მის გადმოსარეკავად ვერ წახვალ, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის დაგვაპატიმრებენ, - წუხს მოსახლეობა.

პერევში ხშირად გადმოდიან ოსები. თინათინ თანდელოვმა, გამართულად მოქართულე ოსმა დედამ, შვილის ავადმყოფობის შესახებ უამბო ნანა ექიმს, მერე რეცეპტით გაუყვა სოფელ თედელეთის გრძელ გზას, რომელიც საოკუპაციო ხაზის იქითაა. მისი წასვლისთანავე გოჩა მოვიდა, გვარი ვეღარ ვკითხე, მომერიდა. წუხელ გული მაწუხებდა და აქამდე ვერ შევძელი გადმოსვლაო. ექიმმა გულიანად მოუსმინა, სასწრაფოდ წამალი დაალევინა და ისიც რეცეპტით გაისტუმრა. ასე თითქმის ყოველდღიურად ხდება.

საოკუპაციო ხაზის იქით დარჩენილი საჩხერის სამი სოფლის დემოგრაფიული სტატისტიკა ასეთია: ქარძმანში ცხოვრობს 334 მოქალაქე, სინაგურში - 84, თედელეთში - 20. ყველაზე ცოტა სასკოლო ასაკის მქონე მოქალაქე თედელეთშია - სამი ბავშვი, ხოლო ქარძმანსა და სინაგურში - 73 და 14.

მზია გაბაძე რუსეთის კონტროლირებად სინაგურში პერევიდან მიუწვევიათ მასწავლებლად და "სპრავკით" უპრობლემოდ გადაადგილდება. ოსურ ადმინისტრაციას ოთხი ქართველი მოსწავლისთვის სამი ფინანსური (სხვადასხვა ასაკის 4 მოსწავლე ერთ კლასში კი არ დასვეს, არამედ, სამი, მათი ასაკის შესაბამისი კლასი გააკეთეს) კლასი გაუხსნია. აქედან გამომდინარე, ადვილად დავასკვნით კიდევ ერთხელ, რომ ოსებსა და ქართველებს შორის გამყოფი მხოლოდ რუსული ძალაა და სხვა არაფერი.

GzaPressპერევში საშუალო სკოლაცაა, ადგილობრივი ხელისუფლებაც ხშირად აკითხავს სოფელს, ბიბლიოთეკაც მუშაობს (ეროვნულმა ბიბლიოთეკამ იზრუნა ფონდის გამდიდრებაზე), ფოსტა და სამედიცინო პუნქტიც მოქმედებს, მაგრამ ადგილობრივებს პერსპექტივა არა აქვთ. უმიწოდ დარჩენილები სხვა დევნილებისგან იმით განსხვავდებიან, რომ სახლები აქვთ, ხოლო მარჩენალი მამულები წყალგაღმა, უპატრონოდ დარჩენილა. კერამიკის საამქროს გაკეთება აქ ადვილია, გამორჩეული ხარისხისა და თვისებების თიხით ამირან შუკაკიძეს უამრავი დეკორატიული ნივთი შეუქმნია, თუმცა, ასეთი წარმოების გაფართოება ახლა არავის აინტერესებს (ასეთ ნივთებს ტურისტები კი იყიდდნენ, მაგრამ ტურისტები პერევში არ ადიან).

მოსახლეობის ყველაზე დიდი საწუხარი მაინც ის არის, რომ ათეული წლების მერე საბოლოოდ გაუცხოვდებიან ქართველები და ოსები. მხოლოდ ძველი თაობის ადამიანებს ახსოვთ შერეული ქორწინება, ოსურ-ქართული მოყვრობა, ნათელმირონობა. კავშირ-ურთიერთობის შეწყვეტით კი საბოლოოდ დაუმტკიცდება "იქეთურებს" სამაჩაბლოს ლაზათიანი მიდამოები. სახალხო დიპლომატიის შანსებიც თანდათან იკლებს, პოლიტიკურს და მილიტარისტულს კი სერიოზულად არც განიხილავდნენ პერეველები. საბოლოოდ კი მხოლოდ ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლებს კეთილგანწყობის ამსახველი ფაქტები და ფოტოები, რაც ოსებისა და ქართველებისთვის საკმარისი არ არის!

ფოტოები, რომელიც სტატიას ახლავს, მოწოდებულია პერევის მკვიდრის, ამირან შუკაკიძის მიერ. მას დაახლოებით ათასამდე ფოტო შემოუნახავს, რომლებიც პერევის, სინაგურის, თედელეთისა და ქარძმანის ბოლო საუკუნის ისტორიას ასახავს.

როლანდ ხოჯანაშვილი