რამ მოახდინა ირაკლი ალასანიაზე დიდი შთაბეჭდილება, რისთვის მიდის ეკა ბესელია ქობულეთში და რა არ მოსწონს გიორგი გუგავას - გზაპრესი

რამ მოახდინა ირაკლი ალასანიაზე დიდი შთაბეჭდილება, რისთვის მიდის ეკა ბესელია ქობულეთში და რა არ მოსწონს გიორგი გუგავას

ნათია ფანჯიკიძე:

- ძალიან მიყვარს შობა, იმიტომ, რომ ამ დღეს ახლის მოლოდინის განცდა მაქვს. თუმცა, ჩემთვის კიდევ უფრო ძვირფასია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რადგან ამ დღეს უშედეგოდ შეეცადნენ ქრისტეს მოკვდინებას. პასქა, კვერცხი, სანთლები... საოცრებაა. ჩვენ ამ დღეს ეკლესიაში ვატარებთ, არ ვმხიარულობთ, მეორე დღეს კი ვიწყებთ მეგობრებთან "გადარბენას".

- აღგდგომის დადგომამდე მარხვას თუ ინახავთ?

- აუცილებლად ვინახავ და ეს ძალიან მიხარია. ცხოველები ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს, რომ ამ პერიოდში ქრისტიანები კაციჭამიებივით არ ვიქცევით.

- გავიგე, რომ ბატონი ირაკლი ათონის მთაზეა.

- დიახ, ათონის მთაზეა. უკვე მეორედ წავიდა. მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის ადგილი, სადაც გოგონებს არ გვიშვებენ. მთელი ოჯახიMძირითადად, თბილისში ვხვდებით, ჩვენი ყველა წინაპარი აქ არის დაკრძალული, გარდა ირაკლის მამისა, რომელიც, ალბათ ყველამ იცის, რომ სოხუმშია დაკრძალული.

- ნათია, პასქებს თუ აცხობთ?

- კვერცხებს კი ვღებავ, მაგრამ პასქებს არ ვაცხობ. ჩემ გარშემო იმდენად ბევრი აცხობს (თანაც, ძალიან კარგად), რომ მე აღარ ვცდილობ.

გიორგი გუგავა:

GzaPress- ჩვენ ოჯახში ვიკრიბებით, პატარა სუფრას ვშლით, უფალს ვადიდებთ და ერთმანეთს დღესასწაულს ვულოცავთ. ვცდილობთ, წირვაზეც ვიყოთ, რათა მადლი ჩვენზეც გადმოვიდეს. აღდგომა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა.

- წინაპრების საფლავზე არ გადიხართ?

- აცილებლად გავდივარ მამის საფლავზე, შვილებიც მიმყავს, რათა ბაბუის საფლავს პატივი მიაგონ. როგორც გოდერძი ჩოხელი იტყოდა, - რაა სიცოცხლე, თუ არა ადამიანად ყოფნის სევდა?.. სევდითაა დატვირთული ეს დღე... ეს დღე საოცარი იმითაა, რომ ერთი მხრივ, სიყვარულითაა დატვირთული და იმის გააზრებით, რომ ადამიანის სული მარადიულია, მეორე მხრივ, სინანულსაც განვიცდით იმ ადამიანების არყოფნის გამო, რომლებიც გვიყვარდა.

- საფლავებზე გამართულ ქეიფებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?

- ამაზე ჩემი პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. ამ მავნე ჩვევას არანაირი ტრადიციული საფუძველი არ გააჩნია. სასაფლაო არ არის საქეიფო და საღრეო ადგილი, ის არის ადგილი, სადაც მოკრძალება უნდა გამოიჩინო და გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგო. სმა-ჭამისა და ღრეობის ადგილი სხვაგან უნდა გამონახო.

- თქვენ არასდროს მიგიღიათ მონაწილეობა ასეთ "ღრეობაში"?

- არა, რა თქმა უნდა. ჩემმა მშობლებმა ბავშვობიდან მასწავლეს, რომ ეს ცუდი ჩვევაა.

ეკა ბესელია:

GzaPress- ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის აღდგომა უდიდესი დღესასწაულია. უფლის აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა და მეც ვზეიმობ. უკვე 17 წელია, რაც ამ დღეს ტაძარში ვხვდები, სადაც მთელი ღამე ვრჩები, მერე ვტრაპეზობ. ორშაბათს კი ჩემს საყვარელ ქობულეთში ან სამეგრელოში მივდივარ - იქ, სადაც ჩემი წინაპრების საფლავებია.

- სააღდგომო სამზადისში თუ მონაწილეობთ?

- რა თქმა უნდა, ვცდილობ, ამ დღის მადლი თავიდან ბოლომდე შევიგრძნო.

მანანა ნაჭყებია:

- აღდგომა ყველა სხვა საუფლო დღესასწაულზე მეტად, განსაკუთრებულად მიყვარს. ალბათ, გაზაფხულს რომ უკავშირდება, იმიტომ. აღდგომისთვის საგანგებოდ ვემზადები. წინასწარ ვყიდულობ ყველაფერს და უკვე ხუთშაბათიდან ვიწყებ მზადებას. ყველაფერს, ოჯახის წევრების დახმარებით, თვითონ ვაკეთებ. ჩემი და ჯეჯილს მიმზადებს. მე უკვე ხუთშაბათს კვერცხის მოსახარშ საღებავს ვამზადებ, იმიტომ, რომ ასე წინასწარ მომზადებულში უკეთესი გამოდის. სააღდგომო პასქებსაც მე ვაცხობ. ამ ბოლო დროს პურის საცხობში დავიწყე გამოცხობა და ძალიან მომწონს. ბევრს ვაცხობ, იმიტომ, რომ ოჯახში ყველას უყვარს. პარასკევს მზის ჩასვლამდე უკვე კვერცხებიც შეღებილი მაქვს, პასქებიც, ზოგი ნაყიდი, ზოგი გამომცხვარი, და ყველაფერი ეს ყვავილებთან ერთად, საგანგებო მაგიდაზე აწყვია. ძალიან ლამაზია. შაბათს 12 საათზე ეკლესიაში მივდივართ და იქ ვხვდებით აღდგომას. კვირას კი, ისე, როგორც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ოჯახში, ჩვენთანაც სადღესასწაულო სუფრა იშლება. ესაა და ეს... ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფლის წყალობა არ მოგშლოდეთ!

ზაქარია ქუცნაშვილი:

GzaPress- ტრადიციებს არ ვებრძვი. იმას, რაც საფლავებზე ხდება, როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამომუშავებულ ქცევის სტილს, ისე ვუყურებ. როგორც ყველა ქართველი, აღდგომის დღესასწაულს ოჯახში ვხვდები, შემდეგ წინაპრების საფლავზე გავდივარ. ჩემთვის აღდგომა სულიერი სამყაროს მთავარი მადუღაბებელია. რწმენას ვუყურებ, როგორც სულიერი სამყაროს მთავარ დუღაბს, რომელიც ადამიანს გარე სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში ეხმარება. აღდგომის დღესასწაული ქრისტიანებს საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ გავუსწოროთ თვალი საკუთარ თავს.

ელისო ჩაფიძე:

- როგორც მართლმადიდებელი ადამიანისთვის, ჩემთვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მოგეხსენებათ, ეს დღე გვახსენებს ქრისტეს მიერ განვლილ გზას და იმ ძალიან დიდ სიყვარულს, რომელიც მან ადამიანების მიმართ გამოიჩინა. ჩვენ, ადამიანებმა მონაწილეობა მივიღეთ მის წამებაში, ის კი აღდგა და ადამიანებს სულიერი გადარჩენის შანსი და საშუალება მისცა.

- თუ გაიხსენებთ აღდგომის დღესასწაულს, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებულად გამორჩეული იყო?

- ყველა დღესასწაული განსაკუთრებულად გამორჩეული და ამაღლებულია, როდესაც ვმარხულობ და ეკლესიაში დავდივარ. ძალიან ხშირად შემინახავს აღდგომის მარხვა და ზიარებაც მიმიღია. ყოველივე ამის მერე ძალიან ამაღლებული განწყობა მაქვს ხოლმე. სამწუხაროდ, წელს მარხვის შენახვა ვერ მოვახერხე.

- რატომ ვერ მოახერხეთ?

- ძალიან პირადულია და ამაზე საუბარი მეუხერხულება... მომავალში მომეცემა ამის საშუალება. თქვენ, ჟურნალ "გზას", თქვენს მკითხველს და მთელ საქართველოს გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, უფლის წყალობა არ მოგეშალოთ!

ხათუნა ბახტურიძე