რა უნდა გაკეთდეს უმწეოთა დასახმარებლად? - გზაპრესი

რა უნდა გაკეთდეს უმწეოთა დასახმარებლად?

თავიდან ძალიან გაუჭირდა, მერე კი, როგორც ქართველი ქალების უმეტესობამ, მოხუცების მოვლა დაიწყო. ეს საკმაოდ მძიმე საქმეა, მაგრამ უძლებდა. გარკვეულ ხანს უმუშევარი იყო, მაგრამ თავი მაინც გაჰქონდა, რადგან ევროპის ქვეყნებში უმუშევრებსა და სოციალურად დაუცველებს ისეთი დახმარება აქვთ, რომელიც აქაურ ხელფასს ბევრად აღემატება.

მაინც რამდენად ჩამორჩება ჩვენი სახელმწიფო მოწინავე სამყაროს, საითკენაც ასე მივილტვით? - ამ შეკითხვაზე ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა გვიპასუხა, რომ მარტო ევროპას კი არა, ზოგიერთი პარამეტრით, მეზობელ ქვეყნებსაც ჩამოვრჩებით:

GzaPress- თუ ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებს გადავხედავთ, მარტო ევროპის დაწინაურებულ ქვეყნებს კი არა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც ჩამოვრჩებით. მდგომარეობის შესაფასებლად ორი მონაცემი უნდა გამოვიყენოთ, კერძოდ: რამდენია ადამიანის ყოველთვიური შემოსავალი და რამდენია მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტის) წილი ერთ ადამიანზე. 2013 წლის მონაცემებით, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევებზეა დაყრდნობილი, ნათლად ჩანს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჩვენთან ძალიან დაბალი შემოსავალი მოდის. საქართველოს მოქალაქის ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ, 246,6 ლარია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, აზერბაიჯანიც გვისწრებს და რუსეთიც: აზერბაიჯანის მოქალაქის შემოსავალი 472,35 ლარია, ხოლო რუსეთში მცხოვრებისა - 1.348 ლარი (თუ იქაურ ვალუტას ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე გადავიყვანთ). მართალია, რუსეთში რუბლის გაუფასურების გამო ახლა კრიზისია, მაგრამ ერთი ადამიანის შემოსავალი იქ მაინც მეტია. შედარებით ნაკლებია მოქალაქეთა ყოველთვიური შემოსავალი სომხეთში, კერძოდ - 171,30 ლარი. მე ხელთ მაქვს 2014 წლის წინასწარი მონაცემები, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ იქაც ანალოგიური სურათი იკვეთება. სამწუხაროდ, სხვა პარამეტრების მიხედვითაც მოვიკოჭლებთ.

- კონკრეტულად, რომელი პარამეტრის მიხედვით?

GzaPress- თუ მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობას შევადარებთ, ამ მაჩვენებლით ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც ჩამოვრჩებით, მათ შორის: სომხეთს, თურქეთს და აზერბაიჯანსაც. მოწინავე ქვეყნებს შორის ამ მხრივ, ლიდერი - ლუქსემბრუგია. ის ჩვენთან შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ რიგით ლუქსემბურგელს გაცილებით მეტი შემოსავალი აქვს: იქ მშპ ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ, 70 ათასი დოლარია, ხოლო ჩვენთან - 3.680 დოლარი. ასევე გვისწრებენ ბალტიის ქვეყნები: ესტონეთი გვისწრებს დაახლოებით 5-ჯერ, ლიტვა - 4,5-ჯერ, ხოლო ლატვია - 3-ჯერ. ეს რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ ადამიანზე, ყოველთვიურ შემოსავალზე კი უკვე ვისაუბრეთ. აშკარაა, რომ ორივე მაჩვენებლის მიხედვით, მკვეთრი განსხვავება იკვეთება. სხვათა შორის, მეორე პარამეტრით ანუ მშპ-ის მაჩვენებლით ერთ სულზე, სომხეთიც გვისწრებს.

- ძირითადად, რა არის ამის მიზეზი?

- ბევრი რამ, მთავარი კი ის არის, რომ ხელფასის მიმღებთა რაოდენობა ქვეყანაში ძალზე ცოტაა. ხელისუფლების პირველი პირები ხშირად საუბრობენ ეკონომიკის ზრდის ტემპზე, მაგრამ დასაქმების პრობლემა ქვეყანაში ვერა და ავერ გადაიჭრა. სწორედ ამის ბრალია, რომ საშუალო შემოსავალი ერთ სულზე საქართველოში ასეთი დაბალია. ძალიან საინტერესოა, თუ როგორ არის განაწილებული შემოსავლები ქალაქად და სოფლად: 2013 წლის მონაცემებით, 278 ლარს შეადგენს ქალაქის მკვიდრის შემოსავალი, ხოლო 216 ლარს - სოფლად მცხოვრებისა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თითქმის ყველა ცხრილის მიხედვით, ქალაქად მცხოვრების შემოსავალი ყოველთვის უსწრებს სოფლად მცხოვრების შემოსავალს, რაც განპირობებულია იმით, რომ ქალაქში ჯამაგირის მიმღებთა რაოდენობა მეტია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ერთ წელიწადში ბევრი არაფერი შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულთა რიცხვი სოფლად უფრო მეტია, რადგან იქ მცირე ნაკვეთიც რომ ჰქონდეს ადამიანს, უკვე დასაქმებულად ითვლება. ფაქტია, რომ შემოსავალი სოფლად მცხოვრებთ უფრო ნაკლები აქვთ.

GzaPress

- ცალკე საკითხია პენსიონერები და სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები...

- დიახ, პენსიონერების შემოსავალი ვერც ერთ ამ მაჩვენებელს ვერ სწვდება. ამიტომაც არის მოსახლეობის საშუალო შემოსავალი ჩვენთან ასეთი მცირე. თუ პენსიებს გავზრდით, ეს ციფრიც გაიზრდება. როგორც პენსია, ასევე საშუალო შემოსავალი 120 ლარით ჩამორჩება რეალურ საარსებო მინიმუმს, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის გაანგარიშებით, 341 ლარია ანუ ერთი ადამიანის შემოსავალი საქართველოში ხშირად საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ეს ეხება პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს, რომელიც ევროპაში, ჩვენთან შედარებით, ათჯერ და 15-ჯერ მეტია, რაც არცაა გასაკვირი: როდესაც მშპ ერთ სულზე არის 20-30-ჯერ მეტი, ასეთ ქვეყანას შეუძლია გასცეს სოციალური დახმარება ან უმუშევრობის შემწეობა, რომელიც ჩვენს ხელფასებზე მეტია. ისიც ხომ ფაქტია, რომ იქაური უმუშევრის შემოსავალი აქაური დასაქმებულის შემოსავალსაც აღემატება, ამიტომაც წავიდა ემიგრაციაში უამრავი ადამიანი მთელი პოსტსაბჭოთა სივრციდან და მათ შორის, საქართველოდან. მართალია, უმუშევართა დახმარება ჩვენთანაც არის, მაგრამ ეს იმდენად მიზერული თანხაა და ადამიანმა მის მისაღებად იმხელა ბიუროკრატიული ბარიერი უნდა გადალახოს, რომ იშვიათად თუ ვინმე ცდილობს, ეს დახმარება მიიღოს. ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარება აქვთ. წარმოიდგინეთ, როდესაც უმუშევრობის გამო იძლევიან დახმარებას, იქ სიღატაკის ან უმწეობის გამო რა დონის დახმარება იქნება გაწეული. როგორც ვიცი, ევროპის ქვეყნებში 400 ევროზე ნაკლები არ არის არც ერთი სოციალური პაკეტის ღირებულება.

- წინა წლებში ხარვეზები გვქონდა სოციალური დახმარების გაცემის დროს: ბევრი შემთხვევა იყო, როცა მაცივრის ან ტელევიზორის გამოც უთქვამთ უარი შემწეობის დანიშვნაზე.

GzaPress- ადრე სოციალური აგენტი თავისი შეხედულების მიხედვით წყვეტდა, ვის უნდა მიეღო დახმარება და ვის - არა. სასიხარულოა, რომ ახლა ეს ფაქტორი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია: დახმარების შესაძლებლობა პირდაპირ მიაბეს ოჯახის შემოსავალს - მაცივარი, ტელევიზორი ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთი არ უნდა იყოს მიჩნეული მთავარ კრიტერიუმად. მთავარია, აქვს თუ არა ამ ადამიანს შემოსავალი, შემწეობაც ამის მიხედვით განისაზღვრება და არა იმის მიხედვით, როგორი პარკეტი ან ავეჯი აქვს სახლში. ხომ შეიძლება, რომ ადამიანს 2-3 წლის წინ ჰქონდა რაღაც შემოსავალი, მაგრამ ახლა მდგომარეობა შეეცვალა და დახმარებას საჭიროებს? მით უმეტეს, ეს შემწეობა საარსებო მინიმუმის ტოლიც კი არ არის, ეს არის მცირე თანხა, რომ სახელმწიფო რაღაც დანახარჯში შეეხიდოს შეჭირვებულ ოჯახს. როდესაც ადამიანის შემოსავალი ჩამორჩება რეალურ საარსებო მინიმუმს, რომელიც ძალიან განსხვავდება სტატისტიკით დადგენილი საარსებო მინიმუმისგან, ის უკვე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფია. ოფიციალური სტატისტიკით, საარსებო მინიმუმი საქართველოში ერთ სულზე 160 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, უკვე გითხარით, რომ ჩვენ ვიანგარიშეთ და საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი სულ მცირე, 341 ლარია.

- ალბათ ეს შეკითხვა ნებისმიერ ჩვენგანს აწუხებს: როგორ უნდა მოვაწყოთ სოციალური სისტემა ისე, რომ უმწეო, დაუცველმა ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ?

- ამას ვერ მივაღწევთ, თუ ჩვენი ეკონომიკა არ გაიზრდება. ძნელია, ისეთი სოციალური დაცვის სისტემა გვქონდეს, როგორიც შვედეთში, ნორვეგიაში ან შვეიცარიაში აქვთ, როდესაც ჩვენთან მშპ-ის მოცულობა ერთ სულზე 3.680 დოლარია. საერთოდ, ნებისმიერი სოციალური პაკეტის მიღმა რაღაც რესურსი დგას. იმისათვის, რომ წარმატებული ქვეყნების მაგალითი ავიღოთ, პირველ რიგში, ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს მძლავრი და ამ დანახარჯებს გაუძლოს. ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 30 მილიარდზე ნაკლებია, ასეთი მშპ-ის მქონე სახელმწიფო კი მეტს უბრალოდ ვერ შეძლებს. ამიტომ, პროცენტულად, შემწეობის ოდენობით, მოწინავე ქვეყნებსაც არ ჩამოვრჩებით, მაგრამ რაოდენობრივად ეს ძალიან მცირე თანხაა, რომლითაც სოციალურად დაუცველ ადამიანთა პრობლემებს ვერ ვწყვეტთ.

ხათუნა ჩიგოგიძე