ბათირაშვილი დღეს ხეობაში დიდი ავტორიტეტია - გზაპრესი

ბათირაშვილი დღეს ხეობაში დიდი ავტორიტეტია

იგი ეროვნული უმცირესობების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების პროექტში - "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" მონაწილეობს. ისლამის მიმდევარი და კავკასიურ ადათ-წესებზე აღზრდილი ლუიზა პარალელურად პოლიტიკაშიც აქტიურადაა ჩართული. არის "რესპუბლიკური პარტიის" ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და სურს, თემში არსებული სტერეოტიპის დანგრევა - ქალი აქტიური ცხოვრებით არ უნდა ცხოვრობდეს. "შინაგანადაც კი არასოდეს მქონია იმის სურვილი, რომ ავმხედრებოდი კავკასიურ ადათ-წესებს, თუმცა, მიმაჩნია, რომ ქალი უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და მამაკაცის თანასწორი", - ამბობს ჩემი რესპონდენტი და საუბარს არცთუ შორეული წარსულიდან იწყებს:

GzaPress- ძალიან მინდოდა პროექტში - "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" მონაწილეობა, მაგრამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტირების გავლის მეშინოდა. მართალია, ქართულ ენაზე მივიღე განათლება, მაგრამ ჩემი მშობლიური ენა ჩეჩნურია და ქართულს სრულყოფილად ვერ ვფლობდი. მაინც ვფიქრობდი, რომ დავძლევდი და სხვებისთვის მაგალითი ვიქნებოდი. ტესტირება წარმატებით გავიარე და პანკისის ხეობაში გამანაწილეს, ჩვენებში მოვხვდი. იმ პერიოდს დაემთხვა ლოპოტის ამბები - 2012 წლის 28 აგვისტოს დახოცეს ლაფანყურში ჩეჩენი ბიჭები, ჩვენ კი 15 სექტემბერს დავიწყეთ სწავლა. მოსახლეობაში ქართველების მიმართ საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება იყო და დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ისინი დამერწმუნებინა, რომ რაც მოხდა, ეს ხელისუფლების დანაშაული იყო და არა - ქართველი ხალხის. უკვე სამი წელია, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში რუსულ სექტორზე ქართულ ენას ვასწავლი. ჩემი მოსწავლეები არიან ჩეჩნები და მიხარია, რომ ბავშვების უმრავლესობა ნატურალიზებული ლტოლვილია - საქართველოს მოქალაქეობა აქვთ მიღებული და აქ დარჩენას აპირებენ. ისინი ცდილობენ, იყვნენ ამ საზოგადოების წევრები. ბავშვებს დიდი მონდომება და სურვილი აქვთ, რომ აითვისონ ქართული ენა. სხვათა შორის, არც უჭირთ. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ქართული ენა თუ არ იცი, პერსპექტივა არ გაქვს, გახდე წარმატებული. ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს ქართველებთან და რატომ უნდა ვურთიერთობდეთ მათთან რუსულ ან ინგლისურ ენაზე? ამასაც რომ თავი დავანებოთ, ქისტები პირველად 1826 წელს ჩამოვედით ხეობაში და მეამაყება, რომ ყველაზე კარგად ინტეგრირებული ერი ვართ მათ შორის, ვინც საქართველოში ცხოვრობს. ჩვენი თემის 99%-მა იცის ქართული და ყველა სტრუქტურაში გვყავს წარმატებული ადამიანები. ჩვენ აქტიურად ვითხოვდით და დღესაც ვითხოვთ ჩეჩნური ენის შემოღებას სასწავლო პროცესში, 1 საათით მაინც. სადაც უნდა ცხოვრობდე, ინტეგრირება აუცილებელია, ოღონდ, საკუთარი ეროვნული ინდივიდუალიზმის შენარჩუნებით. მეამაყება, რომ დღესაც ამ ტრადიციებით ვცხოვრობთ. ამ ყველაფრის შენარჩუნებაში კი დიდი როლი რელიგიას ენიჭება.

- თუმცა, როგორც ჩანს, თქვენ "დაუმორჩილებლობა გამოუცხადეთ" ვაინახურ ტრადიციებს - წახვედით პოლიტიკაში, მიუჯექით საჭეს...

- არა, ჩემს შემთხვევას დაუმორჩილებლობას კი არა, დავარქმევდი ქალის სწრაფვას თავისუფლებისაკენ. ასეთი ქალები ნაკლებია ჩვენში, თუმცა, არიან და მომავალშიც იქნებიან. არასოდეს მქონია იმის განცდა და სურვილი, რომ ადათ-წესებს ავუმხედრდე. ქალი საჭესთან - მსგავსი შემთხვევა ხეობაში პირველი არ არის, თუმცა, ამას ჩემი ნათესავების პროტესტი მოჰყვა და მამაჩემს გაოცებულებმა ჰკითხეს, - როგორ, შენს ქალიშვილს საჭესთან დაჯდომის უფლებას მისცემო? ჩემს ნათესავებს ურჩევნიათ, ქალი "კუხნაში" იყოს (იცინის). კავკასიელი, განსაკუთრებით კი ვაინახი ქალის როლი ყოველთვის ჩანდა ოჯახში, რადგან ოჯახი არის ყველაზე დიდი სახელმწიფო, რასაც აშენებ. მე არ ვეწინააღმდეგები ასეთი ქალების არსებობას და ჯობია, ისევ კაცებმა აკეთონ დიდი საქმეები. ქართველებსა და ვაინახების ადათებს შორის დიდი განსხვავება არ არის. სხვაობა ისაა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შენარჩუნებული გვაქვს და მივდევთ ადათებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ქალი უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და მამაკაცის თანასწორი. მე არ მინდა ვიცოდე იმ თავისუფლების შესახებ, თუ არ მექნა თავისუფლად ცხოვრების საშუალება.

- როგორც ვიცი, თქვენი პოლიტიკაში წასვლაც ნათესავებმა გააპროტესტეს და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში გასამარჯვებლად მათი ხმები დაგაკლდათ...

GzaPress- 2014 წლის 15 ივნისს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ვიყრიდი კენჭს სოფელ ჯოყოლოში. მანამდე არ მიფიქრია პოლიტიკაში წასვლაზე. როცა დავიწყე სოფელში მუშაობა, მომეცა იმის საშუალება, ხეობის ახალგაზრდებთან მქონოდა შეხება. დავდიოდით სამოქალაქო საზოგადოებაზე გათვლილ ტრენინგებზე და როდესაც მოახლოვდა არჩევნები, შემომთავაზეს, კენჭი მეყარა კოალიციიდან. ჩვენი ქალებიც ხომ არიან პოლიტიკაში, მაგალითად, - მექა ხანგოშვილი, ყველასთვის უსაყვარლესი ქალბატონი. არ მიფიქრია იმაზე, რომ აუცილებლად მოვიგებდი და გადატრიალებას მოვახდენდი. უბრალოდ, ვიფიქრე, დავამსხვრევდი სტერეოტიპს, რომ ახალგაზრდა ქალს არაფერი ესაქმებოდა პოლიტიკაში. შედეგი იყო ძალიან კარგი - სხვაობა ჩემსა და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის იყო 13 ხმა ანუ 13 ხმით წავაგე და ეს იყო ჩემი ნათესავების ხმები. არჩევნებზე არ მოვიდნენ ჩემი ალალი ბიძაშვილები და მათი ხმები დამაკლდა. დაიმსხვრა სტერეოტიპი, რომ მე, როგორც ქალს, არავინ მომცემდა ხმას.

- ასეთი "თანადგომის" მიზეზი არ აგიხსნეს ნათესავებმა?

- მათ არ სურთ, რომ აქტიურად ჩავერთო გარე საქმეებში. მე რომ გამემარჯვა, მამაკაცების გარემოში ტრიალი მომიწევდა, რაც მათთვის არასასურველი იყო. მათთვის ჯობია, ქალი სუსტი და იოლად სამართავი იყოს. ოჯახიდან კი მქონდა მხარდაჭერა, მაგრამ ნათესავებმა მიმითითეს "კუხნისკენ". ეს იყო ჩემი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი. მეორე ის იყო, რომ "ოცნებამ" ახმეტაში ჩემზე, ანუ კოალიციის კანდიდატზე კი არ იმუშავა, არამედ დამოუკიდებელ კანდიდატზე და ის გაიყვანეს. არჩევნების მეორე დღეს, საარჩევნო შტაბში პარტიის თავმჯდომარემ მითხრა, - ვიცოდით, ვერ მოიგებდი, რადგან ქალი ხარო. არადა, მეორე სოფელში ქალმა გაიმარჯვა.

- დაცულია ქალთა უფლებები ხეობაში? რა სანქციებს აწესებს "დამნაშავე ქალის" მიმართ თემში მოქმედი "უხუცესთა საბჭო"?

- ქალის საქციელზე მთელ პასუხისმგებლობას იღებს ოჯახი. კერძოდ - მამა ან ძმა. გათხოვების შემთხვევაში, ქალი არ ხდება ქმრის საკუთრება. ტრადიციის მიხედვით, ჩვენი ქალები დაცულები არიან, რომ ქმარი მას არ მოკლავს. ქალი თუ რამეს დააშავებს, მას მამის ოჯახში დააბრუნებენ. "უპატრონო" (უმამო, უქმრო, უძმო) ქალს კი უკან გვარი უდგას. გვარში ერთი კაცი მაინც თუა, ე.ი. მას პატრონი ჰყავს. ქალის შეურაცხყოფას ტრადიცია არ ითვალისწინებს და ეს არავის ეპატიება. ბოლო დროს რამდენი მკვლელობა მოხდა საქართველოში, რამდენმა ქმარმა მოკლა ცოლი... ქალი არ არის დაზღვეული, რომ ძალადობის მსხვერპლი გახდეს, მაგრამ ჩვენთან ასეთი რამ არ მოხდება. რატომ? იმიტომ, რომ ქალის მკვლელობა მკვლელს (თუნდაც ქმარს) ორსისხლად ედება ანუ ქალის მხარეს ორი კაცის სისხლი უნდა აეღო, ამიტომაც ის ქალს არ დაჩაგრავდა. ხეობაში მოქმედებს "უხუცეს კაცთა" და "უხუცეს ქალთა" საბჭოები. ეს ქალბატონები და მამაკაცები რამდენიმე კრიტერიუმით არიან შერჩეულები - მათი ცხოვრების წესით, სამართლიანობითა და პატიოსნებით. ისინი წყვეტენ რეალურ დავებს. ადრე, ჩვენთან ადამიანს რაც უნდა პრობლემა ჰქონოდა, სასამართლოში არ იჩივლებდა, ამას წყვეტდა სახალხო სასამართლო - მეხკქეალ, რომელსაც უხუცეს კაცთა საბჭო მართავდა, ყველა დანაშაულს თავისი სასჯელი ჰქონდა.

- ქალბატონო ლუიზა, მართალია, რომ პანკისის ხეობაში მხოლოდ ვაჰაბიტური მეჩეთი ფუნქციონირებს, სადაც ახალგაზრდებს ვაჰაბიზმსა და არაბულს ასწავლიან?

- ეს დეზინფორმაციაა. მეც მსმენია, რომ არაბული ისწავლება და თითქოს რაღაც მოწოდებებს აქვს ადგილი. ინგლისური ენის სწავლის საშუალება თუ არის, რატომ არ უნდა ისწავლონ არაბული? რატომ არ უნდა ვკითხულობდე მე, მუსლიმანი ყურანს ორიგინალში, არაბულ ენაზე? თუკი გაქვს უფასოდ სწავლის საშუალება, რატომაც არა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაც ცუდი ხდება. დუისშიც ფუნქციონირებს მეჩეთი, ჯოყოლოშიც არის მეჩეთი, რომელიც ერთადერთი იყო ხეობაში, ყველა იქ დადიოდა. მერე ხეობის ყველა სოფელში აშენდა ეკლესია. ეს გაზვიადებულია, ბუზისგან სპილოს ნუ გადააქცევენ. ჩემი ქართველი მეგობრებისგან ხშირად მესმის, ვაიმე, რა ცოდოები არიან თქვენი ქალები, ჰიჯაბით (შავი არაბული სამოსი) რომ დადიანო. ესეც სურვილისამებრ ხდება, თუ გინდა ჩაიცვამ და ატარებ, თუ არა, ამას არავინ გაიძულებს. ოღონდ, თუ ჰიჯაბს ჩაიცვამ, აღარ უნდა გაიხადო. ბავშვებისგანაც მსმენია, რომ აქვთ ჰიჯაბის ჩაცმის სურვილი.

- დღეს აქტუალურია სირიის თემა. როგორ ფიქრობთ, რატომ მიდიან პანკისელი ახალგაზრდები სირიაში?

- დღეს ყველა ამაზე საუბრობს. გასაგებია, რომ მიდიან, მაგრამ არავინ კითხულობს, რატომ მიდიან ბავშვები სირიაში. ხეობაში ახალგაზრდების დასაკავებლად არანაირი საშუალება არ არსებობს. ვიცით, რომ დასაქმება გლობალური პრობლემაა და მარტო პანკისის პრობლემა არ არის, მაგრამ სოფელში სპორტული დარბაზი, ერთი ოთახი მაინც ხომ უნდა არსებობდეს, სადაც იქნება ორი ტრენაჟორი. ახალგაზრდებს არანაირი საშუალება არ აქვთ, რაღაცით დაინტერესდნენ. ეკონომიკური მდგომარეობაც ხომ ბევრ რამეს განსაზღვრავს.

- აგიტაცია და მატერიალური დაინტერესება არაფერ შუაშია? როგორც ამბობენ, ხეობაში მოსახლეობის ნაწილი ვაჰაბიტების იდეოლოგიური წნეხის ქვეშაა, ხშირ შემთხვევაში, ისინი ფულით იბირებენ მცირეწლოვნებს და მათ ოჯახებს, სირიაში საბრძოლველად რომ წავიდნენ.

GzaPress- ამ თემაზე ჩემი მხრიდან საუბარი არასწორად მიმაჩნია, რადგან რწმენის თემა ინდივიდუალურია. ვერ დამალავ იმას, რაც ხდება, მაგრამ ვფიქრობ, გამომწვევ მიზეზებზე საუბარი და მისი მიხედვა უფრო აუცილებელია, ვიდრე ის, რამდენი წავიდა და ჩამოვიდა. სირიაში წასული არასრულწლოვნები ომალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ჩემთვის თუ პრობლემაა დღეს სირიაში წასვლა, იმ ადამიანს, ვისაც მართლა სწამს და სჯერა, ვერაფერს აუკრძალავ, ეს მისი პრობლემაა და რა უფლება მაქვს ვეკამათო? მესამე პოზიციიდან საუბარი ადვილია. 2 წლის წინ, სირიაში ჩემი ნათესავი ზეზვა მუთოშვილი დაიღუპა და ეს ტკივილი ჩემთვის ნაცნობია. იქ რომ ვიღაც იღუპება, ეს კონკრეტული ოჯახის ტრაგედია არ არის, მთელი ხეობა ვგლოვობთ, ძალიან განვიცდით, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენი ბიჭები, ფაქტობრივად, სხვის ომში იღუპებიან. რა ხდება, ვინ მუშაობს, რა იდეოლოგიაა, ამაზე არ მინდა საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია.

- თარხან ბათირაშვილის ფენომენზე რას იტყვით, რომელიც გმირად იქცა პანკისელებისთვის...

- თარხანთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, თუმცა, საერთო მეგობრები გვყავს. ის ჭკვიანი ახალგაზრდა და ქართულ ჯარში ძალზე პერსპექტიული ჯარისკაციც იყო. რა მოხდა, რატომ დაიწუნეს და რეალურად რა მოხდა, არ ვიცი, თარხანი მას მერე წავიდა სირიაში, რაც დაბლოკეს. მოგეხსენებათ, მის გარდა სირიაში სხვა ქისტებიც არიან გავლენიანი საველე მეთაურები. თარხანი იბრძოდა აგვისტოს ომშიც. ვფიქრობ, ომარ ალ შიშანის შექმნა ჩვენი სახელმწიფოს ბრალია. ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ ყველგან, სადაც საჭიროება მოითხოვდა. გავიხსენებ ფაქტს, რომელსაც შევესწარი - აგვისტოს ომის დღეებში, სამი სავსე სამარშრუტო ტაქსით ჩავიდნენ ჩვენი ბიჭები ახმეტაში და იხვეწებოდნენ, ომში გაგვიშვითო, უარი უთხრეს, არ არის თქვენი წასვლის საჭიროებაო. ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე, ისინი ქვეყნის მშვიდობის სადარაჯოზე იდგნენ. ეს ქვეყანა ყველასია, ქართველებისაც და ქისტებისაც და ისიც შეიძლება, ქართველზე მეტი სხვამ გააკეთოს. არიან ამის მოწმეები, როდესაც ქართველი გენერლები ბრძოლის ველიდან გარბოდნენ, ჩვენი ბიჭები კი ბოლომდე იბრძოდნენ. ბათირაშვილი შეიძლება მართლა გამოსდგომოდა ქვეყანას, ამ ადამიანს ჰქონდა ყველაფერი საამისოდ. ის არ იყო რიგითი ქისტი, ის თუშია, დედა ჰყავს ქისტი და მამა ქრისტიანი. მისი მშობლები ძალიან პატიოსანი ხალხია, პრობლემურ ოჯახში ის არ გაზრდილა, ასეთად რომ ჩამოყალიბებულიყო. არ ვიცი, სირიაში რას და როგორ აკეთებს, მის სახელს ცუდ რაღაცებს აწერენ, თუმცა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იმის ნახევარსაც არ სჩადის. არავის სჯერა, რასაც მასზე ამბობენ. მე გავიცანი ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად ჯარში მსახურობდნენ და ისინიც დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ბათირაშვილი ძალიან პერსპექტიული ადამიანი იყო. იგი ჯერ "შავ სიაში" შეიყვანეს, შემდეგ საკუთარი სახლიდან აიყვანეს სრულიად უდანაშაულო. როგორც კი ციხიდან გამოვიდა, სირიაში საბრძოლველად წავიდა. ბათირაშვილი დღეს ხეობაში დიდი ავტორიტეტია. ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს სირიის თემის მიმართ, არის ნაწილი, რომელსაც ეს საღვთო ომად მიაჩნია და იქ ბრძოლა თავიანთ მოვალეობად. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენი ბიჭები როცა ჩეჩნეთში გადადიოდნენ საბრძოლველად, არანაირი პროტესტი არ მქონია, ვინაიდან ვთვლიდი, რომ ის ჩვენი მიწაა და საკუთარი მიწა უნდა დაიცვა, მაგრამ სირიაში რა გინდა?! ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიჭების სირიაში წასვლა სახელმწიფოსგან არის ხელშეწყობილი. შს მინისტრი გამოვიდა და თქვა, არასრულწლოვნები მესაზღვრეებს გაეპარათო. როგორ უნდა გაეპაროთ 15-16 წლის ბავშვები? არადა, ამ დროს ბიჭები სირიაში თბილისის აეროპორტიდან გაფრინდნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ კარგად გვახსოვს ლაფანყური. ხომ დამტკიცდა მიზანი, რისთვისაც მათი გამოყენება უნდოდათ.

- გვახსოვს, ჩეჩნები იმუქრებოდნენ, რომ ლაფანყურში დახოცილი ბიჭების სისხლს აიღებდნენ.

- ღიად საუბარი მამაზე არ მიდის, თუმცა, ჩვენში არსებობს გამოთქმა - ღმერთს არ ეჩქარება. მე ჩემს მოსწავლეებთანც ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ ქართველების ლაფანყურის სპეცოპერაციაში დადანაშაულება არ შეიძლება. დღესაც მჭირდება ამის ახსნა, რომ ეს არ იყო ჩვენების მიმართ ქართველების დანაშაული, არამედ კონკრეტული ადამიანების ქმედება.

ნანა ფიცხელაური