ადამიანი, რომელიც საკუთარი სახსრებით ჩუმლაყზე ზრუნავს - გზაპრესი

ადამიანი, რომელიც საკუთარი სახსრებით ჩუმლაყზე ზრუნავს

უფასო ინტერნეტი, "უჩას სკვერი", საკუთარი ფინანსებითა და შრომით გალამაზებული სოფელი - ასეთია 25 წლის კახელი ბიჭის, უჩა ქემაშვილის "ანგარიშზე" არსებული "კეთილი საქმეების" არასრული ჩამონათვალი... უკვე მერამდენე წელია, საკუთარი სახსრებით ცდილობს, სოფელი განავითაროს, იქაურობა რომ ახალგაზრდებისგან არ დაიცალოს და შედეგსაც თანდათან აღწევს, - მის წამოწყებას სხვებიც იზიარებენ.

უჩა ქემაშვილი, სოფელ ჩუმლაყის მცხოვრები:

- სკოლის დამთავრების შემდეგ, მაშინვე ჯარში წავედი და სავალდებულო სამხედრო სამსახური სახელმწიფო დაცვის სამსახურში გავიარე. იქ კარგა ხანს ვმუშაობდი, მაგრამ ერთ დღესაც სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო გამათავისუფლეს. მანამდე გაფრთხილებული ვიყავი, - გააუქმეო... თუმცა, შემდეგ გავარკვიე, მიზეზი სულ სხვა რამ ყოფილა, - ბიძა მყავდა რუსეთში, იქაურ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ეს მოხდა 2011 წელს და ასეთი ფაქტები მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში მინდოდა წასვლა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო გადავიფიქრე. სხვაგანაც მინდოდა მუშაობის დაწყება, მაგრამ არც იქ გამომივიდა. არა უშავს, ჯერ სულ რაღაც 25 წლის ვარ და ყველაფერი წინ არის. რამეს ვიპოვი...

- უჩა, იმაზეც მოგვიყევი, რაც შენს სოფელში გააკეთე, - უფასო ინტერნეტი, სკვერი...

GzaPress- დიახ, მოგიყვებით, მაგრამ მანამდე მინდა გკითხოთ, - ასე რატომ გაიკვირვა საზოგადოებამ საკუთარი ადგილის სიყვარული? მაშინ, როდესაც სულ იმას ვამბობთ, რომ უსაზღვრო პატრიოტები ვართ, საკუთარი ქვეყნისა და მიწის გამო სიცოცხლესაც დაუფიქრებლად დავთმობთ. სამშობლოს სიყვარული მხოლოდ თბილისის, გართობის, უკეთესი ცხოვრების სიყვარული არ არის. ეს ჩემი სოფლის სიყვარულიდან იწყება... როდესაც თბილისში ჩამოვდიოდი ამა თუ იმ საქმეზე, ხშირად ჩემი სოფლის ბიჭებს ვხვდებოდი და მიკვირდა, სულ აქეთ რატომ არიან-მეთქი? ვინც სწავლობს და სტუდენტია, კი ბატონო, მაგრამ ვინც არ სწავლობდა და არც მუშაობდა, ვეკითხებოდი, - აქ რას აკეთებთ-მეთქი? - აბა, სოფელში რა გვინდა? გართობა იქ არ არის და ინტერნეტი... მართლები იყვნენ. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რაღაცნაირად ხელი შემეწყო მათთვის და მცირედის გაკეთება მოვინდომე. ჭI-FI ინტერნეტი შემოვიყვანე, ჩემი სახლის გვერდით პატარა სკვერი გავაკეთე, მაგიდა და სკამები დავდგი და ლურჯად შევღებე. ყოველი შემთხვევისთვის, გაუთვალისწინებელი რომ არაფერი მომხდარიყო, ვიდეოთვალიც დავაყენე...

- სტუმრები თუ ჰყავს "უჩას სკვერს"?

- ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს. ადგილობრივი ახალგაზრდები მოდიან, მობილურები და ნოუტბუქები მოაქვთ და უფასო ინტერნეტით სარგებლობენ. სოციალურ ქსელებშიც შედიან, ფილმებსა და მუსიკას ტვირთავენ... ადგილობრივების გარდა, ტურისტებიც გვსტუმრობენ. ცენტრალურ გზასთან ახლოს ვცხოვრობ და იქვე ბანერი მაქვს გაკეთებული - "უფასო "ვაი ფაის" დაფარვის ზონა"... როდესაც სოფელში ქართველი ან უცხოელი სტუმარი ჩამოდის, მისი მასპინძლის ნაცვლად, მე ვდარდობ, - რა უნდა აჩვენონ საინტერესო ამ სტუმარს-მეთქი? მიმზიდველი თუ არა, დანაგვიანებული ხომ მაინც უნდა იყოს ჩემი სოფელი. ამას პირველად ვამბობ თქვენთან, - ღამით, როდესაც ყველას სძინავს, ხელში ცოცხს ვიღებ და ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიას განათების შუქზე ვასუფთავებ. თან აქეთ-იქით ვიყურები, - ვინმემ არ დამინახოს-მეთქი. ისედაც ბევრი მიყურებს ეჭვის თვალით, - ხომ კარგად არისო და ცოცხით ხელში რომ დამინახონ, ალბათ გიჟად შემრაცხავენ.

- "უჩას სკვერზე" მოგვიყევი...

- ამ ადგილს "უჩას სკვერი" იმიტომ დავარქვი, დასამახსოვრებლად ყველასთვის იოლი რომ ყოფილიყო... ძალიან მწყდება გული, რომ ერთხელაც ვერ მივუსწარი ტურიტებს. ბაღში ვიყავი სამუშაოდ ჩასული, მეზობლებმა რომ მითხრეს, ფერადკანიანი ტურისტები ისხდნენ შენს სკვერში, ყავა და ლუდი ეჭირათ ხელში და ინტერნეტით სარგებლობდნენო. რამდენიმეს, მეზობლებმა შესთავაზეს ყავა... გამიხარდა ამის მოსმენა. რაღაც შედეგს მივაღწიე ჩემი შრომით. ადგილობრივებისგან განსხვავებით, მათ არ უკვირთ ასეთი რაღაცები.

GzaPress

- ამ ყველაფრის გაკეთებას, თუნდაც ინტერნეტის თანხის გადახდას როგორ ახერხებ?

- როდესაც ვმუშაობდი, ჩემი ხელფასიდან ვაკეთებდი დანაზოგს. ატმის ბაღები გვაქვს, სეზონური შემოსავალი და იქიდან აღებულ თანხას ვახმარდი ასეთ რამეებს.

- ოჯახში როგორ უყურებენ შენს წამოწყებას?

- ოჯახში მე, მამა და ბებია ვცხოვრობთ. ბებიის გაზრდილი ვარ. დედა ცალკე ცხოვრობს... მამა თავიდან ცოტა ეჭვის თვალით უყურებდა ჩემს ახირებას, მაგრამ შემდეგ თანდათან შეეჩვია და ახლა მამაჩემიც იზიარებს ჩემს პათოსს და არასდროს მაყვედრის იმ მცირედ თანხას, რასაც ელემენტარული რამის გაკეთებას ვახმარ. - კაცი თუ არა, ღმერთი მაინც დაგინახავს, შვილოო, მეტყვის ხოლმე მამაჩემი. მისი სიტყვები სტიმულია ჩემთვის. გარშემო მეზობლებსა და საერთოდ ბევრს უკვირს, ზოგსაც გიჟი ვგონივარ და ირიბად მიმახვედრებს ხოლმე, - რა გინდა, რატომ აკეთებ ამასო...

- რას ჰპასუხობ, როდესაც ამას გეკითხებიან?

- არაფერს, ვუღიმი... ზოგი პირდაპირ მეკითხება, - რატომ გიყვარს ასე შენი სოფელი, რა განსაკუთრებული ადგილი ჩუმლაყიაო? - ჩემთვის განსაკუთრებულია და მინდა, სხვებისთვისაც ასე იყოს. შეიძლება ცოტა ხნით წავიდე სადმე, მაგრამ სამუდამოდ ვერასდროს მოვწყდები აქაურობას. არ მინდა ტრაბახში ჩამომართვას ვინმემ, მაგრამ როდესაც ინტერნეტში ჩემი სკვერის ფოტოები გავრცელდა, ბევრმა შემომთავაზა, - წამოდი ჩემთან და ახალგაზრდული ღონისძიებების საქმეს ჩაგაბარებო... არ მინდა, კაცი ჯერ შინ უნდა ვარგოდეს და მერე - გარეთ... ადრე ვამბობდი, - ამას რა კითხვა უნდა, ჩემი სოფელია და მის განვითარებაში ოდნავი წვლილის შეტანაც კი მახარებს. ახლა ყველაფერი მიხარია. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ გულშემატკივრები და თანამოაზრეებიც ბევრი მყავს, მათ შორის - ახალგაზრდებიც. ეს კი ბევრს ნიშნავს ჩემთვის და სოფლისთვისაც. სახლში რომ მოვდივარ და სკვერში შეკრებილ ახალგაზრდებს ვხედავ, ძალიან მიხარია.

- მონდომებამ შედეგი გამოიღო?

- დიახ, მადლობა ღმერთს, შედეგი აშკარად გვაქვს - ახალგაზრდების გადინება შეჩერდა... კიდევ უამრავი გეგმა მაქვს, რომელსაც ერთად გავაკეთებთ სოფლის გასაძლიერებლად. ძალიან დიდი სოფელია და ავტობუსის გაჩერებები და მოსაცდელები არ გვაქვს. მინდა, ესეც გავაკეთო. დიდი თანხა ამას არ სჭირდება, მთავარია, მონდომება... მუდმივად ვიღაცისა და რაღაცის ლოდინში კი, დაიცალა სოფელი. როგორც კი რამე სამსახური გამომიჩნდება, ყველა იმ ჩანაფიქრს განვახორციელებ, რომელსაც ახლა უსახსრობის გამო ვერ ვაკეთებ. კიდევ ბევრი გეგმა მაქვს, რომელსაც ისევ და ისევ უსახსრობის გამო ვერ ვაკეთებ, თან მოსავლის სეზონი არ არის ჯერ... ამიტომ, ახლა რისი გაკეთებაც შეიძლება, იმას ვაკეთებ.

- მაინც?

- მაგალითად, სოფლის ცენტრში ნერგები დარგეს, მაგრამ შემდგომ მათზე არავის უზრუნია. მორწყვა უნდა, შემობარვა და საერთოდაც, ნერგებს მოვლა სჭირდება, მაგრამ ამაზე არავის უფიქრია. მე და ჩემი მეგობრები როცა საჭიროა, ვრწყავთ და ვუვლით მათ. სხვა თუ არაფერი, მცენარე მეცოდება...

GzaPress

- მაინც, რა გეგმები გაქვთ?

- მაგალითად, ნაგვის ურნების დამონტაჟება მინდა სოფელში. როდესაც ვმუშაობდი, თბილისში, ერთ-ერთ ე.წ. "პლასტმასის" ბაზრობაზე მივდიოდი და ყველა ხელფასზე 50 ლარამდე დანაზოგს ვაკეთებდი და ამ თანხით თითო ნაგვის ურნას ვყიდულობდი. ასე მოვაგროვე 10-მდე ნაგვის ურნა... მაშინვე მინდოდა დამემონტაჟებინა, მაგრამ გამგებელი არ მიყურებდა კარგი თვალით.

- რატომ?

- არ ვიცი, ჩემში კონკურენტს ხედავდა თუ რა იყო, მაგრამ ამის გაკეთების უფლება არ მომცა. ამასობაში, ვიღაცებმა მთხოვეს და გავაჩუქე. არა უშავს, რაც დამაკლდება, ისევ შევავსებ, როდესაც სამსახური მექნება.

უჩა ქემაშვილის შესახებ, "Georgian Journal"-ში ვწერდით, რის შემდეგაც, მისით ამერიკელი და კანადელი ფოტოკორესპონდენტები დაინტერესდნენ და "უჩას სკვერს" ესტუმრნენ... მას შემდეგ, რაც ჩუმლაყელი ბიჭის აქტიურობის შესახებ გახდა ცნობილი, მას ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენებიც დაუკავშირდნენ.

ლალი პაპასკირი