მსოფლიო პრობლემის გადამჭრელი ქართველი "ცემენტის მამა" - გზაპრესი

მსოფლიო პრობლემის გადამჭრელი ქართველი "ცემენტის მამა"

სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის ე.წ. "ტვინების გადინება" ინტელექტუალური მოკვდავობის ნიშანია. სავარაუდოდ, მალე ჩვენს ქვეყანას ტექნიკური პროფილის მეცნიერთა "იმპორტირებაც" მოუწევს, რათა ტექნოლოგიური მიღწევების სწავლება და კვლევები იქნას შესაძლებელი საქართველოში, თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნაზე უკვე წლებია, საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც საქართველოდან არ წავიდა და თავის შესაძლებლობებს სამშობლოსთვის ჯიუტად "ინახავს", აკაკი ირომაშვილია. ბავშვობიდან ნიჭიერებით გამორჩეულ უპრეტენზიო კაცს ნოვაციებისკენ დიდი სწრაფვა აქვს და უპრეცედენტო გამოგონების ავტორიცაა. სამწუხარო ისაა, რომ ვერასდროს აღმოჩნდა "სათანადო ადგილას და სათანადო დროს", რათა მისი გამოგონება ვინმეს შესაბამისად დაეფასებინა. უნიკალური აპარატი, რომელიც რკინა-ბეტონის და საერთოდ, ცემენტის მდგრადობას ამოწმებს, საოცრად მცირე დროში, დიდი დაკვირვებისა და გამოცდილების წყალობით გამოიგონა. დაპატენტებული აპარატი, რომელიც ბრიტანეთში იყო გაგზავნილი სერტიფიცირებისთვის, მშენებლობის ისტორიაში ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს. თუ რატომ, ამას ქვემოთ მოგახსენებთ.

GzaPress...1724 წელს ქართლიდან გადახვეწილმა ვახტანგ მეფემ მთელი ქართლის ინტელექტუალური ნაკადი გაიყოლა. 1200-კაციან ამალაში რევაზ ჭელიძეც შედიოდა, რომლის შვილიშვილმა იაგორმა პორტლანდცემენტი გამოიგონა. 1825 წელს იაგორ ჭელიძემ გამოსცა ნაშრომი, სადაც საუბარი იყო კირქვისა და თიხის ნარევის თეთრ ვარვარებამდე გაცხელებასა და ნაწილობრივ გალღობაზე. ერთი წლით ადრე ინგლისში რომანცემენტის წარმოება დააპატენტეს (რომანცემენტი შუალედური სამშენებლო მასალაა ჰიდრავლიკურ კირსა და პორტლანდცემენტს შორის), თუმცა, კლასიკური გაგებით, ცემენტი ქართველმა ჭელიძემ შექმნა! სწორედ ჭელიძისეული მასალით აიგო ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ გადამწვარი მოსკოვი. სამწუხაროა, რომ პორტლანდცემენტის გამოგონების ფაქტს საქართველოსთვის, ეროვნული სიამაყის განცდის გარდა, სხვა სარგებელი არ მოუტანია. ამ ისტორიის გახსენება იმიტომ გახდა საჭირო, რომ შესაძლოა, წლების შემდეგ ქართველებს კიდევ ერთხელ გაგვახსენდეს, თუ რა ინტელექტუალური მიგნება ვერ გამოიყენა ჩვენმა სახელმწიფომ. სამწუხაროა, რომ არავინ ფიქრობს, რით მიაღწიეს ეკონომიკურ აღმავლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა, რომლებმაც ეკონომიკაში ვეფხვის ნახტომებით წაიწიეს წინ. მეცნიერებატევადობა, როგორც ტერმინი, ალბათ ნაკლებად ესმით საქართველოში იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც ეკონომიკის წინსვლაზე უნდა ზრუნავდნენ.

"თუ ქართული იდეები და მათი მატარებელი თავები მასობრივად დატოვებენ ქვეყანას, ისე გვშთანთქავს გლობალიზებული მსოფლიო, როგორც მუშტისხელა ქვას - ოკეანე, იმ განსხვავებით, რომ თუ ქვა ფსკერზე მაინც განაგრძობს არსებობას, ჩვენ საერთოდ გავქრებით რუკიდან!" - დანანებით ამბობს აკაკი ირომაშვილი.

ბატონი აკაკის მსგავსი ინტელექტისა და გამოცდილების ადამიანს მშენებლობასთან დაკავშირებით ბევრი რამე დაეკითხება. მისი კომპეტენცია ზუსტად ისეთია, როგორიც სჭირდება თანამედროვე მშენებლობას, თუმცა, როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების მაგალითმა უჩვენა, ჯერ კიდევ საჭიროა ბევრი პროდუქცია ნაკლები ხარისხით (1 წელიწადში ამორტიზებული შენობა "ღაღადებს" სამშენებლო მასალის უხარისხობასა და მშენებელთა არაპროფესიონალიზმზე, უპასუხისმგებლობასთან ერთად).

რატომ არის ასეთი ძვირი და ხშირად, დაბალი ხარისხის ცემენტი საქართველოში, როცა გვაქვს ყველა ის ნედლეული, რომელიც საჭიროა მისი წარმოებისთვის? აკაკი ირომაშვილი განცვიფრებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო, სადაც ენერგეტიკული მატარებლები ძვირია, არ ინტერესდება დედოფლისწყაროში საშუალო სიმძლავრის ცემენტის ქარხნის აშენებით (დედოფლისწყაროში საუკეთესო კირქვაა, თიხაც, ტარიბანას ველზე კი ნავთობის მიმყოლი გაზი უქმად იწვება სპეციალურ ჩირაღდნებში).

GzaPress

მშენებლობის ჯერ კიდევ უღიარებელი მაესტრო ცემენტზე ასეთ რამეს ამბობს: "ცემენტის არსებობა ჯერ 200 წელსაც არ ითვლის, მაგრამ მან უკვე საკმაო აღიარება მოიპოვა ყველასათვის ხელმისაწვდომობით, მაღალი სიმტკიცით (კირთან შედარებით, 15-ჯერ და უფრო მეტჯერ). ცემენტი, როგორც დამოუკიდებელი სამშენებლო მასალა, იმდენად მცირე რაოდენობით გამოიყენება, რომ უმჯობესია, ბეტონსა და რკინა-ბეტონზე ვიმსჯელოთ. ბეტონი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშენი მასალაა. იგი გამოიყენება ყველა ტიპის კაპიტალურ ნაგებობებში. მას შეიძლება მიეცეს ნებისმიერი ფორმა, რაც კი არქიტექტორის თავში დაიბადება, მთავარია, ძალიან არ გადაამლაშოს და კონსტრუქტორს დაუტოვოს შანსი, ის განხორციელებადი იყოს! თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ისეთი ბეტონის დამზადების საშუალებას, რომელიც სიმტკიცით პირველი კლასის ფოლადებს უახლოვდება. დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია დიდი ხანმედეგობა, სიიაფე, ბეტონის სამუშაოებისთვის არცთუ მაღალი კვალიფიკაცია, აგრეთვე, დროში სიმტკიცის მატება. უარყოფითი თვისებებიდან უნდა აღინიშნოს დაბალი სიმტკიცე ღუნვასა და გაჭიმვაზე (ამ ნაკლის საკომპენსაციოდ გამოიყენება სწორედ მისი დაარმირება, რაც პირველად ისტორიაში ფრანგმა მებაღემ განახორციელა, როცა ყვავილების ქოთანი ფოლადის ბადისგან დაწნა და ცემენტის ხსნარით შელესა. ამ კაცმა რკინა-ბეტონის წარმოებას მისცა დასაბამი). ბეტონის უარყოფითი თვისებებიდან აღსანიშნავია მისი დიდი მოცულობითი წონა და მაღალი სითბოგამტარობა, რაც დაძლეულია ე.წ. თბილ (ანუ მსუბუქ) ბეტონებში. ბეტონს "ეშინია" აგრესიული გარემოსი, კერძოდ, მჟავე და სულფატიანი გარემო ბეტონზე ისე მოქმედებს, როგორც ადამიანზე - კიბო! თუ ხანგრძლივად იმყოფება 600-700 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, მასში მოთავსებულმა არმატურამ შეიძლება განიცადოს მოდიფიკაციური ცვლილება და დაკარგოს სიმტკიცე. სტოუნხენჯი კვარცის მეგალითების ნაცვლად, თანამედროვე ბეტონით რომ ყოფილიყო აშენებული, დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას! იგი აქამდე იმიტომ შემორჩა, რომ კვარცი აბსოლუტურად მკვრივი მასალაა და ამიტომ, გაყინვა-გალღობა მას ვერაფერს აკლებს. თუ ბეტონზე ამ ფაქტორების მოქმედება გამოირიცხება, მაშინ ის, პრაქტიკულად, მარადიული მასალა გახდება, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს. ასეა თუ ისე, ბეტონს ბევრად მეტი დადებითი თვისება აქვს, ვიდრე უარყოფითი, სხვანაირად ასე ფართოდ ვერ გავრცელდებოდა", - ამბობს ბატონი აკაკი.

რაც შეეხება იმ გამოგონებას, რომელიც სამშენებლო ბეტონისა და რკინა-ბეტონის ხარისხს ძალზე მოკლე დროში განსაზღვრავს, ავტორს ღირსების გრძნობით შეუქმნია. ცემენტის სიმტკიცის ხარისხის განსაზღვრა სტანდარტული მეთოდით, 28 დღის ასაკში შეიძლება. გაუსინჯავად არ შეიძლება მშენებლობა, თითქმის ერთთვიანი პერიოდი კი ძალიან დიდი დროა. ასამდე მეთოდი, რომლითაც სამშენებლო მასალის სიმტკიცე განისაზღვრება, ახლოსაც ვერ მივა ირომაშვილის მეთოდთან, რადგან ამ შემთხვევაში 5 წუთში მზადაა დასკვნა. ცემენტის სიმტკიცის გარდა, ამ ხელსაწყოს, 10%-იანი ცდომილებით, ბეტონის ნარევის მოსალოდნელი სიმტკიცის დადგენაც შეუძლია ასეთ მოკლე დროში.

1986 წელს საშენ მასალათა კვლევით ინსტიტუტში დაინტერესდნენ ირომაშვილის კვლევით და ცემენტის სექტორის უფროსმა კორნელია თანდილოვამ ამ მეთოდით სხვადასხვა ხარისხის 7 ცემენტი შეამოწმებინა. ცდომილება მხოლოდ 3-5% აღმოჩნდა და ამიტომ სექტორის უფროსმა ასე მიმართა აკაკის: "აკაკიი, ვი დლია მენია გენიალნაია ნახოდკა! ვი სოვერშილი ჩუდო! ვი რეშილი მიროვუიუ პრობლემუ!" ("აკაკი, თქვენ ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა ხართ! სასწაული მოახდინეთ! თქვენ მსოფლიო პრობლემა გადაჭერით!")

ამის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და, ბევრ საშინელებასთან ერთად, ირომაშვილის ხელსაწყოს სერიული წარმოებისთვისაც აღარავის ეცალა. არც პოსტსაბჭოურ პერიოდში დაუფასებიათ მსოფლიო დონის აღმოჩენა საქართველოში. წელს, 18-20 მაისს ბეტონის და ცემენტის მსოფლიოში წამყვან მწარმოებელთა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეაფასებენ ირომაშვილის უნიკალურ ხელსაწყოს და ამის შემდეგ გადაწყდება, სად დაიწყება მისი სერიული გამოშვება - გაერთიანებულ სამეფოში თუ ჩინეთში. ცნობისათვის: უკვე "ჩამორჩენილმა" თურქებმა ირომაშვილს 100 ხელსაწყო შეუკვეთეს, ჩვენ კი საქართველოში არ დაგვჭირდება, რადგან ალბათ დევიზად ისევ გვრჩება: "ვაშენოთ სწრაფად და უხარისხოდ!"

აქვე ერთს დავძენ: ირომაშვილები, როგორც ჩანს, ბუნებით "იდეატორები" არიან: აკაკი ირომაშვილის ერთ ვაჟს აქვს მნიშვნელოვანი კვლევები შავი ზღვის პოტენციალის გამოყენებასთან დაკავშირებით. გოგირდწყალბადი, როგორც მომწამვლელი ნივთირება, შავ ზღვაში ძალიან ბევრია და მისი გამოყენებით, ელექტროენერგიის მიღებაც შეიძლებაო, ამბობს, მაგრამ არც ამ იდეას აქცევენ ყურადღებას. როგორც ჩანს, საქართველოს სრული გაბრწყინებისთვის მაინცდამაინც ხაიშის დატბორვაა საჭირო!..

როლანდ ხოჯანაშვილი