2 კვირაში 2 ხანძარი - რა მოხდა ბაგების სტუდქალაქში?! - გზაპრესი

2 კვირაში 2 ხანძარი - რა მოხდა ბაგების სტუდქალაქში?!

ფანჯარას მივვარდი და გარეთ გავიხედე, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შევნიშნე. შემდეგ ბინის კარი გავაღე და... დერეფანში საშინელი კვამლი იდგა, ვერაფერს ვხედავდი. მივხვდი, ცეცხლი ჩვენს სართულზე გაჩნდა. პანიკაში ჩავვარდი, იმაზე ვფიქრობდი, ბავშვები როგორ გადამერჩინა. გარეთ ვერ გავდიოდით, კვამლი უკვე ოთახშიც იდგა. ბავშვებს ხველა აუტყდათ, იხრჩობოდნენ, ტიროდნენ. დედაჩემს დავურეკე, - გვიშველე-მეთქი. დედა რამდენიმე წუთში ჩვენთან გაჩნდა. დღესაც არ ვიცი, იმ კვამლში როგორ შემოაღწია, ბავშვებს ხელი დასტაცა და გარეთ გავარდა. მე დავრჩი, შემეშინდა. სუნთქვა შემეკრა, ვერაფერს ვხედავდი. დედის განწირული ხმა მესმოდა, - გარეთ გამოდიო. მივხვდი, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად მოვკვდებოდი, ბინაში თუ გარეთ. ამიტომ, უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და ოთახიდან გავიქეცი. ეს წუთები არასდროს დამავიწყდება... იმ დღის შემდეგ, ბავშვები აქ არ შემოსულან, შიში გაუჩნდათ. მადლობა ღმერთს, გადავრჩით და დამწვარ ნივთებს ვინღა ჩივის?" - გვიამბობს 34 წლის მარიამი.

24 აპრილს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე ბაგების სტუდქალაქის V კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი შენობის ლიფტის ე.წ. შახტას მოედო და თოთხმეტივე სართულზე გადავიდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, კვამლით ბევრი ადამიანი მოიწამლა. საბედნიეროდ, ცეცხლი საცხოვრებელ ბინებში არ გადასულა. თუმცა, ლიფტთან რამდენიმე მცხოვრებს საკუჭნაოები ჰქონდა, რაც ხანძრის შედეგად განადგურდა. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი სიგარეტის ნამწვმა გააჩინა, რომელიც ვიღაცამ ლიფტის შახტაში მოისროლა. თუმცა, ამ ვერსიის დევნილებს ნაკლებად სჯერათ.

GzaPressამ ამბიდან ზუსტად ერთ კვირაში, პირველ მაისს, ხანძარი გაჩნდა სტუდქალაქის IV კორპუსშიც. თუმცა, პირველი მაგალითის მსგავსად, მასშტაბური სახე არ მიუღია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

"ამბობენ, თითქოს V კორპუსში ვიღაცამ სიგარეტის ნამწვი ლიფტის შახტაში ჩააგდო და ცეცხლიც ასე გაჩნდა. თუმცა, ზუსტად ერთ კვირაში ცეცხლი მეორე შენობაშიც, IV კორპუსშიც გაჩნდა. იქ მოკლე ჩართვა მოხდაო. 20 წელია, აქ ვცხოვრობთ და აქამდე ხანძარი არ გაჩენილა. სიმართლე გითხრათ, ასეთ მოკლე დროში ორ შენობაში ხანძრის გაჩენა საეჭვოდ გვეჩვენება. როგორც ჩანს, ეს ადგილი ვიღაცას თვალში მოუვიდა და ამგვარი მეთოდით ცდილობს, აქაურობას დაეპატრონოს. ასეთ დროს ხანძარი საუკეთესო გამოსავალია მიზნის მისაღწევად. რამდენი ხანია, რაც ფართობის დაკანონებას ველოდებით, მაგრამ - ამაოდ. გარკვეულ ნაწილს დაუკანონეს, მერე კი შეაჩერეს. მიზეზი უცნობია. გამორიცხული არ არის, სხვა დევნილების მსგავსად, საცხოვრებელი ჩვენც დაგვატოვებინონ. გგონიათ, ჩვენ მოგვწონს, საკუჭნაოსხელა ოთახებში ცხოვრება? ერთი ოთახი და პატარა სააბაზანო, - ეს არის ჩვენი ავლადიდება. უკეთესი პირობები შემოგვთავაზონ და აქაურობას იმ დღესვე დავტოვებთ", - ამბობენ დევნილები.

აფხაზეთიდან დევნილები ბაგების სტუდქალაქში 20 წელზე მეტია, რაც ცხოვრობენ. წლების მანძილზე აქაურობას ლიფტის ფუნქცია მივიწყებული ჰქონდა. დევნილებს ფეხით უწევდათ სართულებზე ასვლა, ეს კი არც ისე ადვილია, მით უმეტეს - ბარგითა და ბავშვით ხელში. გამოსავალი თავად მოძებნეს და ლიფტი საკუთარი ძალისხმევით აამუშავეს. თუმცა, ხშირად ფუჭდებოდა, რადგან ამორტიზებულია.

"ძალიან ძნელია მე-13, მე-14 სართულზე ფეხით ასვლა-ჩამოსვლა. ადამიანს ხან რა გჭირდება, ხან - რა. სულ მცირე ორჯერ მაინც მიწევს გასვლა. მიჭირს ძალიან. როცა აქ გადმოვედით, ყველა სართული ათვისებული არ იყო. მოსახლეობა მხოლოდ მე-8 სართულამდე ცხოვრობდა. იმის იქით საშინელება იყო, ოთახები ნაგვით, ქვის ნატეხებით, განავლით იყო სავსე... შემდეგ ნელ-ნელა აქაურობა რაღაცას დავამსგავსეთ. თავის დროზე წყალიც არ გვქონდა, ბიდონებით ამოგვქონდა. მერე ჩვენით გამოვიყვანეთ წყლის მილები. ახლახან წყალკანალმა მილები დაამონტაჟა, თუმცა, ჩვენი შემოყვანილი დარჩა. ხანძარი რომ გაჩნდა, ცეცხლი წყლის მილებსაც მოედო. ამიტომ გართულდა ცეცხლის ჩაქრობა. აქაურობა ცეცხლსა და კვამლში იყო გახვეული. თქვენც ხედავთ დერეფნები გაჭვარტლულია", - ამბობენ დევნილები.

ხანძრის შედეგად თოთხმეტივე სართულის დერეფანი დაზიანდა, ლიფტის კარი და ლიფტის შახტა ყველა სართულზე დამწვარია... ხანძრის შედეგად დაზიანებული ლიფტის და კიბის აღდგენას დევნილებს ვაკის გამგეობა დაჰპირდა. მანამდე კი დევნილებს მაღალ სართულზე კვლავ ფეხით სიარული მოუწევთ, თუმცა, ჩაბნელებულ სადარბაზოში, დამრეც კიბეზე სიარული საკმაოდ საშიშია და სიფრთხილეს თუ არ გამოიჩენთ, შესაძლოა, ისევე წაიქცეთ, როგორც მე რეპორტაჟის მომზადებისას... ჩვენი იქ ყოფნისას მე-5 კორპუსის ე.წ. "ა" ბლოკის მხრიდან შესასვლელი ჩაკეტილი იყო; კიბისა და სახელურების შეცვლა მიმდინარეობდა. რაც შეეხება ლიფტს, დევნილების თქმით, მისი შეკეთება ჯერ არ დაწყებულა. თუმცა, იმედოვნებენ, რომ ეს პროცესიც მალე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ხანძრის შედეგად მხოლოდ ერთი დევნილის საცხოვრებელი დაზიანდა. თეა კონტუაძე მეუღლესა და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად დერეფანში სახელდახელოდ ამოშენებულ "ბინაში" ცხოვრობს. ოჯახმა საკუთარი სახსრებით მოაწყო საცხოვრებელი. თუმცა, ხანძარმა კარი, კედლები, ჭერი დააზიანა.

GzaPress

"გამგეობიდან იყვნენ მოსულები, ერთი შეხედეს, თქვეს, აქ ცხოვრება შესაძლებელიაო და წავიდნენ. ორი კვირა გავიდა და კვამლის სუნი ჯერაც იგრძნობა. დარსა და ავდარში ფანჯრები ღია მაქვს, დამწვრის სუნი რომ როგორმე განიავდეს. ასეთ პირობებში ბავშვები როგორ შემოვიყვანო და დავაძინო? ფილტვები ხომ დაუავადდათ. აფხაზეთის მთავრობიდანაც იყვნენ მოსულები და მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ფინანსურ დახმარებას დაგვპირდა. იქნებ როგორმე კვლავ საცხოვრებლად ვაქციოთ ჩვენი ოთახი, რადგან მატერიალურად ძალიან გვიჭირს. ოჯახში მე ვმუშაობ, მეუღლე დროებით უმუშევარია. ლტოლვილთა სამინისტროდან არავინ მოსულა და არც ვუკითხავვართ", - გვითხრა თეა კონტუაძემ.

რაც შეეხება სტუდქალაქის მე-4 კორპუსს, სადაც ცეცხლი ზუსტად ერთ კვირაში გაჩნდა, მე-6 და მე-7 სართულების დერეფანი დააზიანა. დევნილების თქმით, მოკლე ჩართვის გამო ცეცხლი გაჩნდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

რა ბედი ელით სტუდქალაქში მცხოვრებ დევნილებს? ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მათ გამოსახლებას არ პროგნოზირებენ.

სალომე გოგოხია