გადადებული ქორწილი და გულთბილი დახვედრით აღფრთოვანებული მსოფლიო ჩემპიონები - გზაპრესი

გადადებული ქორწილი და გულთბილი დახვედრით აღფრთოვანებული მსოფლიო ჩემპიონები

2011 წელს საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი აიღო, წელს კი ჩვენი ნაკრები (ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი დავით ჯოჯუას კაპიტნობით) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩვენი ჟურნალის სახელით ქართველ მოჭადრაკეებს მსოფლიო ჩემპიონობას ვულოცავთ.

ბელა ხოტენაშვილი წარმოშობით თელავიდანაა, ჭადრაკის თამაში 4 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად მასწავლებელთან თელავში დადიოდა, რომელსაც პატარა გოგონაში განსაკუთრებული ნიჭის შემჩნევა არ გასჭირვებია და მოსამზადებლად თბილისში გამოგზავნა.

- თბილისში თამრიკო ხმიადაშვილთან 7 წლის განმავლობაში დავდიოდი. 16 წლამდე მოჭადრაკეებში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, საერთაშორისო დიდოსტატიც წოდებაც მივიღე, მაგრამ ჩემი დიდი წარმატებები 2009 წლიდან დაიწყო. მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასი მოვიგე.

- გქონდა პერიოდი, როცა ჭადრაკისთვის თავის დანებებას აპირებდი, ხომ?

GzaPress- სტუდენტობის წლებში სწავლას და ჭადრაკის თამაშს ერთად ვეღარ ვახერხებდი. მომზადებას ძალიან დიდი დრო მიჰქონდა, ყოველდღიურად რამდენიმესაათიანი ვარჯიში, თან სასწავლებელში სიარული და საგნების სწავლა იოლი არ იყო. დავიბენი, ვეღარ გავიგე, რა გამეკეთებინა. მაია ჩიბურდანიძის სახელობის ტურნირი რომ ჩატარდა და გავიმარჯვე, ჩავთვალე, რომ ეს იყო ნიშანი, ამ დღის შემდეგ, კიდევ უფრო სერიოზულობით მოვეკიდე ამ საქმეს. ახლა ტურიზმის განხრით დოქტორანტურაში ვსწავლობ.

- შემდგომ მიღწევებზე რას გვეტყვი?

- ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, საქართველოს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი. ყველა აღნიშნავდა, რომ კარგი მონაცემებით გამოვირჩეოდი, მაგრამ ხელშეწყობა არ მქონდა. თელავიდან თბილისში ტურნირებზე სიარული ადვილი არ იყო. მწვრთნელის აყვანაც არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამ ფაქტორებმა შემაფერხა, წარმატება უფრო ადრე მეჩვენებინა. თუ მარტომ არ იმეცადინე, ისე არაფერი გამოვა, გვერდით მწვრთნელი ყოველთვის ვერ გეყოლება. მეც არ ვზარმაცობდი და პერიოდულად მქონდა წარმატებები. ბაქოში საერთაშორისო ტურნირზე ქალებში პირველი ადგილი ავიღე. ასევე ვიყავი საბერძნეთში, სადაც მამაკაცებს შორის პირველი დიდოსტატის ნორმა შევასრულე. მამაკაცთა შორის დიდოსტატის წოდება რომ მიიღო, ამისთვის უფრო მეტი გჭირდება.

- ახლა კი ჩინეთიდან ოქროს მედლით (პირად დაფაზე) დაგვიბრუნდი, ეს რა შეგრძნებაა?

- ძალიან სასიამოვნოა. მაქსიმალურად ვცდილობდი, საკუთარი შესაძლებლობების მობილიზება გამეკეთებინა. როდესაც ნაკრების წევრები წარმატების თემაზე ვლაპარაკობდით, ვამბობდით, რომ ჩვენ გვქონდა შანსი, III ადგილი აგვეღო. მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრებთან ფრედ დავამთავრეთ, ამ შედეგმა უფრო დიდი სტიმული მოგვცა. 8 მატჩიდან რვავე მოვიგეთ. ბოლო თამაში ჩინეთის ნაკრებთან გვქონდა. წინა საღამოს რომ დავსხედით და მატჩის დაგეგმვა დავიწყეთ, ვამბობდით, - ფრეც გვაწყობს, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთო.

- მატჩისთვის როგორ ემზადებით?

- დღეში დაახლოებით 9 საათი ჭადრაკის თამაშს ვუთმობთ. ხდება მოთამაშეებისს გადანაწილება და ა.შ.

- სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა რამდენად გაქვთ? ვნახეთ პრეზიდენტისა და პრემიერის მილოცვები. ეს მხოლოდ სიტყვებია, თუ...

- ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება შეინიშნება. გვეუბნებიან, პრემიები იქნებაო, ვნახოთ. ფედერაცია ზრუნავს ჩვენი მწვრთნელის საკითხზე. ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ხარჯები ჩემპიონატის ორგანიზატორებმა მოაგვარეს.

- თქვენი გუნდის წარმატება მოთამაშეებთან ერთად, მწვრთნელების - დავით ჯოჯუასა და ელიზბარ უბილავას დიდი დამსახურებაა.

- დიახ, დავით ჯოჯუა ჩვენი გუნდის კაპიტანიც იყო. ის ჩემი პირადი მწვრთნელიც არის. ელიზბარ უბილავამ ძალიან კარგად იმუშავა, ის მაღალი დონის პროფესიონალია. შრომა, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ჩადეს, დაფასდა.

- ჭადრაკი ცხოვრებაში ჭკვიანური სვლების გაკეთებაში რამდენად გეხმარება?

- როცა ამდენი წელია, სპორტის ამ სახეობით ხარ დაკავებული, ბუნებრივია, ეს ხასიათზეც აისახება, გადაწყვეტილებების მიღებისას, ალბათ მეხმარება, დაფიქრება ვიცი ხოლმე. ზოგჯერ მგონია, ვცხოვრობ სამყაროში, სადაც მხოლოდ მე და ჭადრაკის დაფა ვართ.

- როგორც ვიცი, მეუღლე და შვილი გყავს.

- ჩემი მეუღლე გახლავთ მალხაზ სულაშვილი. 3 წლის გოგონა გვყავს.

- მეუღლეც ყოფილი მოჭადრაკეა, ხომ?

- დიახ, ჭადრაკის თამაშის დროს გავიცანით. მაშინ 15 წლისა ვიყავი. ჩემპიონატზე ვიმყოფებოდით, კრეტაზე, თავდაპირველად დავმეგობრდით, მერე როგორც ხდება ხოლმე, ინიციატივა გამოიჩინა, მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და დავქორწინდით.

- საქორწინო ტორტს საჭადრაკო დაფის ფორმა ხომ არ ჰქონდა?

- (იცინის) არა. იმ პერიოდში ისეთი დაკავებული ვიყავი, სექტემბერში დაგეგმილი ქორწილი ოლიმპიადაზე მიწვევის გამო გადამედო. ოქტომბერში გვქონდა ქორწილი. ისე გამოვიდა, რომ საქორწინო სამზადისში ვერც კი ჩავერთე. კაბა ისე შემიკერეს, საქართველოში არ ვიყავი. მკერავთან მხოლოდ ერთხელ მიმიყვანეს ზომების ასაღებად და ეგ იყო. ოლიმპიადიდან დავბრუნდი და მე-5 დღეს ჩვენი ქორწილი იყო.

GzaPress

- შენი შვილი დედის დატვირთულ გრაფიკს როგორ ეგუება?

- ჩემს რეჟიმს მიეჩვია, არ ტირის, ისიც თავისებურად ხელს მიწყობს, მეუბნება, - წადი და მამიკოსთან დავრჩებიო. ჩემი მეუღლე მუშაობს, ბავშვი ბაღში მიჰყავს, თავად სამსახურში მიდის. საღამოს ბაღიდან გამოჰყავს, ძალიან კარგად უვლის. ახლა ჩინეთში რომ ვიყავი, დროში სხვაობა 4 საათი იყო. ხშირად ვერ ვლაპარაკობდით.

- რა გეგმები გაქვს?

- 19 მაისიდან ჩაქვში ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ტარდება. ეს პრესტიჟული ჩემპიონატია, ყველა ჩვენგანი ითამაშებს. მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიები გათამაშდება. შემოდგომაზე კი ევროპის გუნდური ჩემპიონატი გველის.

მერი არაბიძე სამტრედიაში დაიბადა და გაიზარდა. ჭადრაკის თამაში დედის რჩევით, 6 წლიდან დაიწყო.

- ძალიან გახარებული ვარ, ყველა სპორტსმენისთვის სასიხარულოა, რომ მსოფლიო ჩემპიონი ხდები და თან ამ წარმატებით საკუთარ სამშობლოს ასახელებ. ეს სიხარულის განცდა კიდევ მეტად ამძაფრებს, აორმაგებს... პირად დაფაზე ოქროს მედალი ავიღე, ამ შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. მესამე დაფაზე ვთამაშობდი. 7-იდან 6 ქულა ავიღე. საერთო ჯამში სამგზის ევროპის ჩემპიონი ვარ, სამგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ვარ.

- ჩინეთში ჩემპიონატის წინა დღეებში როგორ ემზადებოდით?

- სატურნირო განრიგი ძალიან დატვირთული გვქონდა. ნაკრების თითოეული წევრისთვის იქ გატარებული ყოველი დღე ერთნაირია. დღეში 5 საათი პარტიას ვთამაშობდით. ტურის წინ, 9-10 საათს ჭადრაკის თამაშში ვატარებდით. წლევანდელ ჩემპიონატზე ჩვენი წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ძალიან შეკრული გუნდი ვართ. ეს ჩვენი ახალი მასწავლებლის, ელიზბარ უბილავასა და გუნდის კაპიტნის, დავით ჯოჯუას დიდი დამსახურებაა.

- ჭადრაკის თამაშის გარდა, კიდევ რას საქმიანობთ?

- ამჯერად მხოლოდ ჭადრაკით ვარ დაკავებული. სახელმწიფოს მხრიდან მოჭადრაკეებს არანაირი შეღავათი არა გვაქვს, თუნდაც სპორტის აკადემიაში რომ ჩავაბაროთ. ვალდებულები ვართ, ეროვნულ გამოცდებზე გავიდეთ. მე რომ ეროვნული გამოცდებისთვის მზადება დამეწყო, მაშინ ჭადრაკი დროებით უნდა დამევიწყებინა. ახლა არსად ვსწავლობ და მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

- დაოჯახებული არა ვარ.

- აეროპორტში ჩემპიონებს როგორ დაგხვდნენ?

- ვიცოდი, რომ დახვედრას მოგვიწყობდნენ, მაგრამ ასეთ გულთბილ დახვედრას არ ველოდით. სპორტის რაინდის წოდებამ ყველანი გაგვახარა. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ქუთაისის მერიას, რომელიც გვერდით მიდგას. მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს, ჩვენს მასწავლებლებს, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, გია გიორგაძეს. ის 9 დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო და ყველანაირად გვეხმარებოდა.

თამუნა კვინიკაძე