რატომ ამუშავებდა თემურ გიორგაძე მეხანძრეებს საკუთარი სახლების კეთილმოწყობაზე - გზაპრესი

რატომ ამუშავებდა თემურ გიორგაძე მეხანძრეებს საკუთარი სახლების კეთილმოწყობაზე

აქციის მონაწილეები სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას აპროტესტებენ. მათ კარავში ვესტუმრე და გავარკვიე, რას მოითხოვენ მეხანძრე-მაშველები. საუბრის სურვილი სახანძრო-სამაშველო სამსახურის მორიგე ცვლის უფროსმა, გიორგი დიასამიძემ გამოთქვა.

- უკვე ერთი წელია, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძისა და მის მიერ დანიშნული თანამდებობის პირების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ვაპროტესტებთ. ისინი ამ სამსახურის განვითარებისთვის გამოყოფილ თანხებს პირადი კეთილდღეობისთვის მოიხმარდნენ. განსაკუთრებულად ხაზს გავუსვამ მისი დისშვილის, ლევან ჩხიკვაძის საქციელს, რომელიც დღეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვაკე-საბურთალოს განყოფილების უფროსია.

- 24 საათი ამ კარავში ხართ? რამდენი ადამიანი აპროტესტებს თემურ გიორგაძის უფლებამოსილების გადამეტებას?

- 24 საათის განმავლობაში აქ ვართ, ოღონდ ერთმანეთს ვცვლით, მორიგეობა გვაქვს დაწესებული. აქ ძირითადად, მოქმედი თანამშრობლები ვართ. ჩვეულებრივად დავდივართ სამსახურში და რაც გვევალება, იმას პირნათლად ვასრულებთ. შემოგვიერთდნენ ასევე, გიორგაძის მიერ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები.

- რის გამო გაათავისუფლა?

- ნაწილი თანამშრომლებისა იმის გამო გაათავისუფლა, რომ მის აგარაკებზე მუშაობაზე უარი თქვეს. ნაწილი კიდევ იმიტომ, რომ დარიცხული პრემიები უკან არ მიიტანეს.

- კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ, რაზე საუბრობთ?

- როდესაც ჩვენთან, საგანგებო სიტუაციათა სამსახურში გამოძახებაზე ინფორმაცია შემოდის, ივსება საგზური და ამ საგზურის საფუძველზე გავდივართ მეხანძრეები გამოძახებაზე. არსებობს კანონმდებლობა და ბრძანებულება შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ ვალდებული ვართ, ნებისმიერ გამოძახებაზე მოვახდინოთ რეაგირება. როდესაც ასეთ გამოძახებაზე ოფიციალურად მივდიოდით, აღმოჩნდებოდა, რომ თემურ გიორგაძის აგარაკზე ან რომელიმე მის სახლში უნდა გვემუშავა. ეს არ მომხდარა ერთხელ, მსგავსი შემთხვევა ხშირად მეორდებოდა. მას რამდენიმე სახლი აქვს. ერთი - საგურამოში, სადაც პირადად მეც ნამყოფი ვარ და მიმუშავია. ვიცი ასევე, რომ ორი სახლი თემქაზე აქვს, კიდევ ერთი - "ახმეტელის" მეტროსთან. მაშინ, როდესაც თბილისელებს უნდა მოვმსახურებოდით, გიორგაძე საკუთარ სახლებსა და აგარაკებზე გვამუშავებდა. მიაჩნდა, რომ მუშახელი უფასო ჰყავდა და რაც უნდოდა, იმას გააკეთებინებდა. თემქაზე საკუთარი სახლის უკან ტერიტორიაზე, ორსართულიანი სპორტული დარბაზი ააშენა, სადაც ყველანაირი სამუშაო მეხანძრე-მაშველებს გააკეთებინა. თანაც ამ ყველაფერს ტოტალური და სისტემური სახე ჰქონდა. თამადად შემიძლია იმ ადამინების სახელები და გვარები ჩამოვთვალო, რომლებსაც პრემიებს ურიცხავდნენ და მერე ამ პრემიების უკან დაბრუნებას სთხოვდნენ. ესენი იყვნენ: ლევან როსტომაშვილი და გიორგი ტატანაშვილი. ამ ადამიანებს დარიცხულ პრემიებს თემურ გიორგაძის დისშვილი, ლევან ჩხიკვაძე სძალავდა. ლაშა ქობალია იმის გამო გააგდეს სამსახურიდან, რომ დარიცხული პრემია უკან არ მიიტანა. ის პირადად შევიდა თემურ გიორგაძესთან და უთხრა, რის გამო უშვებდნენ სამსახურიდან.

- და რა პასუხი მიიღო?

- რასაც გეუბნებიან, ის უნდა გააკეთოო...

- ძირითადი მოთხოვნა რა გაქვთ?

- ვითხოვთ თემურ გიორგაძისა და მისი დისშვილის თანამდებობიდან გადადგომას. ამ ადამიანებმა მეხანძრე-მაშველის პროფესია შეურაცხყვეს, სამსახურისთვის გამოყოფილი თანხებით კი ცხოვრება მოიწყვეს. ერთხელაც არ მოსულა და არ უკითხავს ჩვენს უფროსს, - რა გვიჭირს, რატომ მოვიქეცით ასე... ის ამას ვერ გაბედავს, რადგან გიორგაძე ლაჩარია.

- მერიის წინ რომ გაქვთ კარავი გაშლილი, მერიის წარმომადგენლები არ გამოგეხმაურნენ?

- კი, დაგვიბარეს და გაგვესაუბრნენ. მერიის თანამშრომლებმა კარგად იციან, თემურ გიორგაძე ვინც არის. ჩვენ მათ დავუსაბუთეთ, რომ ეს ადამიანი კრიმინალია, მაგრამ რეაგირებას ვერ ახდენენ. მოკლედ, ერთმანეთს ვერ სწირავენ. ვფიქრობთ, რომ მერია ხელს აფარებს გიორგაძეს.

- როდემდე გააგრძელებთ პროტესტს?

GzaPress- სანამ გიორგაძე და მისი დისშვილი დაკავებულ თანამდებობებს არ დატოვებენ.

- რამდენი თანამშრომელი გამოხატავს პროტესტს კიდევ, თქვენთან ერთად?

- პროტესტს 80-მდე თანამშრომელი გამოვხატავთ. თუ გიორგაძე მართალია, გამოაქვეყნოს დარიცხული პრემიების სია და ის დოკუმენტები, სადაც გამოძახებებია აღნიშნული. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში გიორგაძეს უამრავი ნათესავი ჰყავს დასაქმებული, თანაც ყველა - თანამდებობებზე. რატომღაც აღმოჩნდა, რომ ყველა მისი ნათესავი განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევა. თემურ გიორგაძე მეხანძრე-მაშველი არასდროს ყოფილა. ამ სფეროში მან არაფერი იცის. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. ერთ-ერთი დაუგეგმავი ოპერაციის დროს უბედური შემთხვევა მოხდა. ეს ამბავი მედიაში არც გაშუქებულა. ყვავილების მოსარწყავად გაუშვა გიორგაძემ მეხანძრეთა ჯგუფი, ისანი-სამგორის განყოფილებიდან. სამწუხაროდ, მორწყვის დროს, დიდი სიჩქარით მომავალმა ავტომობილმა ერთ-ერთი მაშველი გაიტანა. ყვავილების მორწყვა მეხანძრეების ვალდებულებაში არ შედის... თუ გიორგაძე კიდევ დარჩება ამ სტრუქტურის უფროსად, უარესი მოხდება.

წამოჭრილი შეკითხვები, ბუნებრივია, საპროტესტო აქციის ობიექტს, თემურ გიორგაძეს დავუსვით:

- ბატონო თემურ, თქვენი თანამშრობლები გარკვეულ ბრალდებებს გიყენებენ. გეტყვით რამდენიმეს: თითქოს თქვენი სახლების კეთილმოსაწყობად თანამშრომლებს მთელი დღეების განმავლობაში ამუშავებდით, პრემიებს ურიცხავდით და შემდეგ უკან სთხოვდით...

- ამ თემაზე კომენტარის გაკეთების სურვილი არ მაქვს, მაგ ხალხზე საუბარი აღარ მინდა.

- ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩვენთან ინტერვიუში თქვენზე ისაუბრა. აქედან გამომდინარე, თქვენი პოზიციაც გვაინტერესებს.

- აბსურდულ ბრალდებებს მიყენებენ. სასაცილოა უკვე მაგათი საქციელი. რას ნიშნავს, პრემიებს ვურიცხავდი და უკან ვთხოვდი? თუ მართლები არიან, სასამართლოში სარჩელი რატომ არ შეაქვთ? ერთი წლის განმავლობაში არ მოსწყინდათ ეს უაზრო პროტესტი?..

- როგორც ისინი ამბობენ, თქვენს სახლებზე სამუშაოდ მიგყავდათ თანმშრომლები და 7-8 საათი ამუშავებდით.

- არ უარვყოფ, ჩემს სახლში სამუშაოდ ნამდვილად მყოლია თანამშრომლები. ყველას ყველაფერში ვეხმარებით და აქედან გამომდინარე, როცა დახმარება მეც დამჭირვებია, გამომიძახია ჯგუფი და დამხმარებიან. თუ ამას დანაშაულად ჩამითვლიან, პრობლემა არ არის...

- მართალია, რომ თანამშრომლებს უკანონოდ უშვებდით სამსახურიდან?

- რა სისულელეა?! მაგ აქციის მონაწილეებიდან დაახლოებით 8 კაცი სამსახურიდან იმიტომ გავუშვი, რომ ხშირად ნასვამები იყვნენ. პროფკავშირებმა იპოვა შემდეგ ეგ ხალხი, შეკრიბა და ცდილობენ, საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

- ბატონო თემურ, გაფიცული ბიჭები ადამიანის დაღუპვაშიც გდებენ ბრალს. ამბობენ, მეხანძრეები ყვავილების მოსარწყავად გაგზავნეთ, რაც მათ არ ევალებოდათ, და სწორედ ამ დროს ერთი თანამშრომელი დაიღუპაო.

- ეს ჩვეულებრივი გამოძახება იყო, რომლის დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ჩემს ბრალს ამაში ვერ ვხედავ. ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა.

- სამსახურში რომ თქვენი ნათესავები გყავთ დასაქმებული თანამდებობებზე, ეს თუა სიმართლე?

- 25 წელია, ამ სამსახურში ვარ, მეხანძრედაც კი ვმუშაობდი. ჩემმა დისშვილმა სახანძრო აკადემია წარმატებით დაამთავრა და ამიტომ მუშაობს ამ სტრუქტურაში. ჩემი მეუღლე მანამდე მუშაობდა ჩემთან ერთად, სანამ ცოლად მოვიყვანდი. 5 ადამიანი 1200 კაცში, ვფიქრობ, არაფერს წყვეტს. ჩემი ნათესავები ისეთ თანამდებობებზე არ მყავს, რასაც იმსახურებენ, რადგან ნათესავები არიან და ცუდად გაიგებენ. ისინი უფრო მეტს იმსახურებენ...

- გაფიცულებთან მოლაპარაკება არ გიცდიათ?

- კი, როგორ არ გვიცდია?! შეხვდნენ მერიის წარმომადგენლები, ისაუბრეს, მაგრამ მაინც თავისას გაიძახიან.

- მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეთ.

- ითხოვონ და იყვნენ, სულ ათი კაცია. 1200 კაცი მყავს სამსახურში და ყველა კმაყოფილია. არც ერთი მათგანი პროტესტს არ გამოხატავს. გიმეორებთ, პროფკავშირებიდან მართული პროცესია, მაგრამ ვერ მიაღწევენ იმას, რაც უნდათ.

- რა უნდათ, რას ითხოვენ პროფკავშირები?

- კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება უნდათ ჩვენთან, რაზეც არ დავთანხმდი, რადგან თანამშრომლები იყვნენ წინააღმდეგი. აქედან დაიწყო ყველაფერი. ვისაც შრომა და სამსახური უნდა, მუშაობს ჩვენთან და უფასდება კიდეც. მე პროფკავშირების წევრი არასოდეს გავხდები.

სოფო ჭონიშვილი