რუსთაველი მძღოლებისა და "ინტერტრანსის" დაპირისპირება თუ კახი კალაძისა და "ნაციონალების" "ჯახი"?
font-large font-small
რუსთაველი მძღოლებისა და "ინტერტრანსის" დაპირისპირება თუ კახი კალაძისა და "ნაციონალების" "ჯახი"?
რუსთავი-თბილისის ხაზზე 250 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს. ყველა მათგანი ქალაქის ბოლოდან გამოდის და მგზავრის ასაყვანად მარათონი აქვთ გამართული.
ერთმანეთს ასწრებენ, ცდილობენ, ტრანსპორტი ბოლომდე გაავსონ და კონკურენციის გამო ხშირად ისეთ მანევრებს აკეთებენ, რომ მოინდომონ, გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდებიან. "მარშრუტკაში" ასული მგზავრი კი სანამ დაჯდომას მოასწრებს, ადგილს ისე მოსწყდებიან, ადამიანს დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ წონასწორობა შეინარჩუნოს და სხვა მგზავრს არ ჩაუჯდეს კალთაში ან, უკან-უკან წასული, მძღოლს არ დაეცეს თავზე. თუმცა საერთო გასაჭირმა მძღოლები გააერთიანა და უკვე 2 თვე ხდება, რაც საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი აღშფოთების მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს:

რუსთავის მერიამ გამოაცხადა კონკურსი, რომელში გამარჯვებული ფირმაც ქალაქში ყვითელ "მარშრუტკებს" შემოიყვანდა და როგორც ქალაქის შიდა, ასევე თბილისი-რუსთავის ხაზზე გაუშვებდა. კონკურსის პირობაში თავიდანვე მითითებული იყო, რომ ავტომობილები არ უნდა ყოფილიყო გამოშვებული 2012 წელზე ადრე, ხოლო მონაწილეობის უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ ფირმას, რომელიც 150-ათიათასლარიან საბანკო გარანტიას წარადგენდა.

კონკურსში გაიმარჯვა ფირმა "ინტერტრანსმა", რომლის ხელმძღვანელიც ზაზა ლომიძე გახლავთ, საბანკო გარანტია კი "პროგრესბანკმა" გასცა.

ამის შემდეგ მერიამ დაიწყო მძღოლებთან მოლაპარაკება, რომ საკუთარი ავტომობილები გაეჩერებინათ და ყვითელ "მარშრუტკებზე" დასაქმებულიყვნენ. მძღოლების ნაწილი მართლაც დაინტერესდა შეთავაზებული წინადადებით და ქალაქის სატრანსპორტო განყოფილებაშიც მივიდა პირობების გასაცნობად, მაგრამ უკლებლივ ყველა უკმაყოფილო გამობრუნდა.

GzaPressამის შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქცია. 10 თებერვლიდან მძღოლების ნაწილი ქალაქის მერიასთან შიმშილობს, ნაწილი კი აქციებს მართავს დედაქალაქის სხვადასხვა "სტრატეგიულ" ადგილზე - ამერიკის საელჩოსთან, ყოფილი პარლამენტის შენობასთან, "ქართული ოცნების" სათავო ოფისთან და საპატრიარქოსთან. თუმცა, მძღოლების თქმით, მათ არავინ შეხვედრია, გარდა საპატრიარქოს წარმომადგენლისა, რომელმაც დააიმედა, რომ მათ პრობლემებს გაეცნობიან და დახმარებასაც შეეცდებიან.

აქციის მონაწილე ორმა მძღოლმა თავის დაწვაც კი სცადა, მაგრამ საპატრულო პოლიციის დროული ჩარევის წყალობით, ტრაგედია არ დატრიალებულა.

ყველა დავაში არსებობს ორი ან მეტი მხარე და ყველა საკუთარ სიმართლეს ამტკიცებს. ძნელია გაერკვე მტყუან-მართალში, თუმცა ჩემი "სამართლის სასწორი" მაინც მძღოლებისკენ იხრება. ვეცდები, ყველა მხარის პოზიცია მიუკერძოებლად გადმოგცეთ. აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" ოფისთან შევხვდი. მძღოლებს ოჯახის წევრებიც კი ახლდნენ. მათი ცოლები, დები, დედები აქტიურად არიან ჩაბმული ამ პროცესში, ოჯახის ინტერესების დასაცავად.

ილია ბერიძე, აქციის მონაწილე, მძღოლი:

- ხელშეკრულებაში საშინელი პირობებია ჩადებული. თუ ამ პირობებს დავთანხმდებით, დღის განმავლობაში მძღოლს 200-230 ლარი ხარჯი ექნება და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე უნდა დავრჩეთ. ყვითელი ავტომობილები შეფასებულია 18 ათას დოლარად. სინამდვილეში ამ მანქანის ფასი 11 ათასია და 7 ათასს აქვე გვიგებენ, მაგრამ ამაზე არაფერს ვამბობთ. დღეში 45 ლარი მხოლოდ მანქანის ფულია გადასახდელი, თითოეულ გავლილ კილომეტრზე 7 თეთრი მანქანის ცვეთის საფასური უნდა გადაიხადო. ეს დღის განმავლობაში დაახლოებით 23-25 ლარია. თბილისში ბოლო გაჩერებაზე რომ დავდგეთ, იმ ადგილის მფლობელს ფულს ვუხდით, ეს დაახლოებით 15 ლარია. საწვავის ხარჯიც დაამატეთ - 100-120 ლარი და მიიღებთ ყოველდღიურ ხარჯს. დავუშვათ, ამ პირობებზეც დავთანხმდით. იმ მანქანას ჩემს გემოზე მაინც ვერ გამოვიყენებ. საღამოს აუცილებლად მათ ავტოფარეხში უნდა გავაჩერო, კერძო კლიენტს ვერ მოვემსახურები. რა გამოდის? მანქანა მხოლოდ საბუთებითაა ჩემი? გარდა ამისა, ახლა ზეთის გამოცვლა მიჯდება 80 ლარი, ხუნდების - 45 ლარი. ყვითელ მიკროავტობუსზე კი აუცილებლად მათსავე "პროფილაქტიკაში" უნდა მივიდე და შესაბამისად, ხუნდების გამოცვლა - 150, ხოლო ზეთის გამოცვლა 200 ლარი უნდა დამიჯდეს. ამხელა ხარჯს ვერ გავწვდებით. რამდენიმე წლის წინ ისევ მერიის მოთხოვნით შევიძინეთ ახალი და კომფორტული ავტომობილები. პირადად მე ბანკში სესხი ავიღე და 35 ათასი ლარი მაქვს გადასახდელი. თვეში 1.250 ლარი შემაქვს. ყვითელ "მარშრუტკაზე" რომ დავჯდე, ყოველდღიური ხარჯი დავფარო თუ ბანკში შესატანი ფული მოვაგროვო? გამოდის, რომ ბინა უნდა დავკარგო, რომელიც ბანკში მაქვს ჩადებული, სესხის სანაცვლოდ.

- მაშინ, მგზავრობის ღირებულება უნდა გაიზარდოს.

- გეთანხმებით, მაგრამ ამის გამო ხალხი აღშფოთდება და მოსახლეობის უკმაყოფილება რომ არ გამოიწვიონ, მერია ამბობს, მგზავრობის ღირებულებას არ გავზრდითო. ასე იყო მაშინაც, როდესაც თბილისში შემოიყვანეს ყვითელი მიკროავტობუსები, მაგრამ 2 თვეში მგზავრობის ღირებულება თითქმის გააორმაგეს. რუსთავშიც იგივე სიტუაცია იქნება. ბენზინს გააძვირებენ 20 თეთრით და მოსახლეობას ეტყვიან, მგზავრობის ღირებულება ბენზინის გაძვირების გამო გაიზარდაო.

- თქვენი მოთხოვნა რა არის?

- ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა 2 წლით გადადონ, ვიდრე ბანკის ვალს არ დავფარავთ. არ ვითხოვთ, რომ საერთოდ გააუქმონ ეს პროექტი და ახალი მანქანები არ შემოიყვანონ. უბრალოდ, ვითხოვთ, - ნუ დაგვღუპავენ და დაგვაქცევენ, გვადროვონ, რომ მათივე გამოისობით აღებული ვალი დავფაროთ.

გელა ჩალიგავა, აქციის მონაწილე, მძღოლი:

- კიდევ ერთი საოცარი პუნქტი აქვთ ჩადებული ხელშეკრულებაში: თუ ავარია მოხდა, მიუხედავად იმისა, ვიქნები თუ არა დამნაშავე, მაინც ჩემი კისრიდან უნდა ამოიღონ ზარალი. ეს რა წესია? თუ დამნაშავე არ ვარ და სხვა დამეჯახა, მე რატომ უნდა დავფარო ზარალი? არ მეყოფა, რომ ისედაც ის დღე გამიცდება და გეგმის ფული სასესხებელი გამიხდება? რუსთაველ მძღოლებთან რომ ვერ მოილაპარაკეს, ახლა ქუთაისიდან და ბათუმიდან ჩამოჰყავთ ხალხი, ატყუებენ, - დაგასაქმებთო და ცდილობენ, ჩვენ საერთოდ "დაგვაიგნორონ". ასევე გვთავაზობენ, - გარეუბნების ხაზებზე დაგასაქმებთ, გლდანის ახალი ავტოსადგურიდანო, - მაგრამ ჩვენ რუსთავში ვცხოვრობთ, წლებია, ამ ხაზზე ვმუშაობთ და რატომ უნდა დაგვასაქმონ სხვაგან? ახალი მანქანები დაასაქმონ იქ.

- სადამდე აპირებთ ბრძოლას?

- სანამ ჩვენსას მივაღწევთ. როგორ უნდა წავიდე სახლში და როგორ დავიძინო? აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ახლა ამათი წყალობით კიდევ, ბინის დაკარგვის საშიშროების წინაშე ვარ, რა დამაძინებს?! 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სათითაოდ გვიბარებდნენ მძღოლებს პოლიციაში და გვემუქრებოდნენ იმის გამო, რომ "ოცნების" წარმომადგენლები გადაგვყავდა მიტინგებზე. უამრავ გაჭირვებას გავუძელით და რა მივიღეთ? აქ, "ოცნების" ოფისიდან გამოსულმა ადამიანებმა გვითხრეს, "ნაციონალებს" მიაკითხეთო. ჩვენ პოლიტიკური აქცია არ გვაქვს, არსებობის უფლებას ვითხოვთ და "ნაციონალები" რომ გვნდომოდა, ხმას "ოცნებას" არ მივცემდით.

GzaPressმძღოლების ადვოკატი ამბობს, რომ აქვს უშუალო მტკიცებულებები, რომლითაც "ყვითელი მარშრუტკების საქმეში" ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის ინტერესები იკვეთება.

რევაზ რიჟამაძე, მძღოლების ადვოკატი:

- მე შევხვდი კახი კალაძეს, მაგრამ პასუხი არც ერთ კითხვაზე არ ჰქონდა. ფირმა "ინტერტრანსი" დაფუძნებულია ფეხბურთელების - ანჩაბაძის, დემეტრაძისა და ხურცილავას მიერ. ეს ძალზე იოლი დასადგენია, საჯარო რეესტრიდან ამონაწერს თუ აიღებთ. როდესაც ბატონ კახის ეს ამონაწერი დავუდე, მიპასუხა, - 16 წლის ვიყავი, როცა მათთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი და იმის მერე არ მინახავსო. შეეცადა თავის მართლებას, მაგრამ როცა ვკითხე, - "ინტერტრანსს" თქვენი ბანკიდან (ყველამ ვიცით, რომ "პროგრესბანკი" კალაძისაა) 150-ათასიანი გარანტია რატომ მიეცით-მეთქი? - მხოლოდ ის თქვა, - ეგ ბანკის დირექტორის დანაშაულია და სასამართლოში უჩივლეთო, - და შეხვედრა დატოვა. სინამდვილეში მან "საქჰიდროენერგომშენი" მიჰყიდა შარანგიასა და მაქაცარიას და სანაცვლოდ "გამოართვა" ყვითელი ავტობუსები, რაც ასევე დასტურდება საჯარო ინფორმაციით. "ინტერტრანსი" მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ოფისიც არ აქვს, არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობს და საბანკო გარანტია როგორ მიიღო, ესაა საინტერესო. სხვა თანამდებობის პირზე რატომ არ ვსაუბრობთ? რატომ ვადანაშაულებთ მაინცდამაინც კალაძეს?.. შევხვდი იმ ფეხბურთელებს, რომლებიც "ინტერტრანსის" დამფუძნებლები არიან. ისინი არაფრის აზრზე არ არიან, ფირმა რა საქმინობას ეწევა, ეგეც არ იციან და როგორ გგონიათ, რეალური მფლობელები არიან? საბოლოო ჯამში, მძღოლების პროტესტის შედეგად იმას მივაღწევთ, რომ ვიღაცას გაწირავენ და ეს "ვიღაცა" რუსთავის მერი იქნება. დავით ჯიქია ისედაც გასაწირია, რადგან ამ კონკურსის გამოცხადების პირობებშივე აქვს დანაშაული ჩადენილი.

მოგვიანებით რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ მძღოლებს ულტიმატუმი წაუყენა - სანამ ადვოკატს არ შეცვლით, მოლაპარაკებაზე არ წამოვალთო. თუმცა, 8 აპრილს შეხვედრა მაინც შედგა ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. მას გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭოხონელიძე, ქალაქის მერი დავით ჯიქია, მისი მოადგილე დავით სხირტლაძე, კომპანია "ინტერტრანსის" დამფუძნებელი ზაზა ლომიძე, კომპანიის დირექტორი მამუკა მუმლაძე, გაფიცული მძღოლები და მათი ადვოკატი ესწრებოდნენ. მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს ორმა მძღოლმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. მათი თქმით, ის პირობები, რომელიც კომპანიამ შესთავაზა, მიუღებელი აღმოჩნდა. დარბაზში დარჩენილებმა განაგრძეს თათბირი და ორივე მხარე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პრობლემის უკეთ გაცნობის მიზნით ჯობია, ორდღიანი ტაიმ-აუტი აიღონ.

კახი კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი:

- ამ ადამიანებთან ორჯერ მქონდა შეხვედრა. ჟიული შარტავას 70 წლის იუბილეზე ვიმყოფებოდი რუსთავში და იქ გავიგე ეს ამბავი. პირველი შეხვედრა იყო დავით ნარმანიასთან, მეორე - ენერგეტიკის სამინისტროში. ადამიანურად ვეცადე, ყველანაირად დავხმარებოდი ამ ადამიანებს, თან გუშინ მოვისმინე ბატონი ჯიქიას განცხადება და ყველაფერი გასაგები გახდა. ეს არის მართული პროცესი და ამ სიბინძურეში, ამ დადგმულ შოუში ჩართვას ნამდვილად არ ვაპირებ.

დავით ჯიქია, რუსთავის მერი:

- ეს უკვე გასცდა ყოველგვარ ჩარჩოებს. მინდა გითხრათ, ვინ მართავს ამ ადამიანებს: ესენი არიან "თავისუფალი ზონის" წევრები. ჩვენ გვაქვს ვიდეო და ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ისინი ამ აქციებში მონაწილეობენ. ეს არის პოლიტიკურად მართული სიტუაცია.

მძღოლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ ვინმე მართავს: ჩვენც დავინახეთ "თავისუფალი ზონის" რამდენიმე წარმომადგენელი, აქ დაბორიალებენ, თან დაგვყვებიან და ვერ მოვიცილეთ; "ოცნების" წარმომადგენლებმა ისიც კი გვითხრეს, "ნაციონალების" მოგზავნილები ხართო. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, უბრალო ადამიანები ვართ და ჩვენს უფლებებს ვიცავთ. სხვისი მართვა რად გვინდა? რადგან მძღოლები ვართ, განა ამ ქვეყნისა არაფერი გაგვეგება?

ზაზა ლომიძე, "ინტერტრანსის" ხელმძღვანელი:

- კალაძე ერთხელ მყავს ნანახი, ისიც - მისი ფეხბურთიდან გაცილების მატჩზე. არც სხვა ფეხბურთელები დგანან ამ კომპანიის უკან. რაც შეეხება მძღოლებს: კიდევ ერთხელ ვპირდები მათ დასაქმებას, შემხვდეს და გამესაუბროს, ვისაც უნდა. ხაზის მეპატრონეების აქციები არის უნიჭო სპექტაკლები. თუ მძღოლები არ მიიღებენ ჩვენს შეთავაზებას, მაშინ ვალდებულები ვიქნებით, სამარშრუტო მანქანებზე ალტერნატიული მძღოლები დავასაქმოთ.

იმედია, მოდავე მხარეები გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივლენ და არც მძღოლები დაზარალდებიან და არც - "ინტერტრანსი". მე კი მაკვირვებს და აღმაშფოთებს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის ჯიუტი დუმილი: რატომღაც, არაფრით ამჟღავნებს საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რაც აგერ უკვე 2 თვეა, რუსთაველების საწუხარია, არც მძღოლებს ხვდება და არც ჩემს ზარებს პასუხობს, რომ ამ საკითხზე მისი შეხედულებაც გავარკვიო.
მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თანახმა ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო!"
რა დროს უნდა მივმართოთ ფსიქიატრს
ამჟამად 3 ხანდაზმულზე ვზრუნავ, სამწუხაროდ, მეოთხე გარდამეცვალა
"ოჯახის შექმნის შემდეგ ფერებიც და სიუჟეტებიც უფრო დათბა"
საგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა
ილია ძოწენიძის გავლილი რთული გზა დიდ წარმატებამდე
რატომ ჭირს ქართველი მამაკაცების დასაქმება ესპანეთში
ინტერნეტით დაგროვებული ცოდნა და ქართული ხელოვნური ინტელექტი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი