გაუგებრობა პირდაპირ ეთერში - გზაპრესი

გაუგებრობა პირდაპირ ეთერში

"ეკა ხოფერიას შოუში" მომღერალ ეკა კვალიაშვილის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო მარათონში, იაშვილის კლინიკის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი - თამთა დემურიშვილიც ჩაერთო, მაგრამ გადაცემის წამყვანმა და თავად ეკა კვალიაშვილმა მას მადლობა გადაუხადეს, დახმარების მიღებაზე კი უარი განუცხადეს... მომღერლის დასახმარებლად, თამთა დემურიშვილმა თანხა იაშვილის კლინიკის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელით გადარიცხა, რამაც საზოგადოება დააბნია და ამან უარყოფითი გამოხმაურებაც გამოიწვია: ტელემაყურებლებმა, გადაცემის წამყვანმა და მთავარმა სტუმარმაც მიიჩნიეს, რომ ეკას დაავადებული ბავშვების კუთვნილ ფულს ურიცხავდნენ. თამთა დემურიშვილს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, განემარტა - რატომ მიიჩნია საჭიროდ, რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფონდიდან თანხა სხვისთვის (ამ შემთხვევაში - ეკა კვალიაშვილისთვის) გადაერიცხა?

- გაუგებრობა მოხდა: გადაცემის პროდიუსერს, ქალბატონ ნინო კოტარიას "ესემესი" გავუგზავნე, რომ თანხას ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელით გადავრიცხავდი და არა - ბავშვების ფულს. უბრალოდ მინდოდა, ცნობილი და საყვარელი მომღერლის მიმართ დაავადებული ბავშვების სოლიდარობა დაფიქსირებულიყო, მაგრამ არასწორად გაიგეს. როცა პროდიუსერმა მომწერა, - ბავშვების თანხას ვერ ავიღებთო, ვუპასუხე: ეს ბავშვების თანხა არ არის. უბრალოდ, ბავშვების სახელით ვრიცხავ-მეთქი.Eეკა კვალიაშვილს დახმარება გაუწია ფონდმა "საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის". ძალზე მიზერული თანხა - 200 ლარი გადავრიცხეთ, მაგრამ ეს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების სახელით გავაკეთეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ეკა ხოფერიას ასეთი რეაქცია ჰქონდა (ეთერში ხელებით ლაპარაკი - არა, თამთა, არ შეიძლებაო...), რადგან ჯერ უნდა გადაამოწმო, რა ინფორმაციას გაწვდიან. ჯერ ერთი, ძალიან კარგად ვიცი, ვისთვის რა თანხებია გადასარიცხი და მეორეც: ლეიკემიით დაავადებული ბავშვების თანხასთან მე ხელი არ მიმიწვდება. ასე რომ, ასეთი საქციელი ჟურნალისტის მხრიდან არაკორექტული იყო. ამაზე ლაპარაკი არც მინდოდა, მაგრამ რადგან მაყურებლებმა სხვანაირად გაიგეს, ამიტომაც ვამბობ და მინდა, ეკა ხოფერიასაც ვთხოვო, რომ ერთ-ერთ გადაცემაში ეს საკითხი კიდევ ერთხელ განმარტოს.

- "საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის" - ამ ფონდის შესახებ რას გვეტყვით?

GzaPress- ფონდის დამფუძნებლებს შორის არიან: თინათინ მაღალაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე. კიდევ, რამდენიმე საპატიო წევრი გვყავს, მათ შორის - ჟურნალისტები. ეს ფონდი მხოლოდ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის არ არის. მაგალითად, თანხას სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტების შესაძენად ვრიცხავთ. ერთ ქალბატონს, რომელიც ჩხოროწყუდან გახლავთ, ყოველთვე 120 ლარს ვურიცხავთ, რადგან ცერებრული დამბლით დაავადებული 30 წლის შვილი ჰყავს და ჰიგიენური საშუალებების შეძენასაც ვერ ახერხებს. მოგეხსენებათ, "დიაბეტიკ" ბავშვებს მკურნალობას და "ჩხირებს" (რომლითაც სისხლში შაქრის შემცველობა იზომება) სახელმწიფო უფინანსებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რამდენჯერმე თანხა ასეთი ბავშვების დასახმარებლადაც გადავრიცხეთ, ასევე - ბერი ანდრიას ფონდის ბავშვებისთვის; მარათონის დროს, ფონდიდან გიორგი ყორღანაშვილს 500 ლარი გადავურიცხეთ; თბილისში უსახლკაროთა კარვები რომ დაიდგა, იქ მცხოვრებთათვის ორჯერ საკვები პროდუქტები შევიძინეთ.Uუამრავი ოჯახია, რომლებიც ფონდიდან თანხას ყოველთვიურად იღებენ. მართალია, ეს დიდი თანხები არ არის, მაგრამ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია... ასე რომ, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფული არ გამოგვიყენებია. სხვათა შორის, მასში რამდენიმე ფონდია გაერთიანებული; მათ შორის,Yყველაზე მნიშვნელოვანი, დიტო ცინცაძის ფონდია, რომელშიც ჟურნალისტები არიან ჩართულები. ჩემთვის ლეიკემიით, სიმსივნით დაავადებული ბავშვები პრიორიტეტულები არიან და ჩემი საქმიანობა რეიტინგული ეთერიდან კითხვის ნიშანს არ უნდა აჩენდეს.

- ლეიკემიით დაავადებულებისთვის, როგორც ვიცი, აქციებს ატარებთ...

- ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებული ბავშვები სახელმწიფოსგან მაქსიმალური ყურადღების ქვეშ არიან, მაგრამ ამ ტიპის დაავადებებს ვერც ერთი სახელმწიფო ვერასოდეს გაწვდება. საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია თუნდაც იმ კუთხით, რომ სისხლი უანგაროდ გაიღონ. ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ, პაციენტებისთვის სისხლის გადასხმა თითქმის ყოველთვის საჭიროა. აქციამ - "გაიღე სისხლი, გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე" მთელი საქართველო მოიცვა. ჯერ ერთი, ამით ბავშვებს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარებით და მეორეც: უფასო კვლევა გიტარდებათ, საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას იღებთ. ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან შსს-ს აქციაში აქტიურად ჩაერთო: საპატრულო, სამხარეო, კრიმინალური პოლიცია ყოველ კვირას სისხლს აბარებს. შარშან 5000 უანგარო დონორი გვყავდა, მათგან 60% - შსს-ის თანამშრომლების სისხლი იყო. ახლა ჩვენთან თანამშრომლობა ალექსანდრე ჭიკაიძემ გააგრძელა. ერთ-ერთმა დაავადებულმა ბავშვმა საახალწლო სურვილად დაწერა, რომ უნდა, პატრულის თანამშრომელი გახდეს, ფორმა ეცვას და პატრულის მანქანით იაროს. ბავშვებს ფორმა შეუკერეს (ჟეტონებით, გვარებით...), რომელიც მათ პირადად მინისტრმა ჩააცვა. საჩუქრად სათამაშო მანქანებიც მოუტანა, მერე კი საპატრულო მანქანითაც გაისეირნეს. რაციაში ჩვენი ლუკა ხმამაღლა ყვიროდა: ვემსახურები ჩემს საქართველოსო!.. დავით ნარმანიაც მხარში გვიდგას - აქტიური დონორია. ფინანსთა სამინისტროც გვეხმარება... 4-5 თვეა, რაც ვცდილობ, დედა თინათინს გვერდში დავუდგე და ბერი ანდრიას ფონდს დავეხმარო. მოგეხსენებათ, დედა თინათინი სიმსივნით დაავადებულ პატარებს პატრონობს. ერთ-ერთმა ბავშვმა მითხრა, - ჩვენ ლეიკემიით დაავადებულების ჩრდილში ვართო. მას პირობა მივეცი, რომ ჩრდილში აღარ იქნებოდნენ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ქართველი ბარიტონის - მიხეილ ქირიას ინიციატივით და ვატო კახიძის დირიჟორობით, ოპერის ქართველი მომღერლების მონაწილეობით, გასულ კვირას გალა კონცეტი ჩატარდა. მიხეილ ქირია თავად დამიკავშირდა: სურდა, კონცერტი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩაეტარებინა, მაგრამ ვუთხარი, - ამწუთას სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების კვების პრობლემა უფრო გვაქვს-მეთქი. 13 ათასი ლარი შეგროვდა.Aახლა გადაწყდა, რომ ოპერის იტალიელი, ბრაზილიელი და პორტუგალიელი მომღერლები (ვისაც ლა სკალა აქვს დამთავრებული) უნდა ჩამოვიდნენ. ამჯერად, კონცერტი ლეიკემიით და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გაიმართება. მსგავსი კონცერტები სავარაუდოდ, 3 თვეში ერთხელ ჩატარდება. კონცერტს ერქმევა - "მუსიკა კურნავს". როგორც ვიცი, ფონდიც იქმნება და უცხოეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებს სისტემატურად ჩამოიყვანენ.

ეთო ყორღანაშვილი