"ახალ სისტემაზე გადასვლა მოსახლეობის ნაწილს 50-60 ლარი დაუჯდება" - გზაპრესი

"ახალ სისტემაზე გადასვლა მოსახლეობის ნაწილს 50-60 ლარი დაუჯდება"

ბევრმა არც ის იცის, რომ თუ ე.წ. სეთ-თოფ ბოქსს არ შეიძენს, 16 ივნისს, 00 საათზე ტელემაუწყებლობა შეუწყდება, თუმცა, ეს ცვლილება მოსახლეობის ნაწილს შეეხება.

მაშ, რა შეიცვლება 17 ივნისიდან ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანისთვის, რომელსაც სურს, საყვარელ სერიალს უყუროს ან უბრალოდ, ტელევიზორის წინ მშვიდი საღამო გაატაროს? - ამის გასარკვევად საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესმდივანს - ხატია ყურაშვილს მივმართეთ და ის შეკითხვები დავუსვით, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს:

- რატომ გადადის საქართველო მაუწყებლობის ახალ სისტემაზე?

- 2006 წელს, საერთაშორისო საკომუნიკაციო გაერთიანებამ მიიღო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გეგმა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ჟენევის 2006 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, სწორედ მაშინ განისაზღვრა ბოლო ვადა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად - ეს თარიღი 2015 წლის 17 ივნისია. ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს.

- რას ნიშნავს ციფრული მაუწყებლობა?

GzaPress- ეს არის ჩვეულებრივი ტელემაუწყებლობა, უბრალოდ, მისი შემოსვლის შემდეგ სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს რადიოსიხშირული სპექტრი. ციფრული მაუწყებლობა საშუალებას იძლევა, ერთ რადიოარხზე, ნაცვლად ერთისა, ერთდროულად გავრცელდეს 15 სამაუწყებლო არხი. ეს აძლევს სახელმწიფოს გამოთავისუფლებულ რადიოსიხშირულ სპექტრს, რომელიც ამოწურვადი რესურსია და საკმაოდ ფასეულია. თუ ადრე შეზღუდული რადიოსიხშირეების გამო არ არსებობდა საშუალება, რომ ყველა მსურველისთვის სიხშირული სპექტრი დაეთმოთ, ციფრული მაუწყებლობის წყალობით, ეს პრობლემა მოიხსნება. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და 17 ივნისიდან ქსელი ესპლუატაციაში შევა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადგილობრივ, რეგიონულ მაუწყებლებსაც მიანიჭა სიხშირეები. დარჩა მხოლოდ რამდენიმე მაღალმთიანი რეგიონი და იქაც სამუშაოები 17 ივნისამდე დასრულდება. ასე რომ, 17 ივნისს მთელი საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა.

- რა შეიცვლება ამ დღის შემდეგ ტელემაყურებლისთვის?

- აღნიშნული რეფორმა შეეხება მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მაუწყებლობას იღებს ღია ეთერით ანუ ჩვეულებრივი, ე.წ. სახლის ანტენით. ეს ანტენა რეგიონებში ხშირად სახურავებზე აქვთ დამონტაჟებული, ხოლო იმათთვის, ვისაც საკაბელო ან ინტერნეტტელევიზია აქვს ჩართული, მაგალითად, "სილქნეტი", "კავკასუს ონლაინი", "მაგთისატი", ან თანამგზავრული თეფშით სარგებლობენ, არაფერი შეიცვლება. ისინი როგორც იღებენ ტელემაუწყებლობას, 17 ივნისის შემდეგაც ასევე მიიღებენ. მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომელიც ჩვეულებრივი ანტენით სარგებლობს, ე.წ. სეთ-თოფ ბოქსების ყიდვა დასჭირდება.

- ბევრს აინტერესებს, რა არის "სეთ-თოფ ბოქსი" და რა ღირს?

- ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის მისაღებად საჭიროა ტელევიზორთან მისაერთებელი მოწყობილობა, "სეთ-თოფ ბოქსი". ეს მცირე ზომის მოწყობილობაა, ვიზუალურად ძალიან ჰგავს დეკოდერს, რომელიც ყველას უნახავს. ის უზრუნველყოფს ციფრულ ფორმატში სიგნალის მიღებას და გარდაქმნას იმისთვის, რომ ჩვენმა ტელევიზორებმა ეს სიგნალი მიიღონ. "სეთ-თოფ ბოქსი" დაახლოებით 50-დან 60 ლარამდე ღირს. ეს ერთჯერადი ხარჯია ანუ ამ მოწყობილობას მომხმარებელი ერთხელ შეიძენს და შემდგომ რამდენიმე წელი ექნება. როგორც მითხრეს, "სეთ-თოფ ბოქსები" გარანტიით იყიდება თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც. "სეთ-თოფ ბოქსის" დაყენება ძალიან ადვილია, ეს სატელევიზიო რეკლამებშიც კარგად ჩანს, სარეკლამო ბუკლეტებშიც წერია, ბოლოს და ბოლოს, სადაც შეიძენთ, იქ გასწავლიან, როგორ მიუერთოთ თქვენს ტელევიზორს.

- თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი სოციალურად დაუცველია.

- 220 ათასი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სახელმწიფომ უკვე შეიძინა "სეთ-თოფ ბოქსები" და "საქართველოს ფოსტის" რაიონულ ოფისებს გადაუგზავნა. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირები უნდა მიბრძანდნენ "საქართველოს ფოსტის" ადგილობრივ ოფისებში და პირადობის მოწმობის ჩვენების შემდეგ ყველას გადასცემენ ამ მოწყობილობას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს "სეთ-თოფ ბოქსებს" ოჯახში მიუტანენ და დაუმონტაჟებენ - ისინი ამ მომსახურებასაც უფასოდ მიიღებენ.

- როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არ არის სოციალურად დაუცველი და ჩვეულებრივი ანტენით სარგებლობს?

- ამ კატეგორიამ თავად უნდა შეიძინოს "სეთ-თოფ ბოქსი". ამ მოწყობილობას სპეციალური ლაბორატორიული შემოწმებაც გავლილი აქვს და ტექნიკური პარამეტრებიც შემოწმებულია, მაგრამ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, აქვს თუ არა "სეთ-თოფ ბოქსს" ქართული შრიფტის წაკითხვის შესაძლებლობა. ასევე აუცილებელია, რომ ის იყოს DVB-T2, MP4-ის სტანდარტისა ანუ ეს ორი პარამეტრი აუცილებელია. ეს ყველაფერი მითითებულია სპეციალურ ბუკლეტებში, რომელიც უკვე დაიბეჭდა ქართულ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ეს ბუკლეტები მარტში ყველა ოჯახს მიუვიდა კომუნალური გადასახადების ქვითართან ერთად. ასევე მიიღებთ მაისშიც და გირჩევთ, დაწვრილებით გაეცნოთ და წაიკითხოთ. ხოლო თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს აქვს ცხელი ხაზი - 14-80, სადაც ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ.

GzaPress

- ამ თემაზე საუბრისას კიდევ ერთი კითხვა ჩნდება: მოუწევს თუ არა ტელემაყურებელს ტელევიზორის გამოცვლა?

- იმ ოჯახებს, რომლებსაც მხოლოდ ანალოგური სიგნალის მიმღები, ძველი ტელევიზორები აქვთ, ახალი ტელევიზორის შეძენა მართლაც მოუხდებათ, რადგან ძველ ტელევიზორებს ღჩA ტიპის კაბელი არ უერთდება, ხოლო ვისაც თანამედროვე ტელევიზორი აქვს, მხოლოდ პარამეტრების გადაწყობა დასჭირდება. ციფრული სატელევიზიო სიგნალი შეიძლება, იმავე ანტენით მიიღოთ, რომლითაც აქამდე ანალოგურ სიგნალს იღებდით. ეს შეიძლება იყოს შენობის სახურავზე დამონტაჟებული ანტენა, რომლითაც დღემდე სარგებლობთ.

- საინტერესოა, რით სჯობია ციფრული მაუწყებლობა ჩვეულებრივს?

- როგორც გითხარით, თუ ამჟამად ერთი სამაუწყებლო არხი იკავებს ერთ რადიოსიხშირულ არხს და უფასოდ ვრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ამ ერთი რადიოარხით ერთდროულად 15 მსგავსი არხის გავრცელება იქნება შესაძლებელი. ამის შედეგად გამოთავისუფლებული სიხშირული რესურსი კი შეიძლება, სახელმწიფომ აუქციონზე გამოიტანოს სხვა მიზნებისთვის - თუნდაც ძალიან სწრაფი, უსადენო ინტერნეტის უზრუნველსაყოფად. ციფრული მაუწყებლობის წყალობით მიიღება გაცილებით კარგი ხარისხის გამოსახულება, ხმა. რადგან სიხშირული რესურსი შეზღუდული აღარ არის, ახალი სამაუწყებლო არხების გახსნა შეზღუდული აღარ იქნება. უფრო მეტ არხს მიეცემა საშუალება, ღია ეთერით, უფასოდ გავრცელდეს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

- დასასრულ, აუცილებლად უნდა გკითხოთ ინტერნეტის შესახებ, რომელიც გაძვირდა. რით არის ეს გამოწვეული?

- საერთოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ცდილობს, საცალო ბაზრის საქმეებში არ ჩაერიოს და საბითუმო ბაზრის რეგულაციით უზრუნველყოს კონკურენცია და ადეკვატური ფასები. ამ შემთხვევაში ფასის ზრდა განპირობებული იყო ლარის დევალვაციითა და ამ კომპანიების ხარჯების ზრდით: მოგეხსენებათ, საოპერაციო ხარჯები მათ დოლარში აქვთ - აპარატურა, კაბელები, ყველანაირი ხარჯი კომპანიას აქვს დოლარში და ეს ყველაფერი ბუნებრივად აისახება საცალო ფასზეც. ჩვენ მჭირდო კონტაქტი გვაქვს ყველა კომპანიასთან და როდესაც მათ მომსახურება გააძვირეს, ჩვენი კომისიაც საქმის კურსში იყო.

- თუმცა, როდესაც ფასს გვიზრდიან, ალბათ მომსახურება და ინტერნეტის ხარისხიც უნდა გაუმჯობესდეს...

- ინტერნეტის ხარისხსა და სიჩქარეზე მომხმარებლების პრეტენზიები კარგად ვიცით. მომავალში ამ საკითხის შესწავლასაც ვგეგმავთ: საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებაა საჭირო, რადგან საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია გვჭირდება. მუშაობა უკვე დაწყებულია და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. სხვათა შორის, არაერთხელ ჩავერიეთ იმ მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, ვინც საჩივრით მოგვმართა. მათი განხილვის დროს ისეთი ხელშეკრულებებიც კი ვნახეთ, სადაც ეწერა, რომ მომხმარებელს მიეწოდებოდა ინტერნეტი 0-დან 5 მეგაბიტამდე. ბუნებრივია, პროვაიდერებს ასეთი ხელშეკრულებების შეცვლა მოვთხოვეთ, რადგან თუ ნული მეგაბიტი მომეწოდება, ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტი საერთოდ არ მაქვს... ჩვენი კომისია მუდმივად სწავლობს მსგავს საკითხებს და ცდილობს, კომპანიებმა ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები შეასრულონ.

ხათუნა ჩიგოგიძე