"საუკეთესო სამშობიაროს ვეძებდი და შვილი სასაკლაოზე მიმიყვანია" - გზაპრესი

"საუკეთესო სამშობიაროს ვეძებდი და შვილი სასაკლაოზე მიმიყვანია"

არაერთ ასეთ საქმეს განიხილავს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. პაციენტებისა და მათი ახლობლების პროტესტი ხშირად სამართლიანია. არაერთი ექიმი დასჯილა კიდეც გადაცდომისთვის. მაგალითად, შარშან 234 საჩივარი შევიდა რეგულირების სააგენტოში და პროფესიულმა საბჭომ 293 ექიმს დააკისრა სხვადასხვა სახის სახდელი. აქედან წერილობითი გაფრთხილება მიიღო 195-მა ექიმმა, 10-ს 6 თვით შეუჩერდა უფლებამოსილება, 49 ექიმს - 1 თვით, 26-ს - 2 თვით, 3 თვე ექიმად ვეღარ იმუშავა 11-მა, ხოლო 4 თვით უფლებამოსილება 2 ექიმს შეუწყდა...

აპრილში, ღუდუშაურის საავადმყოფოში ზედიზედ 2 ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას დიდი ხმაური მოჰყვა. 4 აპრილს, 28 წლის თამარ ქუქიშვილს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ახალგაზრდა ქალისთვის ეს მესამე მშობიარობა იყო. მისი პატარა გაჩნდა, მაგრამ დედა გარდაიცვალა. 6 აპრილს, ისევ "ღუდუშაურში" საკეისრო კვეთის შემდეგ დაიღუპა 29 წლის თათია სუარიძე. ის მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. მისი ორი პატარა სამწუხაროდ, დედის გარეშე გაიზრდება. გარდაცვლილი თათია სუარიძის ახლობლები ამბობენ, რომ თათიას საკეისრო კვეთის შემდეგ ფილტვების ანთება დაემართა, ნელ-ნელა თირკმლები გაეთიშა, ღვიძლი გაუდიდდა და სეფსისი განუვითარდა. ოჯახის წევრები ირწმუნებიან, პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანა გვინდოდა, მაგრამ მედპერსონალმა ამის უფლება არ მოგვცაო. ისინი ექიმების დასჯას მოითხოვენ.

ღუდუშაურის საავადმყოფოში კი მაშინვე განმარტეს, რომ ახალგაზრდა ქალების გარდაცვალების მიზეზი მათი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო. კლინიკის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსმა, მარინა გელანტიამ ხმაურის ატეხისთანავე განმარტა:

- ჩვენი კლინიკა პათოლოგიებით მიმდინარე ორსულობებზეა გათვლილი. ასეთი მძიმე დიაგნოზით უამრავი ადამიანი შემოდის. სასტარტო მდგომარეობა ორივე შემთხვევაში საკმაოდ მძიმე იყო. სუარიძე 24 მარტს შემოიყვანეს. გოგონა განყოფილებაში ორსულთა მძიმე პრეეკლანსიის დიაგნოზით მოთავსდა. მდგომარეობის შეფასების შემდეგ მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის მდგომარეობა, დიაგნოზიდან გამომდინარე, მძიმე იყო. აღენიშნებოდა სისხლიანი ღებინება, სუნთქვის გაძნელება, რის გამოც გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა, ჩაუტარდა დიალიზის სეანსები. დაირღვა ღვიძლის ფუნქციები, ტვინი შეუშუპდა და სამწუხაროდ, ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ჩვენთან მოყვანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურით სახლში იყო. ორმხრივი მწვავე პნევმონიის დიაგნოზით თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა, თუმცა, რამდენიმე საათში სუნთქვის უკმარისობა დაემართა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადავიყვანეთ. საკეისრო გაკეთდა. მაგრამ რამდენიმედღიანი ძალისხმევისა და ბრძოლის მიუხედავად, ქალი გარდაიცვალა.

ორივე გარდაცვლილი პაციენტის საქმეს ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო იძიებს და დაადგენს, პაციენტების დაღუპვაში არიან თუ არა დამნაშავე ექიმები. საქმეები ჯერჯერობით ისევ მოკვლევის პროცესშია და შედეგები უცნობია.

შარშან კიდევ ერთი ქალბატონი უჩიოდა ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმებს. ბროლა გვასალია ერთადერთი ქალიშვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს. მისი შვილი, 35 წლის თეა გორგაძეც მშობიარობას გადაჰყვა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ახალშობილიც ვერ გადაარჩინეს. დიდხანს იბრძოდა შვილმკვდარი დედა. გაირკვა, რომ ის მართალი იყო. რეგულირების სააგენტომ 5 ექიმს სხვადასხვა სახის სახდელი დააკისრა: სამ მათგანს - ქეთევან მინდაძეს, მაია ზირაქიშვილსა და თამარ ტყეშელაშვილს წერილობითი გაფრთხილება აკმარეს, ხოლო ფოთის პოლიკლინიკის ექიმებს: მარიამ ხოფერიასა და ლელა სიჭინავას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა ერთი თვით შეუჩერდათ. ეს ვადა უკვე გასულია და ისინი ალბათ ისევ იღებენ პაციენტებს. იმედია, უფრო მეტი გულისყურით გამოიკვლევენ თითოეულ პაციენტს. მართალია, ექიმების ბრალეულობა ამ შემთხვევაში გამოიკვეთა და სახდელებიც დაეკისრათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქალბატონი ბროლა გვასალია ამბობს, რომ ბრძოლას ისევ გააგრძელებს, სანამ მისი შვილის სიკვდილში დადანაშაულებულ ექიმებს სერტიფიკატი არ გაუუქმდებათ. რამდენად მიაღწევს ამას გამწარებული დედა, სხვა საკითხია, მაგრამ უდავოა - ექიმებმა შეცდომები დაუშვეს და ისინი კომისიამ გაამტყუნა.

ბროლა გვასალია:

GzaPress- ვერ მოვისვენებ, სანამ ამ ექიმებს ხალათს არ გავხდი. გამამწარეს და არ მინდა, ჩემსავით კიდევ სხვა დედებიც განადგურდნენ ექიმების დაუდევრობისა და უცოდინარობის გამო. ერთადერთი შვილი მყავდა, თეა ობლობაში, წვალებით გავზარდე. წარმატებული გოგო იყო - ორი უმაღლესი დაამთავრა: ჯერ - სამედიცინო და ლაბორანტად მუშაობდა, მაგრამ მცირე ხელფასი ჰქონდა და მიატოვა სამსახური; მერე წლების მანძილზე დაცვის პოლიციაში მუშაობდა. ყველა პატივს სცემდა და ყველას უყვარდა. გათხოვდა, ძალიან კარგი სიძე მყავს და ბედნიერები ველოდით პატარას გაჩენას. 7 თვემდე ისე მივიდა, არაფერი სტკენია. ფოთის პოლიკლინიკაში იყო აღრიცხვაზე, ფოთიდან თბილისში ჩვენი სურვილით წავედით - გვინდოდა, საუკეთესო ექიმთან ემშობიარა თეას. იმ პერიოდში ცოტა გაცივებულიც იყო, ახლობლების რჩევით მივედით "ღუდუშაურში". საუკეთესო კლინიკას ვარჩევდი ჩემი შვილისთვის, რა ვიცოდი, რომ სასაკლაოზე მიმყავდა?! მერვე თვეში იყო, საკეისრო რომ ჩაუტარდა. ექიმმა მითხრა, - ასე აჯობებს, ბავშვიც და დედაც გადარჩებიანო. არაფერი საგანგაშო არ უთქვამთ, თორემ არაფერს დავაკლებდი ჩემს შვილს. ბავშვი ამოუყვანეს, ცოცხალი იყო. არ უთქვამთ, რომ ახალშობილს რაიმე პრობლემა ჰქონდა. თურმე, იქ ბავშვთა თერაპევტი არ აღმოჩნდა იმ დროს. მეორე დღეს გავიგეთ, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მერე გვითხრეს, ამოყვანიდან 20 წუთში დაიღუპაო. მეორე დღემდე რატომ მალავდნენ?.. თეას ჯანმრთელობას რომ ვკითხულობდი, მეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად არისო. არც ის უთქვამთ, მის სიცოცხლეს საფრთხე რომ ემუქრებოდა. მეოთხე დღეს სიცხე მისცა. გინეკოლოგმა, ხათუნა მინდაძემ მითხრა, - სიტუაცია დამძიმდა, სეფსისი წავიდა და კერა ვერ ვიპოვეო. ასეთი პასუხი ექიმისგან გაგიგონიათ? მე როგორ უნდა გამერკვია, კერა სად იყო? ექიმების უცოდინარობითა და დაუდევრობით დაიღუპა ჩემი შვილი. ეტყობა, საკეისრო კვეთის დროს მოხდა შეცდომა, ალბათ ჭუჭყიანი ხელსაწყოთი ჩაუტარდა კვეთა. ფაქტია, სეფსისი განვითარდა. მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ჩემს შვილთან ვიყავი, ვეფერებოდი, ვეხუტებოდი. თეა ტიროდა, - დედა, აქ რამ წამომიყვანაო?!. ვიხვეწებოდი, სხვაგან გამიშვით, ვხედავ, შვილი ცუდად მყავს, გადამირჩინეთ-მეთქი, მაგრამ სანამ საერთოდ არ გაითიშა, იქიდან არ გამიშვეს. მხოლოდ ფულზე ფიქრობდნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, - პოლისი რომ ამოიწურება, ესენი ნეტავ, ფულის გადამხდელები არიანო?.. ბოლოს, უგონოდ მყოფი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადავიყვანე. სისხლი უკვე მოწამლული ჰქონდა. პირდაპირ მითხრეს, - მოუკლავთ ეს გოგო და ახლა აქ მოგყავთო? საკეისროდან მერვე დღეს გარდაიცვალა. დასკვნაში ჩაწერეს, ვირუსული მიოკარდიტი იყოო. ერთი პერიოდი ლოგინად ჩავვარდი. როგორც კი ფეხზე დადგომა შევძელი, იმ წუთიდან ვიბრძვი. არ მინდა, ამ ექიმებს ხალათი ეცვათ. გამანადგურეს, ერთადერთი შვილი მომიკლეს, მისი პატარაც აღარ დამრჩა. გამოტანილი პატარა სასჯელები არ არის საკმარისი იმ ექიმებისთვის. მათ სამუდამოდ უნდა შეუწყდეთ საქმიანობის უფლება, რომ ჩემი შვილივით, სხვაც არ ამოწყვიტონ. დედა-შვილი ერთად დავმარხე, განადგურებული დედა ვარ. არც ის ვიცი, რატომ უნდა გარდაცვლილიყო ახალშობილი. ალბათ მიაგდეს და უყურადღებობით გარდაიცვალა. ბავშვი რომ დაიბადა, არავის უთქვამს, პრობლემა აქვსო, ეს არავის წამოსცდენია. ასეთი გულგრილი დამოკიდებულება არსად მინახავს. ბავშვი რომ გარდაიცვალა, გვითხრეს, აქ გვაქვს სასაფლაო და თუ 150 ლარს გადაიხდით, დავასაფლავებთო. ჩემმა სიძემ კატეგორიული უარი თქვა. მაშინ ჩემი შვილის სიკვდილს ვინ ფიქრობდა?! ვამბობდით, რომ წინაპრების საფლავზე დავასვენებდით ახალშობილს. მერე თეას მდგომარეობა დამძიმდა. ერთად წავასვენეთ დედა-შვილი, მაგრამ რაც მაშინ მორგში ვნახე, ამის აღწერა შეუძლებელია: მე და ჩემი სიძე გავგიჟდით, ბევრი გარდაცვლილი ახალშობილი ესვენა. ამიტომ ვამბობ, იქაურობა სასაკლაოა-მეთქი. ყოველ წუთს ეს სურათი მიდგას თვალწინ, გავნადგურდი.

ღუდუშაურის საავადმყოფო არ არის გამონაკლისი. თითქმის ყველა საავადმყოფოს ექიმებს უჩივიან პაციენტები და მათი ოჯახის წევრები. კიდევ ერთი ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების გამო დაისაჯნენ ექიმები, ამჯერად - უფრო მკაცრად. შემთხვევა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, გასული წლის მაისში მოხდა. გურჯაანელი ნინო ზირაქაშვილი 8 თვის ფეხმძიმე შეიყვანეს საავადმყოფოში. საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ახალშობილი გარდაცვლილი დაიბადა და ვერც დედა გადაარჩინეს ექიმებმა. ეს საქმე შეისწავლეს სპეციალისტებმა და ექიმთა პროფესიულმა საბჭომ მეან-გინეკოლოგ ლევან მაყაშვილს, რომელმაც პაციენტს ჯერ საკეისრო კვეთა, შემდეგ კი საშვილოსნოს ოპერაცია გაუკეთა, ექიმობის ლიცენზია 6 თვით შეუჩერა, ხოლო ანესთეზიოლოგ ვასილ გოტაძეს 2 თვით აეკრძალა საქმიანობა. საბჭოს გადაწყვეტილებით, მათ ამ პერიოდში პაციენტების მიღება და გინეკოლოგიური საქმიანობა კატეგორიულად ეკრძალებოდათ...

კონკრეტული მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. 2008-2014 წლებში სხვადასხვა სახდელი სულ 1 509 ექიმს დააკისრა კომისიამ. აღწერილი სურათი ცხადყოფს, რომ ამ პრობლემას სერიოზული მიხედვა სჭირდება.

ზაზა აბრამიძე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი:

- საჩივარი ძირითადად, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით შემოდის. პაციენტი უკმაყოფილოა გაწეული დანახარჯებისა და მიღებული შედეგის თანაფარდობით. როცა გარდაიცვლება ადამიანი, ბუნებრივია, ჭირისუფალი უკმაყოფილოა და ჩივის... სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კანონი იცავს მეწარმის უფლებებს. მაკონტროლებელმა ზედმეტად რომ არ უნდა შეაწუხოს მეწარმე, ეს კანონი ვრცელდება სამედიცინო სამსახურებზეც, ამიტომ იმავე პროცედურებით ვხელმძღვანელობთ. როცა საჩივარი შემოდის, მივდივართ შუამდგომლობით სასამართლოში, ვასაბუთებთ ჩვენს შუამდგომლობას და სასამართლო გვაძლევს ნებართვას, მოვახდინოთ შესწავლა.

- რა ვადაში იხილავთ საჩივარს?

- საჩივარზე ვადა განსაზღვრული არ არის. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ვხელმძღვანელობთ. საჩივრის შემოსვლიდან რამდენიმე დღეში მივდივართ სასამართლოში. სასამართლომ თუ მოგვცა ნება, ამის შემდეგ შევდივართ დაწესებულებაში და ვსწავლობთ საქმეს. ჯანდაცვის პროფესიონალებს იშვიათად ვეკამათებით მათი კომპეტენციის სფეროში. ძნელია, შეეკამათო ნეიროქირურგს, რატომ გააკეთე ასე და არა - ისე, რატომ დანიშნა ექიმმა ეს წამალი და არა - სხვა?.. ასეთი შემთხვევების შესასწავლად გვყავს ტენდერის საფუძველზე შერჩეული ორგანიზაცია - "საქართველოს სამეცნიერო გაერთიანების ასოციაცია", რომელსაც ვუგზავნით რეცენზიებს და ისინი სწავლობენ. ნეიროქირურგს, რომელსაც უჩივიან, დაუჯდება გვერდით ორი პროფესიონალი ნეიროქირურგი და გაარჩევს მაღალპროფესიულ დონეზე, რამდენად სწორად იყო ჩატარებული მკურნალობა. თუ კომისიამ დარღვევა იპოვა და დასკვნა დაიწერა, ამის შემდეგ საკითხს განიხილავს პროფესიული რეგულირების საბჭო, რომლის სათავეში თავად მინისტრი დგას. კომისიის შემადგენლობაში არიან ასევე: ერთი პარლამენტარი, ერთი - საზოგადოების წევრი. ერთი სიტყვით, პროფესიონალებს გამოაქვთ ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

- რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ექიმებს?

- შეიძლება, წერილობითი გაფრთხილება მიეცეს ექიმს. თუ წლის განმავლობაში სამი ასეთი გაფრთხილება მიიღო, ეს ავტომატურად იწვევს სერტიფიკატის შეჩერებას. ექიმს უფლებამოსილება შეიძლება შეუჩერდეს ერთიდან 6 თვემდე. ასევე შეიძლება, საერთოდ შეუწყდეს მუშაობის უფლება.

- ყოფილა შემთხვევა, როცა ექიმი საერთოდ ჩამოაშორეს ექიმობას?

- 2011 წელს ორს, ხოლო 2013 წელს - ერთ ექიმს შეუწყდა ლიცენზია.

GzaPress

- კონკრეტულად რომელ ექიმებს და რა დარღვევებისთვის?

- ამ სამიდან ერთ-ერთი თურქი ექიმი იყო, საქართველოში საქმიანობდა და მას გაუუქმდა სერტიფიკატი. ძალიან ცოტაა გაუქმების შემთხვევა. მახსოვს, ერთი ფსიქიატრი იყო; დაარღვია ფსიქიატრიის შესახებ კანონი, მკურნალობა არასწორად ჩაატარა. პაციენტის უფლებები იყო დარღვეული. მეორე შემთხვევა იყო ინვალიდობის დადგენასთან დაკავშირებით.

- ალბათ არ არის იოლი, ექიმი ამხილო დანაშაულში.

- ასეა. მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება. არსებობს მოქმედი სახელმძღვანელო - ყველაზე გავრცელებული დაავადებების დროს რა მკურნალობა უნდა დანიშნოს ექიმმა. კომისია სწორედ ამ გზით იკვლევს, რამდენად შეესაბამებოდა ექიმის ქმედებები თანამედროვე მოთხოვნებს. არ არის სავალდებულო, ექიმმა მაინცდამაინც გაიდლაინით იხელმძღვანელოს, ეს არის სარეკომენდაციაო ხასიათის. მაგალითად, ჰიპერტონიის მკურნალობის დროს ამერიკული გაიდლაინი ერთ წამალს ამბობს, ევროპული - მეორეს. ამერიკაში ნეგროიდული რასის ხვედრითი წილი დიდია, იქ სხვა პრეპარატს ნიშნავენ. ექიმს შეუძლია, დანიშნოს ორივე გაიდლაინის მიხედვით. სერტიფიცირებულ ექიმს უშუალოდ დანიშნულებაში არავინ ედავება, მაგრამ მისი დანიშნულება უნდა იყოს ლოგიკური და დასაბუთებული. როგორც ვიცი, ხარისხის მართვის სტრატეგიაზე მუშაობს სამინისტრო და ამის დამტკიცების შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდება.

- როცა დისკვალიფიკაციის ვადა გავა, ამის შემდეგ როგორ ხდება უფლებამოსილების აღდგენა?

- დისკვალიფიკაციის ვადის გასვლის შემდეგ ექიმი მიმართავს საბჭოს, სადაც მოხდება განხილვა და მას ისევ აღუდგება ექიმობის უფლება. მომჩივნები ხშირად მართლები არიან. მათი საჩივრებიც გამართულია. აშკარაა, რომ ნახევარზე მეტ მომჩივანს, საჩივარს სხვა ექიმი აწერინებს ანუ, ფაქტობრივად, კოლეგა უჩივის კოლეგას. განსაკუთრებით, გინეკოლოგები და სტომატოლოგები არიან გამორჩეულები ამ კუთხით. იყო შემთხვევა, 86 წლის ქალბატონი გარდაიცვალა ინსულტით. თითქოს გასაკვირი არაფერია, მაგრამ იმდენად ცუდი დამოკიდებულება იგრძნო ოჯახმა, რომ ექიმების წინააღმდეგ საჩივარი დაწერა. ხშირად ჩივიან გულგრილობის გამო. შეიძლება, სამედიცინო თვალსაზრისით უხეში გადაცდომა არ იყოს, მაგრამ იმდენად ცუდად მოექცა პაციენტს, რომ ის ჩივის. თუ უფრო სერიოზულ დარღვევაზეა საუბარი, მაშინ საჩივარი პროკურატურაშიც შედის.

თეა ხურცილავა