რატომ ჭიანურდება შინდისის გმირების ძეგლზე მუშაობის დასრულება? - გზაპრესი

რატომ ჭიანურდება შინდისის გმირების ძეგლზე მუშაობის დასრულება?

მათ შორის შუახნის მამაკაცსაც მოჰკრავთ თვალს, რომელიც ხან ერთ ჯარისკაცთან ჩაიმუხლებს, ხან - მეორესთან და ასე რუდუნებით მუშაობს. უკვე მესამე წელია, რაც მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის ეზოში 12-მეტრიანი მონუმენტი დგას. ბატონი ნუგზარი მარტო მუშაობს და მისი ხელით ნელ-ნელა ცოცხლდებიან შინდისის ომის გმირები, რომელთა თავგანწირვამ მთელი საქართველო აალაპარაკა. დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მოქანდაკემ 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შექმნა. თუმცა, უსახსრობის გამო მუშაობა შეჩერებულია.

არადა, დაღუპული გმირების ჭირისუფლები ყოველი წლის 11 აგვისტოს იმ იმედით ხვდებიან, რომ ქანდაკება ბრძოლის ველზე დაიდგმება, სადაც ბიჭები გმირულად დაეცნენ. სამწუხაროდ, ეს დღე ჯერ ვერ დადგა.

პროექტის თანახმად, ძეგლი საქართველოს რუკაზე უნდა დაიდგას. ბევრი ამ ძეგლს "ხორუმს" ამსგავსებს, თუმცა, მისი ავტორი ასე არ ფიქრობს: "ხორუმი" უფრო დაზვერვითია, ამ ბიჭებმა კი ერთმანეთი გაიტანეს, თავი გაწირეს. ერთსაათიან უთანასწორო ბრძოლაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, სამხედრო პირებმა თუ მოქალაქეებმა კი გორის დატოვება მოასწრეს. ძეგლის თავში ალეკო ონიანი და მისი ნათლული, რომან ზოიძე არიან, ხელში წმინდა ნინოს ჯვარი უჭირავთ... ყველამ კარგად იცის ნათლია-ნათლულის საოცარი ამბის შესახებ: ნათლიამ დაჭრილი ნათლული არ მიატოვა და თავი აიფეთქა... საბოლოოდ, საინტერესო კომპოზიცია გამოვიდა. მეუფე ანანიამ შინდისში, სადაც ეს ბიჭები გმირულად დაეცნენ, ძეგლისთვის ადგილი გამოგვიყო, ეკლესიასთან ახლოს. მთავარია, რომ ეს საქვეყნო საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. სამწუხაროდ, ჩვენი სახსრებით ვერაფერს გავხდით. ძეგლი ბრინჯაოსგან უნდა ჩამოისხას. ამისთვის და მუშახელის ჰონორარისთვის საერთო ჯამში 850 ათასი ლარია საჭირო. ჩემთვის არ ვითხოვ ფულს, მინდა, რომ ამ ბიჭების უკვდავსაყოფად ეს ძეგლი გავაკეთო. ისტორიას, ახალ თაობას ამაზე უკეთესს რას შემოვუნახავთ? მათ უნდა იცოდნენ საკუთარი წარსულის, გმირების შესახებ, - ამბობს ნუგზარ ჭავჭავაძე.

GzaPress

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებიდან ამ პროექტით არავინ დაინტერესებულა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ საქმისთვის თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 17 ტონა მეტალი გამოყო. საქმე მძიმედ, მაგრამ მაინც დაიძრა. თუმცა, უსახსრობამ მუშაობა კიდევ ერთხელ შეაჩერა.

ნუგზარ ჭავჭავაძე:

- სევდია უგრეხელიძის დროს, დედაქალაქის მერიამ 50 ათასი ლარი გამოგვიყო. ამის შემდეგ დაფინანსება შეწყდა... ახლახან თბილისის საკრებულოს მივმართეთ, მაგრამ დაფინანსებაზე უარი იმ მიზეზით გვითხრეს, რომ ძეგლი თბილისში არ იდგმება. დალოცვილო, საფლავის დადგმას ხომ არ ვითხოვთ? მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი დაგვპირდა გარკვეული თანხით დახმარებას. ახლა ველოდებით თანხის ჩარიცხვას, რომ მუშაობა გავაგრძელო. კარგი იქნება, ბატონ ონიაშვილს სხვა გამგებლებიც თუ მიჰბაძავენ. გვინდა, ეს ამბავი პრემიერ ღარიბაშვილის, ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მივიდეს. გასულ კვირას პრეზიდენტის სახელზე განცხადებაც შევიტანეთ, მასთან შეხვედრას ვითხოვთ. პასუხი 10 დღის ვადაში უნდა გვაცნობონ. იმედია, ჩვენს სათხოვარს გულთან ახლოს მიიტანენ. ასევე, იმედი გვაქვს ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, ქალბატონ თინა ხიდაშელის. ვნახოთ... უფლის ნებით, ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

ჩვენი შეხვედრა ავჭალაში შედგა, სადაც შინდისში გმირულად დაღუპულების - ალეკო ონიანის და, ელენე ონიანი და ლევან მელქაძის დედა, ქეთევან ტორონჯაძე დაგვხვდნენ. ბუნებრივია, ჩვენს საუბარს 2008 წლის 11 აგვისტოს გახსენების გარეშე არ ჩაუვლია, იყო ბევრი ცრემლი და გულისტკივილი, რომელიც ვფიქრობ, სამართლიანია. გმირების ჭირისუფლებს ძეგლის დაფინანსებისთვის სახელმწიფოსთან ამდენი ხვეწნა-მუდარა არ უნდა სჭირდებოდეთ.

ელენე ონიანი, ალეკო ონიანის და:

- ეს არ არის იმხელა თანხა, რომ სახელმწიფომ ვერ გამოყოს. ბატონი ნუგზარი ამ ყველაფერს ენთუზიაზმით აკეთებს, მაგრამ ამხელა საქმეს ეს ვერ უშველის. ადამიანი მარტო მუშაობს, წყლის მიმწოდებელიც კი არა ჰყავს. ეს თანხა - 850 ათასი ლარი მხოლოდ ძეგლის ჩამოსხმისა და მუშახელისთვის არის გათვალისწინებული. 17-ტონიან ქანდაკებას ასეთ მცირე თანხაში ვინ გააკეთებს? გულდასაწყვეტია, რომ ყოველწლიურად, ყოველდღიურად გვიწევს თხოვნა, ხვეწნა, შეხსენება ხელისუფლებისთვის, რომ ძეგლისთვის თანხა გამოყონ.

- მესმის, თქვენთვის ძნელია იმ დღეების გახსენება, მაგრამ იქნებ გვიამბოთ ალეკოს გმირობის შესახებ...

- აგვისტოს ომში ჩემი ორივე ძმა იბრძოდა - ალეკო და სოზარი. მათთან სატელეფონო კავშირი თითქმის ყოველდღე გვქონდა. ალეკოს 11 აგვისტოსაც ვესაუბრეთ, უცებ ყვირილის ხმა გავიგონე - ყველამ თავს უშველეთო და აფეთქების ხმა გაისმა. ამის შემდეგ სატელეფონო კავშირი გაწყდა... ვეღარ დავუკავშირდით. მერე გავიგეთ, რომ რუსებმა ალყაში მოაქციეს და... ალეკოს ნაკაწრიც არ ჰქონდა, შეეძლო, იქიდან ცოცხალს გამოეღწია, მაგრამ ასე არ მოიქცა. თავისი ნათლული, რომელიც ჯარში მონათლა, მძიმედ დაჭრილი ეხვეწებოდა, - წადიო, მაგრამ არ მიატოვა. - რუსებს ტყვედ არ ჩავბარდებიო და მასთან ერთად თავი აიფეთქა. შინდისის ბრძოლაში მხოლოდ ორი ჯარისკაცი გადარჩა, მათ გვიამბეს მომხდარის შესახებ...

- მეორე ძმას რა ბედი ეწია?

GzaPress- სოზარიც სენაკის ბაზაზე იყო. ის საარტილერიო ბატალიონში მსახურობდა. ომში მეორედ დაბრუნდა ძმის მოსაძებნად, მაგრამ გორში ვინღა შეუშვებდა? იქ უთხრეს, რომ ალეკო დაიღუპა. ჩვენმა ოჯახმა მძიმე დღეები გადაიტანა. დედა სოზარს საყვედურობდა ძმის სიკვდილის გამო. თავის დროზე სოზარი ჯარში გაიპარა და ალეკოც წაიყვანა. დედა ეუბნებოდა, - ჯარში რომ არ წასულიყავი, დღეს ალეკო ცოცხალი იქნებოდაო. დეპრესიაში ჩავარდა, თან სამხედრო სამსახურშიც არ მიიღეს. კონტრაქტის გასაგრძელებლად საჭირო იყო 3-თვიანი კარანტინის გავლა, ის კი დედას მარტო ვერ ტოვებდა. აქ რომ არაფერი გამოუვიდა, წყალტუბოში წავიდა, სადაც დევნილებისთვის საცხოვრებელს აშენებდნენ, მუშად მუშაობდა. მშენებლობაზე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანიც მუშაობდა. ჩემს ძმას ეცოდებოდა და ჰპატრონობდა. ერთ საღამოს, ამ პიროვნებამ სოზარი და სხვა ბიჭები შინ დაპატიჟა. დაულევიათ. ბიჭებმა რომ შეატყვეს, აგრესიული ხდებოდა, სახლიდან გავიდნენ. მხოლოდ სოზარი შერჩა. მეზობლებს ხმაურის ხმა კი გაუგონიათ, მაგრამ დანიან გიჟს ვინ გაეკარებოდა? ერთი კი მოესმათ სოზარის ყვირილი, - რა გინდა, რას მერჩიო?! დანა ზურგიდან დაარტყა. როცა სოზარი შემობრუნდა, მეორედ გულში ჩასცა. ჩემი ძმა ადგილზე გარდაიცვალა. სოზარს ჯარში სამსახური რომ დაეწყო, ეს უბედურება მაინც ხომ აგვცდებოდა?

ქეთევან ტორონჯაძე, ლევან მელქაძის დედა:

- ლევანი და სოზარი ერთ ასეულში იყვნენ. 3 აგვისტოს ლევანს ბიჭი შეეძინა, 7-ში კი ომი დაიწყო, იმ დღესვე სენაკში დაბრუნდა. საშინელება მოხდა. ბიჭებმა თავი გაწირეს, რუსის ჯარის გენერალს უთქვამს, - გვეგონა, ასეული გვეომებოდაო. როცა 17 მოკლული უნახავს, გაოგნებულა. თქვენც კარგად იცით, დახოცილები 5 დღე 40 გრადუს სიცხეში როგორ ეყარნენ. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი ვაჟკაცობით მოხდა მათი გადმოსვენება. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი... ლევანის შვილი უკვე 7 წლისაა, მამა არ უნახავს, მის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცის... პრაქტიკულად, ეს ბიჭები გაწირეს. ძალიან მრცხვენია, აქამდე ამ ძეგლის პრობლემა რომ ვერ მოგვარდა...

შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.

11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელთა ასეულთან, რომელიც სადგურთან ახლოს იყო ჩასაფრებული. ერთსაათიანი ბრძოლის დროს მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება. 17 ქართველი მებრძოლი გმირულად დაიღუპა.

დაღუპული გმირების ჭირისუფლები იმედოვნებენ, რომ ამ საქმეში მათ მხარში ამოუდგება როგორც სახელმწიფო, ასევე რიგითი ქართველებიც. იქამდე კი, ვისაც სურვილი გაქვთ, მცირე წვლილი შეიტანოთ ამ საქმეში, შეგიძლიათ "შინდისის გმირების მემორიალის ფონდის" სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე თანხა ჩარიცხოთ:

სს "ლიბერთიბანკი"

საბანკო ანგარიშის ნომერი ლარში: - GE89LB0115119772084000.

სალომე გოგოხია