დაუპირისპირებს თუ არა სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთსულოვნებას ძალას? - გზაპრესი

დაუპირისპირებს თუ არა სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთსულოვნებას ძალას?

ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემაც აღნიშნა, რომ ეს ცენტრი ქართველი ხალხისაა, მასთან დაკავშირებული საკითხი - სენსიტიური და გადაწყვეტილება ცენტრის თანამშრომელთა მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა მიიღონ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აპრილში კონკურსი გამოაცხადა და, კულუარული ინფორმაციით, განაცხადი ისტორიკოსებს - ზაზა აბაშიძესა და გიორგი ოთხმეზურს აქვთ შეტანილი. კონკურსში მათი მონაწილეობა ვერ დაგვიდასტურა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა ბუბა კუდავამ:

- ოფიციალურად არაფერი გამოუცხადებიათ, იმას კი გეტყვით, რომ გუშინ (7 მაისს. - ავტ.) მე თვითონ შევიტანე განაცხადი, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ გზით დირექტორის გამოვლენა უსამართლობაა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა: დირექტორს ყოველთვის კოლექტივი ირჩევდა. არც კონკურსის გამოცხადების ვალდებულება ჰქონია განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და ეს მხოლოდ საზოგადოების თვალის ასახვევად გააკეთა - თითქოს ყველაფერი დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ხდება. მას ამ გზით სურს ცენტრის ხელმძღვანელის შეცვლა. ეს იმითაც კარგად ჩანს, რომ მინისტრი სავარაუდო კანდიდატებს თავის კაბინეტში პირადად ხვდება და კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს; იმითაც ჩანს, რომ მინისტრი, ხელმძღვანელის გვერდის ავლით, ღამის საათებში თავის კაბინეტში იბარებს ცენტრის სამ თანამშრომელს და კოლექტივში განხეთქილების შემოტანას ცდილობს. თუმცა, კოლექტივი არის ერთიანი. მისი ერთსულოვნება კარგად ჩანს სარეკომენდაციო წერილებში, სადაც მითითებულია სამი, მისთვის პრინციპული საკითხი: შენობის; კოლექტივის მთლიანობისა და ლაილაშის ბიბლიის გატანის დაუშვებლობისა და დირექტორის კანდიდატურის.

- გეიმედებათ, რომ მთავრობის ხელმძღვანელის ასეთი გამოხმაურებით ცენტრთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ობიექტურად დასრულდება?

- რა თქმა უნდა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დღევანდელი ტერიტორიის სამომავლო ბედისა და ახალი შენობის აგების საკითხები მართლაც სცდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დონეს. მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ამ საკითხების გადაწყვეტაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი სტრუქტურაც და ფართო საზოგადოებაც. ასეთი მნიშვნელოვანი შენობები, დაახლოებით, საუკუნეში ერთხელ შენდება. ამიტომ სავსებით ვეთანხმები პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს. ძალიან კარგია, თუკი ვცდებოდით, როცა ვფიქრობდით, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი, ერთი მინისტრი წყვეტდა ამ საკითხს. მზად ვართ, ჩვენი - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მოსაზრებები, პოზიცია ცენტრის შენობასთან, სამომავლო განვითარებასთან, კოლექტივის მთლიანობასთან ყველა დაინტერესებულ პირს გავაცნოთ.

- ქალბატონი თამარ სანიკიძე გადანაშაულებთ თანამშრომლების დისკრიმინაციაში, აღნიშნავს, რომ გყავდათ ფავორიტი ხელქვეითები, რომელთაც მაღალ სახელფასო დანამატს აძლევდით, არადა, მან 2014 წელს თქვენი ცენტრის ბიუჯეტი გააორმაგა კიდეც და ა.შ. რას პასუხობთ ამ ბრალდებებს?

GzaPress- თუკი ასეთი წარუმატებელი მენეჯერი და ასეთი უსამართლო მმართველი ვიყავი, ასეთი დარღვევები მქონდა, მინისტრი რატომ დუმდა ორი წლის განმავლობაში?.. სქემა ძალიან მარტივია: საქმე ეხებოდა ორ ძალზე პრინციპულ საკითხს - ტერიტორიისა და შენობისას და ლაილაშის ბიბლიისას. ამ საკითხებში ჩვენმა პრინციპულმა პოზიციამ გააღიზიანა კონკრეტული მინისტრი, რასაც ცენტრის ხელმძღვანელის დისკრედიტაციის მცდელობა და დაწესებულებიდან მისი დათხოვნა მოჰყვა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განზრახ ეწევა ხელმძღვანელის დისკრედიტაციას, როდესაც ამბობს, რომ აუდიტის დასკვნის შედეგად, ცენტრში სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. ეს ცილისწამებაა, რადგან, როდესაც მინისტრმა ეს ბრძანა, ჩვენ აუდიტის დასკვნის პროექტიც კი არ გვქონდა მიღებული, რამდენიმე დღის შემდეგ მივიღეთ. ამასთანავე, მას დასკვნას ვერც ვუწოდებთ - ეს მხოლოდ პროექტია, რის საპასუხოდაც, გარკვეული ვადა გვაქვს მოცემული. მხოლოდ ჩვენი პასუხის შემდეგ დაიდება დასკვნა, რომლის გაცნობის შემდეგ კვლავ შეგვიძლია მოსაზრებების გამოთქმა და, თუკი არ დავეთანხმებით, შეგვიძლია გავასაჩივროთ. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი თვით ან თვე-ნახევრით ადრე მინისტრმა უკვე იცის, რა ეწერება აუდიტის დასკვნაში. რაც შეეხება დანამატებს: ძალიან შემრცხვებოდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ადგილას, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაცემულ სასაცილოდ თუ სატირლად დაბალ ხელფასებსა და დანამატებზე რომ მესაუბრა. მას, პირადად, 2015 წლის პირველ კვარტალში ხელფასი და, დაახლოებით, იმავე ოდენობის დანამატი ერთად, 18.750 ლარი აუღია. ეს ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა და შემიძლია მოგაწოდოთ. ამ მინისტრს მხოლოდ ერთ კვარტალში, დანამატის სახით, 8.130 ლარი აქვს მიღებული. ჩვენთან კი, ლაპარაკი იყო 8-ათასლარიან დანამატზე, რომელიც 35 ადამიანზე ნაწილდებოდა, ისიც იმიტომ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, ჩვენი ხელფასები ძალიან დაბალია და ყველა თანამშრომელს თანაბრად ვერ გავუზრდიდით ხელფასს. ბოლო წლის განმავლობში, ყოველთვიურად მცირედი დანამატით ვცდილობდით, როგორმე შეგვენარჩუნებინა ის კვალიფიციური თანამშრომლები, განსაკუთრებით, ვინც საპასუხისმგებლო სამუშაოს ასრულებენ და ისინიც, ვისაც საგრანტო კონკურსებით დაფინანსების მოპოვების ნაკლები საშუალება აქვთ. საინტერესოა, თუკი დარღვევით ან უსამართლოდ გავცემდით თანხას, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ რატომ გაახსენდა ეს ამბავი ქალბატონ თამარს? ძალიან საინტერესოა, თვითონ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რა პრინციპით გასცემენ? და შევადაროთ იქ და ჩვენთან გაცემული დანამატების ოდენობაც! სხვათა შორის, ორი თქვეა, სამინისტრომ ამ დანამატების გაცემის უფლება ჩამოგვართვა. იმასაც გეტყვით, რომ ქალბატონი მინისტრისგან გასხვავებით, არასოდეს, თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ანუ 2006 წლიდან დღემდე, არც პრემია ამიღია და არც დანამატი!

- ქალბატონი თამარი იმასაც ამბობს, რომ 2012 წლიდან, რაც მთავრობა შეიცვალა, მათ დაიწყეს პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა და პირველ რიგში, უსაფრთხოების სისტემების მოწესრიგება: მოაგვარეს კლიმატ-კონტროლის სისტემა, აგრეთვე, საცავების უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრაზეც ზრუნავენ. ამ დროს თქვენ ამბობთ, რომ ხანძრის შემთხვევაშიც კი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სრულიად დაუცველია. თუკი ზრუნავენ, რატომღაა ცენტრი დაუცველი?

- განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ძალიან ხშირად იტყუება - ჩვენს ცენტრზე საუბრისას, თითოეულ ინტერვიუში, როგორც წესი, რამდენიმე ტყუილს ამბობს. 2006 წლიდან არ ყოფილა მინისტრი, რომლისთვისაც ჩვენთან არსებულ პრობლემემზე წერილობით არ მიმიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე მეტ-ნაკლებად გვემატებოდა ბიუჯეტი, ეს მაინც ისეთი მინიმალური იყო, ჩვენი ტიპის დაწესებულება ამით პრობლემებს ვერაფრით გადაჭრიდა. არადა, მსგავს დაწესებულებებს ათჯერ მეტი ბიუჯეტი აქვთ, ჩვენ კი ამდენი გაზრდის შემდეგ - მხოლოდ 875.000 ლარი. უკანასკნელ მინისტრს - ქალბატონ თამარს ჯერ კიდევ 2013 წლის აგვისტოში მივმართე ოფიციალურ წერილში, ჩამოთვლილი პრობლემებით (მათ შორის - საცავთან, დაცვა-უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც). 2014 წლის დასაწყისში ოფიციალურ წერილში ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული, სასწრაფოდ მოსაგვარებელი 7-პუნქტიანი ჩამონათვლით მივმართე (ამ წერილსაც გაახლებთ). მას შემდეგ წელიწადი და ორი თვე გავიდა და ამ 7 პუნქტიდან 2014 წლის ოქტომბერში მხოლოდ ერთი შესრულდა - ტემპერატურისა და კლიმატის მარეგულირებელი აპარატურა დაამონტაჟეს. ამის გათვალისწინებით, თქმა, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ვაგვარებდით, ტყუილია, რითიც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

GzaPress

- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და თქვენც ბევრი თანამდგომი გამოგიჩნდათ - სოციალურ ქსელებშიც და ეს თბილისში ჩატარებული მხარდამჭერთა აქციებითაც გამოიხატა...

- მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ყველას. რაც მთავარია, როგორც გითხარით, კოლექტივია ერთსულოვანი. ჩემს საკონკურსო განაცხადს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა სრული შემადგენლობის ხელმოწერები ერთვის. შესაბამისად, ძალიან მკაფიოდაა გამოხატული კოლექტივის სურვილი და ნება. ვნახოთ, როგორ გადაწყვეტს სამინისტრო - წავიდეს ამ ერთსულოვნების წინააღმდეგ თუ - არა. ერთს კი ვიტყვი: სამინისტროს გადაწყვეტილების შედეგი მომავალში უკეთ გამოჩნდება. ჩვენმა უახლესმა ისტორიამ დაგვანახა, რომ ძალისმიერი მეთოდებით საკითხების მოგვარება არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქმე მეცნიერებასა და კულტურას ეხება. თუკი ამ ცენტრს სხვა ხელმძღვანელს ძალისმიერი მეთოდებით, სხვადასხვა ბერკეტით მოახვევენ თავს, ამას დრო ძალიან კარგად შეაფასებს. ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლა არავის არასდროს შერჩენია. არც ქალბატონ თამარს შერჩება!

ირმა ხარშილაძე