"სათბურის ეფექტი" და მისი გავლენა ჩვენს პლანეტაზე
font-large font-small
"სათბურის ეფექტი" და მისი გავლენა ჩვენს პლანეტაზე
სად დაიკარგა თბილი, მზიანი გაზაფხული და მშვენიერი ვარდობისთვე?
"ვარდობისთვე" - ასე უწოდეს ჩვენმა წინაპრებმა მაისს - გაზაფხულის ამ ულამაზეს თვეს.

როგორც წესი, გაზაფხული საქართველოში სითბოსა და მზესთან ასოცირდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში ამის თქმა საკმაოდ რთულია: თუნდაც წელს, მაისი უკვე იწურება, მაგრამ მზიანი ამინდები გვენატრება. ამ ყველაფრის შემხედვარე ადამიანებს ხშირად ასეთი შეკითხვა უჩნდებათ - რა ხდება? რატომ შემოგვწყრა დედაბუნება და რას უნდა დავაბრალოთ, რომ ბოლო წლებში თბილი, მზიანი გაზაფხული სანატრელი გაგვიხდა? ამის გასარკვევად გარემოს ეროვნულ სააგენტოს დავუკავშირდით. სააგენტოს მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსი ლია მეგრელიძე გვესაუბრა:

- ჩვენ შევაფასეთ კლიმატი ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოში. ზოგადად დათბობის ტენდენცია იკვეთება: ძალიან თბილია ზამთარი, ასევე - ზაფხული და შემოდგომაც, სამაგიეროდ, გარდამავალი პერიოდი შემცირდა, რის გამოც გაზაფხულზე ბოლო წლებში აგრილების ტენდენცია შეინიშნება. დათბობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ისევე აღინიშნება, როგორც მთელ მსოფლიოში. ამის გამო კლიმატი ჩვენთანაც შეცვლილია, თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაისი ჩვენში ყოველთვის წვიმების თვედ იყო მიჩნეული.
GzaPress
თსუ-ის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ზურაბ კერესელიძე ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზები უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ:

- კლიმატის პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესია ჩვენი პლანეტის პრობლემებს შორის. მასზე უამრავი პარამეტრი მოქმედებს - როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი. მეცნიერებმა კარგად იციან დედამიწის განვითარების ყველა ეტაპი, ისიც ვიცით, რომ დედამიწაზე კლიმატის ცვლილება რამდენჯერმე მოხდა. კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული სიცოცხლის წარმოშობა და ორგანული მატერიის მაღალი ფორმების წარმოქმნა. საუკუნეების შემდეგ ხდება რაღაც კატასტროფული მოვლენა, ყველაფერი, რაც იყო, იშლება და მილიონი წლები სჭირდება იმ პირობების აღდგენას, რაც ორგანული მატერიის ხელახალი განვითარებისთვის არის ხელსაყრელი. საბოლოოდ, ეს ყველაფერი კოსმოსთანაა დაკავშირებული. დიდი კატაკლიზმებიც კოსმოსთან არის დაკავშირებული. ასეთი კატაკლიზმების შემდეგ სასიცოცხლო პირობები ქრება. ამის კარგი მაგალითია გამყინვარების პერიოდი, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, დაიწყო დათბობა და ევროპა, რომელიც ადრე ყინულის საფრით იყო დაფარული, ისეთი გახდა, როგორსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. ეს არის კლასიკური მაგალითი ციკლისა, რომელიც ათეულათასობით წლების განმავლობაში გრძელდება. ამის გამო პერიოდულად კლიმატი დედამიწაზე იცვლება, რაც უძველესი ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს.

ჩვენი პლანეტის კლიმატზე ყველაზე დიდ გავლენას მზე ახდენს. ცნობილია, რომ დედამიწის ისტორიაში რამდენჯერმე მოხდა კლიმატის მკვეთრი ცვლილება. გვქონდა როგორც აცივების, ასევე დათბობის პერიოდებიც. მზის აქტივობის ცვლილება აუცილებლად აისახება კლიმატზე. XVII საუკუნეში, მაგალითად, საშინელად აცივდა ევროპაში და არა მარტო ევროპაში. ცნობილია, რომ 30-წლიანი ომის დროს გერმანიაში არნახულად ციოდა. უფრო ადრეული ციკლი რამდენიმე საუკუნით ადრე იყო - კერძოდ, მონღოლების შემოსევის დროს. ეს მზის აქტივობის სულ სხვა ციკლი გახლდათ: სტეპები გაშრა, ამის გამო მონღოლებს საკვები აღარ ჰქონდათ და ევროპას შეესივნენ, სადაც უკეთესი პირობები დახვდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, რამდენიმე საუკუნეში ერთხელ მზის აქტივობაში დიდი ცვლილებები ხდება. მიჩნეულია, რომ ჩვენი პლანეტის ისტორიაში 6-7 ასეთი ციკლი იყო. ამავე დროს, მზეს ახასიათებს თავისი აქტიურობის გამოვლენის უფრო ხანმოკლე - 11-წლიანი ციკლიც, რომლის განმავლობაში კლიმატის ცვლილებას პრაქტიკულად ვერ შეამჩნევ ანუ საუკუნეობრივი ციკლის შიგნით არის შედარებით ხანმოკლე ციკლებიც, მაგრამ მათი შემჩნევა უფრო რთულია.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბუნებრივ ფაქტორებს დაემატა ადამიანის ფაქტორი, რამაც პლანეტის ეკოლოგიას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. მეცნიერების ნაწილი ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ კატასტროფისაკენ მივდივართ, რადგან ადამიანის საქმიანობით ირღვევა ბალანსი დედამიწაზე. ჩემი შეხედულებით, არც ერთ ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ უნდა მივუდგეთ, როგორც ჩანს, ერთიც ხდება და მეორეც, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ახლა იმ ფაზაში ვართ, როდესაც ჩვენს პლანეტაზე დათბობა იწყება. ამის ბრალია თუნდაც ის უცნაური გაზაფხული, რომელიც წელს გვაქვს. ბოლო დროს ხშირად ვაკვირდები ხოლმე ამინდის პროგნოზს მთელ მსოფლიოში: ახლახან ავსტრიაში 30 გრადუსზე მეტი სითბო იყო მაშინ, როდესაც თბილისში იყო 15 გრადუსი. ამავე დროს, მოსკოვსა და ციმბირში, სადაც ტემპერატურა ჩვენთან შედარებით გაცილებით ნაკლები უნდა იყოს, 24-25 გრადუსიც კი იყო. ამ ყველაფრიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: რაღაც ხდება, მაგრამ რამდენად ანომალიური ეს მოვლენა, ამაზე ვერც ერთი სერიოზული მეცნიერი ვერ გიპასუხებთ. ამ ცვლილებებს მთლიანად ადამიანს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ჩვენი არასწორი ქმედებებიც რომ მონაწილეობს, ესეც ფაქტია. ადამიანის არასწორი ჩარევა ბუნებაში კიდევ უფრო აძლიერებს ე.წ. სათბურის ეფექტს, რომელიც დედამიწაზე გლობალურ დათბობასა და ბევრ უსიამოვნო მოვლენას იწვევს.
GzaPress
ადამიანის ფაქტორს კლიმატის ცვლილებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მწვანეთა პარტიის ლიდერი, პარლამენტარი გია გაჩეჩილაძე:
- რა თქმა უნდა, ყველაფერი კლიმატის გლობალური ცვლილების ბრალია, რაც თავის მხრივ ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედებით არის განპირობებული. ეს პროცესი XX საუკუნის პირველივე წლებში დაიწყო, როდესაც მსოფლიოს ქვეყნებში ფართო მასშტაბით დაიწყეს ინდუსტრიის განვითარება. ამის გამო დაიწყო ტყეების განადგურება. მოგეხსენებათ, ტყე ჟანგბადის წყაროა და ისეთი აირების ნეიტრალიზაციას ახდენს, რომლებიც დათბობას უწყობს ხელს. ქვანახშირის, ნავთობისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ფართო გამოყენება დედამიწაზე სათბურის ეფექტის წარმოშობას კიდევ უფრო აძლიერებს, რაც დათბობის მიზეზი ხდება. ბოლო მონაცემებით, დედამიწაზე 0,7 გრადუსით არის მომატებული ტემპერატურა და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ამან კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. საქმე ის გახლავთ, რომ ეს იწვევს სტიქიურ მოვლენებს, როგორიცაა: თავსხმა წვიმები, მეწყერები, წყალდიდობები და ა.შ... არის პროგნოზები, რომ საუკუნის ბოლოს შეიძლება ტემპერატურა 1-დან 6 გრადუსამდეც კი გაიზარდოს, რაც შეიძლება დედამიწისათვის სრული კატასტროფით დამთავრდეს. წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების გამო უამრავი ხალხი იხოცება. არის მონაცემები, რომ ამ პროცესების გამო დედამიწაზე ყოველწლიურად 300 ათასამდე ადამიანი იღუპება - ეს საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური მონაცემები გახლავთ. ტემპერატურის ცვლილება გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერებაზე და დედამიწაზე გლობალური შიმშილის პრობლემა იქმნება, რაც ასევე კატასტროფით შეიძლება დასრულდეს.

აქვე უნდა ვახსენო ახალი დაავადებები: მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში სისტემატურად ხდება ვირუსებისა და ბაქტერიების მუტაცია და დაავადების გამომწვევი ახალ-ახალი მიკროორგანიზმები წარმოიქმნება, მათთან ბრძოლის საშუალება კი ჯერ არ შეუმუშავებიათ. ასეთი დაავადებები ზოგიერთ კონტინენტზე უკვე გაჩნდა. არსებობს ვირუსები, რომელზეც ანტიბიოტიკებიც კი არ მოქმედებს და თუ ვინმეს რომელიმე ეს ვირუსი შეეყარა, შეიძლება ვეღარაფერმა უშველოს.

- თუ გაქვთ მონაცემები, რა ხდება საქართველოში კლიმატის ცვლილების მხრივ?

- 1970 წლის შემდეგ ტემპარატურამ დასავლეთ საქართველოში საშუალოდ 0,3 გრადუსით მოიმატა, ხოლო აღმოსავლეთში - 0,6 გრადუსით. ორივეგან მოიმატა ნალექების რაოდენობამაც. ამ საუკუნის ბოლოს ტემპერატურა აიწევს, ხოლო ნალექების რაოდენობა შემცირდება და საშინელი გვალვები იქნება. ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში მოხდა 8 137 კატასტროფული მოვლენა - მეწყერი, ღვარცოფი და ა.შ. დაიღუპა დაახლოებით 200-მდე ადამიანი, ხოლო საერთო ზარალი 2 მილიარდ ლარზე მეტია. ქვეყანაში ათასობით ეკომიგრანტი ცხოვრობს და ეს ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია ჩავარდნილი. ძლიერი გვალვა ადრე 15 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ახლა კი, 6 წელიწადში ერთხელ მეორდება. გაიზარდა ინტენსიური ქარიშხლებისა და ძლიერი შტორმების რიცხვიც. დათბობის გამო ზღვებისა და ოკეანეების, მათ შორის - შავი ზღვის დონე თანდათან იკლებს, რის გამოც ფოთსა და ბათუმში უზარმაზარი ტერიტორიები მიაქვს ზღვას. შემცირდა ჩვენი მდინარეების ფართობები და თუ ასე გაგრძელდა, ზაფხულის პერიოდში შეიძლება წყლის დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდეთ... ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ უარყოფითი და საშიში მოვლენებისა, რაც დედამიწაზე და ჩვენს ქვეყანაში შეიმჩნევა. რა არის გამოსავალი? - რა თქმა უნდა, ბუნებას ვერავინ შეეწინააღმდეგება, მაგრამ მასზე ჩვენი უხეში ზემოქმედება უნდა შეწყდეს. ის მაინც ხომ შეგვიძლია, რომ ატმოსფეროში მავნე აირებისა და ნივთიერებების გატყორცნა შევამციროთ და როგორმე ტყეები შევინარჩუნოთ? ეს ის გზაა, რომელიც შეამცირებს და გაანეიტრალებს ნეგატიური პროცესების ზეგავლენას ჩვენს პლანეტაზე და მას გადაარჩენს.
ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ავსტრალიელი მეხანძრის სულისშემძვრელი ინტერვიუ
მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
როგორ განმარტავს მამა შალვა კეკელია უწმინდესის სიტყვებს და როგორ უნდა მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის
"ადამიანების გახარება მიყვარს"
"ცოტა არ იყოს, რთული მოსასმენია, განსაკუთრებით "სნეგუროჩკას" ამბავი"
ივეტა ჯირაშვილი - პირველი სოპრანო, რომელიც მშობლიურ თეატრს 37 წელია ემსახურება
რას უსურვებენ ქართველებს ცნობილი იუმორისტები
ქართველი მორაგბე ქალების მწვრთნელი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი