ვინ გეგმავს ქართული ფილმების დისტრიბუციას რუსეთში
font-large font-small
ვინ გეგმავს ქართული ფილმების დისტრიბუციას რუსეთში
სერგეი ნაზაროვი თბილისში დაბადებული და გაზრდილია. ბავშვობა სოლოლაკში გაატარა. გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში გაემგზავრა, ახლახან კი მოსკოვიდან თბილისში საინტერესო იდეით ჩამოვიდა.
- უპირველეს ყოვლისა, მინდა, ქართველ ხალხს მივესალმო. საქართველო ჩემი სამშობლოა, ჩემი წინაპრები - ბებია-ბაბუა და მშობლები აქ ცხოვრობდნენ. მეც თბილისში დავამთავრე 43-ე სკოლა და ჩავაბარე უმაღლესში. თუმცა, "გადატრიალების პერიოდში", სხვების მსგავსად, ქვეყნიდან მეც გავემგზავრე. მინდოდა, ჩემი საქმიანობა უკეთეს გარემოში წარმემართა. ოჯახს სურდა, სამედიცინო განათლება მიმეღო და კარდიოქირურგი გავმხდარიყავი. სამედიცინოზე კი ჩავაბარე, მაგრამ მალევე გადავწყვიტე, რომ ეკონომისტი უნდა გავხდარიყავი და სასწავლებლად ქალაქ კრასნოდარში გავემგზავრე. იქაც საკმაოდ დაძაბული და კრიმინალური სიტუაცია დამხვდა, ამიტომ საცხოვრებლად მოსკოვს მივაშურე. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე: რუსეთში არ ვიყავი რუსი. გახლდით თბილისის მკვიდრი, რომლის ფესვებში ამავდროულად, ებრაული და სომხური სისხლიც ურევია. რუსეთის მოქალაქეობა კი მქონდა, მაგრამ დაბადების ადგილად თბილისი იყო მითითებული და ეს ჩემს საქმიანობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენდა. პოლიტიკა ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო: რუსულ პოლიტიკურ კურსს არ ვუჭერ მხარს. იცოდეთ, რუს ხალხს უყვარს საქართველო და ქართველები. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთმორწმუნე ხალხს შორის არ უნდა იყოს უთანხმოება. ქუჩაში, ნებისმიერი პენსიონერი რომ გააჩერო და ჰკითხო, როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოსადმი, თვალზე ცრემლი მოადგება. ასე რომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია არა პოლიტიკა, არამედ ორი ქვეყნის ერი და მათი დაახლოების საკითხი.

- და როგორც ვიცი, საამისოდ რაღაც გაქვთ დაგეგმილი. ასეა?

- 15 წელი ვმუშაობდი კინოკომპანიაში "კინო საზღვრების გარეშე", რომლის პრეზიდენტი გახლდათ კინოდისტრიბუტორი, კინოპროდიუსერი და ტელეწამყვანი სემ კლებანოვი. ის არაერთხელ არის საქართველოში ნამყოფი. წლების განმავლობაში მის კომპანიას ვხელმძღვანელობდი - გენერალური დირექტორი ვიყავი.
GzaPress
- საინტერესოა, როგორ მოხვდით კინოინდუსტრიაში?

- კრასნოდარში ბიზნესით ვიყავი დაკავებული. იმ პერიოდში კრიმინალს გადავაწყდი და ქართული მენტალობა დამეხმარა იმაში, რომ გარშემო მყოფებს დავეფასებინე, ჩემთვის პატივი ეცათ. 20 წლისამ შევძელი პატარა პროდუქტების მაღაზია გამეხსნა. საქმე ცუდად არ მიდიოდა და გარკვეული დროის შემდეგ, პატარა მაღაზია სუპერმარკეტად იქცა, პროდუქციას სამოსიც შეემატა. ერთხელაც, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ მათთვის ფული ტყუილად უნდა გადამეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ადგილი უნდა დამეტოვებინა, სადაც მაღაზიას ვამუშავებდი. ჰოდა, სწორედ იმ პერიოდში გადავწყვიტე მოსკოვში წასვლა. იქ თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ძალების მოკრებას ვცდილობდი. ორ-სამ წელიწადში რაღაცნაირად მოვახერხე და მანქანა შევიძინე, რითაც ფული უნდა მეშოვნა. სწორედ მაშინ შევხვდი სემ კლებანოვს... ვერავინ შემატყობდა, კარგად რომ არ ვცხოვრობდი. მოგეხსენებათ თბილისელი ბიჭების ხასიათი და ქცევა: ფული რომც არ გვქონდეს, მაინც ვახერხებთ საუკეთესოდ ჩაცმას და თავის ისე წარმოჩენას, თითქოს ყველაფერი კარგად არის. შეიძლება არ მეჭამა, მაგრამ ყოველთვის გაპარსულს ბოლო მოდაზე მეცვა. ერთ დღესაც მანქანაში ვიჯექი, როცა ქუჩაში სიმპათიური კაცი დავინახე, რომელმაც მითხრა: ვხედავ, ნორმალური ადამიანი ხარ. ძალიან მეჩქარება, ალა პუგაჩოვასთან გადაღება მაქვს და ვაგვიანებ. იქნებ დამეხმარო, რომ დანიშნულების ადგილას დროულად მივიდეო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. გზად ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. აღმოჩნდა, რომ ერთდროულად გაგვივლია სამხედრო სამსახური გერმანიაში. როცა გაიგო, თბილისიდან ვიყავი, ძალიან დიდი სიყვარულით ილაპარაკა ჩვენ ქალაქზე, ხალხზე და სწორედ მაშინ შემომთავაზა სამსახური საკუთარ კომპანიაში. რამდენიმე დღე ვფიქრობდი და მივხვდი, - ხელოვნება არ იყო უინტერესო სფერო... ერთ ამბავსაც გიამბობთ: ვიდრე კლებანოვს შევხვდებოდი, არცთუ ისე მცირე წარმოება გავხსენი და როცა უკვე მეგონა, გამიმართლებდა, ისევ რეკეტის მსხვერპლი აღმოვჩნდი. ვერ ვხდები, რატომ უნდა მომთხოვოს ფული ადამიანმა, რომლის მიმართ არანაირი ვალდებულება არ მაკისრია, არც ჩემზე ჭკვიანია?! ამიტომ, ასეთებს რამდენჯერმე ვუთხარი უარი. ერთ დღესაც საწარმოში რომ მივედი, შენობა მთლიანად დამწვარი, განადგურებული დამხვდა. ბუნებრივია, მომხდარი განვიცადე, დეპრესიაც კი დამემართა. ალბათ ამანაც იქონია გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე და სემ კლებანოვის შემოთავაზებას დავთანხმდი. მის ოფისში მისულს ასეთი სურათი დამხვდა: სემი ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან და მითხრა, - ვიცი ქართველები თავმოყვარე ხალხი ხართ, მძღოლისა და კურიერის ადგილს ვერ შემოგთავაზებ, ამიტომ თუ შეგიძლია, მე დამეხმარეო... იმავე დღეს გაირკვა, რომ კლებანოვს საზღვარზე გაუჩერეს ქვეყანაში შემოსატანი კორეული ფილმი - "მუქი წყლები", რომლის პრემიერა სამი დღის შემდეგ უნდა გამართულიყო. რასაკვირველია, ვერაფერს დავპირდებოდი, მაგრამ ვუთხარი, - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფილმი საბაჟოდან წამოვიღო-მეთქი. მაშინ დავურეკე ჩემს ერთ გორელ, წარმოშობით ებრაელ მეგობარს, რობერტ კობაივანოვს და რჩევა ვთხოვე. მან საბაჟოზე ერთ-ერთ ადამიანთან მისი სახელით მისვლა მირჩია. ის კაცი საკმაოდ გავლენიანი ადამიანი და თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველებისადმი დადებითად განწყობილი პიროვნება აღმოჩნდა. მითხრა, - ფილმს არ გაგატანდი, რომ არა შენი წარმომავლობაო. ტვირთი დაახლოებით 35 კილოგრამს იწონოდა. მომხდარით ისეთი გახარებული ვიყავი, ოფისში როგორ მივედი, არ მახსოვს. სემ კლებანოვის ოთახში დაახლოებით 15 კაცი დამხვდა. ჩემს დანახვაზე წამოდგა. მიხვდა, საქმე დადებითად რომ გადაწყდა და თქვა: არასოდეს შევმცდარვარ ქართველებშიო. მას მერე ეს ადამიანი ჩემთვის უახლოესი გახდა. 15 წლის განმავლობაში კომპანიაში თანამშრომლების რამდენიმე თაობა შეიცვალა, მაგრამ მე უცვლელი კადრი ვიყავი. ჩემთვის წარმოუდგენელია, არ ვუერთგულო იმ ადამიანს, ვინც თავის დროზე დახმარების ხელი გამომიწოდა. კომპანიას რამდენჯერმე ჰქონდა სერიოზული ფინანსური კრიზისი, მაგრამ არსად წავსულვარ. ახლა ეს კომპანია "არტ-ჰაუზის" სახელწოდებით ფუნქციონერებს.

ჯერ კიდევ კომპანიაში - "კინო საზღვრების გარეშე" მუშაობის პერიოდში, კინოგაქირავებაში გვქონდა ოთარ იოსელიანის ფილმები, ასევე - გიორგი შენგელაიას "მიდიოდა მატარებელი", ლევან კოღუაშვილის "ქუჩის დღეები" და ეს კლებანოვთან შეთანხმებით ხდებოდა. ამ ადამიანმა მომცა შესაძლებლობა, რომ ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთო რამე.

- ახლა რა გზით და საქმით გეგმავთ საქართველოს გამოადგეთ?

- მორწმუნე ადამიანი ვარ და შეიძლება, ამაზე ლაპარაკი მკრეხელობაა, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამის გამოძახილია ის, რასაც ახლა გეტყვით. ვფიქრობ, რწმენა და ღმერთი ერთია. მე შემიძლია ეკლესიაშიც ვილოცო და სინაგოგაშიც - ამ აზრს თავზე არავის ვახვევ, მაგრამ ვფიქრობ, თუ მსოფლიო ამ პოლიტიკით იხელმძღვანელებს, მაშინ დამყარდება მშვიდობა. მგონია, ამ ყველაფრის მიღწევა ხელოვნებისა და კინოს დახმარებით არის შესაძლებელი. ჰოდა, მსურს, რუსეთში ქართული ფილმები წავიღო. იქაურ ბევრ ქართველს, ქართველ-ებრაელებს ვიცნობ. ისინი დადიან ქართულ რესტორნებში, შინ ქართული კერძებით იკვებებიან და ზოგჯერ მათი შვილები ქართულადაც საუბრობენ, მაგრამ ამ ადამიანებს დიდი ხანია, ქართული ფილმები არ უნახავთ.

- საინტერესოა, მოსკოვში არის თუ არა რომელიმე სატელევიზიო არხი, სადაც ქართული ფილმებს უჩვენებენ?

- არის ასეთი არხი - "კულტურა", სადაც ქართული ფილმებს ძალიან ხშირად უჩვენებენ. სხვათა შორის, ახლახან ყველასთვის პატივსაცემი რეჟისორი - რეზო ჩხეიძე რომ გარდაიცვალა, მთელი დღე ამ ადამიანს დაუთმეს და გადაცემას არა მხოლოდ ქართველები, არამედ რუსებიც თვალცრემლიანი უყურებდნენ...
GzaPress
მოსკოვის ცენტრში ვცხოვრობ და ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ბიზნესმენებთან, სხვა პროფესიის ადამიანებთან და ვიცი, რომ მათ ქართული ფილმების ნახვა სურთ. კულტურის სამინისტროში მანამდეც მიცნობდნენ და ახლა, როცა მათთან მივედი იდეით, რომ მოსკოვში კავკასიური და ევროპული ფილმების დისტრიბუცია მსურდა, მკითხეს, - იქნებოდა თუ არა ამ ფილმებს შორის ქართული წარმოება? როცა დადებითი პასუხი მიიღეს, ჩანაფიქრი მომიწონეს: რაც უფრო მეტ ქართულ ფილმს შემოიტან, მით უფრო კარგი იქნებაო. კინოთეატრის ხელმძღვანელობაც მიესალმება ამ ფაქტს. რუსეთში, კინოთეატრში, ძირითადად ახალგაზრდობა დადის, ქართული ფილმების გაცნობა კი მათ დაეხმარება იმაში, რომ წარმოდგენა შეექმნათ ჩვენს ქვეყანაზე, ნახონ ქართული სტუმართმოყვარეობა, ხასიათი, ტრადიციები და მერე აღარ გაუჩნდებათ სურვილი, რომ ქუჩაში თუ მიწისქვეშა გადასასვლელში კავკასიელს მივარდნენ და სცემონ. ახლახან ხელი მოვაწერე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვში მისი ფილმი - "პატარძლები" მიმაქვს. ფილმის სახელწოდება ქართულად შესანიშნავად ჟღერს, მაგრამ რეჟისორისვე ნებართვით, რუსულად "ქორწინება გისოსებს მიღმა" დაერქმება, რაც ჩემი აზრით, საკმაოდ ლოგიკურია. დიდი სურვილი მაქვს საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ფილმების კინოგაქირავებაც ვაწარმოო. ეს ორი მეზობელი ქვეყანა, კარგად უნდა იცნობდეს ერთმანეთის კულტურას და იქნებ "მტერზე" მეტი რეალური ინფორმაციის მიღებამ სასიკეთოდ იმოქმედოს არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე. ვფიქრობ, სილამაზე ყოველთვის გამოიღებს შედეგს.
GzaPress
"პატარძლები"

მხატვრული ფილმის - "პატარძლების" სცენარს თინათინ ყაჯრიშვილი 2011- 2012 წლიდან წერდა და მოგვიანებით ფილმად აქცია. სიუჟეტი თანამედროვე საქართველოში ვითარდება: პატიმრებით გავსებული ციხეები და მამაკაცების გარეშე დარჩენილი ქალები. წყვილებს ოფიციალური ქორწინების გარეშე, ერთმანეთის მონახულების საშუალება არ აქვთ. ამიტომ ისინი იძულებული არიან, გისოსებს მიღმა მოაწერონ ხელი და ამ ბედნიერებისთვის'სულ რამდენიმე წუთია გამოყოფილი. ფილმმა წარმატებით მოიარა არაერთი ქვეყნის ფესტივალი და საქართველოში მისი პრემიერა 2014 წლის შემოდგომაზე შედგა.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დედა პოტამიას გულახდილი ინტერვიუ და რწმენის ძალა
"საქართველოში ქალთა უფლებები კარგად არის დაცული, კაცები კი უუფლებოდ დარჩნენ"
პოლიტიკოსი ქალბატონის გაუნელებელი პირადი ტკივილი
"ხშირად გაიღიმეთ, ცხოვრება უფრო ლამაზი და ფერადი გახდება"
ზაფხულში 6 კონცერტი მქონდა და ექვსივე სუპერკონცერტი გამოვიდა
"უმეტესობა უცხოეთიდან წამოსულ დირექტივებს ასრულებს..."
ჩვენ მაშინ ვერთვებით საქმეში, როდესაც ადამიანი რამდენიმე საათის დაკარგულია...
"მეშინოდა, ქვეწარმავალი არ შემხვედროდა, სულ დაბლა ვიყურებოდი"
"თანახმა ვარ, ბოლომდე "ქართული ოცნების" ჯარისკაცი ვიყო!"
რა დროს უნდა მივმართოთ ფსიქიატრს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი