სააკაშვილი 10 წლის წინაც ვერ მიიყვანეს დაკითხვაზე - გზაპრესი

სააკაშვილი 10 წლის წინაც ვერ მიიყვანეს დაკითხვაზე

არადა, მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ მასთან ძალიან ბევრი კითხვა აქვთ. მათ შორისაა კითხვები ჟვანიას საქმის ირგვლივაც. პროკურატურის მორიგ შეთავაზებაზე, რომ დისტანციურად მომხდარიყო მოწმის სტატუსით მისი დაკითხვა, ექსპრეზიდენტმა ისევ უარი თქვა. სააკაშვილი უკრაინიდან გამოეხმაურა ამ საკითხს. მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას შეეშინდა საერთაშორისო ზეწოლის. "ახლა მათ შეცვალეს ფორმები, იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად აუხსნეს ევროპელებმა და ამერიკელებმა... "თავგასულ რუს ოლიგარქებს" ვურჩევ, უკრაინისა და იულია ტიმოშენკოს მაგალითზე გაითვალისწინონ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ასეთი სახის კამპანიები და პროკურატურის ასე გამოყენება, ცუდად მთავრდება", - ამბობს სააკაშვილი.

მთაწმინდა-კრწანისის პროკურატურის ყოფილი უფროსი გამომძიებელი სოსო გორგაძე ამბობს, რომ სააკაშვილს პანიკურად ეშინია საგამოძიებო ორგანოების. იხსენებს იმ პერიოდს, როცა ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და მაშინაც ვერ შეძლეს მისი დაკითხვაზე მიყვანა.

სოსო გორგაძე:

GzaPress- 2003 წლის ივლისი იყო. მაშინ მთაწმინდა-კრწანისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 226-ე მუხლით და ამ საქმეს ვიძიებდი. ხელისუფლებაზე განაწყენებულმა ოპოზიციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციას აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, დეპუტატები - დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი ხელმძღვანელობდნენ - ის ხალხი, ვინც მერე რევოლუცია მოახდინა. აქციის გამართვის ნებართვა ადგილობრივი მმართველობიდან არ იყო გაცემული. შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა და ამიტომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 226 მუხლით - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთანაა დაკავშირებული და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ბუნებრივია, ეს აქცია გაშუქდა ტელევიზიებით, აშკარად ჩანდნენ ლიდერები და ვინაიდან დასჯადი იყო მათი ქმედება, გამოძიება დაიწყო. დავიბარეთ ზემოთ დასახელებული პირები დაკითხვაზე. ყველა ლიდერი გამოცხადდა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. არ უარყვეს, რომ აქცია მათი ორგანიზებული იყო. მიხეილ სააკაშვილი იმ პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ. მასაც გაუგზავნეს არაერთი წერილობითი შეტყობინება, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვიყვანეთ დაკითხვაზე. ყოველი უწყების მისვლის შემდეგ ის იწვევდა საგანგებო პრესკონფერენციას, პროკურატურის თანამშრომლებს მექრთამეებს გვეძახდა და შეურაცმყოფელი ფრაზებით მოგვიხსენიებდა, თუ როგორ ვბედავდით მის გამოძახებას და მოწმის სახით დაბარებას. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაშინ ისიც მითხრა, მიხეილ სააკაშვილი არ არის დეპუტატი, არ გააჩნია დეპუტატის იმუნიტეტი, შესაძლებელია, დააკავონ და ასე ამიტომ ეშინიაო.

- და როგორ დასრულდა ეს საქმე? პოლიციის ძალით მიიყვანეთ მოწმე?

- არა. ამასობაში მოხდა რევოლუცია. გაუმართლა მიხეილ სააკაშვილს. ის ხელისუფლებაში მოვიდა და პირველი, რაც გააკეთა, იმავე წელს დაგვითხოვა პროკურატურიდან. მისი ეს დაკვეთა მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა შეასრულა. გვიბრძანა, ყველას დაგვეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე და სახლში გაგვიშვა.

- მოწმე სააკაშვილი დაკითხვაზე რომ მოსულიყო, დაიჭერდით?

- დაჭერაზე არ იყო საუბარი, მაგრამ ეშინოდა და ამის გამო არ მოდიოდა დაკითხვაზე. არც ახლა გამკვირვებია მისი პასუხი. 10-11 წლის წინ იმავენაირად იქცევა და ვიცოდი, არც ახლა მივიდოდა დაკითხვაზე. ის მშიშარა ადამიანია, ეტყობა, პანიკური შიში აქვს სამართალდამცავების, თორემ რა პრობლემა იყო დისტანციურად მისი დაკითხვა, ამაზეც რომ უარი თქვა?! ეშინია და ის არასოდეს გამოცხადდება დაკითხვაზე, ამაში დარწმუნებული ვარ. მე მექრთამეს რომ მეძახდა, როდის ერთხელ მომცა ქრთამი, უბრალოდ დაჭერის შიში ალაპარაკებდა.

თეა ხურცილავა