სად გადის ზღვარი საერთაშორისო სტანდარტებსა და ბავშვების ინტერესებს შორის - გზაპრესი

სად გადის ზღვარი საერთაშორისო სტანდარტებსა და ბავშვების ინტერესებს შორის

სპეციალისტების თქმით, ამგვარი ზრუნვა დიდი ზომის ბავშვთა სახლებში შეუძლებელია, ალტერნატიული ზრუნვის ერთ-ერთი ფორმა კი მინდობით აღზრდაა, რაც სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხდება და რის მიხედვითაც, ბავშვი გარკვეული ვადით ოჯახურ გარემოში იზრდება. თუმცა, ბავშვთა სახლის ბინადრები ამ ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უცხო გარემოში ცხოვრება, სადაც შესაძლოა, მთელი დღე ერთ ოთახში გამოკეტონ, არ სურთ და ბავშვთა სახლის დახურვის საშიშროება აფორიაქებთ; ფიქრობენ, რომ უცხო ადამიანები მხოლოდ ფულის საშოვნელად იღებენ მათზე პასუხისმგებლობას და მერე, მოზარდზე შესაბამისად არ ზრუნავენ.

ნანა, სენაკის ბავშვთა სახლის აღმზრდელი:

- რვა წელია, აქ ვმუშაობ და არ მახსოვს, ბავშვებს რაიმე საკითხზე პრეტენზია გამოეხატათ. აქ კვალიფიციური აღმზრდელები არიან და ბავშვებს განვითარებისთვის ყველანაირი პირობა აქვთ. ის მოზარდები, ვინც აქედან კვირაში სამჯერ, სკოლაში დაჰყავდათ, ახლა მინდობით აღზრდაში არიან და არათუ სკოლაში არ დაჰყავთ და სპეციალური აღზრდა არ აქვთ, არამედ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი და როგორც ვიცით, ნორმალურად არც მათ კვებაზე ზრუნავენ. ვისაც ბავშვი მიჰყავს, ხომ უნდა იცოდეს ბავშვთან მუშაობის სპეციფიკა, ინდივიდუალური მიდგომა?! არადა, მათ ამის არანაირი გამოცდილება არ აქვთ. მიმღებ მშობლებს ბევრჯერ უთქვამთ, ისეთების წაყვანა გვინდა, ვინც ვერ საუბრობს, ზედმეტად რომ არ შეგვაწუხონო. ზოგს ორი ბავშვი გაჰყავს ანუ 1.200 ლარს იღებს და კიდევ სურთ ბენეფიციარები მხოლოდ იმისთვის, რომ თანხა გასამმაგდეს. წაყვანის შემდეგ კი პატარებს ერთ ოთახში ჩაკეტავენ და არც არაფერს ასწავლიან. ბავშვები ძირითადად, ღატაკებს მიჰყავთ და ეს მხოლოდ თანხის გამო ხდება. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, როგორ ებრძვიან ერთმანეთს ეს ე.წ. მიმღები მშობლები, ერთმანეთს საჩივრის წერილებს უწერენ, ამხელენ ბავშვების მიმართ არასწორ მოპყრობაში. ფაქტობრივად, ბავშვებზე ნადირობენ!

GzaPress

ნუგზარი, ბავშვთა სახლის ბენეფიციარი:

- ახლახან აქედან ორი ძმა წაიყვანეს მინდობით აღზრდაში. ბავშვებს კორპორატიული ნომერი ჰქონდათ, ჩვენს ექთანს ურეკავდნენ და ტირილით სთხოვდნენ, თქვენთან დაგვაბრუნეთო. ეს რომ სოცმუშაკებმა გაიგეს, ტელეფონი გაუთიშეს და ვეღარ გვიკავშირდებიან.

- რატომ გგონია, რომ ცუდ პირობებში არიან? ხომ არ გინახავს როგორ ცხოვრობენ? იქნებ მათ კარგად უვლიან?

- ჩემი აზრით, არ არიან კარგად, მაგრამ სოციალური მუშაკები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ისინი მშვენიერ პირობებში ცხოვრობენ. როცა ჩვენი მეგობრების ნახვა მოვინდომეთ, სოცმუშაკმა მიმღებ მშობლებს დაურეკა და გააფრთხილა, - ბავშვები მოაწესრიგეთო... ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელს სოცმუშაკები 24 საათი ურეკავდნენ და ნებართვას სთხოვდნენ, რომ ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაეცა. მშობელი კი მათ ეუბნებოდა, - ბავშვთა სახლიდან მისი წაყვანა რომ იყოს საჭირო, თავად წამოვიყვანდიო. ამჟამად აქ 25-მდე ბენეფიციარი ვართ. ოთხ ბავშვს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ასეთები არ სურთ მიმღებ მშობლებს. ამბობენ, - რამდენიც უნდა მოგვცეთ, ამათ არ გავიყვანთო. ისიც კი გავიგეთ, რომ ზოგი მიმღები მშობელი ბავშვებს მათხოვრობას აიძულებს. ასეთი შემთხვევაც იყო: ბიოლოგიური მშობელი მოვიდა შვილის სანახავად და ბავშვი გაშვილებული დახვდა. ისე გააშვილეს, მისთვის არაფერი უკითხავთ. ბავშვთა სახლში ევრორემონტი, ცხელი წყალი, გათბობა გვაქვს, არც საკვები და არც ტანსაცმელი. რამდენიმე დღის წინ მარი მესხის (ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სახელმწიფო ფონდის თავმჯდომარე. - ავტ.) ორგანიზებით სამების ტაძარში, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების მოსალოცად ვიყავით. ქალბატონმა მარიმ საჩუქრები დაგვახვედრა, გაგვიმასპინძლდა, ულამაზესი დღე გვაჩუქა. რამდენჯერმე გავგზავნეთ წერილი ირაკლი ღარიბაშვილის, დავით უსუფაშვილის, დავით სერგეენკოს სახელზე. ყველას ვთხოვთ, რომ არ დახურონ ეს ბავშვთა სახლი. ერთ-ერთ საპასუხო წერილში მოგვწერეს: რაც უნდა წინააღმდეგი იყოთ, ბავშვთა სახლი მაინც დაიხურებაო.

ნანა, ბავშვთა სახლის ბენეფიციარი:

- სოციალური მუშაკებიBჩემს წასაყვანად სამჯერ მოვიდნენ. უარს ვეუბნები, მაგრამ სხვადასხვა გზით ცდილობენ გადაბირებას. უცხო ქალბატონი მოიყვანეს და მატყუებდნენ, - შენი დედააო. ამ ქალს გვარი ვკითხე და სულ სხვა გვარი მითხრა. - მე სხვა გვარი მაქვს და რატომ მატყუებთ-მეთქი?! - ეს რომ ვთქვი, ადგა და უსიტყვოდ წავიდა.

- იქნებ იქ უფრო მეტად იზრუნონ შენზე, ამაზე არ გიფიქრია?

- არსად წავალ. აქ არაფერი მაკლია: არც კვება, არც ჩაცმა, არც გართობა, დავდივარ ცეკვაზე, სიმღერაზე. ბავშვები კარგად ვართ, ვმხიარულობთ. ჩემი მეგობრები კი ოთახებში ჰყავთ გამოკეტილი... ბოლოს რომ მითხრეს, აქედან უნდა წაგიყვანოთო, გული გამიხდა ცუდად. ძალიან გთხოვთ, რამე გვიშველეთ, არ მინდა წასვლა!

გაგა, ბავშვთა სახლის ბენეფიციარი:

- როცა ძმები მიჰყავდათ, ხანში შესული ქალი და კაცი მოიყვანეს და ბიჭებს მოატყუეს, - თქვენი ბებია და ბაბუა არიანო. ჩემთანაც იყვნენ, მაგრამ ისეთი სიტყვებით გავისტუმრე, მას შემდეგ აღარ დამლაპარაკებიან.

ერეკლე, ბავშვთა სახლის ბენეფიციარი:

- ე.წ. "მიმღებ მშობლებს" თანხის მიცემა რომ შეუწყდეთ, იმ დღესვე უკან დააბრუნებენ ყველას. ერთმა ქალბატონმა ბავშვი გაიყვანა, მის სახლს კი აბრა ჰქონდა გაკეთებული წარწერით: "იყიდება". მოგვიანებით, აბრა მოხსნა... ერთხელ მიმღები მშობელი ვნახე. არ მომერიდა და ვუთხარი: როგორ გასუქებულხართ მას შემდეგ, რაც აქედან ბავშვი წაიყვანეთ-მეთქი. მითხრა: ბავშვი ძალიან კარგად გრძნობს თავს, დღის ცენტრშიც დადისო. გამიკვირდა: ის თუ დღის ცენტრში დადის, თქვენ რითი ხართ დაკავებული-მეთქი?.. პირადად მე, საკუთარ მშობელს ვუთხარი უარი სახლში დაბრუნებაზე. აქ ყოფნა მირჩევნია, რადგან მიყვარს ჩემი მეგობრები.

GzaPress

ბავშვზე ზრუნვის რეფორმა საქართველოში აქტიურ ფაზაში 2009 წელს შევიდა. მის ძირითად მიზანს დიდი ზომის ბავშვთა სახლების დახურვა წარმოადგენს. რეფორმის ამოქმედებიდან დღემდე 47 ბავშვთა სახლიდან 44 უკვე დაიხურა. რაც შეეხება დარჩენილ სამ ბავშვთა სახლს (სენაკისა და კოჯრის ბავშვთა სახლები და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი, სადაც დღესდღეობით მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვები არიან განთავსებულნი), სახელმწიფო, ალტერნატიული მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად, მათაც დახურავს.

სენაკის ბავშვთა სახლის ბინადრების (რომელთა სახელები შეცვლილია) პრეტენზიებსა და გულისტკივილს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი - ეთერ ცხაკაია პასუხობს:

- მაქსიმალურად ვცდილობთ, ბავშვები ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდნენ. თუ ამის საშულება არ არის, ისინი ოჯახთან მიახლოებულ ალტერნატიულ გარემოში უნდა აღიზარდონ. არაერთი კვლევით არის დამტკიცებული, რომ ყველაზე კარგად ბავშვი ოჯახურ გარემოში ვითარდება. 47 დიდი ზომის ბავშვთა სახლიდან 44 უკვე დაიხურა, მხოლოდ სამია დარჩენილი. დიდი ზომის ბავშვთა სახლებში, თითოეულში 100-120 ბავშვი იყო თავმოყრილი. გარდა ამისა, არც პერსონალი გახლდათ იმ რაოდენობით, რომ ბავშვებზე ინდივიდუალურად ეზრუნათ. თანაც, მათი კვალიფიკაციაც ბევრად ჩამორჩებოდა სასურველს. ბავშვები უგულებელყოფილი იყვნენ, მათზე ხშირად ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის ძალადობა. დღეს, გარწმუნებთ, ეს სისტემა დანგრეულია. მცირე საოჯახო ტიპის სახლების გარდა, გვაქვს მინდობით აღზრდის მომსახურება. ბავშვი დედობილთან და მამობილთან ერთად, ოჯახურ გარემოში იზრდება, იძენს აუცილებელ უნარ-ჩვევებს, მოგვარებული აქვს ჯანმრთელობისა და განათლების საკითხები. რეფორმა გრძელდება და ჩვენი მთავარი მიზანია, ის ყველა შშმ ბავშვს შეეხოს; ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ინდივიდუალური მზრუნველობა.

- მაგრამ სენაკის ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს გაგონებაც კი არ სურთ მინდობით აღზრდაში მათი განთავსების შესახებ. თუკი ეს ინსტიტუცია მათი სურვილის წინააღმდეგ დაიხურება, ეს რეფორმის წარმატებად ჩაითვლება?

- ეს ბავშვები შეჩვეული არიან იმ გარემოს, სადაც იზრდებიან და გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით, როცა ისინი ბიოლოგიურ ოჯახში ან მინდობით აღზრდაში გადაგვყავს. ვცდილობთ, ძალიან ფრთხილად ვაწარმოოთ ეს პროცესი, რომ ბავშვისთვის მტკივნეული არ იყოს. გადაყვანა აუცილებლად თანხმდება ბავშვთან, მანამდე კი სოცმუშაკის მიერ მიმღები მშობლისა და ბავშვის შეთავსების პროცესი ხორციელდება. ასეთ დროს ხშირად, საქმეში ფსიქოლოგიც ერთვება.

- შეგიძლიათ გვითხრათ იმ ბავშვების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ვინც ამ ინსტიტუციიდან მინდობით აღზრდაშია განთავსებული?

- სენაკიდან 5 ბავშვი გვყავს მინდობით აღზრდაში. მათზე განსაკუთრებული მონიტორინგი ხორციელდება. ამ 5 ბავშვიდან ორი მწოლიარე გახლდათ, დღეს კი დასაყრდენი საშუალებებით მოძრაობენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. ერთ-ერთი მათგანი მშობელმა სკოლაში მიიყვანა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართო. ხუთივე შემთხვევა ხაზგასმით წარმატებულია. რაც შეეხება ბავშვთა სახლის კატეგორიულ წინააღმდეგობას: მერწმუნეთ, ისინი ზეგავლენას განიცდიან. გვქონდა შემთხვევა, როცა ბავშვი თანახმა იყო მინდობით აღზრდაში მის განთავსებაზე, მაგრამ მოგვიანებით უარი თქვა, რაც ბავშვთა სახლის თანამშრომლების ზეგავლენის შედეგად მოხდა. როგორც სოციალური მუშაკები წერილობით აღნიშნავენ, თანამშრომლები ხშირად იქცევიან არაკორექტულად, შეურაცხყოფას აყენებენ სოცმუშაკებს. ალბათ ასე იმიტომ ხდება, რომ შიშობენ, ბავშვთა სახლის დახურვის შემთხვევაში პოზიციებს დაკარგავენ. ვფიქრობ, შეთანხმება უნდა მოხდეს და ყველა მხარემ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.

- თავად ბავშვთა სახლის ბენეფიციარები ამბობენ, რომ მინდობით აღზრდაში გადაცემული მათი მეგობრები ზოგჯერ გაუსაძლის პირობებში არიან; რომ ისინი მიმღებ მშობლებს ოთახში ჰყავთ გამოკეტილი, არ აქვთ ნორმალური კვება... რამდენად მკაცრია მონიტორინგი მას შემდეგ, რაც ბავშვი მიმღებ ოჯახში განთავსდება?

- გადაყვანიდან პირველი თვის განმავლობაში სოცმუშაკი მინიმუმ, კვირაში ერთხელ, შემდეგ კი თვეში ერთხელ მოინახულებს. საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ვიზიტი უფრო ხშირადაც ხორციელდება. ბავშვთა სახლში დარჩენილ პატარებს არ ჰყავთ ნანახი თავიანთი მეგობრები და ის ოჯახური გარემო, სადაც ისინი იზრდებიან. შესაბამისად, მათ არასწორი ინფორმაცია აქვთ და ეს გამიზნულად ხდება.

- სენაკის ბავშვთა სახლის ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას არ სურს მიმღებ მშობელთან წასვლა, მაგრამ სოციალური მუშაკი სხვადასხვა გზითა და საშუალებით ცდილობს მის დათანხმებას...

- ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი ბავშვი ძალადობრივი მეთოდით არ გაგვყავს ინსტიტუციიდან. ბავშვი გაყვანამდე შეჩვევის პროცესს გადის. საქართველოში 3000-მდე შვილად აყვანის მსურველი გვყავს დარეგისტრირებული და მათ შორის არც ერთს არ აქვს სურვილი, შშმ ბავშვი აიყვანოს. მინდობით აღზრდაში კი ასეთი პატარებიც მიჰყავთ. 2004 წელს სენაკის ბავშვთა სახლიდან უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი აღსაზრდელი გამოვიყვანეთ. მისი გადარჩენის იმედი არავის ჰქონდა. ბავშვმა ერთწლიანი რეაბილიტაციის კურსი გაიარა, ამის შემდეგ კი მინდობით აღზრდაში განვათავსეთ და როცა 18 წლის გახდა, მშობელმა ვერ შეძლო მისი გაშვება. დღეს ის მისი შვილია და მასზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ზრუნავს.

- არსებობს მცირედი შანსი მაინც, რომ სოციალურმა მუშაკმა მიმღებ ოჯახში რეალური სურათი ვერ დაინახოს?

- სოცმუშაკი ახორციელებს როგორც დაგეგმილ, ისე დაუგეგმავ ვიზიტებს. შესაბამისად, გამორიცხულია, მან რაიმე არასასურველი მდგომარეობა ვერ შენიშნოს. გარდა ამისა, სოცმუშაკების ვიზიტებს დამატებით, რეგიონის უფროსი სოციალური მუშაკი აკონტროლებს.

- თუ აღმოჩნდა, რომ მიმღები ოჯახი პირობებს ვერ აკმაყოფილებს, ბავშვის კვლავ ბავშვთა სახლში დაბრუნება ხდება თუ ახალი მიმღები მშობლის მოძიება?

- ასეთ შემთხვევაში ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის საკითხი დგება. თუმცა, სენაკის ბენეფიციარების შემთხვევაში ასეთი რამ არ გამოკვეთილა. მიმღები მშობლების ბაზა გვაქვს, მასში მოვიძიებთ ახალ ოჯახს და ბავშვს გადავიყვანთ. თუმცა, ამის რისკი ძალიან მცირეა, რადგან დარეგისტრირებამდე, მიმღები ოჯახი ბევრ პროცედურას გადის, შეფასება საკმაოდ სიღრმისეულია და ცდომილების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, მიმღები მშობლები გადამზადებას გადიან.

- ახსენეთ, რომ სამი დიდი ზომის ბავშვთა სახლია დარჩენილი და ისინი იმიტომ არ იხურება, რომ ალტერნატიული მომსახურების გაუმჯობესებაზე მუშაობთ. თუკი სახელმწიფო შეძლებს და ალტერნატიული ზრუნვისთვის საჭირო ყველა პირობა დაკმაყოფილდება, შესაძლებელია, ინსტიტუციები ბავშვების ნება-სურვილის გათვალისწინების გარეშე დაიხუროს?

- მექანიკურად არც ერთი ბავშვთა სახლი არ დახურულა, ამას წინ მთელი რიგი პროცესები, შრომატევადი სამუშაო უძღოდა. დიახ, ეს ბავშვთა სახლები დაიხურება, ოღონდ მანამდე ბავშვებთან მუშაობა გახანგრძლივდება. ვეცდებით ავუხსნათ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ საკეთილდღეოდ არის საჭირო.

შორენა ლაბაძე