კახეთში მცხოვრები ალბანელთა შთამომავლები, რომელთაც საკუთარი ენა და დამწერლობა აქვთ - გზაპრესი

კახეთში მცხოვრები ალბანელთა შთამომავლები, რომელთაც საკუთარი ენა და დამწერლობა აქვთ

კახეთში, ყვარლის რაიონში არსებობს უდინთა სოფელი, ზინობიანი, რომელსაც სახელი ზინობ სელიკოშვილის პატივსაცემად ეწოდა. მან უხელმძღვანელა სოფელ ვართაშენიდან ემიგრირებულ უდიებს. ვართაშენიდან მათი წამოსვლა რელიგიურმა ფაქტორმა განაპირობა, რადგან ისინი ქრისტიანები იყვნენ და მუსლიმანთა შორის უწევდათ ცხოვრება. უდიები არიან ძველი ალბანელების შთამომავლები, რომელთაც უნიკალური ტრადიციები, საკუთარი ენა და დამწერლობა აქვთ. 2003 წელს ზინობიანის სკოლის ერთ-ერთ ოთახში განათავსეს უდინთა მუზეუმი, სადაც გამოფენილია მათი ისტორიისა და კულტურის ამსახველი ექსპონატები. გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში ცოტამ თუ იცის ამ ხალხის შესახებ, მრავალი ქვეყნიდან კი სპეციალურად ჩადიან ტურისტები, უფრო მეტი რომ გაიგონ დაკარგვის პირას მყოფი ერის შესახებ.

რამდენიმე ხნის წინ უდიებთან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იყო და იქაურ მოსახლეობას შეხვდა. გადავწყვიტე, მათ გაცნობის მიზნით ვწვეოდი. მასპინძლობა საქართველოს უდიების ასოციაციის ხელმძღვანელმა, მამულო ნეშუმაშვილმა გამიწია.

- დღესდღეობით ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს უდიების ენის შესახებ, თუმცა თავად ალექსანდრე დიუმამ ბრძანა: "ენა, რომელზეც უდიები ლაპარაკობენ, თანამედროვე ხალხისთვის უცნობია მისი სიძველის გამო და საფიქრალია, რომ მას პატრიარქები იყენებენ". ჩვენი ერის წარმოშობის ისტორიას ბევრი მკვლევარი ამახინჯებს და არასწორად გადმოსცემს. ზოგიერთის აზრით კი ჩვენ დაღესტნელების შთამომავლები ვართ, რაც არასწორია, რადგან სინამდვილეში ალბანელების შთამომავლები ვართ. ჩვენი ენა და დამწერლობა გვაქვს, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ ენა, ტრადიციები და კულტურა დავკარგოთ. ეს კი ქართველებთან შერწყმითაა გამოწვეული. ვცდილობ, ზუსტი ინფორმაცია მოვიძიო და გამოვიკვლიო ჩვენი წარსულის შესახებ. ამაში კი ჩემი შვილები მეხმარებიან, ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად.

GzaPress

- სულ რამდენი უდი ცხოვრობს საქართველოში?

- ზუსტად ვერ ვიტყვი, რადგან ზოგი როგორც უდი, ისე არ რეგისტრირდება; ქართველებად იწერებიან. 1200-მდე ვიქნებით, ეს კი ძალზე ცოტაა.

- როგორც ვიცი, უდიურ ენაზე წიგნებიცაა გამოცემული, არა?

- დიახ, გამოცემული გვაქვს უდიური ზღაპრები, ასევე უდიური თამაშობები, რომ ნახონ ბავშვებმა, როგორი იყო ჩვენი თამაშობები და სად ტარდებოდა. აღსანიშნავია, რომ უდიური და ქართული თამაშობები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ჩემი ავტორობით ასევე გამოიცა უდიური "წმინდა სახარება", შედგენილი უდიურ-ქართული დამწერლობით; მათეს, მარკოზის,Lლუკას, იოანეს სახარება - უდიურ ენაზე. სახარება ასევე გამოცემულია ლათინურ-უდიური ასოებით მათთვის, ვინც ქართული არ იცის და უნდა, რომ უდიურად წაიკითხოს.

- პრეზიდენტის ვიზიტზე რას იტყვით?

- ის პირველი ოფიციალური პირია, ვინც ჩვენამდე მოვიდა. თქვა და შეასრულა კიდეც. ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენს კულტურას მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არავინ გვეხმარება. სამწუხაროდ, არ მაქვს იმის საშუალება, რომ უფრო დიდი კვლევები, არქეოლოგიური გათხრები ჩავატარო. თუ ვინმეს აქვს სურვილი, თანხა გამოგვიყოს და დაგვეხმაროს, სიამოვნებით მივიღებდით.

- უდიების კულტურასა და ტრადიციებზე რას იტყვით?

GzaPress- ჩვენი კულტურა და ტრადიციები მრავალფეროვანია, მაგრამ ნელ-ნელა ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცემა. საინტერესოა, თუნდაც ქსოვილების დამზადების ტექნოლოგია. ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილია უძველესი ხალიჩის ფრაგმენტები. მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულია, ფერი მაინც არ აქვს დაკარგული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ტექნოლოგიებს ფლობდნენ საღებავების დასამზადებლად. დღეს ეს ტექნოლოგია უკვე დაკარგულია. ასევე ფლობდნენ უნიკალურ ტექნოლოგიებს საბრძოლო იარაღებისა და მოსართავების დასამზადებლადაც. საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული მეაბრეშუმეობა, აგურ-კრამიტის წარმოება. უდი ქალის ტანსაცმელი ძალზე ლამაზი იყო. ისინი ტანზე იცვამდნენ გრძელ პერანგს - გურატს და გრძელ ფართო, წითელ შარვალს - ხოლოხს. ამ ყველაფრის ზემოდან კი ახალუხის მსგავს სამოსს მოიცვამდნენ, იგივე - კავაის. ახალგაზრდა ქალების კავაი ღია ფერის იყო, ხოლო ხანდაზმული ქალბატონების - მუქი. თავს კი ჩიხტიკოპით იმშვენებდნენ. ხანდაზმულები სახეს იბურავდნენ, ხოლო ახალგაზრდები - არა. გამონაკლისს მხოლოდ ქორწილი წარმოადგენდა. ამ დროს სახე ყველას უნდა დაებურა. მამაკაცების ჩაცმულობა ქართულ ჩოხა-ახალუხს ჰგავდა. ჰქონდათ ცხვრის ტყავის ქუდი, იგივე - ფაფახი. რიტუალებს რაც შეეხება, საქორწინო რიტუალი ერთ-ერთი ძველი და საინტერესო ტრადიციაა უდიურ კულტურაში. ჰქონდათ შაქრის სამტვრევი, რომელსაც ქორწილში იყენებდნენ. მასში დატეხილ შაქარს ნეფე-დედოფალს თავზე აყრიდნენ ნიშნად იმისა, რომ ტკბილი, ბარაქიანი ოჯახი ჰქონოდათ. ქორწილის წინადღეს ირჩევდნენ სუფრის მეთაურს - თოიბაშს. აცხობდნენ უდიურ პურს და კლავდნენ ხარს. სასიძო პატარძლის ოჯახში ნათლიასთან ერთად მიდიოდა და მიჰქონდა პატარძლის გამოსასყიდი. დღეს არც ეს ტრადიცია არსებობს და უდიური საქორწილო რიტუალი ქართული ქორწილის მსგავსია. ასევე აღსანიშნავია უდიური სამზარეულო, უდიური ლავაში, რომელზეც ჯვარს გამოსახავენ. უდიურ სამზარეულოში ძირითადად გამოიყენება ბრინჯი, ლობიო და ხორბალი. ტრადიციული კერძებია: ჭაინახუპი, შილახუპი (შილაფლავი), ბიში (ქადა), ყაყაფუნი (კვერცხითა და პომიდვრით დამზადებული) და ფახლიფუხი (ლობიოსა და ბრინჯის კერძი).

GzaPress

- დაკრძალვის ტრადიციაც განსხვავებული გაქვთ?

- ამაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი...

P.S ვინაიდან რესპონდენტმა ამაზე საუბარი არ მოისურვა, მოვიძიე ინფორმაცია, რომ გარდაცვალებისთანავე მიცვალებულს სპეციალურ სუდარაში ასვენებდნენ, წესის აგების შემდგომ, ქვეშაგებით გამოჰქონდათ და საგანგებოდ გაკეთებულ კიბეზე აწვენდნენ, შემდეგ კი მთელი ღამით ეკლესიაში ტოვებდნენ. მეორე დღეს, ლიტურგიისა და გლოვის შემდეგ კრძალავდნენ. ქელეხს მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ. ტრაპეზი ყველის, პურის, მოხარშული ხორცის, ყაურმისა და შილახუასგან (შილაფლავი) შედგებოდა. მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეს კი უდიურად ახწიმა-ტაბაკობა ჰქვია.

მაკა ტურაშვილი