უცოდინარი "პროფესიონალები" და კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი - გზაპრესი

უცოდინარი "პროფესიონალები" და კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი

რამდენი უმუშევარია საქართველოში, ამის თქმა გამიჭირდება იმ უბრალო მიზეზით, რომ ქვეყანაში შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს. ნებისმიერი ქართველისთვის დიპლომისთვის ბრძოლა, განათლების მხოლოდ დიპლომისთვის მიღება, არახალია. დღეს ჩვენი ქვეყანა უდიპლომო მოქალაქეებს არა, მაგრამ კონკრეტული დარგის პროფესიონალების სიმცირეს ნამდვილად უჩივის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სამშენებლო სეგმენტში. პრაქტიკულად, ისეთი საჭირო სპეციალისტები, როგორიცაა შემდუღებელი, ესკალატორებისა და ლიფტების მემონტაჟეები არ გვყავს. ამიტომ, სამშენებლო კომპანიები იძულებულნი არიან, სპეციალისტები უცხოეთიდან ჩამოიყვანონ, რაც გაცილებით ძვირი უჯდებათ. კომპანია ვალდებულია, ანაზღაურების გარდა, მუშის დაბინავებასა და კვებაზე იზრუნოს. საქმე გაცილებით მარტივად იქნება, თუ ბაზარზე უცხოელ სპეციალისტებს ადგილობრივი კადრებით ჩაანაცვლებენ. თუმცა, კომპანიების წარმომადგენლების თქმით, უახლოეს მომავალში ამ მხრივ სასიკეთო ძვრებს არ უნდა ველოდოთ.

GzaPress

ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ათასობით ეკონომისტი, იურისტი, ექიმი და ფილოლოგი არ სჭირდება, რადგან ყველას ვერ დაასაქმებს. ბევრმა ნანატრი დიპლომი ყველაზე მაღალ თაროზე შემოდო და გამყიდველად, მტვირთავად, ანდა - საზღვარგარეთ, მშენებლობებზე შავ მუშად ან ძიძად და მომვლელად დაიწყო მუშაობა. ემიგრანტების ჯოჯოხეთური შრომით ნაშოვნი ფულით შვილები უმაღლესსაც ამთავრებენ და არცთუ იშვიათად, მათი დიპლომიც ასევე, თაროზე შემოსადებად არის განწირული.

სამწუხაროდ, ხელობის დაუფლებაზე სულ უფრო მცირე ადამიანი ფიქრობს. თუმცა, სპეციალისტებისა და ამ საქმეში ჩახედული პირების თქმით, ისეთი პროფესიები, როგორიცაა - შემდუღებელი, ელექტრიკოსი, ძრავის შემკეთებელი, მებათქაშე და სხვა, საჭირო და ამავდროულად, მაღალანაზღაურებადი საქმეა. კარგი სპეციალისტი თვეში 3-ჯერ მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე საშუალო საჯარო მოხელე.

საბჭოთა ეპოქის დასრულების შემდეგ, საქართელოში სხვა სისტემასთან ერთად პროფესიული სასწავლებლებიც (ადრე პროფტექნიკუმი ერქვა) მოიშალა. შენობების კარი გამოხურეს, ზოგი გაყიდეს და ზოგიც - დაინგრა. თუმცა, 2007 წელს ამ სისტემაში გარკვეული ძვრები მოხდა და მალე სახელმწიფოს ხელშეწყობით პროფესიული კოლეჯები ნელ-ნელა ამოქმედდნენ. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე კოლეჯი იქამდეც ფუნქციონირებდა, მაგრამ კერძო იყო. ბევრი მშობელი ფიქრობდა, რაღა ტექნიკუმში სწავლისთვის გადავიხადო, ბარემ უმაღლესი დაამთავროს ჩემმა შვილმა, დიპლომი მაინც ექნებაო. ასეთმა დამოკიდებულებამ რა შედეგიც მოგვცა, ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

მოცემულ მომენტში საქართველოში 18 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელია. აქედან სამი - დედაქალაქში. 2012 წლიდან სწავლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, რადგან სახელმწიფო აფინანსებს. თითოეულ სტუდენტზე 600-დან 800 ლარამდე ვაუჩერია გამოყოფილი - გააჩნია სპეციალობასა და სწავლის ხანგრძლივობას. ამდენად, პროფკოლეჯები დაფინანსებას სტუდენტების რაოდენობის მიხედვით იღებენ. ერთიანი საბიუჯეტო სისტემა, როგორც ამ კოლეჯებში გვითხრეს, არა აქვთ. სახელმწიფოს გარდა, დაფინანსებას თუ ლაბორატორიებისთვის აუცილებელ აღჭურვილობას დონორი ორგანიზაციებისგან საჩუქრად იღებენ.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა ძველი თუ ახალი მთავრობისთვის პრიორიტეტულია. თუმცა, ექსპერტების თქმით, განათლების სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს მის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შესაბამისობას შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან. ამასვე ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის 2014 წლის დასკვნაშიც, სადაც საუბარია, რომ 2012 წელს პროფესიულ განათლებაში 2 მილიონი ლარი არაეფექტიანად დაიხარჯა.

ის, რომ ბაზრის კვლევა არ არსებობს და ეს საერთო ჯამში ხელის შემშლელი ფაქტორია, ამას არც პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლები ურყოფენ. თუმცა, სასწავლებლების მზარდი დაფინანსების ფონზე უხერხულია, რომ განათლების სისტემამ არ იცის, კონკრეტულად რომელ სპეციალობაზეა დიდი მოთხოვნა და რომელზე - ნაკლები.

ცნობისთვის, 2012-2013 წლებში პროფესიული განათლებისთვის 9,3 მილიონი ლარი, 2014 წელს 28,6 მილიონი, 2015 წელს - 43 მილიონი. აქედან 15 მილიონი ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის გამოიყო. საერთო ჯამში ბიუჯეტი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა, რამდენად აისახება ეს თავად კოლეჯებზე, სხვა საკითხია და ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

გამართული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გამოირჩევა გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი. ძირითადი სასწავლო პროგრამებია: ძრავის შემკეთებელი, ავტოშემკეთებელი, მოლარე, ინფორმაციული ტექნოლოგი და ა.შ. ასევე, კოლეჯი "იკაროსი", სადაც ძირითადი აქცენტი ტურიზმზე, სარესტორნო და სასტუმრო საქმიანობაზე კეთდება. რაც შეეხება კოლეჯ "სპექტრს", რომელიც აფრიკის დასახლებაში მდებარეობს, ჯერ კიდევ "კომუნისტების" დროს ამ შენობაში პროფტექნიკუმი არსებობდა. შემდგომ, სხვების მსგავსად, ეს შენობაც დროებით უფუნქციოდ დარჩა. თუმცა, ბოლო 10 წელია, რაც მსურველები პროფესიულ გადამზადებას აქაც გადიან. კოლეჯში მთავარი მიმართულებებია სამშენებლო სექტორი, შემდუღებელი, ავტომანქანის ძრავის შემკეთებელი, დურგლის სპეციალობა და ა.შ.

ბუნებრივია, პროფესიული სწავლებისას მეტი დრო სწორედ პრაქტიკას ეთმობა. ამისთვის კოლეჯის ეზოში რამდენიმე შენობაა განთავსებული. მოცემულ მომენტში მხოლოდ ერთი შენობა ფუნქციონირებს, სადაც პრაქტიკული ნაწილი ტარდება. ავტოპროფილაქტიკისთვის გამოყოფილი შენობა გასარემონტებელია, ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოს მოლოდინშია 4-სართულიანი შენობაც, სადაც სასტუმროსა და საკონფერენციო დარბაზების განთავსება იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, გაჭიანურების მიზეზი უცნობია. როგორც კოლეჯის ადმინისტრაციამ გვითხრა, განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა და მალე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ვინაობაც გაირკვევა.

GzaPress

რაც შეეხება სახელოსნოებს, საღებავების ერთ-ერთმა მწარმოებელმა უცხოურმა კომპანიამ საკუთარი ინიციატივით, კოლეჯი საღებავებით უზრუნველყო, სანაცვლოდ კი პროფესიონალი კადრების მომზადება მოითხოვა. რაც შეეხება დურგლისთვის განკუთვნილ სახელოსნოს, იქ იმ დროს მივედით, როცა მხოლოდ მასწავლებელი მუშაობდა. - სასწავლო პროცესი დასრულდა და მოსწავლეები წავიდნენო, - გვითხრეს. აქ საკმაოდ რთული სიტუაცია დაგვხვდა. მართალია, სახელოსნო უახლესი იტალიური ჩარხებით არის აღჭურვილი, მაგრამ ვენტილაციის პრობლემაა. მუშაობის დროს ნახერხი ჰაერში ტრიალებს, მტვრის ბუღი დგება, რაც იქ მყოფებს მუშაობაში ხელს უშლის. რომ არაფერი ვთქვათ ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანზე.

კოლეჯის დირექტორის, მათე ტაკიძის თქმით, პრობლემები არის, რესურსი კი მწირია. ამიტომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

როგორც უკვე გითხარით, 2015 წელს ინფრასტრუქტურისთვის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოყვეს. პარალელურად, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები კოლეჯში არსებული პროგრამებისთვის აუცილებელ ატრიბუტებს უსასყიდლოდ გადასცემენ. ამ ფონზე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მოუწესრიგებელი საკლასო ოთახების არსებობა გარკვეულ კითხვებს აჩენს. მიზეზად კვლავ მწირი რესურსების არსებობა დაგვისახელეს.

კოლეჯის დირექტორის თქმით, წარმატებულ კურსდამთავრებულს უმუშევრად დარჩენა არ ემუქრება. თუმცა, აუდიტის შარშანდელ დასკვნაში წერია, რომ პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა მხოლოდ 23% ახერხებს დასაქმებას. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად ნაწილდება.

დასაქმების თვალსაზრისით გზა ხსნილია მზარეულებისა და მიმტანებისთვის. წარმატებული კურსდამთავრებულები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, სასტუმროებსა და რესტორნებშიც საქმდებიან. სამშენებლო სფეროში სიტუაცია გაცილებით რთულად არის, ვიდრე წარმოგვედგინა. როგორც ჩემ მიერ გამოკითხულმა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, პროფესიული კოლეჯების სტუდენტებთან შეხება ნაკლებად ან თითქმის არა აქვთ. ამბობენ, რომ პროფკოლეჯები სპეციალისტის მაღალ დონეზე მომზადებას ვერ ახერხებენ.

ნინო კოსტავა, "იბერიის ვარსკვლავის" წარმომადგენელი:

- ჩვენს კომპანიას ლიფტისა და ესკალატორის დასამონტაჟებლად სპეციალისტები თურქეთიდან და ჩინეთიდან ჩამოჰყავს. საქართველოში მხოლოდ ერთი კომპანიაა, რომელიც ამ საქმის პროფესიონალია, მაგრამ იმდენი საქმე აქვთ, რომ ვერ დაველოდებით. სამწუხაროდ, ახალგაზრდები ამ პროფესიით თითქმის არ ინტერესდებიან. ასევე, უცხოეთიდან შემდუღებლები, ვენტილაციის სპეციალისტებიც ჩამოგვიყვანია. რაც კომპანიას ორმაგი ხარჯი უჯდება. რატომღაც ქართველებს აქ მუშაობა ეთაკილებათ ან ჰგონიათ, რომ უცხოეთში მეტს გადაუხდიან და მიდიან. ასე არ არის, კარგ სპეციალისტს აქაც კარგი ანაზღაურება აქვს. ზოგჯერ მშენებლობა ცდება მხოლოდ იმის გამო, რომ საკმარისი რაოდენობის სპეციალისტები არ არიან და ერთ ობიექტზე მომუშავე ბრიგადას ველოდებით, მეორე ობიექტზე რომ გადავიყვანოთ. თამამად ვიტყვი, რომ დღეს საქართველოში კვალიფიციური კადრის სერიოზული დეფიციტია.

სალომე გოგოხია