კაცი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და კლინტონების ოჯახთან ურთიერთობდა, დღეს თბილისს ანათებს - გზაპრესი

კაცი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და კლინტონების ოჯახთან ურთიერთობდა, დღეს თბილისს ანათებს

ის რამდენიმე წელი აშშ-ში ცხოვრობდა. როგორც მიამბო, იქ საკმაოდ საინტერესოდ, წარმატებულად საქმიანობდა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იმის შესაძლებლობაც ჰქონდა, მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი ამერიკული კინოს ვარსკვლავები და კლინტონები პირადად გაეცნო. თუმცა, ჩემდა გასაოცრად, საქართველოდან ერთმა ზარმა მისი ინტერესები და მისი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა...

GzaPress

- ვასო, სანამ დედაქალაქსა და განათების თემაზე ვისაუბრებთ, ამერიკაზე მიამბეთ, იქ მუშაობდით თუ სწავლობდით?

- აშშ-ში 2010 წელს წავედი. იქ მცირე ბიზნესი წამოვიწყე, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც მიმიზიდა, სააქციო ფონდი იყო და თუ გარკვეული თანხა და რესურსი გაქვს, აქციებით ვაჭრობ. სწორედ ამით ვიყავი დაკავებული უოლ-სტრიტის ერთ-ერთ ბირჟაზე. შემდგომ, საქმიანობა "ფორექსის" ბაზარზე განვაგრძე, სადაც ვალუტის შეძენა-გაყიდვა ხდება. ორივე მსოფლიოში საკმაოდ ცნობილია.

- პრესტიჟული საქმიანობა გქონიათ. შესაბამისად, თქვენი გარემოცვაც საინტერესო იქნებოდა, ხომ? როგორც გავიგე, იქ მაღალი დონის წვეულებებზეც მოხვედრილხართ.

- მაგალითად, ნიუ-იორკის "ფეშენ ვიკზე" რობერტო კავალის ჩვენება იყო. იქ კავალის გენერალურმა მენეჯერმა დამპატიჟა და "ვიპ"-ში მოვხვდი, სადაც ბიონსე და ჯეი-ზი მღეროდნენ. უამრავი სტუმარი იყო, მათ შორის - არნოლდ შვარცენეგერი, კიანუ რივზი, ალ პაჩინო. მოკლედ, ისეთ გარემოში აღმოვჩნდი, მეც გავლენიანი და წონიანი ვეგონე მათ და უშუალოდ მეკონტაქტებოდნენ. ერთხელ, ნიუ-იორკის მერთან - მაიკლ ბლუმბერგთან, რომელიც ბილდინგების მფლობელია, ღია სახურავზე, წვეულებაზე მოვხვდი და მაშინ იქ სტუმრად იყვნენ მილა იოვოვიჩი, კეტრინ ზეტა ჯონსი, "ჯეიმს ბონდი" და სხვები. როცა ვიპ-სტუმრის სტატუსით ხარ, დახურული სისტემაა; დაცვის გარეშე, შემოწმებული შედიხარ და თავისუფლად ეკონტაქტები ყველას.

- როგორი ემოციები გქონდათ, მსოფლიო დონის ვარსკვლავების გარემოცვაში რომ მოხვდით?

GzaPress- რა თქმა უნდა, არ შევიმჩნიე (იცინის). ისტორიული ხალხია, მთელი მსოფლიო რომ ეტრფის და მათთან თუნდაც 2-3 კომენტარი დიდი რამაა. ერთხელ, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ბილ კლინტონს შევხვდი. ორი პირადი მცველის თანხლებით სეირნობდა და ძალიან თავისუფლად მივედი, ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ და აქაურობაზე იმდენი რაღაც მკითხა, ჩემზე მეტი მგონი, მან იცოდა (იცინის). ლამის ისიც მკითხა, რომელი ქუჩა როგორ გამოიყურებაო.

- აშშ-ში აწყობილი ცხოვრების შემდეგ გასაკვირია, საქართველოში დაბრუნება რომ გადაწყვიტეთ... ჩვენს ქვეყანას და აფხაზეთის სამინისტროს არ ვაკნინებ, მაგრამ ძალიან მიკვირს, იქ მუშაობის გამო, აშშ როგორ მიატოვეთ?

- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა დამირეკა და თანამშრომლობა შემომთავაზა. მასთან საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობდი 2001-03 წლებში, როდესაც ის პარლამენტში ვიცე-სპიკერი გახლდათ, მე კი - მისი თანაშემწე ვიყავი. აფხაზეთიდან ვარ და ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, იმ დევნილი საზოგადოებისთვის, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ, რაიმე მცირედის გაკეთება შევძლო. მერიაში გადმოსვლამდე, აფხაზეთის მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გახლდით. იმ პოლიტიკურმა ცვლილებებმა, რომელიც 2012 წელს საქართველოში განხორციელდა, სტიმული მომცა, დავბრუნებულიყავი და საკუთარი ქვეყნისთვის ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა. აშშ-ში ოთხი წელი ვიცხოვრე. რა დასამალია და როცა ჩემი ფინანსები ახლა გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც ამერიკაში მქონდა. კმაყოფილი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე და დღეს დედაქალაქის სამსახურში ვარ, იმ საწარმოს ვხელმძღვანელობ, რომელიც თბილისის განათებაზე ზრუნავს.

- ხელისუფლების ოპონენტები რომელიმე სამინისტროს ან მერიის ხსენებისას პირველ რიგში, ნეპოტიზმზე ალაპარაკდებიან ხოლმე. თქვენც ხომ არ გაქვთ ვინმესთან ნათესაური კავშირი და საერთოდ, როგორი შეხედულება გაქვთ სამსახურში ახლობლების დასაქმებაზე?

- ძალიან ხმამაღლა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობაში არც ერთი ნათესავი არ მყოლია და არც დღეს მყავს. რაც შეეხება ნეპოტიზმს, ვერ დავეთანხმები. ჩემს სისტემაში რამდენიმე ადამიანი დამხვდა, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები იყვნენ: დედა, შვილი და რძალი, მაგრამ მათთვის ხელი არ მიხლია. თავიანთ საქმეს აკეთებენ და მე ხელს არ მიშლიან. ჩვენი მისვლის შემდგომ კი ნამდვილად ვერ იპოვით ნათესაური კავშირით დანიშნულ ხალხს. პოლიტიკურად ნეიტრალური ვარ. თუმცა, ვიტყვი, რომ ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელი იყო და თავის დროზე ამან უფრო მეტად განაპირობა საქართველოდან ჩემი წასვლა.

GzaPress

- წინა მთავრობასთან პირადი დაპირისპირება გქონდათ?

- 2005 წელს საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო. გახმაურდა ჩემთან დაკავშირებული გარკვეული თემები, სამსახურიდან ჩემი მოშორების მცდელობები ჰქონდათ, რაც არ გამოუვიდათ. ვაშინგტონში კურიოზული ფაქტი მოხდა: ჰილარი კლინტონთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როცა სახელმწიფო მდივანი გახლდათ, საქართველოსთან დაკავშირებული დიასპორული საკითხები განიხილებოდა. ამერიკაში "მოძრავი" საზოგადოება დაგვპატიჟეს და ამ ყველაფერში მეც ჩაბმული ვიყავი. შეხვედრაზე ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრის რანგში იმყოფებოდა და მისთვის შოკი იყო, როცა ჰილარი კლინტონის გარემოცვაში დამინახა. მე გილაურს ხელი არ ჩამოვართვი...

- "სინათლის ქალაქის" გეგმებზეც ვისაუბროთ. უახლოეს პერიოდში რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელებმა კონფერენცია ჩაატარეს და მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა, თუ რას ნიშნავდა "სინათლის ქალაქი". მერე თვითონვე მოიფიქრეს სახელწოდება და ახლა გახლავთ "სამსახური, რომელიც ზრუნავს დედაქალაქზე ღამით". ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ. ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მერს თავის საარჩევნო კამპანიაშიც ჰქონდა, ესაა მთელი ქალაქის უახლეს, ლედ-ტექნოლოგიაზე გადაყვანა, - რა თქმა უნდა, გარე განათებას ვგულისხმობ. საკმაოდ მნიშვნელოვან ისტორიულ საქმეს ჩავუდექი სათავეში, ვინაიდან ეს ისეთი ტექნოლოგიაა, რომელიც მსოფლიოში 2008 წლიდან აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში.

- კონკრეტულად რაზეა საუბარი?

- ეს არის ლედ-ტიპის სანათები, რომელიც დიოდებს შეიცავს და რომლის სიცოცხლისუნარიანობა 15-20 წელია. მერიაში 25-კაციანი კომისია შეიქმნა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისში ეს ტექნოლოგია დაინერგოს. საუბარია დაახლოებით 100 ათასი სანათის შეცვლაზე, რისი წყალობითაც ბიუჯეტში მინიმუმ 60-70%-ის თანხა დაიზოგება, ხოლო სახელმწიფოს ელექტროსისტემაში - დაახლოებით 12 მეგავატი სიმძლავრე. დიდი ციფრებია. ორიოდე კვირის წინ იტალიურ კომპანიას მერთან ჰქონდა შეხვედრა და ხმამაღლა აღნიშნეს, - ამ პროექტით ევროპას გაუსწარითო. განაცხადი 25-ზე მეტმა კომპანიამ შემოიტანა და კომისია უახლოეს პერიოდში იმსჯელებს, მათგან რომლებია საუკეთესო. მერია და მთავრობა ამ პროექტზე არც ერთ ლარს არ დახარჯავს, ინვესტიცია ხორციელდება და ამის შედეგად მიღებული ეკონომიის საფუძველზე, ხარჯი წლების განმავლობაში თანდათანობით დაიფარება. მოკლედ, მოსახლეობა უფრო განათებულ ქალაქს მიიღებს და ღამით გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

GzaPress

- როდის განათდება თბილისი ახლებურად?

- ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულებისა და გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, სექტემბერ-ოქტომბერი ოპტიმალური დრო იქნება, როცა საუკეთესო კომპანიას ავირჩევთ და უკვე შემდგომი ერთი წლის განმავლობაში მთელი დედაქალაქი განათდება. ასევე უნდა აღვნიშნო, ჩვენი ქვეყნისა და იმიჯისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ოლიმპიური ფესტივალი. ბევრ რამეს ვგეგმავთ. ეს ეხება იმ ბოძებს, რომლებიც "მემკვიდრეობით" დაგვხვდა და, სიმართლე გითხრათ, მათი იერი არ მომწონს. ამიტომ 2016 მნიშვნელოვანი წელი იქნება, როცა გენერალურ გეგმას წარვადგენთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს და რით შეიცვალოს, მაგრამ მანამდე, ქსელის პასპორტიზაციას ვახორციელებთ და მათ იერს, ახლართულ კაბელებს ვაწესრიგებთ. ყველა სამუშაოს ღამით ვასრულებთ, რომ დღისით საცობები და დისკომფორტი არ შევქმნათ. ერთმა ქალბატონმა გვითხრა, სწორედ ესაა თქვენი პრობლემა, - გზებიც გადაკეტეთ, საცობებიც შექმენით და ხალხს ანახვეთ, რომ საქმეს რეალურად აკეთებთო.

- მართალია, ხალხი ხმაურიან პიარს მიეჩვია... ამიტომაც უნდა ითანამშრომლოს მთავრობამ ჟურნალისტებთან უფრო აქტიურად. პრესსამსახურების ხელმძღვანელები ყველანაირ გზას გვიკეტავენ... დაბოლოს, თქვენი ოჯახის შესახებ გვითხარით რაიმე.

- მყავს მეუღლე - ეკატერინე პატარაძე. ამჟამად ამერიკაშია და მალე პატარა ვაჟკაცი შემოგვემატება. პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი მყავს, 7 წლის სალომე. ჩემთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სამსახურს იმდენი დრო მიაქვს, თითქმის მეორე ოჯახის ადგილს იკავებს და ჩემი მეუღლე ამას აპროტესტებს ხოლმე (იცინის). გადაბმულად 12 ღამე სახლში რომ ვერ მიხვალ, ხომ წარმოგიდგენიათ?.. ოჯახს დიდი ყურადღება სჭირდება, ის თითოეული ადამიანის ნავსაყუდელია, სადაც ყველაზე კომფორტულად და დაცულად გრძნობ თავს.

თამთა დადეშელი