რა სტანდარტები იცავს საქართველოს მოსახლეობას ხორცპროდუქტების იმპორტირებისას, რომ საშიში საკვები არ მიირთვას - გზაპრესი

რა სტანდარტები იცავს საქართველოს მოსახლეობას ხორცპროდუქტების იმპორტირებისას, რომ საშიში საკვები არ მიირთვას

Ambebi.ge-ზე ვნახეთ სტატია, იმის შესახებ, თუ რა სტანდარტებს უნდა იცავდნენ ხორცპროდუქტების იმპორტირებისას, რათა ხალხმა ჯანსაღი პროდუქტი მიიღოს. გადავწყვიტეთ, ეს თემა ჩვენს მკითხველსაც შევთავაზოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ძალზე აქტუალურია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი, კახა სოხაძე რამდენიმე მნიშვნელოვან სტანდარტს გამოყოფს, რომელიც მრავალ წესს აერთიანებს. ამ სტანდარტებს შორის აღსანიშნავია, პირველ რიგში, ცხოველის შესწავლის აუცილებლობა და იმის დადგენა, რამდენად ვარგისი და სასარგებლო იქნება ამ ცხოველის ხორცი. მისივე თქმით, ხორცპროდუქტებთან მუშაობის დროს აუცილებლად უნდა იყოს დაცული ჰიგიენასთან დაკავშირებული სტანდარტები, ასევე შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმები როგორც ტრანსპორტირების, ასევე დასაწყობების დროს.

იმპორტირების დროს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ტემპერატურული რეჟიმის შენარჩუნებას აქვს, ამის შესახებ "მომხმარებელი.გე"-ს წარმომადგენელი, ლია თოდუაც საუბრობს:

"მთავარი პრობლემა, რაც საქართველოს გაყინულ ხორცთან დაკავშირებით აქვს, ეს არის მისი შენახვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მინუს 28 გრადუსი, რომელზეც ღრმად გაიყინა და შემოვიდა, შენარჩუნდეს. არათუ გალღობა, ამ ტემპერატურის მოძრაობაც არ შეიძლება. როგორც კი ტემპერატურა ოდნავ აიწევს, გარდა იმისა, რომ ხარისხი ფუჭდება, მიკრობები მრავლდება. მაგალითად, ლისტერია", - აღნიშნავს ლია თოდუა.

შენახვის დროს ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის დროს ხორცპროდუქტები არათუ უსარგებლო, არამედ ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება.

მაცივრების უსაფრთხოებაზე, რომლებშიც იმპორტირებული ხორცი ინახება, "ნიკორას" შვილობილი კომპანიის, შპს "მულტი ტრეიდის" შესყიდვების მენეჯერი, ნინა ბერიანიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი კომპანია იმპორტირებულ ხორცპროდუქტებს ლილოს მაცივრებში ასაწყობებს:

"ეს არის ყველაზე დაცული მაცივარი. ტემპერატურული რეჟიმი მუდმივად კონტროლდება და ჯერჯერობით შენახვასთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა", - აღნიშნავს ნინა ბერიანიძე. მისივე თქმით, "ნიკორას" ხორცპროდუქტები მსოფლიოს ისეთი ქვეყნებიდან ჩამოაქვს, როგორიც არის ბრაზილია, კანადა, ავსტრია, გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ჰოლანდია. შერჩევისას, პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ რამდენად ავტორიტეტული და მოთხოვნადია მწარმოებელი ქარხანა მსოფლიოს მასშტაბით. არის თუ არა სერტიფიცირებული, აქვს თუ არა ხარისხის მართვის სისტემა, ლაბორატორიულად დამოწმებულია თუ არა მისი წარმოებული ნედლეულის ხარისხი და უვნებლობა.

ჩამოტანილ ხორცპროდუქტებს ვადა დაახლოებით, ერთი წელი აქვს, თუმცა, მისივე თქმით, ჩამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში ხორცი უკვე იხარჯება და ახალი პარტიის ჩამოტანაა საჭირო.

რაც შეეხება პროცედურას: კონტეინერით საქართველოში შემოსული ხორცპროდუქტები ჯერ ფოთში მოწმდება. თუ ხორცპროდუქტები რომელიმე სტანდარტს არ აკმაყოფილებს, განადგურებას ექვემდებარება. ხორცის ვარგისიანობის შემთხვევაში მისი დასაწყობება ხდება, საიდანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეალიზდება.

როგორც ნინო ბერიანიძე აღნიშნავს, მათ კომპანიაში ნედლეულთან ერთად კონტროლდება ასევე წარმოების პროცესი ყველა ეტაპზე, რათა საბოლოო პროდუქტშიც დარწმუნებულები იყვნენ. თუმცა იმისათვის, რომ მომხმარებლის ინტერესები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს, პერიოდულად მზა პროდუქტის შემოწმებაც ხდება.

ნიმუშების აღება ხდება მზა პროდუქციის აბსოლუტურად ყველა პარტიიდან, ვიდრე ის სარეალიზაციოდ ქსელში გავა. ამისათვის კომპანიაში სპეციალური მიკრობიოლოგიური ლაბორატორია მოქმედებს, რომელიც აღნიშნული პროცესის კონტროლს უზრუნველყოფს.