ჭკუის სასწავლებელი შეცდომა და პირველი ლექსი - გზაპრესი

ჭკუის სასწავლებელი შეცდომა და პირველი ლექსი

წიგნები, სწავლა და პოლიტიკა...

- ამჟამად ვკითხულობ - "კაცი, რომელიც იცინის". ეს წიგნი პირველად ბავშვობაში წავიკითხე, მაგრამ ახლა თვალში მომხვდა და გადაკითხვა მომინდა. ჰიუგოს დახვეწილი კალამი აქვს. საერთოდ, კარგი მოსწავლე ვიყავი, "ხუთებზე" ვსწავლობდი და ფრიადოსნის ატესტატი ავიღე. განსაკუთრებით მიყვარდა: ქართული ლიტერატურა, ისტორია, ალგებრა, გეომეტრია. ინტელექტუალური თამაშის - "ცხრაკლიტულის" ტურნირებში ვმონაწილეობდი და ჩვენი სკოლა გამარჯვებულიც გახდა. მისაღებ გამოცდებზე მხოლოდ ორი საგნის ჩაბარება დამჭირდა და საინჟინრო-ეკონომიურ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მნიშვნელოვან დარგს, შრომის ორგანიზებასა და დაგეგმარებას ანუ მენეჯმენტს და ეკონომიკას გვასწავლიდნენ. პოლიტეკონომია არ მომწონდა, ბევრ რამეს არ ვეთანხმებოდი და ამ საგნის ლექტორი ინტრიგანს მეძახდა. თავიდან უნივერსიტეტში სწავლას გული ვერ დავუდე, მაგრამ მერე გამოვსწორდი... პოლიტიკური ფიგურების ცხოვრების გაცნობა ყოველთვის მაინტერესებდა და პრაქტიკულად, ყველა ცნობილი მოღვაწის ისტორია წავიკითხე. დავით აღმაშენებელი და კეისარი ძლიერი ისტორიული ფიგურები იყვნენ. გამოვარჩევ იმით, რომ მათთვის ლანგარით არაფერი მიურთმევიათ, ყველაფერს თავისით მიაღწიეს. ნაპოლეონი კარგი მეომარი უფრო იყო, ვიდრე პოლიტიკოსი. ბევრი შეცდომა დაუშვა, რადგან რეალურსა და ქიმერას შორის ზღვარი ვერ დაინახა. მეფე დავითი იმდენად რეალისტი იყო, ერთი შეცდომა არ დაუშვია, ყოველი ნაბიჯი წინასწარ გათვლილი, მოფიქრებული ჰქონდა. პოლიტიკოსს თუ შეცდომა მოუვიდა და ამას არ აღიარებს, ვეღარ განვითარდება, წინსვლა გაუჭირდება... ერთხელ კეისარს ასეთი რამ შეემთხვა. პომპეუსს რომ მისდევდა გასანადგურებლად, აფრიკის კონტინენტს მიადგა. გემიდან გადმოვიდა, წაიბორძიკა და დაეცა. რომაულმა არმიამ ამოიგმინა, რადგან მთავარსარდლის დაცემა ცუდ ნიშნად ჩათვალა - იმჟამად მეომრებში ცრურწმენა მძლავრობდა. კეისარმა მიწას აკოცა და თქვა: შენ ჩემი ხარ აფრიკა. ამით არმიას უჩვენა, რომ კი არ წაიქცა, არამედ იმ მიწას ეამბორა, რომელსაც მალე დაიპყრობდა. პოლიტიკოსი არ უნდა დაიბნეს. ისე, კეისრის ამბავი მაგალითად მოვიტანე და ვინმემ რაიმე პარალელის გავლება არ დამაბრალოს (იღიმის).

დასვენება და სპორტი

GzaPress- ძალიან კარგად ვისვენებ ოჯახთან ერთად - ცოლის, შვილების და ძაღლის გვერდით. ცურვა მიყვარს, ყოფილი წყალბურთელი და მოცურავე ვარ. ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებსა და "სპარტაკიადებში" ვმონაწილეობდი. ცურვის დროსაც ვისვენებ. სხვათა შორის, ამ დროს იდეების გენერაცია ხდება. ჩემი ბევრი პოლიტიკური გამოსვლა, კრეატიული ინიციატივა ცურვისას დამიგეგმავს. ცხენოსნობითაც ვიყავი დაკავებული და იპოდრომს ხშირად ვსტუმრობდი, დოღზეც არაერთხელ გამოვსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიმაღლე და ფიზიკური მონაცემები ჟოკეის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა - ჟოკეი დაბალი და გამხდარი უნდა იყოს. როგორც მოყვარული, სტუდენტობის დროს სხვადასხვა თამაშში ვმონაწილეობდი: ისინდი, კისკუ, კაზლადრან, პოლო. თბილისის იპოდრომზე წელიწადში ერთხელ, დოღი იმართებოდა და მონაწილეები მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ. ულამაზესი ცხენი მყავდა. ისე, ტრავმაც მიმიღია: ერთხელ არაბული ცხენები ჩამოიყვანეს, რომელთა შორის სამი წლის კვიცი - "ვიტამინი" იყო. ცხენები ვაგონებით გადმოჰყავთ. იქ ბნელა, მერე შუქზე ფრთხებიან, ამიტომ დრო სჭირდებათ მისაჩვევად. ეს კი ვიცოდი და ცოტა ხანს გავატარე კიდეც, მაგრამ მერე სულმა წამძლია და უნაგირის გარეშე შევჯექი. ერთხანს ცქმუტავდა, ხტუნავდა, მერე დაფრთხა, გამექცა და კი არ გადმომაგდო, ამოტრიალდა. მადლობა ღმერთს, ზედ არ დამეცა. ცხენი გადარჩა, მე კი მოტეხილობები მქონდა. შემდეგ ამ ცხენმა დერბი მოიგო.

ქალაქგარეთ, პიკნიკზე გასვლა მიყვარს. როგორც კულინარი, დიდად ვერ დავიკვეხნი, მხოლოდ კვერცხის შეწვა შემიძლია - ესეც სტუდენტობისას ვისწავლე და თან, რაღაც ინგრედიენტებს ვამატებდი ხოლმე. თამადობა არ მიყვარს. თუ მაინც მომიწია, თავი სამსახურში მგონია და მობილიზებული ვხდები. სუფრასთან ვისვენებ იმ შემთხვევაში, როცა მეგობრების გარემოცვაში ვარ, პირში არავინ მიყურებს და არ ეძებს, აბა, რა და როდის შემეშლება. მთელი ჩემი სამეგობრო სოფელ დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის მრევლი ვართ და ამ ხალხთან ერთად სიამოვნებით ვქეიფობ ხოლმე.

GzaPress

"ჟუვაჩკის" გამო დასჯილი...

- ეროვნულ მოძრაობაში თავიდანვე ჩართული ვიყავი, მაგრამ ვინმეს რომ ეკითხა, - ეს პოლიტიკაა თუ არაო? ვეტყოდი - არა-მეთქი. იქ ყოფნა ჩემთვის პატრიოტულ მოტივს უკავშირდებოდა. არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ გეტყვით: უკვე 7-8 წლისა, ისტორიის გაკვეთილებზე ისეთ წმინდა პოლიტიკურ შეკითხვებს ვსვამდი, რომ მასწავლებელი თვალებს მიბრიალებდა. მაშინ ბევრი ანომალური წესი იყო, რომელსაც ვერ ვიგებდი. ბრეჟნევის ნაწარმოებების სწავლამ დამტანჯა. "მცირე მიწას" და "აღორძინებას", როგორც საგანს გვასწავლიდნენ და ეპიზოდების დაზეპირებას გვაიძულებდნენ. ბავშვობაში დიდგორის გამარჯვებით შთაგონებულმა, ლექსი დავწერე, სადაც დავითის საბრძოლო მანევრი აღვწერე და მამას წავუკითხე, მან კი დუმბაძის მოთხრობის გმირის სიტყვებით მიპასუხა: ეგ ლექსი ბებიას და დედას არ უჩვენოო.Pპატარა ლექსი იყო, ორსტროფიანი, მაგრამ რითმიც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ყურს გარითმულად მოეჩვენა. მგონია, რომ დედამ მაინც შეინახა ის ლექსი, ისევე, როგორც 8 მარტისადმი მიძღვნილ მისალოც ბარათებს ინახავდა. ბავშვობის ერთი ეპიზოდი ნათლად მახსოვს: 4 წლის რომ ვიყავი, "ჟუვაჩკა" უიშვიათესი რამ იყო და მარტო ე.წ. ციგნებთან ან გადამყიდველებთან იშოვებოდა. მეზობლად გემის კაპიტანი ცხოვრობდა, რომელსაც გამორჩეულად ვუყვარდი და ხშირად მჩუქნიდა საღეჭ რეზინს. ერთხელაც, ამ კაცმა დამიძახა და გადმომიყარა (მესამე სართულზე ცხოვრობდა) ჯერ ერთი მუჭა "ჟუვაჩკა", მერე მეორე, მესამე. ამდენი რომ დავინახე, ჯიბეები ავივსე, მერე მაისური ავიკეცე და იქაც ჩავყარე. იმდენი ავიღე, უკვე მიცვივდებოდა. ამასობაში ჩემი მეზობელი და მეგობარი ბიჭი მოვიდა, იმანაც აიღო, მე კი ძალიან ცუდად მოვიქეცი: ჩემი "ჟუვაჩკები" დავყარე და ამას ვეცი წასართმევად. ბაბუაჩემი - ჯონდი ბაღათურია აივანზე იჯდა, ყველაფერს ხედავდა და ისეთი ხმით დამიძახა, - ეს რა გააკეთეო? რომ მივხვდი, ტრაგედია მოხდა. ბაბუამ, რომელიც ხელისგულზე მატარებდა (პირველი შვილიშვილი ვაჟი ვიყავი) და ოჯახის წევრებს ჩემთან ხმამაღლა ლაპარაკის უფლებას არ აძლევდა, მეტისმეტად გამკიცხა. ძალიან შემრცხვა დაAმას შემდეგ გავაცნობიერე, რომ ადამიანი არ უნდა დაეცეს, ნივთსა და ფულზე არ უნდა გაიყიდო, ღირსება უნდა შეინარჩუნო. "ჟუვაჩკა" დაიღეჭება, ფული დაიხარჯება და ამის შემდეგ საკუთარი თავის შეგრცხვება, ამას მეხსიერებიდან ვეღარ ამოშლი.

მეგრული სუფრა და... ყველგან შინაურები

GzaPress- ორივე მხრიდან საოცარი ბებია-ბაბუები მყავდა. სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან. ბაბუა ჯონდი, ვისი სახელიც დამარქვეს, სენაკელი იყო, მისი მეუღლე კი მარტვილელი გახლდათ. სოფელ ბანძაში ბებიის და-ძმა მყავს. ბებიის ძმა - ანთიმოზ გვილავა შესანიშნავი კაცია, ძალიან მიყვარს, იმასაც გამორჩეულად ვუყვარვარ. ყველაზე მეტ ოჯალეშს მე მიგზავნის, რაზეც მამა და ჩემი ძმა მუდმივად ეჭვიანობენ. ზაფხულობით სენაკსა და მარტვილში ყოველთვის ჩავდივარ. აბა, მარტვილელი კაცი ჭყონდიდობას რომ არ დაესწროს, როგორ შეიძლება? ხანდახან საქეიფოდაც მივდივარ. მსოფლიოში ყველაზე კარგი სულგუნი აქვთ, საუცხოო ნადუღი და მჭადი, სოფლის წიწილა, ოჯალეში. ზაფხულში ამ ყველაფერს ემატება ბოსტანში მოკრეფილი კიტრი და პომიდორი და აბა, პურმარილი მეტი რა არის? 2007 წლის 7 ნოემბრის წინა პერიოდში რეგიონებში ბევრს ვმოგზაურობდით. მახსოვს, სენაკში რომ ჩავედით, იქ ჩემი ნათესავები მოვიდნენ და თქვეს, - ჯონდი სენაკელიაო. მარტვილში ჩავედით და, მარტვილელიაო. ბათუმში ხომ გავიზარდე - სახლი იქაც მაქვს, ნათესავები მყავს. ხონშიც შინაურულად მიმიღო ხალხმა, რადგან დედაჩემის მშობლები იქიდან არიან. ჰოდა, ამ მოგზაურობის შემდეგ გოგა ხაინდრავამ მკითხა: ჯონდი, ერთი გამაგებინე, სადაური ხარო? ჰოდა, მეც ვუპასუხე: ქართველი ვარ-მეთქი.Aაი, კახეთში რომ ჩავდივარ: სიღნაღში, გურჯაანში, განსაკუთრებით - თელავში - ყველგან ჩემიანებს ვხვდები. კარგია, როცა სამშობლოში თავს უცხოდ არ გრძნობ.

ნანული ზოტიკიშვილი