გველოდება თუ არა გადაშენება XXI საუკუნის ბოლოს? - გზაპრესი

გველოდება თუ არა გადაშენება XXI საუკუნის ბოლოს?

მხნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი, სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყუარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მეძიებელნი ესრეთ, სტუმართა და უცხოთ მოყუარენი, მხიარულნი..." და რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენი ერის შესახებ ქართველი დემოგრაფები შემაშფოთებელ პროგნოზებს აქვეყნებენ.

ამჟამად საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 700 ათას ადამიანზე მეტია, თუმცა, მსოფლიო მასშტაბით ქართველთა რაოდენობის ზუსტი შეფასება რთულია, რადგან მარტო ჩვენს მეზობელ რუსეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში ათიათასობით ქართველი ცხოვრობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს მოსახლეობა 12 წლის განმავლობაში 14%-ით და მეტად შემცირდა. დემოგრაფების პროგნოზით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონზე ნაკლები იქნება. - შემზარავი სურათი იხატება XXI საუკუნის მიწურულს: მოსახლეობის შემცირების ტემპი თუ ასე გაგრძელდა, საუკუნის ბოლოს საქართველოში ქართველები აღარ იცხოვრებენ, - ამბობს დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე, რომელიც ამ თემაზე გულის ტკივილით საუბრობს:

GzaPress- ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა უმძიმესია: მცირდება შობადობა, იზრდება სიკვდილიანობა და შესაბამისად, მოსახლეობის ბუნებრივი მატებაც შემცირებულია. ემიგრაციაში მიდის ათასობით ჩვენი მოქალაქე - ეს ყველაფერი დუხჭირი ცხოვრებითა და მძიმე ეკონომიკური ფონით არის გამოწვეული. მთელ რიგ რეგიონებში, განსაკუთრებით კი, ქართველებით დასახლებულ რეგიონებში, ორ ათეულ წელზე მეტია, მოსახლეობა მცირდება. მოსახლეობის მატება აღინიშნება ქვემო ქართლსა და სამხრეთ საქართველოში, ასევე - აჭარაში. როდესაც დავაკვირდით და გავაანალიზეთ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ იქ, სადაც მუსლიმანები ცხოვრობენ, ბუნებრივი მატება გაცილებით მაღალია. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ეკონომიკა უფრო სუნთქავს, ვიდრე რეგიონებში, ამიტომ მატება რეგიონებთან შედარებით მაღალია. სამაგიეროდ, სოფლები თანდათან იცლება, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

- კონკრეტულად რომელ ფაქტორებს გულისხმობთ?

- ისევ უნდა ვახსენო მძიმე ეკონომიკური ფონი. ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე საქართველოში სოფლის მეურნეობა თითქმის გაჩანაგდა, რის გამოც იქ მცხოვრები მოსახლეობა უფულოდ და უსახსროდ დარჩა. დღესდღეობით, სოფელში ყველაზე მდიდარი ადამიანი პენსიონერია, რომლის პენსიაც 150 ლარია, დანარჩენები კი, იძულებულნი ხდებიან, მამაპაპურ კერას მოსწყდნენ და საარსებო წყარო სულ სხვა ადგილას ეძებონ. შესაბამისად, რეგიონებში ბავშვებიც ცოტანი იბადებიან. განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში - რაჭა-ლეჩხუმში, თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში და ა.შ. ბოლო წლებში მთელ საქართველოში თითქმის სამჯერ არის შემცირებული სოფლად დაბადებული ბავშვების რაოდენობა. რა იქნება მომავალში? - ვერ დაგიმალავთ, მდგომარეობა ძალიან მძიმეა: თუ საგანგებო ღონისძიებები არ ჩატარდა, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება. მოგეხსენებათ, ერის გამრავლებაში გოგონების რაოდენობას რამხელა მნიშვნელობა აქვს. 1980-1990 წლებში საქართველოში დაიბადა 455 ათასი გოგონა, ხოლო ბოლო ათწლეულში ანუ 2000-2010 წლებში - 236 ათასი - ესე იგი, თითქმის ნახევარი. დღეს რომ ბავშვები იბადებიან, იმის დამსახურებაა, რომ 1980-იან წლებში ქვეყანაში შედარებით ბევრი გოგონა დაიბადა და ისინი ახლა უკვე დედობის ასაკში არიან. როდესაც მათი ნახევარი შევა დედობის ასაკში, ისედაც დაბალი შობადობა კიდევ უფრო შემცირდება. შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფის წინაშე ვდგავართ! ეს გასულ წელს ჩატარებულმა აღწერამაც დაადასტურა: აღმოჩნდა, რომ საყოველთაოდ ცნობილი 4,5 მილიონის ნაცვლად, საქართველოში 3 მილიონ 729 ათას 635 ადამიანი ცხოვრობს, რაც ნამდვილი კატასტროფაა! ეს იმის ბრალიცაა, რომ წინა ხელისუფლება გაბერილ ციფრებს ასახელებდა და ამაყობდა - საქართველოში შობადობის ბუმიაო...

- მოსახლეობის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად "ნაციონალური მოძრაობის" დროს პატიმრების რაოდენობის ზრდასაც ასახელებთ. რატომ?

- დიახ, ასეა: თუ 2003 წელს საქართველოში იყო მხოლოდ 4 ათასი პატიმარი, "ნაციონალების" ხელში მათი რიცხვი 25-30 ათასამდე ავიდა. ახლა წარმოიდგინეთ: როდესაც კაცი ციხეში ზის წლების განმავლობაში, როდესაც მთელი ქონება წაართვეს და ერთ დროს მდიდარი ხალხიც კი უსახსროდ და უბინაოდ დატოვეს, ბავშვს ისინი კიდევ იყოლიებდნენ? რა თქმა უნდა - არა! ამის გამოც შემცირდა შობადობა: თითოეული პატიმრის ოჯახიდან ერთი ბავშვიც რომ არ დაბადებულიყო, გამოდის, რომ ამ მიზეზით საქართველოში ათასობით ბავშვი არ დაიბადა. ამხელა დანაშაულს ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერის წინაშე ვერც ერთი მთავრობა ვერ ჩაიდენდა.

GzaPress

- ბატონო ანზორ, აუცილებლად უნდა შევეხოთ კიდევ ერთ მტკივნეულ პრობლემას - მიგრაციას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხოეთში მიდის და იქ ეძებს შემოსავლის წყაროს.

- დიახ, ბოლო წლებში საქართველოდან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა. ამ ხალხს შვილები აქ უნდა გაეჩინა და ქართველები უნდა გაემრავლებინა. ეს არის ახალგაზრდა, შრომისუნარიანი, ეკონომიურად აქტიური მოსახლეობა 20-დან 50 წლამდე. მარტო 2002-დან 2014 წლამდე საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად წავიდა 740 ათასი კაცი. ზუსტად რამდენია წასული, არავინ იცის, ჩვენ ამას მხოლოდ მიახლოებით ვამბობთ, წინა და ბოლო აღწერის საფუძველზე. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე ათეულ წელიწადში საქართველო დაიცლება. ისედაც, ქვეყანა ლამის დაიცალა იმ ასაკის ხალხისაგან, რომელმაც ერი უნდა გაამრავლოს. თანაც, მათი უმეტესობა მდედრობითი სქესისაა. მართალია, მამაკაცებიც მიდიან, მაგრამ უფრო ხშირად - ქალები. ზოგიერთმა ოჯახმა ვერ გაუძლო ამხელა გამოცდას და დაინგრა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე ყველაზე მეტად აბრკოლებს ერის გამრავლებას.

- თანაც, უცხოელზე ბევრი ქართველი თხოვდება, რის გამოც ჩვენი გენოფონდი იკარგება.

- დიახ, ბოლო წლებში ათასობით ქალი გათხოვდა უცხოელზე. ამ შემთხვევაში ჩვენი მენტალიტეტიც იკარგება და გენოფონდიც. ტრაგედიას ვერ შევქმნით იმისაგან, რომ ქართველი ქალი ცოლად უცხოელს მიჰყვება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მიგრაციული პროცესები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ მოსახლეობა მცირდება. სხვათა შორის, მე ახლახან გამოვკითხე სტუდენტები. შეკითხვა ასეთი იყო: - რომ დაამთავრებთ, წახვალთ თუ არა საზღვარგარეთ? ვაჟების ათმა, ხოლო გოგონების 5-6-მა პროცენტმა თქვა - მუდმივად საცხოვრებლად წავიდოდიო. 300-ზე მეტი სტუდენტი გამოვკითხეთ და მათგან მხოლოდ შვიდმა თქვა - არ ვაპირებ საზღვარგარეთ წასვლასო.

GzaPress

- სამწუხაროდ, საზღვარგარეთ წასული ქართველი კაცებიც ხშირად უკან აღარ ბრუნდებიან.

- რა თქმა უნდა. კაცი უცხოეთში თუ დაქორწინდა, ოჯახი და შვილები იქ ჰყავს, ის საქართველოსთვის უკვე დაკარგულია. უარესად გართულდება მდგომარეობა, თუ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა დაკანონდება - მე ვფიქრობ, საქართველო სულ დაიცლება. ჯერ ახლა რა რიგები დგას საელჩოებში და მერე რა იქნება? ყველას ხომ არ შეუძლია ცხოვრებასთან ბრძოლა? უცხოეთში ის მიდის, ვისაც ამ ცხოვრებასთან ბრძოლა შეუძლია. უცხოეთში ქალის სამუშაო უფროა, ამიტომაც წავიდნენ ქართველი ქალები და ხშირად უმძიმეს სამუშაოს ასრულებენ. მათი წყალობით საქართველოში დიდძალი თანხა შემოდის, მათ საკუთარი ოჯახები და ახლობლები გადაარჩინეს!

- დავუბრუნდეთ ჩვენს ძირითად თემას - ქართველი დემოგრაფები სამომავლოდ საგანგაშო პროგნოზებს აკეთებენ. თქვენ რას გვეტყვით ამის თაობაზე?

- არის ასეთი პროგნოზი, რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 28%-ით შემცირდება, აზერბაიჯანისა - გაიზრდება 34%-ით, ხოლო სომხეთისა - 7%-ით, ასევე გაიზრდება თურქეთისა და ჩრდილო კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის რიცხვიც. ესე იგი, მთელ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. ჩვენ ადრე აზერბაიჯანსაც ვაჭარბებდით: აზერბაიჯანისა და საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 1965 წელს გაუთანაბრდა ერთმანეთს. ამჟამად აზერბაიჯანში თითქმის 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ასე დაირღვა მოსახლეობის რაოდენობრივი ბალანსი სამხრეთ კავკასიაში. უარესსაც გეტყვით: თუ ასე გაგრძელდება, XXI საუკუნის ბოლოს, საქართველოში ქართველები აღარ იქნებიან. ამიტომ, აუცილებლად უნდა შედგეს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, სადაც ჩადებული იქნება კონკრეტული გეგმა: ახლა როგორ მოვიქცეთ, საშუალო და ხანგრძლივ პერსპექტივაში როგორი ღონისძიებები გავატაროთ, რომ არ გადავშენდეთ. მთელმა ერმა უნდა მოინდომოს და გაცილებით სერიოზულად შეხედოს ამ პრობლემას. ამ შემთხვევაში, გალაკტიონისა არ იყოს, "სხვა ხალხის ჟრიამული" არ აავსებს ჩვენს სამშობლოს.

- შექმნილ სიტუაციაში ერთგვარი, დამაიმედებელი ფაქტია ის, რომ 2014 წელს შობადობამ 4,8%-ით მოიმატა...

- მართალია, 2014 წელს შობადობამ მოიმატა, მაგრამ ეს ამ მიმართულებით გაწეულ ღონისძიებებს უნდა დავაბრალოთ: დიდ როლს ასრულებს, რომ ქვეყანაში მშობიარობა უფასო გახდა, ადრე საამისოდ ოჯახს 500 ლარი მაინც უნდა ჰქონოდა გადადებული. გარდა ამისა, თუ ადრე დეკრეტული შვებულება 4-თვიანი იყო, ახლა ექვს თვემდე გაზარდეს, ხოლო მისი ანაზღაურება 600-დან ათას ლარამდე გაიზარდა. რაც მთავარია, იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის კლებაა დაწყებული, მესამე ბავშვის დაბადების შემთხვევაში ოჯახი ყოველთვიურად მიიღებს 150 ლარს, ხოლო მთაში - 200 ლარს. სწორედ ამიტომ, 2014 წელს შობადობა დაახლოებით 4,8%-ით ანუ 60 635 ბავშვით გაიზარდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმეში წახალისებას და წმინდა ეკონომიკურ ფაქტორებს.

ხათუნა ჩიგოგიძე