აივ-ინფიცირებულთა ხსოვნის დღე რიყეზე... - გზაპრესი

აივ-ინფიცირებულთა ხსოვნის დღე რიყეზე...

XXI საუკუნეში აივ-ინფექცია მართვადია! იცოდეთ სიმპტომები, დროულად ჩაიტარეთ გამოკვლევები და თავიდან აიცილეთ ყოველგვარი რისკი. რაც მთავარია, დაიცავით თავი! შიდსი ხელის ჩამორთმევით არ გადადის, შიდსი სისხლით გადამდები ვირუსია. ამავე დროს, სწორად შეარჩიეთ ის სტომატოლოგიური კაბინეტები, სადაც გიწევთ ვიზიტი.

მშვიდობიანი და სოლიდარობის გამომხატველი აქციის მონაწილეთა მსვლელობა პუშკინის სკვერიდან დაიწყო და მშვიდობის ხიდის გავლით, რიყის პარკში გაგრძელდა, სადაც ამ საქმეში ჩართულმა სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ორგანიზატორებმა, აივ-ინფექციით დაავადებულმა პირებმა და მათმა მეგობრებმა სანთლები აანთეს და გულის ფორმის ფრანები ჰაერში გაუშვეს. მათი ერთსულოვნება და მხარდაჭერა შიდსით დაავადებულ ადამიანებს სულიერად და მორალურად აძლიერებს და მეტ სტიმულს აძლევს, რომ ყველაფერს უფრო პოზიტიურად შეხედონ. საკუთარი დაავადება ნეგატიური ემოციებისა და განცდების გარეშე მართონ.

GzaPressბესო (გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა), როგორც თვითონ ვარაუდობს, აივ-ინფექციით სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ დაავადდა. ძალოვან სტრუქტურაში მუშაობისას, ანალიზებს რეგულარულად უკეთებდნენ, ერთ-ერთ ჯერზე კი მას შიდსი აღმოაჩნდა, რის გამოც, იძულებული გახდა, სამსახურში განცხადება თავად დაეწერა წასვლის თაობაზე. მას შემდეგ, რაც მდგომარეობის შესახებ საყვარელ გოგონას გაუმხილა, მანაც მიატოვა... თავდაპირველად მედიკამენტებს ჩუმად, დედისგან ფარულად იღებდა, თუმცა, სიმართლის დამალვას აზრი რომ აღარ ჰქონდა, მასაც ყველაფერი უამბო. ახლა საკუთარ მდგომარეობას ნელ-ნელა ეგუება, მკურნალობის წყალობით, იმუნიტეტიც უმაღლდება და ცდილობს, მსგავს ღონისძიებებში ჩართულობით, აივ-ინფიცირებულების მიმართ საზოგადოების ცნობიერებისა და დამოკიდებულების შეცვლაში წვლილი თავადაც შეიტანოს.

ბესო, 29 წლის:

- ამ აქციას იმიტომ შევუერთდი, რომ თანაგრძნობა გამოვხატო გარდაცვლილთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. თავადაც აივ-დადებითი გახლავართ, ვიცი, რა გრძნობაა და ყოველთვის მხარში ამოვუდგები მათ, ვისაც ეს პრობლემა აქვს. სხვადასხვა ორგანიზაციისგან თანადგომას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩვენთვის გასვლით ღონისძიებებსაც აწყობენ ხოლმე, ექსკურსიებზე დავყავართ, წელიწადში ერთხელ - ბანაკებშიც, ერთმანეთს ვეცნობით, ვუმეგობრდებით და მერე, შეძლებისდაგვარად ერთმანეთსაც ვეხმარებით ხოლმე. შარშან ორი კვირა სურამში დაგვასვენეს და იქიდან დადებითი ემოციებით დამუხტული დავბრუნდი. მათგან ზოგიერთი ამ აქციაშიც მონაწილეობს.

კონსტანტინე ლაბარტყავა, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარე:

- მსოფლიო საზოგადოება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს 1983 წლიდან აღნიშნავს და მსოფლიოს 115 ქვეყანაში აივ-დადებითი ადამიანების მხარდამჭერი ქსელი კოორდინაციას უწევს სოლიდარობის აქციას, სადაც ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი დედაქალაქსა და რეგიონების რამდენიმე სხვა ქალაქში უერთდება და ჩვენი მიზანია, შიდსთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს. ასევე, პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილ პირებს. შესაბამისად, სოლიდარობის გამოსახატად ეს ღონისძიება მოვაწყვეთ, სანთლები დავანთეთ და ჰაერში ფრანები გავუშვით.

მარინა ასათიანი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი:

- ეს დღე მსოფლიოში 32-ჯერ აღინიშნება და მისი მიზანია, რომ ის სტიგმა, რომელიც დღეს აივ-ინფიცირებულთა მიმართ არსებობს, XXI საუკუნეში შიდსი მართვადი დაავადებაა და საშიში არაფერია, მომავალ თაობებს იმედი უნდა გავუღვივოთ, რომ ეს საბოლოო განაჩენი არ არის და ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. საქართველოში 1015 ადამიანია შიდსის ვირუსით დაღუპული. აივ-ინფექცია მხოლოდ სისხლით გადადის და არა სხვა გზებით - კოცნით, ხელის ჩამორთმევით და ა.შ. საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს გადაცემის გზებზე. გლობალ ფონდის პროექტის ფარგლებში, 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული და თავიანთ ბენეფიციარებს ყველანაირ ინფორმაციას აწვდიან, ტარდება ტრენინგები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

ინა ინარიძე, მსოფლიო ექიმები საფრანგეთი, საქართველოს წარმომადგენლობა:

- ეს აქცია იმ ეპიდემიის საპასუხოდ გაიმართა, რომელიც მსოფლიოში შიდსის გავრცელებას მოჰყვა. მაისის თვის მესამე კვირას იკრიბებიან მსოფლიო ორგანიზაციები, შიდსით ინფიცირებული და მათი მხარდამჭერი ადამიანები. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რაც მოსახლეობაში აივ-დადებითი პირების მიმართაა. ერთადერთი გამოსავალი, რომ მსოფლიომ ეს ინფექცია დაამარცხოს, ხალხის ცნობიერების დონის ამაღლება, წამლებზე ხელმისაწვდომობა (რასაც უკვე მივაღწიეთ), ადამიანების ჩართულობა და პასუხისმგებლობის დონის გაზრდაა. ვიცოდეთ შიდსზე მეტი და არ შეგვეშინდეს დაავადების! შპრიცების გაცვლის პროგრამას ვახორციელებთ ნარკოტიკების ინიექციურ მომხმარებლებთან, სადაც სტერილურ მასალებთან ერთად, საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება ხდება.

GzaPress

მაგდა კოსტავა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰერა XXI", უსაფრთხო აბორტი ქალის არჩევანია - პროექტის კოორდინატორი:

- აქციას ჩვენც შევუერთდით, რადგან ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა აივ-ინფექციის შემთხვევების და სტიგმა-დისკრიმინაციის შემცირება საზოგადოებაში. მსგავსი აქციები რაც უფრო ხშირად გაიმართება, მით უფრო მალე მივაღწევთ იმ შედეგს, რომ ამ დაავადების მიმართ ცრუ შეხედულება მალე შეიცვლება პოზიტიური დამოკიდებულებით და მიხვდებიან, რომ ეს პირებიც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან.

აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თავდაცვის საშუალებების გამოყენება და ინფორმირებულობა! თუ ადამიანს სარისკო ქცევა ჰქონდა, აუცილებელია, ექიმს დროულად მიაკითხოს და დიაგნოზი დაადგინოს. თავდაცვის საშუალებების გამოყენების გარეშე უცნობ პირთან სქესობრივი კონტაქტის დამყარება სარისკოა. ხშირია ტრანსფუზიის - სისხლის გადასხმის საშუალებით, მეძავთან პირველადი კონტაქტის დროს დასნებოვნება და ა.შ. უფრო მეტად გააკონტროლონ სტომატოლოგიური კაბინეტები და ხელსაწყოები. დავირუსება გინეკოლოგთან ვიზიტის დროსაცაა შესაძლებელი, მაგრამ ქალბატონები ძირითადად, მამაკაცებისგან არიან დასნებოვნებულები და უმეტესობა ამას ორსულობის დროს იგებს, როდესაც სავალდებულო გამოკვლევებს იტარებენ. ჩვენს ორგანიზაციას სრულიად უფასო სერვისები აქვს სოციალურად დაუცველი ფენისთვის, შეუძლიათ უფასოდ მიიღონ რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია ჩვენს ახალგაზრდულ მეგობრულ ცენტრში, შეუძლიათ აიღონ კონტრაცეფციაც, ასევე, უფასო იურიდიული კონსულტაციით ისარგებლონ, განსაკუთრებით, უფლებების დარღვევის, დისკრიმინაციის ფაქტებზე, რაც ძალიან ხშირია. მაგალითად, სამედიცინო სფეროში მომსახურებას არ უწევენ, უარს ეუბნებიან და კარგი იქნება, თუ იურიდიულ ხაზს მიმართავენ და უფლებების შესახებ მეტს შეიტყობენ.

მაკა გოგია, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, შიდსის პრევენციის პროგრამის დირექტორი:

- აივ-ინფექცია დღესდღეობით ისევ პრობლემას წარმოადგენს და ჩვენ მის წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ, ვაძლიერებთ პრევენციას ინფექციის გავრცელების შესამცირებლად. მე ამ აქციაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ ამ ვირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მივაგო და მხარში ამოვუდგეთ იმ ადამიანებს, ვინც ეს ინფექცია გადაიტანა.

თამთა დადეშელი