უვახშმოდ დასრულებული დაბადების დღე და სამშობლოს უაიარაღო დამცველი - გზაპრესი

უვახშმოდ დასრულებული დაბადების დღე და სამშობლოს უაიარაღო დამცველი

დიდი ხანი არაა, რაც გარემოს ნომერი პირველი დამცველი გახდა. თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, სოციალურ ქსელში დადო 10-პუნქტიანი პირობა (რაზეც ინტერვიუში ვისაუბრებთ). წინ დიდი გეგმები აქვს, მისი აზრით, ხელისუფლება და საზოგადოება სხვადასხვა სიბრტყეში არ უნდა ცხოვრობდეს. გიგლა აგულაშვილი უშუალო, კომუნიკაბელური და საკმაოდ ღია რესპონდენტი აღმოჩნდა.

- ბატონო გიგლა, როგორ ფიქრობთ, პრემიერმა ამ თანამდებობაზე არჩევანი თქვენზე რატომ შეაჩერა?

- ალბათ ამ კითხვაზე თავად უფრო კარგად გიპასუხებდათ. მე და ირაკლი ღარიბაშვილს საკმაოდ რთულ წინასაარჩევნო პერიოდში ერთად მუშაობის დიდი გამოცდილება გვქონდა. ერთმანეთის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ. შეთავაზება მივიღე, სირთულეებს, სიახლეებს, სიძნელეებს არასდროს გავურბივარ. ჩემთვის ეს გამოწვევა იყო, ამიტომაც დავთანხმდი.

GzaPress

- როგორ წარმოგედგინათ გარედან ამ სამინისტროს საქმიანობა და როგორია ხელმძღვანელის პოსტიდან დანახული რეალობა?

- სხვაობა მართლაც დიდია, ჩემი წარმოდგენები შედარებით ვიწრო იყო, ვიდრე რეალურად აღმოჩნდა. სამინისტროს ძალიან ბევრი მიმართულებით უწევს მუშაობა. სირთულეებმა ვერ დამაფრთხო, მეტად მობილიზებული გამხადა. უწყება თავის თავში აერთიანებს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, სანერგე მეურნეობას, სასწავლო სამეცნიერო ცენტრს, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მასშტაბით ცალკე "სამინისტროა". ჩვენი თავი მე დავინახე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამინისტრო, რომელმაც თავისი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში. მიღწევები ძალიან მალე უნდა გახდეს შესაგრძნობი.

- რა დგას თქვენთვის ნომერ პირველ პრობლემად?

- ეს არის სამინისტრო, სადაც მეორე ხარისხის საკითხი არ არსებობს. ჩემი სურვილია, თანამშრომლებმა საკუთარი თავი დაინახონ, როგორც ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დამცველებმა. ოღონდ იმ თვალსაზრისით, რომ ისინი არ არიან ადმინისტრატორები, რომლებმაც ცალკეულ შემთხვევებში საჯარიმო სანქციებით ვიღაცები უნდა აჯარიმონ. არ არის ეს ამ სამინისტროს "ანი" და "ჰაე". ჩვენი მიზანია, მოქალაქეების პარტნიორები ვიყოთ.

- როდესაც ამ თანამდებობაზე დაინიშნეთ, სოციალურ ქსელში დაწერეთ 10-პუნქტიანი პირობა და თქვით, რომ ყველას შეასრულებდით. ახერხებთ?

- ძალიან რთულად, მაგრამ ვახერხებ. საზოგადოებასთან პირდაპირ კომუნიკაციას დიდი დრო მიაქვს, ამიტომ ჩემს ერთ-ერთ მრჩეველს ამ საკითხებში ჩართვა ვთხოვე.

- იმასაც დაგვპირდით, ახალი თანამდებობა არ შემცვლისო. თანამდებობამ რა შეცვალა თქვენში?

- აქამდე მეტი თავისუფალი დრო მქონდა, ახლა ამოსუნთქვისAსაშუალება აღარ მაქვს. საქმეების საკეთებლად 24 საათი საკმარისი აღარ არის.

- პირად ნომერზე ისევ ყველა ზარს პასუხობთ?

- რა თქმა უნდა.

- ნეპოტიზმის ვირუსისგან თავის დაღწევას რა გზით აპირებთ? ბევრი ახლობელი რომ გთხოვთ დასაქმებას, ამაზე უკვე დაიჩივლეთ.

- წარმოიდგინეთ, ამ ჩივილმაც კი არ გაჭრა (იცინის), უხერხულად მივიჩნიე, მათი სახელები საჯაროდ გამომექვეყნებინა. ღრმად მჯერა, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს. თუ ჩვენ კონკურენტუნარიანი კადრების მოზიდვას ვერ მოვახერხებთ, სახელმწიფო უწყებები დასუსტდებიან. გამონაკლისი შემთხვევა არ უნდა დავუშვათ, მერე ეს გამონაკლისი წესად რომ არ იქცეს. მქონდა შემთხვევა, როცა რამდენიმე ადამიანს სხვადასხვა თანამდებობაზე სამსახური შევთავაზე და უარი მითხრეს. ერთი ადამიანი კი დავითანხმე. ის თმობს 2-ჯერ მეტ ხელფასს, ვიდრე სამინისტროში აიღებს. თანახმაა წამოვიდეს, მან სხვა გამოწვევა დაინახა. ჩვენს რეინჯერებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ამოცანები, რომლებიც მათ წინაშეა დასახული, არ შეიძლება, ასეთი სოციალური გარანტიებით შეასრულო. ვფიქრობ რეფორმის კონცეფციაზე, ოღონდ არ ვჩქარობ. არ მინდა, ეს იყოს ვინმეს მოყვანის და ვინმეს გაშვების მექანიზმი. ეს ჩემს ინტერესებში არ შედის. მინდა, მდგრადი განვითარების მექანიზმი შევქმნა.

GzaPress

- მკაცრად გააკონტროლებთ პრემიების გაცემის საკითხს?

- დიახ, სანამ ახალ სისტემას შევქმნით, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ვთხოვე, ამ მიმართულებით პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ხანდახან ისეთი ელემენტარული საკითხიც კი, როგორც მადლობის თქმაა, დეფიციტია. თანამშრომლები ამ დამოკიდებულებას ძალიან კარგად გრძნობენ. მინდა, იცოდნენ, რომ წარმატებული მუშაობა დაფასდება. დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველზე ჩვენი კუთხე წარმოვადგინეთ. ეს არ იყო ცუდი ნამუშევარი, მაგრამ შეიძლებოდა უკეთესიც გაგვეკეთებინა. ზეიმი მხოლოდ რუსთაველზე არ უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს. ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ვრცელდებოდეს. ეს უნდა იგრძნონ ჩვენმა რეინჯერებმაც. ჩვენ ხარვეზები მოვინიშნეთ, რომელიც გვქონდა და მომავალში უნდა გავითვალისწინოთ.

- რამდენად ადევნებთ თვალს ბუნების დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს?

- ვგეგმავ სხვადასხვა აქტიურ ჯგუფებთან, ასოციაციებთან, კლუბებთან შეხვედრებს. გავიცანი ადამიანები, რომლებიც წყნარად, უხმაუროდ ისეთ საქმეებს აკეთებენ, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ღირსების ორდენებით დავაჯილდოებდი.

- მაგალითად?

- არსებობს ადამიანთა ერთი ჯგუფი, ისინი ნაკადულის კალმახს აშენებენ და მერე მდინარეებში უშვებენ. გავიცანი მოლაშქრეთა, მოთევზავეთა, მონადირეთა ჯგუფები. მათთან მქონდა შეხვედრა... ნადირობასთან დაკავშირებით ერთი ადამიანი მელაპარაკებოდა, როგორ შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ ნადირობა ელიტური არ იყოს და ყველა მსურველს ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ვხვდები ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც დაცულ ტერიტორიებზე ტურისტები შემოჰყავთ. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, გლეხისგან ან რეინჯერისგან ძალიან ჭკვიანური რჩევებიც კი მოისმინო. მე ყველას ველაპარაკები, ასე გავაგრძელებ მომავალშიც, რადგან გაცნობიერებული მაქვს, ხელისუფლება და საზოგადოება სხვადასხვა სიბრტყეში არ უნდა ცხოვრობდეს.

- როგორც ვიცი, დაგეგმილი გაქვთ იმ ვიზიტორების წახალისება, რომლებიც ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე ბევრჯერ შემოვლენ.

- ეს იდეაა, სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ნათელი ხდება, რომ ერთ კონკრეტულ დაცულ ტერიტორიას ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, სხვაგან - ნაკლები მიდის. საჭიროა, ვიზიტორები რაიმე ფორმით წავახალისოთ. ფინანსურ შეღავათებს არ ვგულისხმობ. შესაძლოა, ეს იყოს მაისური მინისტრის ხელმოწერით, ქუდი და ა.შ. ეს წუთია, ბორჯომიდან დავბრუნდი. იქ საოცარი ბავშვები გავიცანი, მოგეხსენებათ, 2008 წლის ომის დროს ტყის დიდი ნაწილი დაიწვა. 80 ჰექტარის აღდგენის პროცესი დაიწყო. გარდა იმისა, რომ ხეები დაირგო, იქ ეკო-სკოლა, ბიო-მეურნეობა, ლაბორატორია, ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრი შეიქმნა. ეს ბავშვები გარემოს დაცვის ღონისძიებებში ჩართულები არიან. რაც უფროს თაობას ნაკლებად ადარდებს, მათ აწუხებთ. მინდა, გარემოს დაცვითი აქტივობები წახალისებული იყოს. სამშობლოს მხოლოდ ავტომატით არ იცავ, გარემოს დაცვაც სამშობლოს დაცვაა. დანაგვიანება ერთ-ერთ პრობლემად რჩება. ინფრასტრუქტურა მთლიანად ასაწყობია. მეუბნებიან, - ავამუშაოთ ჯარიმების სისტემაო. მხოლოდ ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას. გარდა ამისა, ძალიან მალე გარემოს დაცვის, ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, ბრაკონიერებს თეთრი ლაქები და შავი ხვრელები არ უნდა დავუტოვოთ. მინისტრებმა ვილაპარაკეთ, შეიკვრება წრე, რომელიც აუცილებლად შედეგიანი იქნება. ბევრს ვფიქრობ, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობისთვის სერვისი ხელმისაწვდომი იყოს. სოფლად მცხოვრებ ადამიანებს შეშაზე არ უნდა ჰქონდეთ სალაპარაკო და საფიქრალი, არ უნდა გაუძვირდეთ მოპოვება. მოქალაქეები ხშირად გამოთქვამენ საყვედურს, რომ ტყეკაფი გამოყოფილია სადღაც შორს, არ უღირს იქიდან შეშის მოტანა. შესაძლოა, ვინმემ ხმელი ხის გამოტანის გამო დააჯარიმოს და ამ დროს ხედავს, ვიღაცას ხის მასალის ბიზნესი აქვს და უკანონოდ მდიდრდება. ეს ძალიან მაწუხებს.

- თქვენი მემორანდუმის შედეგი რა იქნება, სოფლად მცხოვრები რიგითი გლეხი რა სიკეთეს იგრძნობს?

- თუ მას აქამდე შეშის მოპოვება ძვირი უჯდებოდა, ხელმისაწვდომი გაუხდება. ის უკვე მზა პროდუქტს მიიღებს. სოციალური პაკეტის მიხედვით, ის გარკვეულ რაოდენობას მიიღებს და თუ ეს რაოდენობა დამაკმაყოფილებელი არ იქნება, შეეძლება შეიძინოს მზა პროდუქტი, მოპოვებისთვის წვალება არ დასჭირდება. სამინისტრო დაიქირავებს გარე რესურსს - ორგანიზაციას, ჯგუფსა თუ ინდივიდებს, რომლებსაც ექნებათ ხის მასალის მოპოვების საშუალება. დღეს პასუხისმგებლობა ბევრ ადამიანზეა გაფანტული, ტყეში ბევრი ვინმე შედის და სათანადოდ ვერ კონტროლდება. კონკრეტულ ტერიტორიაზე კონკრეტული ჯგუფის გარდა, სხვას შესვლის უფლება აღარ ექნება. მოპოვებული მასალიდან გარკვეული რაოდენობა სააგენტოს გადაეცემა, რომ მერე სოციალურად დაუცველ ადამიანებზე გადაანაწილოს. ასეთია ჩვენი ჩანაფიქრი.

GzaPress

- თქვენი ოჯახი გაგვაცანით.

- მეუღლე და 3 ბიჭი მყავს - 21, 17 და 12 წლის. მათ შორის სხვაობა ხუთ-ხუთი წელია. უფროსმა ბაკალავრიატი დაამთავრა, აშშ-ში სწავლობდა, ახლა მეგობართან ერთად ვაშინგტონშია, შესაძლოა სამუშაოდ დარჩეს, შესაძლოა - დაბრუნდეს. მომავალში მაგისტრატურაზე ფიქრობს. შვილებს არჩევანის საშუალებას ყოველთვის ვაძლევ. იციან, რომ გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ. ჩემი მეორე ვაჟი სკოლას გაისად დაამთავრებს და სავარაუდოდ, სასწავლებლად ისიც საზღვარგარეთ წავა. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი შვილებისთვის კარგი განათლების მიცემა იყო. მე ვერ დავიკვეხნი ფუფუნების საგნებით და არც მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია, შვილებს კარგი განათლება მივცე. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.

- კარგი განათლება საქართველოში რომ მიიღო, შეუძლებელია?

- არა, ამას სულაც არ ვამბობ. ჩემი შვილები სწავლობდნენ სკოლაში, სადაც ძალიან კარგი განათლება მიიღეს. რაც შეეხება უცხოეთში სასწავლებლად წასვლას, საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა, ტექსტილი, ავეჯი, ტექნიკა... ყველაფერი შემოგვაქვს. მეტად ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ ცოდნის იმპორტზე, რომე მერე ჩვენ გავხდეთ მწარმოებელი ქვეყანა. თავად ხედავთ, კაბინეტში მაგიდაზე სიმბოლურად მიდევს ქართული ჯიშის ხორბლის თავთავები - წითელი და თეთრი დოლის პური, შავფხა, ზანდური... ვფიქრობ, რომ ქართველებს ბოლომდე არა გვაქვს გამოყენებული ჩვენი შესაძლებლობები, ეს ცალკე თემაა. მე რომ ხელმეწიფებოდეს, დიდ რესურს დავხარჯავდი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლაზე და მერე მათ სამშობლოში დაბრუნებაზე. გასულ წელს მცირე რაოდენობა ახალგაზრდებისა ასე გაიგზავნა. ისინი მალე დაბრუნდებიან და აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ზოგიერთს მუშტრის თვალით ვუყურებ. პროდუქტის იმპორტზე მნიშვნელოვანი ცოდნის იმპორტია და ის კომუნიკაცია, რომლის საშუალებასაც უცხოეთში სწავლა იძლევა.

- თქვენს მეუღლეზე მიამებთ.

- მეუღლე გახლავთ ქეთევან გილაშვილი. ჩემი აქტიური სამუშაო გრაფიკის გადამკიდე, მეუღლე ბავშვებისა და ოჯახის ტყვეობაში აღმოჩნდა, დიასახლისობს. უკვე 22 წელია, ერთად ვცხოვრობთ.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- ძალიან უბრალოდ, შევხვდით, გავიცანით, დავილაპარაკეთ, ძალიან მალე გადავწყვიტეთ დაოჯახება და შევუღლდით. ძალიან არარომანტიკულად ვყვები, ხომ?

- რომანტიკული არა ხართ?

- მეტ-ნაკლებად. ცნობილი ფრაზა რომ გამოვიყენო, არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის.

- თქვენი ჰობი რა არის?

- ერთი პერიოდი თხილამურებით სრიალით ვიყავი გატაცებული. დიდი ხანია, სრიალს ვეღარ ვახერხებ, თხილამურები მომენატრა. შესაძლოა, ეს ცოტათი სიზარმაცის ბრალიც იყოს.

- ეს თვისება გაქვთ?

- სიზარმაცე მეტ-ნაკლებად ყველას აქვს. ერთმა გონიერმა ადამიანმა თქვა: თუ გინდათ, ყველაზე რთული ამოცანის გადაჭრის ყველაზე მოკლე ვერსია ნახოთ, ამოცანის ამოხსნა ზარმაცებს დაავალეთ, ყველაზე მოკლე ვარიანტს ისინი გამონახავენო. ჩემი სიზარმაცე შესაძლოა, მხოლოდ იმის ბრალია, რომ დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია.

- თქვენს ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, არაერთ უწყებაში მუშაობის გამოცდილება გაქვთ. იყავით საგარეჯოს რაიონული პროკურატურის გამომძიებელი, კახეთის პროკურორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს, შემდეგ კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი...

- ...(მაწყვეტინებს) ბოლო სახელმწიფო სამსახური, სადაც მცირე ხნით ვიყავი, ცეცხლსასროლი იარაღის, ფონდებისა და პარტიების რეგისტრაციის დეპარტამენტი იყო. 2004 წლის დასაწყისში დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ჩვენ ერთად მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდით. ამ შეთავაზების საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. პირიქით, მადლიერი ვიყავი, რომ არ დავრჩი სახელმწიფო სამსახურში. სხვა უფრო მრავალფეროვანი სამყარო აღმოვაჩინე. ვამბობ, რომ მინისტრის თანამდებობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ეტაპი გავლილი მაქვს. საკმაოდ მაღალი თანამდებობები მქონია, მერე - აღარ მქონია. სადაც მიმუშავია, ყველგან ბოლომდე დავხარჯულვარ.

- მიგაჩნიათ, რომ ახლა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ?

- მასშტაბის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა. მომავალ არჩევნებამდე ბევრი რამის გაკეთება უნდა მოვასწრო და ეს შედეგი უნდა იყოს ხელშესახები. საცდუნებელია, მაგრამ გაცნობიერებული მაქვს, რომ პოპულიზმმა არ უნდა გამიტაცოს.

- დაბოლოს, ახლახან დაბადების დღე გქონდათ. როგორ აღნიშნეთ?

- ჩემთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. სამსახურში თანამშრომლებმა მეგობრულად ტორტი მომართვეს. ამ ამბავს რამდენიმე სასიამოვნო წუთი დავუთმეთ. სახლში იმდენად დაღლილი მივედი, არც კი მივახშმია, ისე დავიძინე.

- წარმატებებს გისურვებთ.

- გმადლობ.

თამუნა კვინიკაძე