საქართველოთი გადარეული ჩინელი მინისტრი ანუ რას წაიღებს საიმპორტოდ ჰან ჩანგფუ - გზაპრესი

საქართველოთი გადარეული ჩინელი მინისტრი ანუ რას წაიღებს საიმპორტოდ ჰან ჩანგფუ

მოგეხსენებათ, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია, ჩვენთვის კი სოფლის მეურნეობის სფერო პრიორიტეტული გახლავთ, ამიტომაც მინისტრების შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ქართულმა და ჩინურმა მხარემ ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი და გაფორმებულ მემორანდუმს ისტორიულიც ეწოდა. ვიზიტის საინტერესო პერიპეტიებსა და იმაზე, თუ რა ხდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული ოფიციალური შეხვედრების მიღმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ხატია წილოსანი მოგვიყვა:

GzaPress

- 1998 წლის შემდეგ, საქართველოში ჩინეთიდან არც ერთი თანამდებობის პირი არ ჩამოსულა. ეს ვიზიტი პირველ რიგში, ჩინეთის რესპუბლიკაში ჩვენი ელჩის, დავით აფციაურის აქტიურობის შედეგია. ჩინეთის კომერციულ სამინისტროს აქვს საგარეო დახმარების პროგრამები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ჩინეთის მთავრობას შორის ხელმოწერილია სახელმწიფო დახმარების პროგრამა - ყოველწლიურად ჩინეთის მთავრობა გარკვეულ დახმარებას გამოუყოფს სხვადასხვა სეგმენტს. ჩვენს შემთხვევაში, ეს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. აღნიშნული საგარეო დახმარება ყოველწლიურად იზრდება. ორი წლის განმავლობაში, პრიორიტეტული მიმართულება იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც უსასყიდლოდ გადმოეცა სამელიორაციო ტექნიკა, შარშან - 200 ერთეული, წელს კი - 257. დახმარების მეორე ნაწილი განკუთვნილი იყო სათბურების გასაკეთებლად მარნეულში და ამ პროექტის განხორციელება წელსვე დაიწყება. ისინი გვასწავლიან მაღალტექნოლოგიურ, თანამედროვე მეთოდებს - ნაკლები დანახარჯებით სამჯერ მეტი პროდუქციის წარმოებას. გვინდა ვასწავლოთ გლეხს, როგორ დარჩეს მეტი მოგება.

- მემორანდუმს, რომელიც საქართველოსა და ჩინეთის მინისტრებს შორის გაფორმდა, ისტორიული ეწოდა. იქნებ აგვიხსნათ მისი მნიშვნელობა.

- მემორანდუმის საფუძველზე განისაზღვრა ორივე მხარის ვალდებულება. ამ შემთხვევაში ორივე, ჩინეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ უმოკლეს პერიოდში შექმნიან სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტული მიმართულებებით. ერთ-ერთი მიმართულებაა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, რაშიც დაგვეხმარება ჩინეთის სამინისტრო - გამოგზავნიან ექსპერტებს, რომლებიც შეაფასებენ არსებულ მდგომარეობას და გვეტყვიან, რამდენ ხანში და რა პოტენციალი აქვს საქართველოში ჩაის წარმოებას. ჩვენს ჩინელ სტუმრებს ანასეულის ფაბრიკის დამზადებული ჩაი შევთავაზეთ. თქვეს, - უცხო გემო აქვს და არომატულია, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდაო. საქართველოს აქვს როგორც შავი, ისე მწვანე და წითელი ჩაის წარმოების პოტენციალი.

GzaPress

- ჰან ჩანგფუ საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. რაზე შეთახმდნენ ისინი?

- პრემიერთან საუბარი, ძირითადად, სოფლის მეურნეობის დარგში დახმარებას ეხებოდა. ჩინურმა მხარემ საქართველოდან პროდუქტის გატანის ინტერესი გამოთქვა. მიაჩნიათ, რომ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა და ჩინეთში მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. ჩინელები დიდ თანხებს იხდიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებში. ხაზგასმით თქვეს, რომ ბატონი ჩანგფუ საქართველოდან ღვინის გატანას შეუწყობს ხელს.

- ვიცით, რომ ჩინელი მინისტრი კახეთს სტუმრობდა და ქართული ღვინოებიც დააგემოვნა. კონკრეტულად რომელი ღვინო მოეწონა?

- ბატონ ჰანს წითელი ღვინო მოეწონა, კონკრეტულად კი - ხვანჭკარა. ამ შემთხვევაში ისტორიულმა ფაქტორმაც იმუშავა. სტუმარმა გვითხრა: შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს იყო სტალინის საყვარელი ღვინო. როგორც აღმოჩნდა, ის საქართველოს იცნობდა სტალინით, ღვინითა და ქართული ცეკვით. თქვა, - ეს არ არის უბრალოდ ცეკვა, მასში თქვენი ხასიათი და კულტურა ჩანსო. როდესაც ქართული სუფრა გაიცნო, მაშინაც იგივე თქვა - ქართულ სუფრაში კარგად ჩანს თქვენი ცხოვრების წესი, ისტორიულად რა გზა გამოიარეთო. ჩინეთში სტალინს ბევრი იცნობს და ეს იყო კარგი მესიჯი. თავიანთ ქვეყანაში იმპორტირებული ქართული ღვინის პიარკამპანიის დროს, სავარაუდოდ, ჩინელები სტალინის სახელსაც გამოიყენებენ (ბატონი ჰანი გორში სტალინის სახლ-მუზეუმსაც ესტუმრა). სტუმარმა არჩევანი ნახევრად ტკბილ ღვინოზე შეაჩერა. ბატონი ჰანი თელავსა და ყვარელში ვამოგზაურეთ და ქვევრის ღვინით აღფრთოვანდა. კახეთში იმიტომ წავიყვანეთ, გვინდოდა, მისთვის გვეჩვენებინა როგორც მაღალტექნოლოგიური ღვინის ქარხნები, ასევე უბრალო ქართველი გლეხის მიერ სახლში დაყენებული ღვინო. ყვარელში ვესტუმრეთ გლეხს, რომელსაც ეზოში ასწლოვანი ვაზი აქვს, რაზეც ბატონმა ჩანგფუმ თქვა, - მსგავსი რამ არსოდეს მინახავს, დაუჯერებელიაო. მასპინძელმა კახელმა გლეხმა სტუმარს მისი ხელით, ხაპით ამოაღებინა ღვინო ქვევრიდან, რაზეც ემოციებს ვერ ფარავდა და გვეუბნებოდა, სურათები გადამიღეთ და მაჩვენეთო. მინისტრმა, ჩვენი ტრადიციისამებრ, თიხის ფიალით დალია რქაწითელი და ქვევრისთვის დამახასიათებელი გემოთი აღფრთოვანდა, თქვა, - ჩინეთში ეს ძალიან მოეწონებათო. მინდა გითხრათ, რომ იდეაშია საქართველოში გამოყვანილი ვაზის ჯიშების ჩინეთში გადატანა და ვენახების გაშენებაც.

- ამდენი სახეობის ღვინის დაგემოვნების შემდეგ, ყანწს როგორღა მოერია? თუ არ ვცდები, ჩინელები ქართველებისგან განსხვავებით, დიდი მსმელები არ არიან...

GzaPress- ყანწიც სცადა, მაგრამ ბოლომდე არ დაულევია. მარტო ღვინო კი არა, შინ გამოხდილი ჭაჭის არაყიც მიირთვა, ვასწავლეთ და წალამზე შემწვარი მწვადიც შამფურიდან დედას პურით თვითონ მოხსნა. ალავერდის მონასტერმა მთლად გააოგნა. შესანიშნავად გაგვიმასპინძლდა მეუფე. სტუმრებმა ადგილზე დააგემოვნეს ალავერდის მარნის უნიკალური ქართული ღვინოები, გასინჯეს დოლის პური (უსაფუარო პური). ჩინელ მინისტრს ჩურჩხელა მოეწონა ძალიან და თავადაც მიიღო მის ამოვლებაში მონაწილეობა. თავიდან კი გაუჭირდა, მაგრამ ბოლოს გამოუვიდა და ძალიან გაიხარა. ხინკლებიც კი ამოვაყრევინეთ ქვაბიდან, რომელიც იქვე გასინჯა და ძალიან მოეწონა. გვითხრა, ჩვენც გვაქვს მსგავსი კერძი, მაგრამ ასეთი დიდები, წვნიანი და გემრიელი არ არისო (პელმენს გულისხმობდა). კახეთში მიმავლები, გზად კაჭრეთის "ამბასადორში" გავჩერდით სადილად, სადაც სტუმარს ლიმონათი შევთავაზეთ. აღმოჩნდა, რომ ჩინეთში გაზიან სასმელებს არ სვამენ. ტარხუნის ლიმონათზე სტუმარმა შოკი მიიღო: ტარაგონი სამედიცინო დანიშნულების მცენარეა, ჩვენ სამკურნალოდ ვიყენებთ და თქვენ მისგან ლიმონათს ამზადებთო?!. საფერავის ლიმონათიც გავასინჯეთ და ისიც ეგემრიელა. სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო გამოფენებს ვაწყობთ ხოლმე და გადავწყვიტეთ, ამიერიდან სხვა სეგმენტებთან ერთად, ჩინეთისთვის ლიმონათიც დავამატოთ. სტუმარს საჩუქრად ვუსახსოვრეთ ნაბადი, ხანჯალი მოვერცხლილი სარტყლით (რომელიც უმალ შემოირტყა წელზე) და პატარა თუშური ნაქსოვი ხალიჩა. შეგვპირდა, რომ საჩუქრებს მის ოთახში შეინახავს, სტუმრებს უჩვენებს და აუხსნის, რომ ისინი ჩამოიტანა გამორჩეული პატარა ქვეყნიდან, რომელსაც ბევრი რამ აქვს საჩვენებელი და საამაყო.

- კიდევ რამ მოახდინა მასზე შთაბეჭდილება?

- ძალიან მოეწონა ღვინის ქარხანა. გვითხრა, - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქარხანა, რაც მინახავსო, ალავერდში თაფლის წარმოება ვაჩვენეთ, გავასინჯეთ თაფლის არაყიც, საჩუქრადაც გავატანეთ. მოიხიბლა ქართული თაფლით და აღნიშნა, ესეც საინტერესო პროდუქტი იქნება ჩინეთისთვისო. ფაქტია, რომ ყოველ წელს მსოფლიოს მასშტაბით ფუტკარი 20%-ით მცირდება, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. სტუმარს ჯიღაურას სამეცნიერო კვლევითი ცენტრიც დავათვალიერებინეთ, გვყავდა წინანდლის მუზეუმშიც.

GzaPress

- ერთი სიტყვით, საკმარისად დაახვიეთ თავბრუ სტუმარს...

- უკმარისობის განცდა დარჩა და თქვა, დღე-ნახევარი ძალიან ცოტაა ვიზიტისთვის, მალე დავბრუნდები საქართველოშიო. მის მეორედ ჩამოსვლამდე კი, ჩვენ დაგვპატიჟა ჩინეთში. ჰან ჩანგფუმ ჩვენს მინისტრს, ბატონ ოთარ დანელიას აღუთქვა, ჩინეთის მხარეს თქვენთვის თუ რაიმე კარგის გაკეთება შეგვიძლია, ამისთვის მზად ვართ და პრემიერისგან მიღებულ ყველა გზავნილს შესაბამის პირებამდეც მივიტანო. ბატონმა მინისტრმა რჩევის სახით გვითხრა, - მოუფრთხილდით თქვენს ქვეყანას, ვინაიდან ეკოლოგიურად ძალიან სუფთაა და ნუ გამოიყენებთ ბევრ შქამქიმიკატს, ნუ დატოვებთ მიწებს დაუმუშავებელს და მაქსიმალურად ეცადეთ, აითვისოთ, რადგან აქ არის შესაძლებელი ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც არა მარტო ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ბაზარზე იქნება კონკურენტუნარიანი. თქვენ არ ხართ ის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს თავისი პროდუქციის გასაღების პრობლემა, უბრალოდ, გჭირდებათ ამის სწორად მიტანა მომხმარებლამდეო. ჩინელი სტუმარი მართლაც გაოცებული და აღფრთოვანებული გაემგზავრა სამშობლოში. დამშვიდობებისას ბატონ ოთარს უთხრა, - ჩვენ არ ვართ კოლეგები, მეგობრები ვართ და იმედი გქონდეთ, რომ მე ვიქნები თქვენი ქვეყნის მხარდამჭერი და ლობისტი ჩემს ქვეყანაში, გელოდებით, მალე ჩამოდითო. ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობს, სამუშაო ჯგუფებში ექსპერტები გაერთიანდებიან, რომლებიც დარგობრივად ცალკეულ მიმართულებებზე იმუშავებენ.

ნანა ფიცხელაური