უნდა ეცვას თუ არა მოსწავლეს სასკოლო ფორმა? - გზაპრესი

უნდა ეცვას თუ არა მოსწავლეს სასკოლო ფორმა?

ბევრს სურს, მისი შვილი ფორმით დადიოდეს, ზოგი კი ამას აპროტესტებს თუნდაც, იმ მიზეზით, რომ თავის დროზე სძულდა სულ ერთი და იმავე სამოსით სიარული. ამ თემას უამრავი სამეცნიერო გამოკვლევაც მიუძღვნეს, მაგრამ ექსპერტები საერთო დასკვნამდე ვერა და ვერ მივიდნენ.

ნატო სადუნიშვილი, მშობელი:

- ვფიქრობ, აუცილებელია, რომ მოსწავლეებს სპეციალური ფორმა ეცვათ. თუ ასე მოხდება, ბევრად მოწესრიგდება ბავშვებს შორის ურთიერთობა; აღარ იქნება თვალშისაცემი, ვინ არის უფულო ან ფულიანი მშობლების შვილი და ა.შ. უფრო ნაკლები საფიქრალი ექნებათ იმაზე, თუ რა ჩაიცვან დღეს და ვფიქრობ, გაცილებით მოტივირებულები იქნებიან სწავლაზე.

- როგორც ვიცი, ოჯახი სკოლის მოსწავლე არ გყავთ...

- ჩემი გოგონა უკვე სტუდენტია, ვაჟმა კი წელს დაამთავრა სკოლა. მოსწავლეობის პერიოდში ფორმა ეცვათ და ამით ძალიან კმაყოფილი გახლდით.

- კერძო სკოლაში დადიოდნენ?

- კი, კერძო სკოლა-ლიცეუმში სწავლობდნენ, იქ კი ყველა მოსწავლე ფორმით დადის. ხელშეკრულებაში წერია დრესკოდის შესახებ და ამ პუნქტს თუ არ დაემორჩილები, ჯარიმის გადახდა მოგიწევს. ჩემი ვაჟი მეცხრე კლასიდან უკვე საჯარო სკოლაში გადავიდა.

- ფორმის შეკერვა დაახლოებით, რამდენი ლარი გიჯდებოდა?

- იქ მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კერავდნენ ფორმას, ხოლო უფროსკლასელებს უბრალოდ, შავ-თეთრში გადაწყვეტილი სამოსი უნდა სცმოდათ. პატარებისთვის ფორმის შეკერვა დაახლოებით 120 ლარი ჯდება, ამ თანხით კი დამეთანხმებით, მხოლოდ ერთი ხარისხიანი ჯინსის შარვლის ყიდვაა შესაძლებელი. მაღალ კლასში გოგონებს აუცილებლად, ქვედაბოლო უნდა სცმოდათ, ბიჭებს კი ჰალსტუხები ეკეთათ...

- საჯარო სკოლაში რომ გადავიდა, მერე ალბათ, ფორმის ტარება სავალდებულო აღარ იყო. ამით რამე შეიცვალა თქვენი შვილისთვის?

- რა თქმა უნდა, შეიცვალა და ვფიქრობ, ეს კატასტროფა იყო.

- კატასტროფაში რას გულისხმობთ?

GzaPress- დილა იწყებოდა ფიქრით: რა ჩავიცვა? მერე წუწუნით, - ეგ ხომ უკვე მეცვა? ძალიან ცუდი პროცესია (იცინის)... ახალგაზრდა მასწავლებელი ჰყავდათ და ბავშვებს ბევრად უკეთესად ეცვათ, ვიდრე მას - ესეც არ არის გამართლებული, ასე მგონია.

- თქვენი შვილი ან სხვა რომელიმე მისი კლასელი სხვების გვერდით, ჩაცმულობის გამო იჩაგრებოდა?

- მადლობა უფალს, ასეთი რამ იმ კლასში არ მომხდარა, მაგრამ სხვაგან ხომ ხდება? მერწმუნეთ, გაჭირვებული ოჯახის ბავშვები ბევრგან ითრგუნებიან... თან, სკოლის ფორმაში გამოწყობილი მოსწავლეების დანახვა თვალსაც სიამოვნებს.

- ერთი ფორმის შეკერვა დაახლოებით 120 ლარი ღირდაო, - ამბობთ, არადა, ბევრს არ აქვს თანხა საიმისოდ, რომ ასეთი ძვირად ღირებული სამოსი შეიძინოს შვილისთვის.

- ჰო, ეგ სიმართლეა... მით უმეტეს, რომ ორი ფორმა მაინც უნდა იყიდონ...

- თქვენი აზრით, დაახლოებით რა უნდა ღირდეს ფორმა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს? ხელმოკლე ოჯახის შვილებისთვის რა გამონაკლისი უნდა დაუშვან?

- რა გამონაკლისზეა ლაპარაკი, როცა სახელმწიფო, როგორც ყველაფერში, აქაც ინერტულია და სულაც არ აღელვებს ეს თემა... თორემ ვისაც შეუძლია, თვითონ გადაიხდის, ხოლო ვისაც მართლა უჭირს, ისინი მაინც უნდა უზრუნველჰყოს სახელმწიფომ ფორმებით... მერწმუნეთ, რაც უნდა ღირდეს, სკოლაში ფორმის შემოღება ყველასთვის გაცილებით ხელსაყრელი იქნება. მშობლებმა ვიცოდით, რომ კაბის სიგრძე არც მეტი, არც - ნაკლები, მუხლამდე უნდა ყოფილიყო. აუცილებლად თეთრი პერანგი და შავი კოსტიუმი უნდა სცმოდათ და ჩემი აზრით, ეს იდეალური ვარიანტია. ზამთარშიც კაბა ეცვათ და არ გაყინულან (იღიმის).

- სკოლის ფორმის 120-ლარიან კომპლექტში რა შედიოდა?

- ქვედაბოლო (ან შარვალი), პერანგი და კოსტიუმები. ქსოვილიც და დიზაინიც ჩვენთან შეთანხმებით შეარჩიეს.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მოსწავლეები, რომლებიც სპეციალურ სკოლის ფორმას ატარებენ, გაცილებით უკეთ სწავლობენ, ვიდრე იმ სკოლის მოსწავლეები, სადაც ჩაცმის თავისუფალი სტილია. თურმე: როდესაც მოზარდი სასკოლო ფორმით დადის სასწავლებელში, ყურადღებას აღარ ამახვილებს საკუთარ ჩაცმულობაზე და გაცილებით მეტი დრო რჩება გაკვეთილების მოსამზადებლად; სასკოლო ფორმა მოზარდებს განაწყობს, თავი უფროსებად იგრძნონ და უფრო მეტი სერიოზულობით ეკიდებიან სკოლაში სიარულს. თანაც, ტანისამოსის შერჩევისას მას ბევრი დრო არ სჭირდება...

ექსპერტთა გარკვეულ ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სასკოლო ჩაცმულობა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე არავითარ გავლენას არ ახდენს. ამბობენ, რომ მოზარდის განვითარება არა ჩაცმულობაზე, არამედ მასწავლებელთა კვალიფიკაციასა და მშობელთა მზრუნველობაზეა დამოკიდებული.

ნინი, 15 წლის:

- არა, რა ფორმა... შარვალზე ვგიჟდები და ამის ჩაცმა რომ ამიკრძალონ, შეიძლება სკოლაში სიარულს თავი დავანებო.

- ამბობენ, რომ თუ სკოლის ფორმას ჩაიცვამთ, ეს უკეთ სწავლაში, მობილიზებაში დაგეხმარებათ.

- რა სისულელეა! ისედაც კარგად ვსწავლობ.

- კლასელები ერთმანეთის ჩაცმულობას რამდენად აქცევთ ყურადღებას?

- რა თქმა უნდა, როცა ვიღაცას მაგარი "ზმანი" აცვია, კომპლიმენტს ვეუბნებით, ხოლო თუ ჩვეულებრივად, არაფრით გამორჩეულად იცვამს, მის სამოსს "ხაზს არ ვუსვამთ". ყოველ შემთხვევაში, სიმდიდრის მიხედვით ნამდვილად არ ვირჩევთ მეგობრებს. არ მგონია, რომ ჩემს კლასში შედარებით ღარიბი ოჯახის შვილები იჩაგრებოდნენ - ყველანი ვმეგობრობთ.

ნანა გიგოლაშვილი, დიზაინერი:

- ფორმები ჯობია, რა თქმა უნდა! რატომ? - ვფიქრობ, ასე ბავშვები ნაკლებად დაკომპლექსებულები იქნებიან (ხომ იცით, ეს ფსიქოლოგიური მომენტია), მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსწავლის ფორმა აუცილებლად, მოსახერხებელი უნდა იყოს და ისეთი შეფერილობის, რომ ადვილად არ ისვრებოდეს. ბავშვმა სკოლაში სამოსსა და მოდელზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ სწავლაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. თანაც, ჩემი აზრით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფროსებისგან განსხვავებული მოდელის ფორმა უნდა ეცვათ.

- შენი აზრით, რა ფერის უნდა იყოს მოსწავლის ფორმა?

- მუქი ლურჯი ან რუხი, გაწყობილი თეთრით და წითლით.

- არის თუ არა დამოკიდებული სამოსზე, მოსწავლე კარგად ისწავლის თუ არა?

GzaPress- ეს ინდივიდუალურია... ვფიქრობ, სწავლის დონეზე არ მოქმედებს, მაგრამ შეიძლება, ეს მოსწავლეების შორის ურთიერთობაზე ცუდად აისახოს. თანაც, ხომ იცით, ზოგიერთი ბავშვი ისეთი ცუდი აღზრდილია, რომ ტანსაცმელით აფასებს გვერდით მყოფს... ვფიქრობ, იქ სადაც ფორმის ჩაცმაა მიღებული, ნაკლები კომპლექსი აქვთ მოსწავლეებს და მგონია, რომ პედაგოგიც ნაკლებად "შხამიანია" (იღიმის); ზოგი ვითომ მასწავლებელი ხომ მოსწავლის ჩაცმულობის, მისი ოჯახის სიძლიერის მიხედვით აფასებს აღსაზრდელებს.

- შენ სკოლაში ფორმა გეცვა?

- კი, მეცვა და ძალიან მიყვარდა. თან, "დონეები" მქონდა, რუსეთიდან ჩამოტანილები და ის ყველა ჩვენს "მსუქან ნაკლს" ფარავდა (იცინის). ასე რომ, ფორმაში გოგონები ძალიან "მშვიდად" ვიყავით... გარდატეხის ასაკი ისეთი პერიოდია, როცა იპრანჭები, ყველაფერს ყურადღებას აქცევ და ამ ისედაც ნევროზულ ფონზე სხვების ჩაცმულობა მაინც თუ არ განერვიულებს, ეს უკვე ძალიან კარგია

- დაახოებით რა უნდა ღირდეს ფორმა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს?

- ახლახან ჩემმა ძმისშვილმა შეიკერა თეთრი პერანგი 12 ლარად. ქვედაბოლოც ვთქვათ, 15-ად რომ შეიკერონ და პლიუს, მოსაცმელი... მაქსიმუმ, 50 ლარი საკმარისი იქნება, სავარაუდოდ.

ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ სკოლები, სადაც მოზარდები ფორმებით დადიან, გაცილებით დისციპლინირებულნი არიან, ვიდრე სხვები. თანაც, ისინი ერთმანეთის თანასწორებად გრძნობენ თავს, განურჩევლად მათი ოჯახების მატერიალური მდგომარეობისა.

ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით: სასკოლო უნიფორმის კომპლექტის შეძენა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სხვადასხვა სამოსის ყიდვა, ეს კი ხელმოკლე ოჯახებისთვის საკმაოდ ხელსაყრელია, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა ვერ აკმაყოფილებს მოზარდის მოთხოვნებს და მშობელს მაინც მოუწევს შვილისთვის ყოველდღიური ტანისამოსის შეძენა ანუ სასკოლო ფორმის შემოღება ხარჯებს გაცილებით ზრდის.

ნონა ბებია, 26 წლის:

- ჩემი აზრით, სასკოლო ფორმების შემოღება აუცილებელია. ბავშვებმა ვერ უნდა იგრძნონ მათ ოჯახებს შორის სოციალური და სხვა განსხვავებები.

- მაგრამ ამბობენ, რომ ფორმის შეძენა ძვირი სიამოვნებაა და ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ იყიდოს. ასეთ შემთხვევაში, რა გამოსავალი უნდა იპოვონ მშობლებმა, მასწავლებლებმა? ან საერთოდ, მოსწავლე რომ იყო, სკოლაში ფორმით სიარული შენთვის მისაღები იქნებოდა?

- იმ პერიოდში, როცა მოსწავლე ვიყავი, კარგი ფორმები ნამდვილად არ გვქონდა. გვეცვა თეთრი პერანგი და შავი ქვედაბოლო, მე კი ასეთი "ბანალური" სამოსი არ მომწონს, ევროპული კოლეჯების მოსწავლეების ფორმები მირჩევნია. წესით, მათ შეძენა ძვირი არ უნდა ღირდეს. ყოველ შემთხვევაში, არა მგონია, მოდურ ჯინსსა და ბრენდულ მაისურ-ფეხსაცმელზე უფრო ძვირი დაჯდეს ფორმის შეკერვა.

მეგი თავშავაძე:

- ჩემი შვილი წელს სკოლაში მიდის და ვისურვებდი, რომ ფორმა ეცვას. მაგალითად, შინდისფერი, "პლისე", მუხლამდე ქვედაბოლო და რა თქმა უნდა, თეთრი პერანგი. ბიჭებისთვის კი შავი შარვალი და თეთრი "საროჩკა".

რუსკა წიქარიშვილი:

- ჩემი შვილი პირველკლასელია და ვფიქრობ, მოსწავლეებს ფორმა უნდა ეცვათ თუნდაც იმისთვის, რომ ერთმანეთის არ შეშურდეთ. უკვე აკვირდებიან, ვის რა აცვია, უფროსები კი იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რამდენლარიანია მისი მეგობრის სამოსი, რომელი ბრენდის. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შემოიღონ კანონი და ყველა სკოლის მოსწავლეს ფორმა უნდა ეცვას. იმედია, განათლების სამინისტრო იზრუნებს ამაზე.

ლიკა ქაჯაია