ადგილი საქართველოში, სადაც ქვასაც სული უდგას - გზაპრესი

ადგილი საქართველოში, სადაც ქვასაც სული უდგას

"ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი ილტოს პირას" სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი გახლდათ. მინდორზე მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ქართული მთისა და ფოლკლორის რაინდები ენაცვლებოდნენ. მათი შეჭიდება კაფიებით სიტყვის ზეიმად და დაუვიწყარ სანახაობად იქცა.

დედაქალაქიდან ახმეტისკენ დილაადრიან გავემგზავრეთ. სანამ ილტოს სანაპიროზე ფესტივალი დაიწყებოდა, კვეტარას დიდებული ციხე ქალაქი მოვინახულეთ.

უნებურად, ამ ციხის ხსენებისას, კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" და მისი პერსონაჟი შორენა კოლონკელიძე გახსენდება. ამბობენ, კვეტარაში კოლონკელიძეები მართლაც ცხოვრობდნენო. ციხემ ფუნქცია მას შემდეგ დაკარგა, რაც კვირიკე მეფემ სატახტო ქალაქი თელავში გადაიტანა.

როგორც მოლექსე ადამ ბექაურმა მოგვითხრო, ციხის შესახებ

ერთი ძალიან დრამატული ლეგენდა არსებობს. გადმოცემის თანახმად, კვეტარაში მემამულეებს უცხოვრიათ, რომლებსაც ბართანაც ჰქონდათ შეხება. მთიდან წამოსული საქონელი კვეტარას ჩამოივლიდა, ჩავიდოდა ბარში და იქ პირუტყვის პატრონი საბაჟოს გადასახადს იხდიდა. ერთ-ერთ მემამულეს, მთიელი ლამაზი გოგო მოსწონებია და ცოლადაც შეურთავს. ამ გოგოს მამას საქონელი რომ წამოუყვანია, საბაჟოზე შეუჩერებიათ. მას უთქვამს, უცხოები ხომ არ ვართ, სად გავიქცევი, გადავიხდიო. შეკამათებულან, - შენ რა ბევრს ლაპარაკობო. ამ კამათის დროს სიძეს ცოლის ძმა მოუკლავს. მკვლელთან GzaPressგამწარებული მამა მივარდნილა, მაგრამ ისიც მოუკლავს. გოგოს ძმისა და მამის გარდაცვალების შემდეგ მოჩვენებითი სიმშვიდე შეუნარჩუნებია. მერე კი ქმრისთვის და მისი ნათესავებისთვის საჭმელში საწამლავი ჩაუყრია, 9 ნათესავი მოუკლავს. მხოლოდ ძუძუმწოვარი ბავშვი დაუნდვია, მერე კი ქმრის ნათესავებს რომ არ მოეკლათ, მდინარე ილტოს ხეობის გავლით, პანკისში გადასვლა განუზრახავს. გზად, როცა ხიდზე გადადიოდა, ბავშვს კისერზე უკბენია. გაბრაზებულ ქალს ბავშვი წყალში გადაუგდია. ლეგენდის მიხედვით, გოგო მეორე ნაპირზე რომ გავიდა, მერე მიხვდა, რაც გააკეთა და ჭკუიდან შეიშალაო.

კვეტარის ციხიდან ილტოს ხეობაში, სოფელ ჭართალაში გადავინაცვლეთ.

მიხეილ ღანიშაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი:

- ილტოს ხეობაში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ფშავლები ცხოვრობენ. მოგეხსენებათ, ამ კუთხის შვილებისთვის ლექსი, კაფია, ფოლკლორი სიცოცხლის ნაწილია. ამ გარემოში ვიზრდებოდი, აქ ჩამოვყალიბდი, როგორც შემოქმედი. ჩემი ყოველდღიური საფიქრალი იყო, ისეთი რამე გამეკეთებინა, პოეტურ სიტყვასაც და ამ ხეობასაც გასაქანი მისცემოდა. ამ მხარეში ლექსობა-კაფიობის დიდი ტრადიციები არსებობს. ძალიან მინდოდა, ხეობაში, რომელიც უკვე დაცლის პირასაა, შეკრებილიყვნენ ადამიანები, მინდა ამ ფესტივალმა ხეობას ახალი სული შთაბეროს. ფესტივალის ჩატარება ტრადიციად იქცევა, ეს სადამფუძნებლო შეხვედრაა.

- ჭართალაში რა ხდება, დღეს რამდენი კომლია დარჩენილი?

- მიგრაციის პროცესი ამ ხეობიდან 50-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჭართალაში მხოლოდ 10 მუდმივად მცხოვრები ოჯახია დარჩენილი. თავის დროზე დიდი სოფელი იყო. 1951 წლის მონაცემებით, ილტოს ხეობაში 700 სულამდე ცხოვრობდა. დღეს ხეობის 13 სოფლიდან მოსახლეობა მხოლოდ 6 სოფელში შემორჩა, დანარჩენები ნასოფლარებად იქცნენ. ეს ადგილი ხეობაში ბოლო დასახლებული პუნქტია. ახლა ჩვენ ვართ "სახრინავზე" (უკიდურეს მდგომარეობამდე) მისული. დენი 3-4 წელია გამოიყვანეს, წლების განმავლობაში უშუქობაში ვიყავით. ამდენი ადამიანი ერთად თავმოყრილი ამ ხეობას დიდი ხანია, არ ახსოვს.

GzaPress

კვეტარის საერისთავო უძლიერესი იყო, რომელიც აღმაშენებელმა ორგზის ლაშქრობის შემდეგ ძლივს დაიმორჩილა. ერთ დროს ხალხმრავალი ეს ხეობა ნასოფლარებად იქცა, მოხუცებიღა შემორჩნენ. ეს მთელი საქართველოს სატირალია. ჩემი მიზანია, ამ ღონისძიებებით ადამიანები მთისკენ მოვახედოთ. იქნებ ვინმეს სურვილი გაუჩნდეს, საკუთარ ფუძეზე დასახლდეს.

ომარ მარუქაშვილი:

- ჩემი სოფელი შახვეტილაა, თქვენ გამოიარეთ, სანამ ჭართალამდე მოხვიდოდით, ამჟამად ახმეტაში ვცხოვრობ. მსგავსი ღონისძიებები ამ ხეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, პარლამენტმა "მთის პროექტზე" მუშაობა დაიწყო, რომელიც მთაში მცხოვრები ოჯახებისთვის, მთელ რიგ შეღავათებს ითვალისწინებს. მე თქვენი კოლეგა ვარ და როცა ეს ამბავი რაიონის გაზეთში დავწერე, ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა. მეტიც, უკვე 12-მა ადამიანმა დაწერა განცხადება, ახმეტიდან ამოეწერა და ამ ხეობის სოფლებში ჩაეწერა. ისინი ახალგაზრდები არიან, ეს სასიამოვნო სიახლეა, დარწმუნებული ვარ, მომავალში მათ არაერთი ახალგაზრდა მიჰბაძავს.

- ეს ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა. ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შორის კაფიობა (მასშტაბს არ ვგულისხმობ) ხშირად იმართება?

- ილტოს ხეობა მოკაფიეებით იყო სახელგანთქმული. დიდი სუფრა, ქორწილი, დღეობები კაფიების გარეშე არ ტარდებოდა. ეს ჩემს "ბალღობაში" ხდებოდა. გამორჩეულად ერთი დეტალი მახსოვს, როცა ერთი ადამიანი მეორეზე სახუმარო ამბავს გაიგებდა, კაფიას გამოუთქვამდა და წისქვილის კარზე გააკრავდა. ეს ის ადგილი იყო, სადაც ადამიანები ხშირად იკრიბებოდნენ და ბევრი ვინმე კითხულობდა. კაფიის ადრესატები ხშირად პასუხს გვერდით მიუწერდნენ.

GzaPress

- ასეთი რამ დღეს აღარ ხდება?

- ლექსებთან ჩვენც "ჩახუტებულები" ვართ, მაგრამ ამას დღეს აღარავინ აკეთებს. ზოგიერთს, სახალხო მთქმელს რომ ეძახიან, პოეტებზე ასი თავით მაღლა დგანან.

- შეგიძლიათ, გაგონილი კაფიებიდან რომელიმე გაიხსენოთ?

- 1994 წელს, როცა რაიონული გაზეთი გაუქმდა, თავად გამოვეცი ახალი გაზეთი. ჩემთან მუშაობდა ელგუჯა უძილაური, რომლის პაპაც - გოგა უძილაური ხალხური პოეზიის რაინდი იყო, მელექსეთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ჩვენთან თანამშრომლობდა ერთი ხევსური გოგოც, რომელიც ელგუჯას შეუჩნდა, როგორი ფშაველი ხარ, მიდი, ერთი კაფია დამიწერეო. ელგუჯა აფრთხილებდა, - თავი დამანებე, თორემ ისეთ რამეს დაგიწერ, გეწყინებაო. მაინც არ მოეშვა და კაფია თავად ამ გოგომ დაუწერა: "თანდათან მეუცხოება, დამჭკნარი ნესვის ფერია,/ არც წინ გეტყობა ნომრები, არც უკანიდან - სერია,/ თანაცა პოლიტიკოსობ, დადიხარ როგორც ბერია (ლავრენტი ბერიას გულისხმობდა)". ეს კაფია მე მომცა და მთხოვა, ელგუჯასთვის გადამეცა. ვალში ელგუჯაც არ დარჩა, მეორე დღესვე პასუხი მომიტანა, ამ კაფიის წაკითხვას ვერ გავუბედავ, შენ გადაეციაო: "გავიგე, ხევსურის ქალო,/ ჩემზე ლექს დაგიწერია,/ თურმე ის უფრო გაწუხებს,/ რომ არ მივარგა ფერია,/ არც წინ მეტყობა ნომრები,/ არც უკანიდან - სერია./ წელს ზევით დაგიხატივარ,/ თავი არ შაგირცხვენია,/ რად არ წელს ქვეით დამხატე,/ ჩამომაყოლე ხელია,/ იქა მკიდავის ნომერი,/ სერიაც ზედა სწერია,/ როგორ ფერსაც კი ინატრებ, ზუსტად ისეთი ფერია,/ ახლოს ნუ მიხვალ, უფრთხილდი, /დედაკაცების მტერია".

- გოგოს პასუხი აღარ დაუწერია?

- არა. კაფიობა შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. თუ გაჯობა, უნდა გეყოს ვაჟკაცობა და აღიარო.

ლაფანყურელი მოლექსის, ბიძინა მჭედლურის გამოსვლამ ყველაზე მეტად გაგვახალისა. მან ლუკა მთიბელაშვილის ლექსი წაიკითხა:

"ვინ მაიგონა "ჯოკერი" ეს მამაძაღლის ოხერი,/ არ ითამაშებს მაგასა, ვინც არის ჭკვაზე მყოფელი,/ რაც მაგის თამაშ დაიწყეს, შააჩოჩქოლეს სოფელი,/ ერთხელ ვუყურე. ჩხუბობდნენ/ კიღამ ერთმანეთ დახოცეს,/ ზოგნი იძახდნენ "წამგლიჯეს",/ ზოგნი იძახდნენ "შამტენეს",/ მერე აიღეს რვეული, სულ სათითაოდ დაწერეს,/ იჩხუბეს, ინერვიულეს, ბევრი არიეს, დაირეს,/ ვინ მტყუან იყო, ვინ მართალ, მაინც ვერაფერ გაიგეს/ ზოგ გეგმა ვერ შეასრულა, ზოგმა პრემიაც აიღეს./ ბოლოს რომ იანგარიშეს, ჯამი ბოლოში შაქუჩდა/ აიქ კი ყველამ გაიგო, ვინ უფრო ბევრჯერ გაფუჭდა./ კაცმა უნდა თქვას სიმართლე, თამაში მეც კი მეწადა,/ მაგრამ წყეული "შატენვა" მაშინებს მეტის მეტადა./ ვინც მაგის თამაშს დაიწყებს, ერთ არ დარჩება ბერწადა".

სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ კი ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის სერა (სერაპიონ) რუსულაშვილის ერთი კაფიაც გაიხსენა და ამბავი, რომელიც ლექსის დაწერას წინ უძღოდა.

- ჩემი და - მზია, გერმანიაშია გათხოვილი. ერთ დღეს ჩვენთან სახლში სტუმრად ცნობილი მოლექსე, სერა იმყოფებოდა. მზიას უთხრა, შენგან სხვა არაფერი მინდა, გერმანიიდან კალოშები გამომიგზავნეო. მზია დაჰპირდა, მაგრამ სერამ ეს დაპირება ხუმრობად მიიღო. მზიამ გერმანული კალოშები მართლაც გამოუგზავნა. სერამ სამადლობელი ლექსით "გადაიხადა": "მანამ იცოცხლე მზიაო, სანამ მთვარე და მზეაო,/ სანამდე სპილოსოდენა გაიზრდებოდეს ჭიაო,/ კალოშებს რომ მპირდებოდი, მეგონა ფანტაზიაო/ მივიღე დანაპირები, დღეს უკვე სახეზეაო/ ესეთი ფეხსაცმელები მის დღეში არა მცმიაო,/ თითქოს მუხლებიც მომირჩა, წნევამაც დამიწიაო".

GzaPress

ჩოხასა და ფაფახში გამოწყობილი რეზო ორბეთიშვილი სცენაზე ანსამბლ "კესანესთან" ერთად გამოვიდა.

- ალვანში ვცხოვრობ. კულტურულ ღონისიებებზე აქტიურად გამოვდივარ. წინ კიდევ რამდენიმე ღონისძიება გველოდება, ახლა შემოქმედებითი დუღილის პერიოდია.

- თქვენი ყოველდღიური ცხოვრება როგორია?

- ძროხების მოწველა, ყველის კეთება, სტუმრის მიღება, ხინკლის მოხვევა და გარმონთან ერთად თითო ოროლა ყანწის დალევა, არა გოჩა? - გადასძახა გოჩა ჩეკურიშვილს, რომელიც ასევე ფაფახითა და ხურჯინით დადიოდა. ის წინა საუკუნეებიდან გადმოსულ გმირს ჰგავდა (მისი საუბრის სტილი დაცულია).

- გული გამილაღდა, რომ დღევანდელი დღე ასეთი ლამაზი და საინტერესოა. ესტაფეტა გადავა ლაფანყურში, პანკისის ხეობაში, სადაც ძირძველი ფშავური სოფლებია. მთავარია, არ დავიზაროთ. დღევანდელი დღე მახარებს.

- ასე დღესასწაულებზე იმოსებით?

- ყოველთვის ასე ვიმოსები, ღანიშაშვილი უკან ბალღივით დამდევს, აბა, მაჩვენე, ხურჯინით რას დაატარებო? ილტოს ხეობას არც სტუმარი მოჰკლებოდეს და არც - მასპინძელი. ამოდენა ხალხი აქაურებ ერთად შაკრებილი არ უნახამ. მიშას ეს წამოწყება მცდელობაა იმასა, რომ გულ გაუღვიძოს ხალხს. თქვენ რომელი მედიასაშუალებიდან ხართ?

- "მედიაპალიტრა", ჟურნალი "გზა".

- შენ ხარ "პალიტრა", მე მაქვს "პოლიტრა", გზას დაგილოცავო, - მითხრა და მერე ხურჯინიდან თეთრი ქლიავის არაყი ამოიღო, ჩამომისხა... სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ. ჩემს კოლეგებთან დამაბარა: ილტოს ხეობიდან "პალიტრელებს" მოკითხვა "პოლიტრელებისგან" გადაეციო.

პოეტმა ლეილა ლეგაშვილმა ავტორებს მოუწოდა, ყველას საკუთარი წიგნი დაეტოვებინა. ამ ფორმით ჭართალაში შესაძლოა, კარგი ბიბლიოთეკა შეიქმნას. ნინო სალუქვაძე კი დადიოდა და ხელნაწერ ლექსებს აგროვებდა. მას მიზნად აქვს დასახული, ლექსები ავტორების ხელნაწერებით გამოსცეს.

ფშავლების ნაწილი ერთ კუთხეში ფუსფუსებდა. ზოგი ხინკალს ახვევდა, ზოგი მწვადის შესაწვავად ცეცხლს ანთებდა, კალმახს ხარშავდნენ და დამბალ ხაჭოს ამზადებენენ...

კაფიობამ სცენიდან სუფრაზე გადაინაცვლა. ლექსს "დები გოგოჭურების" სასიამოვნო სიმღერა ენაცვლებოდა. ვეებერთელა მთების ფონზე ყოველი ბგერა და ჰანგი სხვაგვარად შეიგრძნობა. წამოსვლა არავის უნდოდა, მაგრამ ჩვენი დაბრუნების დროც დადგა. ილტოს ხეობა იმ იმედით დავტოვეთ, რომ ეს ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ყოველ გაზაფხულს ერთმანეთს ისევ ჭართალაში შევხვდებით. გირჩევთ, ილტოს ხეობას თქვენც ეწვიოთ, - ადგილს, სადაც ქვასაც კი სული უდგას.

თამუნა კვინიკაძე