დასაშვები და დაუშვებელი მშენებლობები თბილისში და მთავარი სამოქმედო - გენერალური გეგმა - გზაპრესი

დასაშვები და დაუშვებელი მშენებლობები თბილისში და მთავარი სამოქმედო - გენერალური გეგმა

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, საქართველოში (და სხვა ქვეყნებშიც) ყოველთვის დაბალი პროცენტი მოდიოდა, ამიტომ ხალხის პასიურობა არ გამკვირვებია. როდესაც კანონი მეორე ტურს ითვალისწინებს, მისი დანიშვნა ყოველთვისაა შესაძლებელი. პირველ ტურში ხმა დავით ნარმანიას მივეცი და მგონია, რომ მეორე ტურში ის გაიმარჯვებს. ამ მხრივ, პრობლემები არ უნდა შეიქმნას. მიმაჩნია, რომ მერობის კანდიდატებმა უფრო კონკრეტულად უნდა თქვან, რა უნდათ. მაგალითად მე, ძალიან მაინტერესებს, მათ უკან რა ხალხი დგას - ვინ იქნებიან მოადგილეები, სამსახურების უფროსები, არქიტექტურის, კულტურის, ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელები, ზედამხედველები და ა.შ. ამის მიხედვით მივხვდები, როგორი იქნება მომავალი. პირადად ჩემთვის, გუნდს დიდი მნიშვნელობა აქვს! გვითხრან, ვინ წარმართავს ქალაქის განვითარებას.

ძველი თბილისის არასწორი რეკონსტრუქცია და დაუშვებელი მშენებლობები მთაწმინდაზე

- ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო, როცა 2000-იან წლებში ის შეზღუდვები გაუქმდა, რომელიც არსებობდა. ჩემი მერობის დროს, სართულიან შენობებზე კონტროლი იყო და მაგალითად, "იმელის" უკან რომ შენობა წამოჭიმეს, მაშინ ეს არ შეიძლებოდა. ვერა-ვაკეში 25 მეტრზე იყო შეზღუდვა, გააუქმეს და ვიღაცებს საშუალება მისცეს, სახელმწიფოსთან ვაჭრობა დაეწყოთ: თუ ფულს გადაიხდი, რამდენსართულიანიც გინდა, ააშენეო. ეს წარმოუდგენელია! თუ აკრძალულია, ფულით რატომაა დასაშვები?! ამ შემთხვევაში, სახელმწიფო, ფაქტობრივად, მექრთამე გამოდის. მერე ხეების მოჭრა დასჭირდათ, ნებართვა ისევ ფულით მოიპოვეს და ასე. ასეთი ვაჭრობა არ უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება მთაწმინდას, მაღალი შენობების აშენება და მისი დაფარვა საერთოდ არ შეიძლება. იცით, რა ამბავი იყო, ცეკა (ახლანდელი სახელმწიფო კანცელარიის შენობა. - ავტ.) რომ აშენდა? არქიტექტორებმა ხელი არ მოაწერეს და სამსახურებიდან მოხსნეს. მთაწმინდა თბილისის სავიზიტო ბარათია. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ვინმემ დიდი ფული რომ გადაიხადოს, ეიფელის კოშკის წინ, 50-სართულიანი სახლის აშენების უფლებას მისცემენ? ეს ხომ წარმოუდგენელია! პარიზში მაღალი შენობები ცენტრალურ ნაწილში არ არის. კანონმა ანგარიში არ გაუწია თბილისის ტრადიციებს, როცა დაუშვა, რომ ფულის გადახდის შემთხვევაში ყველაფერი შეიძლებოდა. ესაა გასაუქმებელი და ამიტომ მაინტერესებს, მომავალ მერსა და მის გუნდს ეს ამბავი ესმით თუ - არა. თბილისში ისეთი ფერდობებია, სადაც რაიმეს აშენება დაუშვებელია. მთაწმინდა წყნეთამდე უნდა განვიხილოთ. ეს ფერდობები ხომ გამწვანებულია, 30-იან წლებში მოტიტვლებული იყო, ხალხი მიჰყავდათ და ხეებს რგავდნენ.

თბილისის განვითარების პირველი გეგმები და ნელ-ნელა შემოერთებული უბნები

GzaPress- პირველი გეგმა პასკევიჩის დროს, 1834 წელს გაკეთდა, რომელზეც ხიდები დაადეს და მაშინ წარმოიქმნა რუსთაველის გამზირი, მთაწმინდა და მიხაილის გამზირი (პლეხანოვი). შემდეგ მოხდა ამის შევსება, რადგან თბილისი ძალიან პატარა იყო. მერე, 1932 წელს, 3 400 ჰექტრიდან 10 000 ჰექტრამდე გაზარდეს, როცა უკვე მოხდა ვაკის, საბურთალოს, წერეთლის გამზირის თბილისის განვითარებაში ჩართვა. იქ დაფიქსირდა, რომ 4 800 ჰექტარი გამწვანება უნდა ყოფილიყო. ბოტანიკური ბაღიც და სანაპიროებიც იმ გეგმის მიხედვით გაკეთდა. თბილისის შემოსასვლელი მაღლა იყო, აბანოთუბნისკენ. ის გზა არ არსებობდა. ბოლოს უკვე მიკრორაიონების გეგმა გაკეთდა. მთავარი კრიტერიუმი მოსახლეობის რაოდენობა იყო, ჩაწერის ინსტიტუტი არსებობდა. ახლა სულ სხვა კრიტერიუმებია...

ორსართულიანის გვერდით, 15-სართულიანის აშენება დანაშაულია. აშენებულის დანგრევა წარმოუდგენელია, მანამდე უნდა გათვალო. უბანს მოსახლეობით რომ ტვირთავ, უნდა იფიქრო, იქ იმდენი სკოლა და საბავშვო ბაღი თუა, მათ რომ ეყოს. გენგეგმის შექმნაში არქიტექტორების გარდა, კულტუროლოგები, ეკოლოგები, გეოლოგები უნდა ჩაებნენ. მტკვარი სერიოზული თემაა.

დასანგრევი "ხრუშჩოვკები" და ხელახლა აღსაწერი კულტურული მემკვიდრეობა

- ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი იმიტომ აშენდა, რომ ქალაქი თბილისის ზღვისკენ უნდა განვითარებულიყო, თბილისის ზღვა ქალაქის ცენტრში უნდა მოქცეულიყო, ამ ხიდიდან ესტაკადა რკინიგზაზე უნდა გადასულიყო და ზღვაზე ასულიყო. დიდი შეცდომა იქნება ძველი გეგმის პირდაპირ აღება, მაგრამ მასში ბევრი კარგი რამ იყო და მისი გამოყენება შეიძლება. ვახტანგ ბერიძე მთელი ინსტიტუტით იყო ჩართული თბილისის განვითარების საქმეში. თბილისის სახეს რა წარმოადგენს, ეს უნდა დადგინდეს. მაგალითად, "ლაღიძის წყლების" ადგილი ვინც იყიდა, მისი გადაკეთების უფლება არ უნდა ჰქონოდა. შეგიძლიათ ელისეს მინდვრებზე შოკოლადის მაღაზია იყიდოთ, მაგრამ პროფილს ვერ შეუცვლით! მერიას ეს უნდა ესმოდეს. გერმანიაში სპეციალური ინსტიტუტია, რომელსაც ბერლინის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. ჩვენთან კი "ქალაქპროექტი" გააუქმეს. ბარსელონაში გაუდის სახელოსნო ოფიციალურადაა სახელმწიფოსგან ამისკენ მიმართული და ის ზრუნავს ქალაქის განვითარებაზე.

დანგრეული ქალაქი - ნიკო ლეკიშვილის მერობის პერიოდი

- ჩემი მერობის პერიოდში, იმ გაჭირვებულ დროში, დამწვარ-დათუთქული რუსთაველი აღვადგინეთ. 21 000 ჯიხური ავიღეთ, მაგრამ ეს ფაქიზი თემა იყო, ხალხი ამით ცხოვრობდა, ერთი ჯიხურის უკან 10-15 ადამიანი მაინც იდგა - მომმარაგებლები და ა.შ. მაგალითად, გლდანსა და ვარკეთილში ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, რომ ამ მიმართულების განვითარებას მე თვითონ შევუწყვე ხელი. დენისა და გაზის პრობლემებზე, საშინელ კრიმინალურ მდგომარეობაზე აღარ ვილაპარაკებ. რუსთაველის თეატრის, უნივერსიტეტის წინ, ელბაქიძის დაღმართზე ბენზინით სავსე მანქანები იდგა და ავტომატიანი ხალხი ყიდდა. რა უნდა გვექნა? მათი გაყვანა ნელ-ნელა, ლაპარაკ-ლაპარაკით მოვახერხეთ. აბა, მილიციას იარაღიც არ ჰქონდა. ერთხელ, მერიაში 900 ავტომატიანი კაცი მოგვადგა, როცა გამოვაცხადეთ, რომ რუსთაველზე, ცენტრში ბენზინის ავტოცისტერნებს აღარ გავაჩერებდით. მთელი ამბავი იყო, ისროდნენ, - დაგხვრეტთო! მაშინ რომელ მშენებლობასა და განვითარებაზე უნდა გვეფიქრა? "სასწრაფოს" და ნაგვის მანქანები არ იყო. საარბრიუკენში გადავფრინდი და იქიდან "მერსედესის" მარკის ნაგვის მანქანების გარკვეული რაოდენობა ჩამოვიყვანეთ. წყალსადენს ტექნიკა არ ჰქონდა. პირადად მე, რამდენიმეჯერ შემიჩერებია ავტომატიანი ადამიანები. მერიაში 1993 წლის ნოემბერში მოვედი. პური არ იყო, რიგში ერთმანეთს ხოცავდა ხალხი, მერე ტალონები მოვიგონეთ. ეს საკითხი 20 დღეში მოგვარდა. ახალი წელი ახლოვდებოდა და ქალაქში კანფეტი არ იყო, ძვირად ღირებულ შოკოლადს თუ არ ჩავთვლით, იმის ყიდვა კი ყველას სად შეეძლო?! ავდექი, რუსეთში მანქანებით გავგზავნე ხალხი და უბრალო კანფეტი ჩამოვიტანეთ. სახელმწიფო არ არსებობდა. მერე, ნელ-ნელა ჯერ რუსთაველი მოვაწესრიგეთ, პირველი სკოლა ავაშენეთ, მერე აბანოთუბანი აღვადგინეთ; ფასადები, გარე განათება, ტრანსპორტი მოვაწესრიგეთ და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვმოქმედებდით... ასე რომ, ქალაქის ნებისმიერ მერს თავისი ეპოქის შესაფერისი ამოცანები აქვს. ამიტომ თბილისის მომავალმა მერმა მთავარ საკითხად და ამოცანად დედაქალაქის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა დაისახოს.

თამთა დადეშელი, ჟურნალი "გზა"