რა ჯდება სკოლის დამთავრება? - გზაპრესი

რა ჯდება სკოლის დამთავრება?

"ბოლო ზარი", მაისურებზე სამახსოვრო წარწერები, ქუჩებში სეირნობა, ფოტოსესია, საბანკეტო სუფრა, ეს ტრადიცია თითქმის ყველა სკოლაში შენარჩუნებულია. ბოლო წლებია, მოდაში ფლეშმობი შემოვიდა. ბავშვები "ბოლო ზარის" დღეს ფლეშმობს აწყობენ, ზოგი სპექტაკლს დგამს, რისთვისაც ისინი ხშირად რეჟისორსაც ქირაობენ. ცალკე პროცესია საბანკეტო ტანსაცმლის შერჩევა, რომელსაც დიდი დრო სჭირდება. დაღლილ-დაქანცულები დადიან მაღაზიებსა და ბაზრობებზე, სასურველი ტანსაცმლის შესარჩევად. ცხადია, ეს ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. მშობლებს ხშირად ამის საშუალება არა აქვთ, მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ შვილები გაახარონ და ლამაზი დღე აჩუქონ.

შევეცადეთ, დაგვეთვალა სკოლის დამთავრებისთვის საჭირო ხარჯები და საკმაოდ სოლიდური თანხა გამოვიდა. საბანკეტო კაბების ფასი 150 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე მერყეობს. თუ დიზაინერთან შეიკერავ კაბას, შეიძლება უფრო ძვირიც დაჯდეს. სადღესასწაულო ვარცხნილობა მინიმუმ 30 ლარი ღირს, ამას ემატება მაკიაჟი - 10 ლარი, ფრჩხილები - 10 ლარი, კოსტიუმის ფასი კი 150 ლარიდან იწყება. ფეხსაცმლის, ბანკეტის სუფრისა და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები მინიმუმ - 500, მაქსიმუმ - 1.000 ლარამდეც ადის, ეს გემოვნებასა და ოჯახის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.

ანანო რუხაიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის XII კლასი წარმატებით დაამთავრა და ოქროს მედალიც აიღო. ულამაზესი იყო ბანკეტზეც, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის და სტუდენტობისთვის ემზადება.

ანანო რუხაია:

- პირველ რიგში ყველა ჩემს თანატოლს ვულოცავ სკოლის წარმატებით დამთავრებას, წინ კიდევ ერთი ციებ-ცხელება გველის და მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას. კლასელებთან ერთად მეც მოუთმენლად ველოდებოდი "ბოლო ზარს". იმ დილას 9 საათზე გავედი სახლიდან, უცნაური შეგრძნება მქონდა, თეთრი ზედა მეცვა და ვიცოდი, სახლში წერწერებით დამშვენებული დავბრუნდებოდი. იმ დღეს უბედნიერესი ვიყავი... მეორე დილას ისევ გაიარა ჩემი სახლის წინ უამრავმა ბავშვმა, ჩემი სკოლის ზარი ისევ დაირეკა და სწავლა გაგრძელდა ჩემი და ჩემი კლასელების გარეშე. არ მეგონა, გული ასე თუ დამწყდებოდა.

GzaPress

- ანანო, გამოსაშვები საღამოსთვის ალბათ საგანგებოდ ემზადებოდი.

- ბოლო ზარს თან სდევს გამოსაშვები საღამო. ერთი სული მქონდა, როდის შევარჩევდი კაბას, წითელ ხალიჩაზე როდის გავივლიდი. ბევრი ვიფიქრე, რა უნდა ჩამეცვა ჩემთვის განსაკუთრებულ დღეს. ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩემებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გავეხარებინე. საკმაოდ ძვირი დაჯდა ეს სიამოვნება. თუ დაწვრილებით გაინტერესებთ, გეტყვით ფასებსაც: კაბაში 190 ლარი გადავიხადე, ფეხსაცმელში - 150, სუფრა 200 ლარი დაჯდა, კლაჩი - 50, ყელსაბამი - 35, ამას დაემატა მაკიაჟი, ვარცხნილობა, ბოლო ზარისა და მგზავრობის თანხები. ჩვენს სოფელში არ არის რესტორანი და ამიტომ წყალტუბოში წავედით და იქ გადავიხადეთ ბანკეტი. საბოლოოდ ყველაფერი 1.000 ლარამდე დამიჯდა. ბევრნი არ ვიყავით კლასში, ამან კიდევ უფრო გაზარდა ხარჯი. ყველანაირად ვეცადეთ, საბანკეტო სუფრაც კარგი ყოფილიყო და მართლაც დაუვიწყარი დღე გამოვიდა.

ქრისტინე ფოცხორაია თბილისის 81-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის წლების მანძილზე მშობლებთან ერთად სოჭში ცხოვრობდა, რუსულ სკოლაში დადიოდა, ყოველ წელს მშობლებს საქართველოში ჩამოჰყავდათ და ძალიან შეუყვარდა სამშობლო. გული სულ აქეთ მოუწევდა. წამოიზარდა, ერთ დღეს მშობლებს უთხრა, - საქართველოში მინდა ცხოვრება და იქ ვივლი სკოლაშიო. იმდენად მტკიცე იყო მისი გადაწყვეტილება, მშობლები ვერ შეეწინააღმდეგნენ და ერთადერთი ქალიშვილი თბილისში გამოუშვეს. უკვე წლებია, ულამაზესი ქრისტინე თბილისში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. მშობლები ისევ სოჭში არიან, იქ მუშაობენ, უჭირთ ერთადერთი შვილის გარეშე ყოფნა, თუმცა, ხშირად აკითხავენ და ცდილობენ, ყველა პირობა შეუქმნან ბედნიერი მომავლისთვის. რეპეტიტორებთან სიარული როგორც ყველა აბიტურიენტს, ქრისტინესაც დასჭირდა. მან ქართული ძალიან კარგად ისწავლა და უნივერსიტეტში ქართულ ფაკულტეტზე აბარებს. დარწმუნებული ვარ, წელს სტუდენტი გახდება და წინ დაუვიწყარი სტუდენტობა, ბევრი წარმატებული და ბედნიერი დღე ელოდება.

GzaPress

- ქრისტინე, გილოცავ სკოლის დამთავრებას, გისურვებ წარმატებებს. რა განცდაა, როცა სკოლას ამთავრებ?

- ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. სკოლა დავამთავრე. ბუნებრივია, ყველას უნდა, ეს დღე გამორჩეული იყოს. მე და ჩემმა კლასელებმაც გადავწყვიტეთ, ლამაზი საღამო გამოგვსვლოდა. "ბოლო ზარისთვის" რეჟისორი დავიქირავეთ, მასთან ერთად დავდგით პატარა სპექტაკლი მასწავლებლებისთვის. ბოლო დღეები განსაკუთრებით ტკბილ მოგონებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. ალბათ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს გაიზარდე და ახლა უკვე მართლა დიდი ხარ. ადრე, როცა ვუყურებდი სხვა კურსდამთავრებულებს, სულ ვნატრობდი, ჩემთვისაც მალე დამდგარიყო ეს ლამაზი დღე. ბოლო ზარის შემდეგ ქალაქში ვისეირნეთ, ბოლოს ძალზე დაღლილები, მაგრამ არაჩვეულებრივ განწყობაზე მივედით რესტორანში. რესტორანი წინასწარ დავჯავშნეთ, სადაც ჩვენ გარდა კიდევ ერთი სხვა სკოლის XII კლასი აღნიშნავდა ამ დღეს. ერთმანეთი გავიცანით და ყველამ ერთად ძალიან ვიმხიარულეთ. დარწმუნებული ვარ, არავის უნდოდა, ეს დღე დამთავრებულიყო...

- ბანკეტი არ გქონიათ?

- სამწუხაროდ, ბანკეტი არ გვქონია გარკვეული მიზეზების გამო და სიმართლე გითხრათ, ამაზე გული ძალიან მწყდება. ერთხელ არის ადამიანის ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი და ვფიქრობ, ეს ლამაზი დღე ყველას უნდა გვქონდეს. რას ვიზამთ, ასე მოხდა. ამიტომ განსაკუთრებული საბანკეტო კაბა არ მიყიდია. რეჟისორისთვის 80-80 ლარი შევაგროვეთ, ვიდეოც გადაგვიღო, მასწავლებლების საჩუქრისთვის 20-20 ლარი ავკრიფეთ, სამახსოვროდ ყველა პედაგოგს პლედი ვუყიდეთ. ამას დაემატა რესტორნის 30 ლარი. ასეთი მოკრძალებული იყო ჩვენი სკოლის ხარჯები. ახლა მთლიანად მისაღებ გამოცდებზე ვარ გადართული, მინდა ოცნება ავიხდინო და სტუდენტი გავხდე. წარმატებებს ვუსურვებ ყველას ეროვნულ გამოცდებზე და ბედნიერი მომავალი. მადლობა ჩემს პედაგოგებს გაწეული შრომისთვის.

- თბილისში ერთი საგნის მომზადება რა ჯდება?

- ერთი საგანი წელიწადში 630 ლარი ჯდება, გააჩნია, რამდენ საგანში ემზადები. როგორც წესი, 4 საგანში ემზადებიან ბავშვები.

გიორგი ხულორდავა კი სოფელ სალხინოს საჯაროს სკოლის გამორჩეული მოსწავლეა. ის სოციალურად დაუცველ ოჯახში იზრდება. მასზე ჩვენ ჟურნალ "გზაში" ვწერდით. ერთ-ერთ პროექტში გაიმარჯვა, მოპოვებული 500 ლარით სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები შეიძინა და თანატოლებისთვის ბიბლიოთეკა გაამდიდრა.

GzaPress

გიორგი ხულორდავა, კურსდამთავრებული:

- მხიარული და თან სევდიანი განწყობა მაქვს. წლებმა ძალიან ჩქარა გაირბინა. მაინც დიდი სიხარულია, რომ ამთავრებ და სხვა გზაზე გადიხარ, ახალ ცხოვრებაში გადავაბიჯებთ მე და ჩემი თანატოლები, მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ მოგვენატრება ბავშვობა. მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კმაყოფილები ვართ. ბანკეტისთვის მზადება თითქმის შემოდგომიდან დავიწყეთ. განსაკუთრებით გოგონები ემზადებოდნენ, ყოველდღე ახალ-ახალი იდეები მოჰქონდათ, გვინდოდა, ყველაფერი ლამაზად გამოსულიყო. ორგანიზაციულმა საკითხებმა დიდი ენერგია წაიღო, ყველაფერს ვწერდით, ვნერვიულობდით, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რესტორნის სუფრა თითოეულს 200 ლარი დაგვიჯდა. პედკოლექტივიც დავპატიჟეთ და ვფიქრობ, მათაც ძალიან ისიამოვნეს ჩვენთან ერთად. რაც შეეხება ტანისამოსს, ეს ყველასთვის ინდივიდუალურია, ვის როგორი გემოვნება და საშუალება ჰქონდა, იმის მიხედვით დაიხარჯა თანხები. პირადად მე, ტანსაცმელში 300 ლარი დავხარჯე, სხვებმა - 400 და უფრო მეტი. საბოლოოდ, 500-600 ლარამდე დაჯდა ყველაფერი. ჩვენს კლასში და-ძმა სწავლობდა და ბუნებრივია, მის ოჯახს 1.000 ლარიც დასჭირდებოდა.

- გიორგი, სკოლა არ იძლევა საკმარის განათლებას, ამიტომ ყველას რეპეტიტორი სჭირდება?

- ძვირია აბიტურიენტობა, ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩემი მეგობრები უკვე ორი წელია, ემზადებიან პედაგოგებთან, საგნის მომზადება 50 ლარი ღირს, მაგრამ რაიონში უწევდათ სიარული, რასაც გზის ხარჯები ემატება. ბოლოს 40 ლარი - ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის თანხაც გადავიხადეთ. ხშირად კამათობენ, საჯარო სკოლა იძლევა თუ არა სათანადო განათლებას, ამაზე ჩვენც ბევრი გვიმსჯელია. ვფიქრობ, ჩვენც ვცოდავთ, მოსწავლეები, თავიდან ვზარმაცობთ და ბოლოს გვინდა, ცოდნა ავინაზღაუროთ. სკოლა სათანადო განათლებას მართლა იძლევა.

- შენ არ გივლია პედაგოგებთან?

- არ ჰქონდა ჩემს ოჯახს ამის საშუალება, ამიტომ სახლში ვიჯექი და ვმეცადინეობდი. იანვრიდან დავიწყე სიარული და ვფიქრობ, საკმარისი იქნება. ჩვენს სკოლაში კარგი პედაგოგები არიან და ყველაფერი გააკეთეს, განათლება რომ მიგვეღო.

გიორგი ძალიან აქტიური ბიჭია, ის ყველანაირ კონკურსში მონაწილეობს. პატარაობიდან თარგმნის ლექსებს. 31 მაისს, თბილისში VI საავტორო სკოლაში ლიტერატურული პრემია - "ამირანის" ფინალისტთა დაჯილდოება გაიმართა. თარგმანის ნომინაციაში გაიმარჯვა და საჩუქრად 1.000 ლარი და სიგელი გადაეცა. ამით მშობლებს მისთვის გაწეული ხარჯების დაფარვაში დაეხმარა.

P.S. მინდა, ამ ბავშვებს და ყველა კურდამთავრებულს ოცნებების ასრულება და დიდი წარმატებები ვუსურვო ცხოვრებაში.

თეა ხურცილავა