ქართული "დედაენა" თურქეთის სკოლებში - გზაპრესი

ქართული "დედაენა" თურქეთის სკოლებში

ყველა მათგანი სამშობლოდან პრობლემებს გამოექცა. დაბრუნებას ყველა აპირებს, ოღონდ - "მერე"... მანამდე კი ცდილობენ, ქართულ ფესვებს არ მოსწყდნენ...

მათგან შევიტყვე, რომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლება დაიწყო. აქაური ქართველები ვცდილობთ, იმ სკოლაში ვატაროთ შვილები, სადაც ქართულს ასწავლიანო, - მითხრეს.

როგორც გაირკვა, თურქეთის განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ქართული ენის სწავლების პროგრამა, რომელიც მიმდინარე წლიდან თითოეულ საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, V, VI, VII და VIII კლასებში 244 საათს ითვალისწინებს.

აღნიშნული პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში "ქართული კულტურის სახლის" ხელმძღვანელს, ერდალ ქუჩუქსა (ელიზბარ ცივნარიძე) და ცნობილ ანკარელ მწერალ ქალს, ქევსერ რუჰს (ქეთევან ხანთაძე). პროგრამის თარგმანში ქევსერ რუჰთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი მარიამ გაფრინდაშვილი.

ელიზბარ ცივნარიძე, პროექტის ორგანიზატორი:

- ეს პროექტი თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის მართლაც ისტორიული მნიშვნელობისაა და ეს პერიოდი ალბათ ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში. "ქართული კულტურის სახლის" ინიციატივითა და თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მათთან თანამშრომლობის საფუძველზე, მომზადდა "ქართული ენის სასწავლო პროგრამა" (ნუსხა), როგორც არჩევითი საგანი თურქეთის სკოლების მოსწავლეებისთვის.

- შემდეგი ეტაპი რა იქნება?

- ჩვენი სურვილია, მთელი თურქეთის მასშტაბით, საშუალო სკოლებისა და რელიგიური სკოლების V, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებმა მას მიანიჭონ უპირატესობა, როგორც არჩევით საგანს. მთავარია, ინფორმაცია სწორად და დროულად მიაწოდონ ქართული წარმოშობის მოსწავლეებსა და მშობლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართულია. უკვე ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ყველას, ვისაც ქართული ენის შესწავლა აინტერესებს, მოვუწოდებთ, უპირატესობა ქართულ ენას მიანიჭონ. არსებული რეგულაციის თანახმად, სკოლის ხელმძღვანელობას სპეციალური კლასის გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ 10 მოსწავლე მაინც გამოთქვამს ამის სურვილს. აქამდე არსებულ მსგავს სასწავლო პროგრამებს შორის, ქართული ენა პირველია, რომელიც თურქეთის საგანმანათლებლო სისტემაში საკუთარი ანბანით შემოდის. გარდა ამისა, ქართული აღიარებულია, როგორც საერთაშორისო, ისე - ადგილობრივ, ცოცხალ ენად.

- როდის და როგორ დაიწყო ამ პროგრამაზე მუშაობა?

- ამ მიმართულებით სამუშაოები პირველად 2004 წელს დაიწყო, როდესაც თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროსგან მოვითხოვეთ განათლების უფლება მშობლიურ ენაზე. 2012 წელს კი მივმართეთ მოთხოვნით, არჩევითი საგანი ქართული ყოფილიყო. 2013 წელს, მწერალმა და თარჯიმანმა ფაჰრეთინ ჩილოღლუმ მოამზადა სასწავლო პროგრამა და ქართული ენის სწავლების ნუსხა. ეს სამუშაოები 2014 წელს თურქეთისა და საქართველოს პედაგოგთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა ჯგუფმა გააგრძელა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრს, ნაბი ავჯის, ეროვნული განათლების სამინისტროს სწავლებისა და აღზრდის საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ ემინ ქარიფს, დაწყებითი განათლების გენერალურ დირექტორატს და სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, ასევე, ყველა იმ სპეციალისტს საქართველოდან და თურქეთიდან, ვინც ქართული ენის სასწავლო პროგრამა მოამზადა, მათ შორის - მწერალსა და პედაგოგს, ქევსერ რუჰის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თურქეთში სასწავლო ნუსხის მომზადებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ახმედ ოზქანის (მელაშვილი) და მისი მეგობრების მიერ თურქეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმის წამოწყება - მათ მიერ ანთებული ცეცხლი დღესაც გვინათებს და გზის გვიჩვენებს... "ქართული კულტურის სახლი" ძალიან ამაყი და ბედნიერია, რადგან იზიარებს ამ დიდ სიხარულს, როგორც თურქეთელ ქართველებთან, ისე ყველა ქართველთან, ერთად.

ქევზერ რუჰი, ქართული ენის პროგრამის ავტორი:

GzaPress- ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, საჭირო პროექტია. ქართველი სპეციალისტების მიერ მომზადებული პროგრამა თურქულ ენაზე მარიამ გაფრინდაშვილმა თარგმნა. მე თარგმანის რედაქტორი ვარ. თარგმნისა და რედაქტირების დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ პროგრამა არასრულყოფილი იყო.

- კონკრეტულად?

- კონკრეტულად, ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ქურთული, ჩერქეზული და აფხაზური ენების პროგრამებს გადავხედე, რომლებიც უფრო ადრე მომზადდა. ქურთული ენა ლათინური ანბანით ისწავლება, ჩერქეზული და აფხაზური კი - კირილიცით. ქართულს საკუთარი ანბანი აქვს. პროგრამაც ამის გათვალისწინებით უნდა მომზადებულიყო... თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტრო კი პროგრამის - "ენების ერთიან ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტის" კრიტერიუმების შესაბამისად მომზადებას ითხოვდა. ნიმუშად "ევროპული ენების საერთო ჩარჩო-დოკუმენტი", სხვა ენებისა და კილოკავების პროგრამები ავიღე და ქართული ენის პროგრამა მოვამზადე, რომელიც თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს ოთხმა სხვადასხვა თანამშრომელმა დაწვრილებით შეისწავლა. საბოლოოდ, პროგრამა დამტკიცდა, რის შემდეგაც საქარიას ვილაიეთის გეივეს რაიონის სოფელ ნურუოსმანიეში ქართული ენის არჩევით საგნად სწავლება დაიწყო... პროგრამა კოლექტიური შრომის შედეგია. სამუშაოში "ქართული კულტურის სახლიც" ჩაება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო და დახმარება აღმოგვიჩინა.

მუსტაფა კოლათი, მასწავლებელი:

- ეს პროგრამა შარშან სექტემბერში, სკოლების გახსნის შემდეგ დამტკიცდა. ველოდით, რომ ქართული კლასი გასულ სეზონზე გაიხსნებოდა, მაგრამ სექტემბრის ბოლომდე ვერ მოხერხდა... ერთი სიტყვით, ივნისის პირველ კვირაში მივედი მშობლებთან, ვთხოვე, განცხადებები შეიტანონ საქარიას ვილაიეთის გეივეს რაიონის სოფელ ნურუოსმანიეს სკოლაში, სადაც რაიონის განათლების განყოფილების ხელმძვანელობის ინიციატივით, მასწავლებლად ვარ წარდგენილი. ეს საკმაოდ რთული იყო და უნდა გამოვტყდე, ძალიან გამიჭირდა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს ვერ წარმოედგინათ, თუ ამ პროექტის განხორციელება რეალური იქნებოდა და გაოცებულები მეკითხებოდნენ, - როგორ? აქაურ სკოლაში ქართული შეისწავლებაო?!. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ისინი დაგვეჯერებინა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანეს განცხადებები.

- ალბათ თქვენც გაიარეთ გარკვეული გადამზადება, ხომ?

- დიახ. გარდა ამისა, არაერთი შეხვედრა მქონდა რაიონის განათლების განყოფილების დირექტორთან და საბოლოოდ, შეთანხმებასაც მივაღწიეთ... უკვე ორი კლასი არსებობს სოფლის სკოლაში. ამ ეტაპზე 25 ქართველი მოსწავლე ეუფლება ქართულ ენას.

- ბავშვებმა ქართული ანბანი იციან?

- არა. საერთოდ, არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე ანბანიც იციან და წერა-კითხვაც. საბედნიეროდ, ძალიან დაინტერესებული არიან. მჯერა, რომ სეზონის ბოლომდე ანუ 2015 წლის ივნისამდე, გარკვეულ - საწყის დონეზე შეისწავლიან ქართულს... როდესაც ბავშვების მშობლები მოვიდნენ სკოლაში, საკუთარი თვალით ნახეს ვითარება, დაესწრნენ გაკვეთილს და ძალზე კმაყოფილი დარჩნენ, თუმცა, კითხვის ნიშნები მაინც დარჩათ. არიან ისეთი მშობლებიც, ვისაც არ აინტერესებს და ვცდილობთ, ამ პროექტში როგორმე "ჩავითრიოთ". იმედია, ჩვენი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. მუშაობის პროცესში მივხვდი, რომ ეს საქმე საკმაოდ რთული და შრომატევადია, მაგრამ აუცილებელია და რახან დავიწყეთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

- მასწავლებლების ნაკლებობა თუ იგრძნობა?

GzaPress- დიახ, ეს პრობლემა მართლაც დგას და აუცილებლად მოსაგვარებელია. მაგალითად, მე მაქვს ჩემი ბიზნესი, რის გამოც, დრო შეზღუდული მაქვს. ამასთანავე, პროფესიით ქართულის მასწავლებელი არა ვარ, მაგრამ სხვა გზა არ იყო. თანაც, ქართული ბრწყინვალედ თუ არა, ნორმალურად ვიცი და ამიტომ, როდესაც მასწავლებლობა შემომთავაზეს, უარი არ მითქვამს. ჯერჯერობით პირველი ნაბიჯები გადავდგით. მომავალი წლისთვის მეტი ამბიცია და იმედიც მაქვს, რომ ჩანაფიქრის განხორციელებას შევძლებთ. გვინდა, ეს პროექტი დანარჩენ რაიონებშიც გავრცელდეს, მეტი დაინტერესება იყოს და მასწავლებლების დეფიციტის პრობლემაც მოგვარდეს.

ლალი პაპასკირი