დიდი ტკივილი და ბევრი პოზიტივი
font-large font-small
დიდი ტკივილი და ბევრი პოზიტივი
"დამიჯერეთ, იმ წუთებში საქართველოში პოლიტიკა არ არსებობდა"
ბიჭები, რომლებიც თაიგულს მხოლოდ ტალახიან გოგონებს ჩუქნიდნენ. დედაქალაქის სტუმრები, რომლებიც მოხალისეებს ჰამბურგერებით უმასპინძლდებოდნენ. მოხალისე ბიჭი ყავარჯნით.

პენსიონერი ბაბუ, რომელმაც "მზიურში" ერთი პური და 1 კილოგრამი ვაშლი მიიტანა. რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები. პატარა ბიჭი, რომელმაც ყულაბა გახსნა და ველოსიპედისთვის ნაგროვები თანხა დაზარალებულ თანატოლებს გაუნაწილა. გოგონა, რომელიც "მზიურში" კანფეტებიანი პარკით დადიოდა და მოხალისეებს ტკბილეულს სთავაზობდა. მეტროსთან თანხის შესაგროვებლად ამღერებული ახალგაზრდები. პატიმარი, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრის ინიციატივით, პრეზიდენტმა შეიწყალა და განსაცდელის ჟამს მცირეწლოვან შვილებთან დააბრუნა.
თურმე რამდენი შეგვძლებია! ეს ერთიანობის ჯაჭვის მცირე ფრაგმენტია. ამ დღეებში, დიდ ტკივილთან ერთად, ბევრი პოზიტივიც ვნახეთ.

გმირობის ამბებს ფოტოებიც "გვიამბობენ" - ფოტოები, რომლებზეც ჩემი რესპონდენტები არიან აღბეჭდილნი.
კახა კალაძე, რეგალიებისა და პოლიტიკის გარეშე, ადამიანური განცდებითა და ემოციით ბევრს დაამახსოვრდა. ის უცხოური პრესის ყურადღების ცენტრშიც არაერთგზის მოექცა.
GzaPress
დავით ჭავჭანიძე, დასუფთავების სამსახურის სარემონტო ბლოკის უფროსი:

- სტიქიის დღიდან სამუშაოებში აქტიურად ვარ ჩართული. როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ, მთელი სამსახური 24-საათიან რეჟიმზე გადავედით. კახი კალაძე შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრ დროს ატარებდა. პირადად ეცნობოდა ყველა პრობლემას, შედიოდა ყველა ცხელ წერტილში, ეცნობოდა სიტუაციას, ყველანაირი დეტალი აინტერესებდა. აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს ეკონტაქტებოდა. მთავრობის სხვა წევრებიც მოდიოდნენ, ყველა ჩაბმული იყო, მაგრამ ბატონი კახი დღეში 5-6-ჯერ მაინც მოდიოდა.

- რას გვეტყვით იმ ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა - კალაძის გვერდით ფეხმორთხმული რომ ზიხართ? ფოტოს გადაღებისას რა ხდებოდა, წინ რა მოვლენები უსწრებდა?
- ეს ფოტო იმ დღესაა გადაღებული, მოსახლეობასა და მოხალისეებს, მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო, სვანიძის ქუჩის დატოვება რომ მოსთხოვეს. ბატონი კახი ბოლო წერტილამდე, იმ ადგილამდე, სადაც პირველი დარტყმა იყო, თავად ჩავიდა. პირადად აკონტროლებდა, სახლებში არავინ დარჩენილიყო. მოსახლეობას სთხოვდა, ტერიტორია დროებით დაეტოვებინათ. თავად შედიოდა სახლებში და მდგომარეობას უხსნიდა. ცხელი წერტილი თავად მას შემდეგ დატოვა როცა ბოლო მცხოვრები ამოვიდა და დარწმუნდა, ქუჩაზე აღარავინ იმყოფებოდა. ამ დროს მე და ბატონი კახი ერთად ვიყავით. უსაფრთხო ადგილზე რამდენიმეკაციანი ჯგუფი შევჩერდით და ერთ-ერთ კართან ბეტონზე ჩამოვსხედით. განვიხილავდით სამოქმედო გეგმას, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა გაწმენდითი სამუშაოები და თავად რით უნდა დაგვხმარებოდა.
GzaPress
- ემოციურად ყველაზე მეტად, რა დაგამახსოვრდათ?

- ტრაგედიისადმი მისი მიდგომა. გულთან ახლოს მიჰქონდა ყველაფერი. მოქალაქეებს გულისყურით უსმენდა, ანუგეშებდა. მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც გამოცხადდა, რომ მოსახლეობას ტერიტორია უნდა დაეტოვებინა. ერთი მამაკაცი სახლიდან არ გამოდიოდა. ოჯახის წევრები სთხოვდნენ, მაგრამ არავის უჯერებდა. ბატონი კახიც მივიდა და სთხოვა, სახლი დაეტოვებინა. თავდაპირველად იუარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კახიმ უთხრა, - კარგი, მაშინ, მეც თქვენთან ერთად დავრჩებიო, - მოერიდა და სახლიდან გამოვიდა.

- საზოგადოების დიდ ნაწილს კახი კალაძის გულწრფელობაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერს პიარისთვის, პოლიტიკური ქულების დასაწერად აკეთებს. ამაზე რას იტყვით?
- დამიჯერეთ, იმ მომენტში საქართველოში პოლიტიკა არ არსებობდა. არსებობდა ადამიანებს შორის დიდი სიყვარული, მზრუნველობა და თავგანწირვა. ეს ხმამაღალი ნათქვამი არ გეგონოთ. კახი კალაძის არც ერთ ქმედებაში სიყალბე არ მიგრძნია. დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ვუყურებდი მას. როცა საჭირო იყო, ფიზიკურადაც გვეხმარებოდა. უნდოდა, ყველაფერში საკუთარი წვლილი შეეტანა. იყო შემთხვევები, როცა არც ტელევიზიის ხალხი იყო და არც ფოტოგრაფები, ბატონი კახი ამ დროსაც ასე იქცეოდა. ეს იმის ნიშანია, რომ სხვების დასანახავად არაფერს აკეთებდა, ყველა ქმედება გულიდან მოდიოდა. დღეებია, ვუყურებ, ვაფასებ მის შრომას, თავდადებას და სიმართლეს.

- მისგან მსგავს საქციელს არ ელოდით?

- ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია, მაგრამ ყოველთვის პატივს ვცემდი. არ მქონია იმის განცდა, - უი, რა კარგი ყოფილა-მეთქი!.. საერთოდ, ამ დღეებში ვნახე ერთიანი საქართველო, გაერთიანებული ძალა. ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ.

დავით დოლიძე, დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე:

- ქართველი ხალხი მაღალჩინოსნებისგან ცოტათი განსხვავებულ ქმედებებს ვGzaPressიყავით მიჩვეულნი. საბედნიეროდ, სიტუაცია შეიცვალა. ამიტომაა კალაძის, ღარიბაშვილის, ნარმანიასა და სხვა მაღლაჩინოსნების ქმედებებზე ხალხს ასეთი რეაქცია რომ აქვთ. პირველივე წუთებიდან მობილიზებულნი ვიყავით. ყველაფერი ჩვენ თვალწინ მოხდა. ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში გარეთ იყვნენ, ეს როგორ არ უნდა დაინახო?!. უნდა გენახათ, პატარა ბავშვები რომ მოდიოდნენ და დედების გამოტანებული საკვები მოჰქონდათ! თითქოს არაფერია, მაგრამ ამ ყველაფერში დიდი შინაარსია ჩადებული. არავინ არაფრის გაკეთებას არ თაკილობდა, ყველა მუშაობდა. ერთ მუშტად შეიკრა თბილისი, არ ჰქონდა მნიშვნელობა ასაკს და პოლიტიკურ რანგს.

გასული დღეების განმავლობაში თბილისში სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ქართველების გვერდით იყვნენ ის უცხოელები, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ. მოხალისეთა რიგებში იდგა ნიგერიელი ბრაიან იდოუ.
- 13 ივნისს საღამოს სამსახურში ვიყავი, ტრაგედიის ღამეს დასახმარებლად ვერ მივედი. მეორე დღეს წავედი, კიდევ წავალ. ხალხს წაქცეული ხეების გატანაში დავეხმარე, დაგუბებული წყალი გადავღვარე. მთელი დღე ვიმუშავე და საღამოს სამსახურში წავედი.

- შენთან ერთად კიდევ ბევრი უცხოელი იყო, არა?

- რა თქმა უნდა. მოხალისედ ბევრი ნიგერიელი მუშაობდა. ნიგერიელების ორგანიზება ჩვენმა ძმამ და მეგობარმა სოციალური ქსელით მოახდინა. დაწერა, - ჩვენ აქ ვცხოვრობთ, თბილისი ჩვენი ქალაქია და ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, სვანიძის ქუჩაზე წამოდითო.

- ნიგერიაში მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხარ?

- ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. წვიმა ბევრჯერ მოსულა, ტერიტორიები დატბორილა, მაგრამ ცხოველების გაქცევის ფაქტი არ მახსოვს. სტიქიების დროს ხალხი ერთმანეთს იქაც ეხმარება.

- ქართველების თქვენდამი დამოკიდებულება როგორი იყო?

- გვეუბნებოდნენ, - დიდი მადლობა, თქვენით ვამაყობთო! 7 წელია, აქ ვცხოვრობ; მიმაჩნია, რომ თბილისელი ვარ. ცოლი და შვილი მყავს. მართალია, ვიმუშავე, მაგრამ ფოტოები არ გადამიღია. არც კი მიფიქრია, ძალიან შეწუხებული ვიყავი...

- ამ დღეების შთაბეჭდილებებიდან ყველაზე მეტად, რა დაგამახსოვრდა?

- ცხოველები ქუჩაში დადიანო - ხალხი პანიკაშია. მსგავსი რამ არც მსმენია. რომ გავიგე, ვეფხვმა კაცი დაგლიჯაო, ძალიან შევწუხდი. ხალხი ერთმანეთს ეხმარება, ეს სითბო არასდროს დამავიწყდება.

- ამას ქართველებისგან არ ელოდი?

- როგორ არ ველოდი?! სხვებს რატომ უკვირთ?.. ვიცი, რომ ქართველები ძალიან თბილი ხალხი ხართ და სტუმართმოყვარე.

- შენმა მეუღლემ რა გითხრა?

- ყოჩაღ, რომ ხალხს ეხმარებიო. მერე პანიკაში ჩავარდა: ფრთხილად იყავი, ლომები დადიანო. მართალია, აფრიკელი ვარ, მაგრამ ლომისა და ვეფხვის მეც მეშინია. მე ვერ დავაძინებ.

ბრაიანმა ნიგერიელი მეგობარი - კენჩური გამაცნო. ეს ის ადამიანია, ვინც ვეფხვის დაძინებას აპირებდა. "შენს თავს ვფიცავ, დავაძინებ", - ბევრს ეხვეწა პოლიციელს. ბუნებრივია, მტაცებელთან არ მიუშვეს.
- 7 წელია, საქართველოში ვცხოვრობ. მომხდარმა ჩემზეც ისევე იმოქმედა, როგორც თქვენზე, ქართველებზე და როცა გავიგე, ხალხი იკრიბებაო, ადამიანების დასახმარებლად მეც წავედი. როგორც შემეძლო, ვიშრომე, სულ ტალახიანი ვიყავი.

- ძალიან პოპულარული გახდი, მას შემდეგ, რაც ვეფხვის დაძინება მოინდომე.

- ნახე ეს ვიდეო? მართლა გულით მინდოდა, ეს საქმე გამეკეთებინა, მაგრამ შანსი არ მომცეს.

- გეწყინა?

- ძალიან მეწყინა.

- მტაცებელთან შენივე უსაფრთხობის გამო არ მიგიშვეს.

- რას ლაპარაკობ, ცოლი და 2 შვილი მყავს, განა მაგდენს ვერ ვხვდები, რომ თავი საფრთხეში არ უნდა ჩავიგდო?! 2 შვილის მამას სიკვდილი მენდომება?

- გაგვიმხილე, ვეფხვის დაძინებას რა მეთოდით აპირებდი?

- ეს ჩემი წინაპრების ხელობაა. თქვენ პაპას ეძახით და მეც ასე ვიტყვი. ნიგერიაში ამ საქმეს პაპაჩემი აკეთებდა. მისგან მაქვს ნასწავლი. ჩვენთან ამის სანახავად ხალხი მოდიოდა.

- ვეფხვის არ გეშინია?

- ვიცი, მასთან როგორ უნდა მოვიქცე და როგორ შემეშინდებოდა?! ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და რატომ ვერ იჯერებთ?!. მე დახმარება მინდოდა და შანსი არ მომცეს.

- ფადი ასლი გეძებდა, - ეს კაცი მაპოვნინეთ, სიდედრი დამაძინებინოსო...

- ჰო, მეც გავიგე ეგ ამბავი. ხუმრობდა. ეგ კაცი ია ფარულავას ყოფილი ქმარი არ არის?
GzaPress
- დიახ.

- რა უნდათ სიდედრებთან? რატომ უნდა დააძინონ, ვერ ვხვდები მაგ ხუმრობას.

მაკა გაბრიელაშვილი, კენჩურის მეუღლე:

- მეგობრებმა დამირეკეს, სოციალურ ქსელში ვიდეო რომ გავრცელდა. ძალიან შემეშინდა. სახლში რომ მოვიდა, გავუბრაზდი, მაგრამ დიდი ხანია, ერთად ვცხოვრობთ და ვენდობი.

- შენც გჯერა, რომ ვეფხვის დაძინებას შეძლებდა?

- როგორც თავად არის დარწმუნებული, მე ეგრე არ ვარ, მაგრამ თან მჯერა მისი სიტყვების. ეს ამბავი ძალიან განიცადა. მე არაფერი მითქვამს, თავად უცხოელებმა დაგეგმეს და ორგანიზებულად წავიდნენ, 3-4 დღე იმუშავეს. მეც მქონდა სურვილი, მაგრამ პატარა ბავშვები მყავს და ვერ გავყევი.

პატიმარი ვახსენე, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა და განსაცდელის ჟამს შვილებთან დააბრუნა. ოჯახს ერთი თვის კუთვნილი ხელფასი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჩუმად საჩუქრად გადასცა და ამ ამბის მედიით გაშუქება აკრძალა. შეწყალებული პატიმრის ოჯახს მივაკვლიე, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვეს. ეს (და ალბათ კიდევ ბევრი სხვა) ამბავი "ჩუმი" სიკეთის მაგალითად დარჩეს.
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
09.07.2015
ნარმანია მაშინ აღებს პირს როცა ღომს ჭამს და მუშაობს.ინტერვიუზე პირს ვერ გაღებინებ. კალაძემ ფულით დაეხმაროს დაზარალებულებს,. თავი დაანებოს ქაჯურ პიარს და რეზინის ჩექმებს, განა არ ეყო რეზინის კალოშები ახალგაზრდობისას სამტრედიაში.
გიგო
30.06.2015
დიდმა ტკივილმა დიდი სიხარულიც მოიტანა იმით, რომ ცხადად გამოაჩინა ერში არსებული სიკეთის მუხტის უკვდავება. ყველას გაუმარჯოს ღმერთმა, ვინც არ დაიმალა ამ მძიმე დღეებში. კახის მანამდეც პატივს ვცემდი, მაგ დღეებმა კი იგი მთლიანად გახსნა, როგორც ადამიანი და როგორც პატრიოტი! გამიასმაგდა მისდამი პატივისცემა. ღმერთმა აკმაროს საქართველოს, თბილისს ეს ტრაგედია! ამინ!
მეგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ცოლქმრობა ერთი სულია ორ სხეულში..."
"ისრაელში მეგობრები დამცინოდნენ, მასწავლებელი ბრაზიანი იყო..."
"ექიმი გაოგნებული იყო, მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არ მქონიაო"
სამუდამოდ ვერ განიკურნებიან, მაგრამ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს სისხლში ვირუსი, როგორც წესი, განულებული აქვთ!
"ადგილი, სადაც ადამიანები და ქოლგები ქუჩებში "დავფრინავდით"...
ცნობილი ადვოკატის პირადი ცხოვრება და რისკიანი პროცესები
იდეალისტი ფშავიდან, მისი სიყვარული, პრობლემები და მტანჯველი მარტოობა
"მიუხედავად მოარული ჭორებისა ჩვენს მილიონებზე, ბევრი ფინანსური პრობლემა გვაქვს"
ლიგია მუშკუდიანი 20 წელია, საბერძნეთში ცხოვრობს.
ავსტრალიელი მეხანძრის სულისშემძვრელი ინტერვიუ
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2518 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი