სიკვდილის გზა - გზაპრესი

სიკვდილის გზა

ძნელია, ცივი გონებით განსაჯო, რა მოხდა ან რატომ მოხდა, მაგრამ დაშვებულ შეცდომებს არ გავაანალიზებთ, მსგავს ტრაგედიებს მომავალშიც ვერ ავცდებით!

მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისისთვის უცხო არ არის. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წლებში, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო ქალაქში 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.

თუმცა, უფრო ადრინდელი ფაქტების მოყვანაც შეიძლება: "წყალდიდობის მსხვერპლნი" - ამ სათაურით 1924 წლის 14 ივნისს გამოვიდა გაზეთი "კომუნისტი", რომელიც ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს: ,,1-ელ სამილიციო უბანში, ვერის ღელესთან ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მახლობლად, ჩვეულებრივ დაბინავებულან მახლობელ სოფლიდან ჩამოსული გლეხები ურმებით ღამის გასათევად. გლეხები მოყვნენ წვიმაში, მოულოდნელად აღნიშნული ღელედან მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცია და შეუყრია მტკვარში. დაღუპულთა რაოდენობა და ზარალი გამოურკვეველია. უბედურების ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა მილიციის უფროსი და ცეცხლის მქრობელი რაზმი", - წერდა გაზეთი.

როდესაც 13 ივნისის ტრაგედიის შესახებ მსჯელობენ, სპეციალისტები ამბობენ: - ეს არის სტიქია, რომლის წინაშეც ყველანი უძლურნი ვართ, თუმცა, მას ადამიანის შეცდომებმაც შეუწყო ხელი.

GzaPress

გია გაჩეჩილაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, "მწვანეთა პარტიის" ლიდერი:

- ბუნებაში ყოველთვის ხდება მეწყერიც, ღვარცოფიც და კატასტროფებიც. საქართველოშიც უამრავი ადგილი გვაქვს, სადაც სტიქიური მოვლენები ხდება და ეს მომავალშიცაა მოსალოდნელი. მთიან რეგიონში ვცხოვრობთ და მდინარეების უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით - მცირე მდინარეები, როგორიც არის მდინარე ვერე, ამ თვალსაზრისით საფრთხის შემცველია. თუმცა, აქვე ჩნდება არანაკლებ სერიოზული პრობლემა - ადამიანის უგუნურება და იმის გაუთვალისწინებლობა, რაც შეიძლება სტიქიამ მოგვიტანოს. სწორედ აქ არის პრობლემა: როდესაც იმ ადგილას ავტობანის პროექტი კეთდებოდა, არ იყო გათვალისწინებული მდინარე ვერეს ხასიათი, წყალმოვარდნები და წყალდიდობები, რომლებიც ამ უბანზე ადრეც მომხდარა. იქ, გივი სვანიძის ქუჩაზე, სპეციალური ლაბორატორიაც მუშაობდა, რომელიც 1960-იანი წლების სტიქიის შემდეგ სწორედ ამ მდინარის შესწავლის მიზნით შეიქმნა და რომელიც წელს მოვარდნილი სტიქიის შედეგად განადგურდა. შეცდომა კი არა, დანაშაულია ჩადენილი, რადგან ამ ესტაკადის მშენებლობისას მდინარე ვერეს ვერაგი ხასიათი არ გაითვალისწინეს. კომუნისტების დროს იქ საკმაოდ დიდი მოცულობის გვირაბი გაკეთდა, რომლის გამტარუნარიანობა სპეციალისტთა გათვლებით არის 460-470 კუბური მეტრი წამში, ხოლო იმ გოფრირებული მილის გამტარობა, რომელშიც მდინარე ვერე ჩააგდეს, შედარებით ნაკლებია - დაახლოებით, 400 კუბმ წამში. ამიტომ, როდესაც მეწყერი ჩამოწვა, წყალი დაგუბდა, მერე ეს ჯებირიც გაარღვია და წარმოიშვა უზარმაზარი ტალღა, რომელიც ახალაშენებულმა გვირაბმა ვერ გაატარა. დაგუბებული წყალი უზარმაზარი ენერგიით მოვარდა და თუ ვინმე იყო იმ ავტობანზე, ყველა თან გაიყოლა! სწორედ ამიტომ, თვითონ გივი სვანიძის ქუჩის მიდამოებში, მხოლოდ 6 კაცია დაღუპული (თუმცა, ეს მონაცემები კიდევ დაზუსტდება), სამი - ზოოპარკში. ყველაზე ბევრი ადამიანი სწორედ ავტობანზე დაიღუპა! ახლო წარსულს გაგახსენებთ: 2009 წელს, როცა ე.წ. ახალი გზის მშენებლობა იწყებოდა, "მწვანეთა პარტიამ" მაშინ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რადგან მშენებლობა საფრთხის შემცველად მიგვაჩნდა. თუმცა, არავინ მოგვისმინა, გამოდიოდნენ და ლამის საზეიმოდ აცხადებდნენ: თან ვაშენებთ და თან - ვაპროექტებთო (!), ამისთანა აბსურდი ასეთი რთული მშენებლობის დროს არ გამიგონია. როგორ შეიძლება, ამხელა პროექტს თან აშენებდე და თან - აპროექტებდე? თანაც მაშინ, როცა პროექტს ექსპერტიზაც არა აქვს გავლილი?! სხვათა შორის, კანონმდებლობა, რომელიც მსგავს საკითხებს არეგულირებს, ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე" შეიქმნა, მაგრამ 2007 წელს ეს კანონმდებლობა გამოშიგნეს, რადგან პროექტს აღარ დასჭირვებოდა ექსპერტიზა, გარემოს ზემოქმედებს გათვალისწინება და სხვა რამ... არადა, ამ ტიპის მშენებლობა აუცილებლად მოითხოვდა ეკოლოგიურ ექსპერტიზას. "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაული მარტო ის კი არ არის, რომ ისინი ხალხს ხოცავდნენ ან ციხეებში აწამებდნენ, მათ მოშალეს მთელი სისტემა, რომელიც ადამიანის უსაფრთხოებას იცავდა და ეს იმიტომ, რომ თავიანთი მეგობრების ბიზნესისთვის მაქსიმალური თავისუფლება მიეცათ. ამას აკეთებდნენ ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე და ამ სიმახინჯეს ეძახდნენ ბიზნესის თავისუფლებას. რაც შეეხება ვერეს ხეობას, იქ მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ციცაბო ფერდობებია და დიდი რისკია, რომ ამდაგვარი პროცესები განვითარდეს. მდინარის ხეობებში სახლების აშენება დანაშაულია. რატომ? - საქართველოში მოქმედებს კანონი წყლის შესახებ და მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ 30 მეტრის რადიუსში სახლების აშენება არ შეიძლებოდა. ეს შენობები გარემოს დაცვითი და სამშენებლო კანონმდებლობის დარღვევით არის აგებული. ახლა უკვე პროკურატურაშია საქმე აღძრული. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე ფულის შოვნა ჩვენს ქვეყანაში! უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავსი პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდება, რადგან გლობალური დათბობა ძალიან მძიმედ აისახება მთიან რეგიონებზე. კაცმა არ იცის, მსგავსი სტიქია როდის და როგორ განმეორდება, ამიტომ იმ ხალხის მომავალი, რომელიც ამ ზონაში ცხოვრობს, მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადაწყდეს. ამბობენ, რომ იქ რეკრეაციული ზონა უნდა შეიქმნას, მაგრამ რა აზრი აქვს ქვევით რაღაცის კეთებას, თუ ზემოთ მდინარე არ დაარეგულირე? ამიტომ, ჩემი აზრით, მდინარე ვერეს დასაწყისში დამბა უნდა აშენდეს. ეს პროექტი არსებობდა: როდესაც თსუ-ის მაღლივი კორპუსი შენდებოდა, იქ უნდა გაკეთებულიყო დამბა, რომელიც მდინარის წყალმოვარდნას დაარეგულირებდა. მდინარე ვერე კარგად არის შესწავლილი და მის კალაპოტში სახლების მშენებლობა კანონდარღვევაა. ეს ყველაფერი უნდა გამოვიძიოთ და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

GzaPress

ანზორ საკანდელიძე, ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" - ხელმძღვანელი:

- როგორც ამბობენ, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო და ამ ტრაგედიამ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი, თუმცა, ბევრი რამ კიდევ უნდა გაირკვეს: ტრასის აშენება, რომელსაც "სიკვდილის გზა" შეიძლება დავარქვათ, იყო თუ არა მიზანშეწონილი? როგორ აშენდა, დაცული იყო თუ არა სტანდარტები? - ეს ყველაფერი კომპლექსში უნდა განვიხილოთ. მოძრაობის განტვირთვის მიზნით ამ გზის გაჭრა გამართლებული იყო, მაგრამ მისი მშენებლობა აჩქარებითა და წესების დარღვევით მიმდინარეობდა. როდესაც ამ გზის აშენების გამო კამათი მიდიოდა, მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ: შეიძლება წყალი მოვარდეს და გმირთა მოედანი მტკვარში ჩაიტანოსო. საუბედუროდ, ასეც მოხდა. საუბედუროდ, იმდროინდელი ხელისუფლების მოთხოვნა ინფრასტრუქტრული პროექტების მიმართ ასეთი იყო: უნდა გაკეთებულიყო სწრაფად და იაფად. სწრაფად იმიტომ, რომ სააკაშვილს რაც შეიძლება სწრაფად გაეჭრა ლენტი და იაფად იმიტომ, რომ ფულის მოტეხა შესძლებოდათ. ახალი გზის რამდენიმე პროექტი არსებობდა, მაგრამ ყველაზე იაფი აირჩიეს, თორემ ეს გზა ხიმინჯებზე რომ ყოფილიყო, ვერე თავის კალაპოტში გაიშლებოდა და ტრაგედიის მასშტაბები შემცირდებოდა. ახლა რომ გაისმის ბრალდებები პროექტის ავტორ თამაზ შილაკაძის მისამართით, მე ამ პიროვნებას საკმაოდ ახლოს ვიცნობ, ეს არის კარგი ინჟინერი, მეცნიერი და საუკეთესო გამომგონებელი. როგორც ჩანს, ბოლომდე არ ამბობს, თორემ მე ვიცი, როგორ აიძულებდნენ და აჩქარებდნენ, რომ სამუშაო მალე დაესრულებინა და მათი მოთხოვნები შეესრულებინა. არავის არაფერს ეკითხებოდნენ, თორემ თამაზ შილაკაძე მდინარე ვერეს გოფრირებულ მილში არ გაატარებდა. სწორედ ამ მილმა ვერ გაატარა წყლის დიდი ნაკადი! მე ვიცი, რომ როდესაც გზის გაყვანა დაიწყეს, არც მუშა ნახაზები იყო დასრულებული და არც საპროექტო დოკუმენტაცია იყო მისული ბოლომდე.

GzaPress

ვერეს ხეობაში შენობების აგება არ იყო დასაშვები და ეს სახლები თავიდანვე განწირული იყო, რადგან ეს ხეობა მუდმივმოქმედი მეწყრული ზონაა, იქ არის მცოცავი გრუნტები. ამიტომ, მდინარე ვერეს ბუნებრივი კალაპოტში არანაირი ნაგებობის აშენება არ შეიძლება, ან ყველაფერი ისე უნდა აშენებულიყო, რომ მდინარე ვერეს თავისი ბუნებრივი კალაპოტი არ დაეკარგა. მთის მდინარეს ასეთ მარწუხებში რომ მოაქცევ, ის მაინც გაითავისუფლებს თავს და თავის კალაპოტს დაუბრუნდება. ამიტომ, იქ დაშვებული აშკარა შეცდომები ახლა მაინც უნდა გამოსწორდეს, თორემ უხვი ნალექი შეიძლება კიდევ განმეორდეს. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, იქ ახლა ზოგიერთ სახლს წყალი ჩაუდგა. უამრავი კითხვა ჩნდება - ვინ გასცა ნებართვა, რომ მდინარის პირას მრავალსართულიანი სახლები აეშენებინათ?! ეს არის ხალხის გაწირვა და დანაშაული! ეს არის მცოცავი გრუნტი, სადაც მეწყრული მოვლენები ყოველთვის იქნება. ამიტომ, ეს ხალხი იმ ადგილებიდან როგორმე უნდა გავიყვანოთ. ჯერ უნდა შემოწმდეს, რა დაზიანება მიიღო თითოეულმა სახლმა. ახლა იქ აუცილებლად იქნება ავარიული სახლები, საიდანაც ხალხი უნდა გავიყვანოთ.

- სახლები, რომლებიც მცოცავ გრუნტზეა აშენებული, ყველა განწირულია. რა შეიძლება გაკეთდეს?

GzaPress- ალბათ, ყველაზე გონივრული იქნება მდინარე ვერეს სათავეში დამბა აშენდეს. ზემოდანვე უნდა დაგუბდეს წყალი, რომელიც შეიძლება მიკროჰესივით გამოვიყენოთ. კომისიაც შეიქმნა, უცხოელების მოწვევაც უნდათ. ახლა მოკლევადიანი ამოცანაა გზა გაიხსნას, მერე კი - ის უხიფათო გახდეს.

ნინო ჩხობაძე, "მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე:

- ამ ტრაგედიის მასშტაბების შემცირება მართლაც შეიძლებოდა, ოღონდ თუ ჩატარდებოდა გარემოზე ზემოქმედების პროცედურა და საფუძვლიანად იქნებოდა შესწავლილი ხეობის გეოდინამიკა, თუ ყველა პროცედურა ჩატარდებოდა, რაც თანამედროვე შენობის აგებას სჭირდება. ვერეს ხეობა საერთოდ ითვლება მეწყერსაშიშ ზონად და ეს უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. აქ არ არის ლაპარაკი მარტო გზის მშენებლობაზე, არამედ - სახლებზე, რომელთა აშენება ამ ადგილზე არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, მოსახლეობა ყოველთვის ცდილობდა ამ ადგილებში დასახლებას. არსებობს XX საუკუნის არაერთი დასკვნა, რომ იქ არ შეიძლება დასახლება. ომის პერიოდში იქ ხალხს ბაღები ჰქონდა და ამით ბევრმა თავი გადაირჩინა, მერე პატარ-პატარა მიწურები ჩადგეს და ასე ნელ-ნელა ჩასახლდნენ. მართალია, უშლიდნენ, მაგრამ მაინც აშენებდნენ. ჩვენი ბედი, რომ სტიქია გვიან ღამით მოვარდა, თორემ დღისით რომ მომხდარიყო, ინტენსიური მოძრაობის დროს, უფრო მეტი მსხვერპლი გვექნებოდა.

- რა უნდა გაკეთდეს?

- ვფიქრობ, რომ ჯერ ძნელია გადაჭრით იმის თქმა, იქ დამბა უნდა აშენდეს თუ ყველა შენობა უნდა აიღონ ვერეს ხეობიდან - ეს ყველაფერი საფუძვლიანი შესწავლის შედეგად უნდა დადგინდეს. ფაქტია, რომ იქ არსებული გზა ხიმინჯებზე რომ ყოფილიყო, შეიძლება ერთი-ორი ხიმინჯი დაზიანებულიყო, მაგრამ ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა. თავის დროზე საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა იქ გზის ასეთი სახით გაყვანას და მისი მშენებლობა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - რომ დაეჯერებინათ, დღეს ამხელა მსხვერპლი აღარ გვექნებოდა!

P.S. სოციალური ქსელით გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ აშენებენ გზებს ევროპის ქვეყნებში, მდინარეის ხეობებში, ეკოლოგიის და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. გთავაზობთ ამ ფოტოებს, დასკვნების გამოტანა კი, თქვენთვის მოგვინდვია...

ხათუნა ჩიგოგიძე