თბილისის პირველი "თერთმეტსართულიანი"... - გზაპრესი

თბილისის პირველი "თერთმეტსართულიანი"...

ტალახით დაბინძურებული სახლის შესასვლელი იწმინდებოდა, ყველა ფეხის ნაბიჯზე ადამიანები ფუსფუსებდნენ. სადარბაზოს პირველი სართული ნაომარს ჰგავდა და კიდევ უფრო ცუდი სურათი ეზოს მხარეს იკვეთებოდა. მგონი, გადამეტებული არ იქნება და პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, რომ წლების განმავლობაში სწორედ ამ სახლის მცხოვრებთა თვალწინ იცვლიდა ქალაქი იერს.

საბურთალოზე 1938 წელს აშენებული თერთმეტსართულიანი სახლი იმ პერიოდის თბილისში "ახალი სიტყვა" იყო, თუმცა, დღეს აღარავის უკვირს "ცათამბჯენები"...

ამ სახლის პირველი სადარბაზოს მეორე სართულზე არაერთხელ ვარ ნამყოფი რეზო კლდიაშვილთან. ქიმიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი და დრამატურგი ძირითადად, პროფესიულ და შემოქმედებით თემაზე მესაუბრებოდა. ალბათ ვერც მე და ვერც მასპინძელი ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ ჩვენს რეალობაში მისი სახლის წინ წყალდიდობა მოხდებოდა და ის საზარელი ტრაგედიის თვითმხილველი გახდებოდა...

- შაბათს, 13 ივნისს ახმეტელის თეატრში ჩემი პიესის მიხედვით დადგმული "იმერული რეკვიემის" მორიგი წარმოდგენა გაიმართა. თეატრიდან რეჟისორი ირაკლი გოგია, ოპერის მომღერალი ნიკა ლაგვილავა და ახმეტელის თეატრის კოსტიუმების მხატვარი მარიკა კვაჭაძე ერთად წამოვედით. გზაში ვიყავი, როცა მეუღლემ დამირეკა, საბურთალოზე წვიმსო, არადა, გლდანში წვეთიც არ გადმოვარდნილა. წვიმა სულ უფრო ძლიერდებოდა. ირაკლის მანქანით ვიყავით და საბურთალოს რომ ვუახლოვდებოდით, წვიმის გამო მხედველობა გაჭირდა. საერთოდ, სპექტაკლის შემდეგ არ მიყვარს მარტო დარჩენა ან შინ ისე დაბრუნება, რომ მეგობრები არ მოვიწვიო. იმ საღამოსაც მეგობრები ჩაის დასალევად შინ დავპატიჟე. სადარბაზოსთან მოსულებს შემოსასვლელში უკვე დიდი წყალი დაგვხვდა. მითხრეს, სხვა დროს გესტუმრებით, ახლა კი წავალთო, მაგრამ ირაკლის კატეგორიულად მოვთხოვე, მანქანა გადაეყენებინა და სამივე ჩემთან ამოსულიყო. დამიჯერეს და გადმოვიდნენ. ასე რომ არ მომხდარიყო, სვლა ვაკე-საბურთალოს ახალი გზით უნდა გაეგრძელებინათ, რათა ნიკა წყნეთის ქუჩაზე მიეყვანათ. ჩვენი სადარბაზო უკვე წლით იყო სავსე, როცა მეორე სართულზე ავედით. მე და ჩემი სტუმრები ნიაღვრისგან წალეკვას წამებით გადავურჩით. მაშინვე ფანჯრებთან მივედით. ვხედავდით, როგორ მიჰქონდა წყლის ტალღებს მანქანები მტკვრის მიმართულებით გვირაბში, "ლაგუნა ვერესთან". რამდენიმე მანქანა წყალმა მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაყარა, ხოლო ეზოს მხრიდან 30-მდე მანქანა ერთად თავმოყრილი ტივტივებდა. ისმოდა ხალხის წივილ-კივილი. ცირკის მხარეს მაშველები იყვნენ და ბავშვები გადაარჩინეს... ეს დიდი სტრესი იყო. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჯოჯოხეთში ვარ ნამყოფი. უამრავი ადამიანი გვირეკავდა და კითხულობდა ჩვენს ამბავს, მათ შორის - ჩემი მეგობარი ლაშა თაბუკაშვილი: ვერიდან (ბატონი ლაშა ე.წ. ვერის გორაზე ცხოვრობს. - რედ.) ეს ყველაფერი განსაკუთრებით შემზარავად ჩანდა. ცოტა ხანში შუქიც ჩაქრა, გაზი გაითიშა. 90-იანი წლების დასაწყისის შემდეგ, ეს კიდევ თუ მოხდებოდა, არ მეგონა. საერთოდ, მგონია და რეალურად ასეცაა, რომ 25 წელია, თუკი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი ჩემი ფანჯრის წინ "ჩაივლის" ხოლმე, თითქოს სულ "გზაში" ვართ...

GzaPress

ერთხანს მეგონა, წყალი მეორე სართულამდეც ამოაღწევდა. ვფიქრობდი შვილიშვილზე, ოჯახის წევრებსა და სტუმრებზე, მაგრამ საბედნიეროდ, უბედურებას ავცდით. დილის 6 საათზე მოვიდა ბეგი და თითქოს ყველას სტრესი მოგვიხსნა: ბეჰემოტს შიოდა და მწვანე ფოთლებს გაეთამაშა. მომვლელი იხმობდა, მაგრამ ბეგი გაბრაზებული ჩანდა. აივნიდან ვესაუბრებოდით, ვეფერებოდით და ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩვენ მიმართ სხვებზე მეტად იჩენდა ყურადღებას. ირაკლი გოგიამ ვიდეო და ფოტოები გადაუღო. ახლა ბეგი ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია და როცა სიტუაცია დაწყნარდება, აუცილებლად ვივლი მის მოსანახულებლად და მეგობრობას გავაგრძელებთ...

- დილას უფრო ნათლად აღიქვამდით მომხდარ ტრაგედიას, არა?

- სხვათა შორის, არ მეგონა, თუ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიას შლამისგან რამე გაწმენდდა, მაგრამ "ძალა ერთობაშია". შეშფოთებული ვიყავი ამ მდგომარეობით, ისევე როგორც ყველა, მაგრამ არანორმალურად გაოცებული ვარ ახალგაზრდების უანგარო ქმედებით. გმირთა მოედანზე მათი მოსვლა რომ დაიწყო და თვალყურს ვადევნებდი, საოცარი განცდა და დიდი პატივისცემა დამეუფლა. ჩემი სტუდენტების მიმართ ყოველთვის დადებითი დამოკიდებულება მაქვს და ლექციაზე შესვლისას ყოველთვის დიდ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ეს გრძნობა გამიორმაგდა, გამიათმაგდა და გამაისმაგდა კიდეც. თურმე კიდევ არ მცოდნია, ვისთან მქონია საქმე. ამას წინათ, "ფეისბუქზე" წერდნენ, ახალგაზრდების ამდენი ქება არ არის საჭიროო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. პირადად მე, ვიღაც თბილ სიტყვებს რომ მეტყვის და შემაქებს, მიხარია და ძალიან ბედნიერი ვხდები. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვან. ვაკეთებდით სემინარებს თემაზე "წყალი და მისი ხასიათი". შემდეგ უკვე ჩემმა სტუდენტებმა განაგრძეს ცდები თავიანთ სკოლებსა და სოფლებში. ექსპერიმენტების მიხედვით ნათლად გამოჩნდა, თუ რა შედეგი მოსდევს უყურადღებობას. სამ ერთნაირ მინის ჭიქაში ყრიან თანაბარი რაოდენობის ბრინჯს; ერთს ეფერებიან, მეორეს უყვირიან და ლანძღავენ, ხოლო მესამე ჭიქას არავინ აქცევს ყურადღებას. ამ ცდის შედეგად ჩანს, რომ ყველაზე მალე იმ ჭიქაში ჩაყრილი ბრინჯი იცვლის ფერს, რომელსაც არავინ ეკარება. სწორედ ეს არ ესმით ადამიანებს. როცა ვიღაც შესაქებია, აუცილებელია, მას თბილი სიტყვები ვუთხრათ, საყვედურსაც არ მოვერიდოთ და ის ზომიერად ვთქვათ, მაგრამ ნუ მოვექცევით ადამიანებს გულგრილად, ეს დამღუპველია.

- ბატონო რეზო, ბეგის გარდა, სხვა ცხოველები ხომ არ დაგინახავთ?

- არა, მაგრამ წლების წინ ამ სახლთან ლომია ნამყოფი (იღიმის). ეს დაახლოებით 55 წლის წინ იყო. ჩემი მეუღლის ბაბუა, პოკო მურღულია ცირკის დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა რუსთაველის თეატრის, სახელმწიფო ცირკისა და გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორად. მაშინ რუსი ცირკის მსახიობი და მტაცებელი ცხოველების ცნობილი მომთვინიერებელი ანატოლი დუროვი თბილისში ყოფილა სტუმრად. მეუღლის ბაბუას მისთვის უთქვამს, მოდი, ლომთან ერთად ქუჩაში გავისეირნოთო. დუროვი დათანხმებია, - რატომაც არა, ლომი შენს შვილიშვილს ვაჩვენოთო, - და ასეც მოქცეულან. ასე რომ, ჩენი სახლის ფანჯრების წინ ბეგიმდე, ლომიც ნამყოფია.

- 1927 წლის 10 თებერვალს დაიწყო ზოოპარკის ისტორია, 1960 წელს კი ედიშერ ყოფიანის ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ სტიქიამ ცხოველების სიცოცხლე იმსხვერპლა. რა იცით იმ შემთხვევაზე?

- მომხდარის შესახებ ჩემი მეუღლისგან ვიცი, თუმცა 1960 წელს ისეთი მასშტაბური წყალდიდობა არ ყოფილა, როგორიც ახლა მოხდა. ჩემი მეუღლე "თერთმეტსართულიანში" 1953 წლიდან ცხოვრობს, მე ამ სახლში 1974 წელს გადმოვედი. აქ დასახლებულები იყვნენ მეცნიერების და ხელოვნების წარმომადგენლები. მახსოვს, თუ როგორი მშვიდი იყო გმირთა მოედანი და ნელ-ნელა როგორ მატულობდა მანქანების რაოდენობა. 80-იანმა წლებმაც შედარებით მშვიდად ჩაიარა. მოგვიანებით საშინელი შადრევნები "დარგეს". ერთი პატარა შადრევნის "საცოდაობამ" მომკლა: დროდადრო "ეპილეფსია" ემართებოდა - ცალი მხარე გვერზე მოექცეოდა და წყალს გაურკვეველი მიმართულებით ასხამდა. მერე ეტყობა, შერცხვათ და მის მაგივრად, დიდი შადრევანი დადგეს. ის "მთლად შეიშალა". მოკლედ, ბოლოს ამ ეპილეფსიური კრუნჩხვის ყურებამ ეტყობა, თვითონაც შეაწუხა მისი "გამომგონებლები" თუ დამმონტაჟებლები და "ფანტანები" გააქრეს (იღიმის).

GzaPress

- მაქვს ფოტო, სადაც ახლანდელი გმირთა მოედანი სრულიად ცარიელია, არც ვარაზისხევი არსებობს, კლდის თავზე კი უნივერსიტეტის შენობა დგას...

- უნიკალური ფოტოები გქონიათ. რასაკვირველია, მაგ დროს არ მოვსწრებივარ, მხოლოდ გადმოცემით ვიცი, რომ ასე იყო. უნივერსიტეტის არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი ჩვენი ნათესავი იყო - ბაბუაჩემის ბიძა. თავადაც ვერაზე, სოფიკო ჭიაურელის სახლთან ახლოს აიშენა სახლი, რომ უნივერსიტეტთან ახლოს ყოფილიყო. თვალში საცემი, ორიგინალური სახლია, ბელეტაჟი, რომელსაც დღემდე ბევრი, "კლდიაშვილების სახლს" ეძახის.

- თავის დროზე, ვაკე-საბურთალოს ესტაკადის მშენებლობას როგორ შეხვდით ამ სახლის მობინადრეები?

- იდეა არავის მოსწონდა და უარყოფითი დამოკიდებულება გვქონდათ. პირადად ჩვენ, მოსახლეებს, მოძრაობის "პატარა დარღვევა" გვიწევს სახლში მოსახვედრად. თუმცა, მაგისტრალი მაინც გაკეთდა. რა იქნება სამომავლოდ, "ახალი გზა" დარჩება თუ არა, ალბათ უახლოეს მომავალში გაირკვევა. მაგრამ იცით, რა?.. ოთარ ჭილაძის გენიალური სიტყვებით მინდა საუბარი დავასრულო:

"შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,

გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,

ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,

დაულეველო, სამშობლოვ ჩემო!

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,

როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი

და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე

შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი".

მეც ასე, "შემაძრწუნებლად ბედნიერი" ვარ, ამ ჩვენს პატარა მიწაზე რომ ვცხოვრობ (იღიმის).