სტიქიის ღამის შემზარავი სურათი და სამოქალაქო გმირობის მაგალითები - გზაპრესი

სტიქიის ღამის შემზარავი სურათი და სამოქალაქო გმირობის მაგალითები

იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც სტიქიას გადაურჩნენ, მოქალაქეთა აქტიურობა 14 ივნისს დილიდანვე დაიწყო. გამგეობების შენობებში დაზარალებულებისთვის მოსახლეობამ პირველადი მოხმარების ნივთების, საკვებისა და ტანსაცმლის შეგროვება დაიწყო. ახალგაზრდების ნაწილი შემოწირულობების შეფუთვითა და დახარისხებით იყო დაკავებული, ნაწილი - ვერეს ხეობასა და გმირთა მოედანზე, გზების გაწმენდით სამუშაოებში იყო ჩართული. სტიქიასთან ნაომარ ქალაქში, ქუჩებში მოსიარულე ნიჩბიანი, ტალახით დასვრილი, ერთ მუშტად შეკრული, ერთი ტკივილით გაერთიანებული ახალგაზრდები ქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლობის სიმბოლოდ იქცნენ.

სტუდენტი ლიკა კოსტავა თავისუფლების მოედანზე გავიცანი. ის მეგობრებთან ერთად, დაზარალებულებისთვის შემოწირულობას იღებდა:

- ორგანიზება ჩემმა მეგობრებმა ითავეს. ამის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე. დრო მქონდა და მოვედი. დილის 10 საათიდან აქ ვარ, მთელი დღე ვმუშაობ. მოქალაქეებს მოაქვთ ტანსაცმელი, საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები. საათში ერთხელ გაგვაქვს და დაზარალებულ მოსახლეობას ვაწვდით. ხვალაც აქ ვიქნებით, ამაღამ მთელი ღამე ვიმორიგევებთ.

განსაკუთრებული აქტიურობა თამარაშვილის ქუჩაზე, გამგეობასთან შეინიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. პერიოდულად მოხალისეებს შემოწირულობები იმ სასტუმროებში გადაჰქონდათ, სადაც დაზარალებულები იყვნენ გადაყვანილი.

თამარაშვილიდან ნუცუბიძის ქუჩაზე გადავინაცვლე, სადაც 25-მდე დაზარალებული შეასახლეს. იქ მცირეწლოვანი ბავშვების სიმრავლე შეინიშნებოდა.

GzaPress

იულია ვარდიაშვილი, დაზარალებული:

- სვანიძის ქუჩის 13 ნომერში ვცხოვრობდი. წყალი სახლში შემოგვივარდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, წყლის დონე უმალვე იმატებდა. ოჯახში ექვსნი ვართ, აქედან 3 - მცირეწლოვანია. იმდენი მოვახერხეთ, სახლის სახურავზე ავედით და სანამ მაშველები არ მოვიდნენ, იქ ვიყავით. მათთან ჩემმა შვილმა დარეკა, 2 საათი სახურავზე ვისხედით.

- ამ სასტუმროში რამდენი დღე დარჩებით?

- არ ვიცით. მთავარია, ღამის გასათევი გვაქვს. მითხრეს, რომ მერე სხვა შენობაში გადაგვიყვანენ. დაგვპირდნენ, უყურადღებოდ არ დაგვტოვებენ.

- თუ იცით, სტიქიის შემდეგ, თქვენი სახლი საცხოვრებლად ვარგისია?

- არა, მთლიანად მიწით ამოივსო.

- სანამ აქ გადმოხვიდოდით, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ღამე სად იყავით?

- ახლობელთან. ახლა აქ მოაქვთ საკვები, ტანსაცმელიც.

- ხელისუფლებისთვის რაიმე სათხოვარი ხომ არ გაქვთ?

- არა.

სვანიძის #10 - ეს კიდევ ერთი დაზარალებულის, დუსო ბულაურის ყოფილი საცხოვრებელი სახლის მისამართია.

დუსო ბულაური:

- წვიმა ღამის 10 საათზე დაიწყო. შეშინებულები აივანზე გამოვედით. ამ დროს მეზობლებისგან წივილ-კვილის ხმა გავიგონე. ჩემი შვილის ფეხსაცმელები ჩავიცვი და ვითარების გასარკვევად გასვლა მოვინდომე. ქუჩაში გავიხედე და დავინახე, ვეებერთელა მდინარე მოდიოდა, დიდი ტალღებით. ეს ჩემი მეხსიერებიდან არასდროს ამოვა. ამ დროს ჩემი ბიჭი უკვე მეზობელთან იყო დასახმარებლად შესული. - ტალღამ რომ დამარტყა, გადამისროლაო, - მითხრა, მაგრამ გამკლავება მაინც მოახერხა. მერე ყველანი სასწრაფოდ მანქანაში ჩაგვსხა და სამშვიდობოს გამოვასწარით. ჩემმა შვილმა მშვიდობიან ადგილზე რომ დაგვიგულა, უკან მიბრუნდა. სახლი 5 წუთში მთლიანად წყლითა და მიწით ავსებულიყო. მერე პატრული და მაშველებიც მოვიდნენ. ღამის 2 საათი იყო. ვერაფრის გამოტანა ვერ მოვასწარით, ჩემი და შვილიშვილის ტელეფონიც კი სახლში დაგვრჩა. წლების განმავლობაში შეძენილი ქონება 2 წუთში გაგვინადგურდა. იმ სახლში ვარგისი აღარაფერია. დღეს მივედი, იქნებ ტანსაცმელი მაინც გამოვიტანო-მეთქი, მაგრამ ყველაფერი ტალახიანი იყო. კარადები, მაცივარი - ყველაფერი აყირავებული, განადგურებულია. ახლა მოსახლეობისგან მოტანილ ტანსაცმელში ვეძებ, იქნებ ჩემი ზომა ქვედაბოლო ვიპოვო, რომ გამოვიცვალო.

GzaPress

- იმ დროს სინათლე გათიშული იყო?

- კი, სინათლე არ გვქონდა. მერე ქუჩაში ვიდექით, პატრულმა გვითხრა, - აქ ნუ გაჩერდებით, ზოოპარკიდან გარეული ცხოველები გაიქცნენ და საშიშია, შესაძლოა, თავს დაგესხნენ, ვინმე ახლობელთან წადით, ამ ტერიტორიას გაერიდეთო. ნათესავთან მივედით, მთელი ღამე არ გვძინებია. შუადღე იყო, აქ რომ მოგვიყვანეს. ოჯახში ხუთნი ვართ, ორი მცირეწლოვანი გვყავს. არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ვთქვა, რომ აქამდე, ყველამ ყურადღება მოგვაქცია, ხალხმაც და ხელისუფლებამაც. მინდა, მადლობა საჯაროდ გადავუხადო მათ. ჩემი შვილი რომ სახლში არ ყოფილიყო, ალბათ ჩვენც მდინარე დაგვახრჩობდა. ჩემი სახლი საცხოვრებლად აღარ გამოდგება.

- თქვენი მეზობლები დაიღუპნენ, ხომ?

- კივილის ხმა მესმოდა-მეთქი, რომ გითხარით, მათი სახლიდან გამოდიოდა. დებს თითო შვილი ჰყავდათ. ბავშვები გადარჩნენ, დედები დაიღუპნენ. გამოსასვლელ კარში მაცივარი ისე ჩახერგილა, რომ სახლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

ნანული არეშიძე:

- სვანიძის 5 ნომრიდან ვარ. კერძო სახლი მქონდა, მთლიანად განადგურდა, წყალმა წაიღო.

- თავის დაღწევა როგორ მოახერხეთ?

- სახლში მხოლოდ ჩემი გოგონა იყო. მე წყნეთში მივდიოდი. მეწყერი ჩამოწვა და გზის გაგრძელება ვეღარ მოვახერხე. ჩემმა შვილმა დამირეკა - უკან მობრუნდი, ასეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვსო. მაშველებმაც აღარ გაგვიშვეს. ჩვენს ეზოში 3 ოჯახი ვცხოვრობდით. გვპირდებიან, დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით, საცხოვრებლის პრობლემას მოგიგვარებთო, და რა ვიცი, იმედი გვაქვს, რომ ნათქვამს შეასრულებენ. შოკირებული ვარ, აზროვნების თავიც აღარ მაქვს.

13-14 ივნისს ქალაქმა ტკივილთან ერთად, გმირობის საოცარი მაგალითებიც ნახა. ერთ-ერთ მათგანს მივაკვლიე: 19 წლის გიორგი ხარებაშვილი სვანიძის ქუჩაზე თანამოქალაქეების დასახმარებლად ნაძალადევიდან მაშველებზე ადრე მივიდა და არაერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხა. როცა ინტერვიუსთვის დავუკავშირდი, გაიკვირვა, - ისეთი არაფერი გამიკეთებია, ჩემი მოვალეობა შევასრულეო.

- სახლში ვიყავი, სოციალურ ქსელში განვითარებულ მოვლენებს თვალს ვადევნებდი. ჯერ არც ძაღლების თავშესაფარი იყო დატბორილი, არც მდინარე იყო ადიდებული, მაგრამ ერთ-ერთ ჯგუფში მაინც დავწერე, დახმარება ხომ არ გინდათ-მეთქი? შევამჩნიე, მდგომარეობა იძაბებოდა. სანამ მე და ჩემი მეგობარი ნახალოვკიდან ვაკეში გავედით, სახლები იტბორებოდა. მაშველები ჯერ კიდევ არ იყვნენ მისულები. სპორტსმენი ვარ, ფეხბურთს ვთამაშობ, ძალა და ენერგია არ დავიშურე, რომ ადამიანები გადამერჩინა. ადგილზე საზარელი სურათი იყო, მსგავსი რამ ფილმებშიც არ მინახავს: სახლები წყლით იფარებოდა, წყლის დონე წამებში იმატებდა, ადამიანები ყვიროდნენ, დახმარებას ითხოვდნენ, ძაღლების თავშესაფრიდან ცხოველების განწირული ხმები ისმოდა... ბუნებრივია, ჯერ ადამიანების დასახმარებლად შევედი, უფრო სწორად - შევცურე. წყალი გულმკერდს მიფარავდა. რა დროს შიშზე იყო ლაპარაკი?.. ვხედავდი - ქალები, მოხუცები ჩვენ თვალწინ სიცოცხლისთვის როგორ იბრძოდნენ და როგორი უმწეოები იყვნენ. ნავები რომ გვქონოდა, უფრო ოპერატიულად ვიმუშავებდით. წყლის დონემ რომ დაიწია, მერე ძაღლებიც გამოვიყვანეთ.

- ბევრი მოხალისე იყავით?

- საკმაოდ, მაგრამ ადამიანების გამოყვანა იყო ძალზე რთული. ვცდილობდით, ხელიდან არ გაგვვარდნოდნენ, თორემ მდინარის დინებას ვერ გაუმკლავდებოდნენ. მერე ისე დავდექით, რომ დაზარალებულებს ერთმანეთს ხელიდან ხელში ვაწვდიდით. სახლების სახურავებზე იყვნენ ასულები და ჩამოდიოდნენ.

GzaPress

- შენზე ამბობენ, არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინაო.

- რა ვიცი, როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი ადამიანებს. ძალიან დიდი პანიკა იყო. დავინახე მოხუცი ქალი გარდაცვლილი გამოასვენეს, მაშველს მოჰყავდა... მთელი ღამე ვმუშაობდით. სვანიძის ქუჩამდე მისვლა ძალიან გამიჭირდა, ვაკის ახალი გზით წავედი, მაგრამ დიდი წყალი მოდიოდა და უკან მოვბრუნდი, იქ მანქანები იყო გაჭედილი. როგორღაც ამოსვლა მოვახერხე და ჭავჭავაძის ქუჩით გავედი. მეორე დღეს გმირთა მოედანზე ვიყავი, ახლაც იქ წასვლას ვაპირებ და ვივლი მანამდე, სანამ საჭირო ვიქნები.

მინდია ჯანელიძე, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი:

- ბოლო ინფორმაციით, დროებითი საცხოვრებლით 65 ოჯახია უზრუნველყოფილი.

- დაზარალებულები ამბობენ, რომ მათი სახლები საცხოვრებლად უვარგისია. მომავალში ამ ოჯახებს რას უპირებთ?

- ახლა სტიქიის ლიკვიდაციის პროცესში ვართ. კრიზისების საბჭოს ორგანიზებით იგეგმება ყოველი მომდევნო დღის სამუშაო გრაფიკი. ყველა დაზარალებულს დახმარება გაეწევა, განსაკუთრებით მათ, რომელთა საცხოვრებელი სახლები გამოუსადეგარია. რამდენიმე დღეში მონაცემები დაზუსტდება. ამ ადამიანებზე მზრუნველობა სახელმწიფომ უკვე იკისრა და ბოლომდე მიიყვანს.

- ადამიანები, რომლებიც სახლების გარეშე დარჩნენ, ღელავენ, როგორ გადაწყდება მათი მუდმივი საცხოვრებლის პრობლემა.

- კანონმდებლობით განსაზღვრულია პროცედურები, ამ პროცედურებს გაივლიან და ნათელი გახდება, ვის რა სახით დაეხმარება სახელმწიფო. ძალიან დიდი გმირობა ჩაიდინეს ჩვენმა ახალგაზრდებმა და არა მარტო მათ. მოხალისეთა ნაკადი იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რამდენჯერმე თხოვნითაც კი მივმართეთ, რომ მეტი მოხალისე არ იყო საჭირო, რომ ისინი მორიგეობით ჩანაცვლებოდნენ ერთმანეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქაოსი იქნებოდა.

- ჰიდრომეტეოროლოგები ისევ ცუდ ამინდს პროგნოზირებენ. მართალია, რისკის ზონაში აღარავინ ცხოვრობს, მაგრამ დღემდე რჩებიან ადამიანები მიმდებარე ტერიტორიაზე. პრევენციის რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი?

- მოსახლეობა რისკის ზონიდან ევაკუირებულია. მაინც ფხიზლად და მზად ვართ, საფრთხის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ზომები მივიღოთ. პრობლემა ისაა, რომ ახალ-ახალი კერები ჩნდება. ბაგებში და ე.წ. კაკლების დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა, რაც ჩვენი ძალების გაყოფასა და პრობლემურ ადგილებზე გადაყვანას ითხოვს.

ფოტო - გიორგი ხარებაშვილი

საოცარი დამთხვევაა თუ რამეში გამოგადგებათ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა 1960 წლის 4 ივლისს თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწერალ ედიშერ ყიფიანის უბის წიგნაკის ჩანაწერი:

"ტრაგედია დატრიალდა დღეს თბილისში. დილის 9 საათზე მოვიდა დიდი წვიმა, ადიდებულა მდინარე ვერე და მოგლეჯილი ხეებითა და ლოდებით ამოუვსია ვარაზისხევის ქუჩის ქვეშ გაყვანილი გვირაბი, შეგუბებულა წყალი და ამოუხრჩვია ზოოპარკი!

როცა გალიაში მიწით დასილული და უძრავად მწოლიარე ვეფხვი დავინახე, კინაღამ ავტირდი. ყველა ლომი, ყველა ავაზა და ყველა ვეფხვი დაიხრჩო. წარმოვიდგინე, როგორ ებრძოდნენ წყალს, როგორ გაჰყვეს ნესტოები გალიის ჭერში, რკინებს შორის, ეს იყო მათი უკანასკნელი გაბრძოლება, მერე წყალმა გალიის ჭერიც დაფარა.

ლომი, ლომი წყლით დამხრჩვალა იმიტომ, რომ დატყვევებული იყო, და არწივიც იმიტომ, რომ დატყვევებული იყო!

თეთრი დათვები მუცელდაბერილები ეყარნენ ცემენტის ცივ იატაკზე. ალბათ როგორ ესიამოვნათ პირველად, როცა ზაფხულის ამ თბილ დილას წყალი შეუდგათ მუხლამდე, მაგრამ მერე? ალბათ ვცდები, ასე არ მოტყუვდებოდნენ, ალბათ, ყოველმა მხეცმა ინსტინქტით იგრძნო საშიშროება და დაიწყო ბრძოლა გალიებში, ისე თვალნათლივ ვიგრძენი ეს სურათი, რომ.... მაჟრჟოლებს ხოლმე, როგორ მენანება, როგორ მეცოდება მხეცები, იმიტომ, რომ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ.

რა მოულოდნელი იყო ალბათ ეს წყლის შემოტევა მათთვის, უფრო მოულოდნელი, ვიდრე ადამიანისათვის იქნებოდა, მხოლოდ ბეჰემოთმა შეძლო რკინის ფანჯრის გამომტვრევა და გათავისუფლება..."

ედიშერ ყიფიანის უბის წიგნაკიდან, 1960 წ. 4 ივლისი.

თამუნა კვინიკაძე