"ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში ერთმანეთს..." - გზაპრესი

"ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში ერთმანეთს..."

არ ვიცი, საიდან დავიწყო და რომელი ოჯახის ტრაგედიაზე მოგითხროთ. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ შემზარავმა ამბავმა არ შეძრა, ეს მართლა მთელი ერის ტრაგედიაა და მინდა, მომხდარი ყველა ოჯახს მივუსამძიმრო.

16 ივნისის მონაცემებით, 15 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 7 კი დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა შორის, ერთი ოჯახის 4 წევრიც არის. სვანიძის 11 ნომერში ცხოვრობდნენ 43 წლის ნინა ფილიშვილი; ჟანა, სვეტლანა და ლიანა ეგიზაროვები - ამ ტრაგედიას ოთხივე შეეწირა. მათი სახლი მთლიანად განადგურდა, ცხედრები ნაპოვნია. უკვე გადაასვენეს 42 წლის ნატა ნინაშვილის ცხედარი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში. ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილები დარჩა. სოფლის რწმუნებულის თქმით, ნატა თბილისში სავაჭროდ იყო წამოსული; სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე ბინა ჰქონდა ნაქირავები. ნაპოვნია მაშველის - ზურაბ მუზაშვილის ცხედარიც. კოლეგებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ დაღუპული, "მზიურის" ტერიტორიაზე იპოვეს; მასთან ერთად, კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარია აღმოჩენილი, ვინაობის დადგენას შესაბამისი სამსახურები ცდილობენ. ოჯახის წევრები ეძებენ ლიზა ზარანდიასაც. სულისშემძვრელია დები ზარანდიების ტრაგედია.

GzaPress

"ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, ცხოვრებაში არ "დამიპოსტავს". ახლა ალბათ იმიტომ ვწერ, რომ ემოციებისგან ცოტათი დავიცალო და ყველას დაგანახვო ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი, მეც სულ სხვანაირი ირაკლი ვიყავი მასთან. ინდირა ადამიანი იყო, ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე. ყოველდღე ცდილობდა, ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა, საოცარი ცხოვრების ნიჭით დაჯილდოებული. პირადად ჩემთვის იყო იმედი, სიხარული, სიყვარული, ფიქრი, ოცნება, მოკლედ, ყველა ის გრძნობა, რაც ადამიანს ადამიანად ხდის. ეს ყველაფერი კი 14 ივნისს საბედისწერო ღვარცოფმა ჩემს ინდირასთან ერთად წყალს გაატანა, ამ დღის მერე მეც გვამი ვარ, უფრო სწორად, მოსიარულე გვამი... მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში ერთმანეთს, რადგან შეუძლებელია, ადამიანმა თავისი სულის ნაწილს ვერ მიაგნოს. ინდირა, შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი. მართალია, ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაღაც წელიწადსა და 3 თვეში დაგკარგე, თუმცა, წინ სხვა ცხოვრება გვაქვს, მიყვარხარ და მეყვარები, ჩემო პატარავ", - ეს ტკივილიანი პოსტი "ფეისბუკის" გვერდზე, ინდირა ზარანდიას 22 წლის შეყვარებულმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა დადო. იგი მეგობრებთან ერთად, გამწარებული ეძებდა დაკარგულ დებს - ინდირა და ლიზა ზარანდიებს საავადმყოფოებში, მერე ქუჩაში დაიწყო ძებნა, დადიოდა ღვარცოფისგან განადგურებულ, დატბორილ ადგილებში და ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავდა; ფიქრობდა, იქნებ მისი დიდი სიყვარული გადარჩენილიყო, მაგრამ თავზარდამცემი ამბავი საღამოს შეიტყო: ითქვა, რომ "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. გულისფანცქალით წავიდა იმ ადგილისკენ და ნახა, რომ ინდირას საკაცეთი მიასვენებდნენ. პირველად ირაკლიმ ამოიცნო მისი მხიარული, სიცოცხლით სავსე სახე. ასეთ დროს სიტყვები უძლურია, ძნელია ანუგეშო ადამიანი, რომელმაც საყვარელი ადამიანი დაკარგა. არადა, ყველაფერი სხვაგვარად იყო. ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე დაშორდნენ ერთმანეთს; სიკვდილის წინ ბოლო მესიჯიც გაუგზავნა: "ახლა გმირთა მოედანზე ვართ, შეიძლება, ტელეფონი გაითიშოს, სახლში რომ მივალ, დაგირეკავ". საუბედუროდ, სახლამდე ვერ მიაღწიეს.

22 წლის ინდირა და 25 წლის ლიზა ზარანდიები ლიზას მეგობარ სერგი კაპანაძესთან ერთად, ტაქსით გადაადგილდებოდნენ. ისინი ნუცუბიძეზე მიდიოდნენ. ამ დროს მოჰყვნენ ღვარცოფში, "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე.

GzaPress

გიორგი ზარანდია, გოგონების ბიძაშვილი:

- არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, განადგურებულები ვართ მთელი სანათესავო. ჯერ მხოლოდ ინდირას ცხედარი ვიპოვეთ, არც ჩვენი ლიზა და არც მისი მეგობარი სერგი კაპანაძე ჯერ არ გვიპოვია. როგორც ვიცით, არც მანქანის მძღოლია ნაპოვნი. ახლა იმას ვლოცულობთ, რომ ლიზას ცხედარი მაინც ვიპოვოთ, ორივე და ერთად რომ მივაბაროთ მიწას. სულისშემძვრელია ეს ყველაფერი, სიტყვები არ მყოფნის. თქვენ არ იცით, როგორი კარგი ბიძაშვილები მყავდა. არადა, ქორწილისთვის ვემზადებოდით. ინდირასა და ირაკლის სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ლამაზი წყვილი იქნებოდა. მალე ოჯახის შექმნას აპირებდნენ და ეს ტრაგედია დაგვატყდა თავს. ინდირა რადიო "საქართველოს ხმაში" სტაჟიორად მუშაობდა. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. ერთად გაზრდილები ვართ. ბავშვობიდან სულ ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. ძალიან გახარებული იყო, მუშაობა რომ დაიწყო. ახლა მაგისტრატურაში ჩასაბარებლად ემზადებოდა. იმ საბედისწერო დღესაც ჩემს დასთან, თათოსა და თავის შეყვარებულ ირაკლისთან ერთად, მასწავლებელთან იყო. სამივე ემზადებოდა გამოცდებისთვის. მერე ჩემი და სახლში წამოვიდა, ინდირა და ლიზა კი კაფეში წავიდნენ. მათთან იყვნენ ირაკლი ჟორჟოლიანი და სერგი კაპანაძე. თურმე ჯერ ირაკლი ჩამოსვეს სახლთან, შემდეგ, სერგისთან ერთად, ტაქსით, ახალი გზით სახლში წამოვიდნენ და ამ დროს მოჰყვნენ ამ საშინელებაში. ბოლო მესიჯი შეყვარებულისთვის მიუწერია. შეიძლება, მაშინ საფრთხე იგრძნო ინდირამ და ამიტომ დაუკონკრეტა ადგილი, სად იმყოფებოდნენ. ბიჭმა იფიქრა, რომ ტელეფონი დაუჯდა. დედამისიც ელაპარაკა. პირველი საათი დაწყებული ყოფილა. უთქვამთ, ტაქსიში ვართ და მალე მოვალთო. ბიცოლას ჩასძინებია. რომ გამოეღვიძა და გოგონები სახლში ვერ ნახა, ამის შემდეგ დაიწყო ძებნა. ჯერ იფიქრა, ხომ არ გათხოვდაო?.. ამ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა?! გაგიჟებულები დავრბოდით მერე საავადმყოფოებში, მაგრამ ვერსად ვნახეთ. მერე ინდირა იპოვეს, ის მანქანაში არ იჯდა... მოხალისემ თურმე შემთხვევით იპოვა. ხეების გაწმენდა დააპირა და ამ დროს ნახა ცხედარი. ჩვენი ვარაუდით, როგორც ჩანს, წყალი რომ ადიდდა, ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ და ალბათ ასე სცადეს თავის გადარჩენა, რადგან მანქანა ნაპოვნია მეორე დღეს იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ინდირას ცხედარი ნახეს. მანქანაში არავინ იყო... ისევ ვერ ვპოულობთ ლიზას. უფლის იმედად ვართ დარჩენილები, იქნებ ვიპოვოთ ჩვენი ლიზას ცხედარი, რომ დები ერთად მივაბაროთ მიწას. გიჟებივით ყველგან ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ. აქამდე იმისთვის ვლოცულობდით, რომ ცოცხლები გვენახა, ახლა ცხედარიც სანატრელი გაგვიხდა. ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელი განცდაა, როცა საყვარელი ადამიანები, შენი ბიძაშვილები, რომლებთანაც ერთად გაიზარდე, გვერდით არ გყავს. ძალიან მხიარული, ენაკვიმატი, სიცოცხლით სავსე გოგონები იყვნენ. ლიზა სტომატოლოგი იყო და ექიმად მუშაობდა. საგონებელში ვართ ჩავარდნილი: ლიზას დროულად თუ ვერ ვიპოვით, მაშინ ცალ-ცალკე მოგვიწევს მათი დაკრძალვა. დედამისი შოკშია, ისტერიკულად კივის... საშინელი ტკივილია. ეტყობა, ბიცოლას გული ცუდს უგრძნობდა - მანამდე თურმე რამდენჯერმე დაურეკა გოგონებს, - როდის მოდიხართო? მათ უსაყვედურიათ, - დედა, ყოველ 10 წუთში ნუ გვირეკავ! მოვალთ, ნუ გეშინია, პატარები ხომ არ ვართო!.. მათ ერთი ძმა დარჩათ, 13 წლის. დები საოცრად ელოლიავებოდნენ პატარა ძმას. მუშაობდნენ, ფულს აკოწიწებდნენ, რომ ძმისთვის განათლება მიეცათ. 7 წელია, თბილისში არიან. ჯერ - სტუდენტობა, მერე - სამსახური. ნაქირავებში იყვნენ. მშობლებიც გადმოვიდნენ აქ და თბილისში ვაჭრობდნენ, რომ სტუდენტ შვილებს დახმარებოდნენ. ახლა ხობში გადავასვენეთ ჩვენი ინდირა, იქ მივაბარებთ მიწას. ვეძებთ ლიზას, გვეუბნებიან, რომ აწი ისე იქნება დაზიანებული, დნმ-ის ექსპერტიზა დასჭირდება და ამას 10 დღე მაინც დასჭირდებაო... ძნელია, ამხელა ტკივილს გაუძლო.

GzaPress

სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი წერილებით. ინდირას ჯგუფელი ალექსანდრე შურღაია წერს:

"არ ვიცი, რა ვთქვა. ერთი ვიცი, რომ ნახევრად მკვდარი ვარ, რაც გავიგე, რომ ჩემი მეგობარი, ჯგუფელი ინდირა ზარანდია შეეწირა ამ სტიქიას. სასწაული ადამიანი იყო, ყველაზე პოზიტიური, მხიარული და მეგობრული. ყველაფერი მტკივა, ყველაფერი. ყველას ვუსამძიმრებ, ვინც ინდირას იცნობდა, პირველ რიგში - ოჯახს, საკუთარ თავსაც. ტირილიც შემძლებია. ვტირი. იმდენი რამე მაქვს სათქმელი, მაგრამ ხელი მიკანკალებს. ღმერთმა მარადიული სასუფეველი დაუმკვიდროს!"

...დიდხანს ეძებეს 5 თვის ფეხმძიმე ივლიტა ჯიბუტი. ის 24 წლის მარიამ ქუთელიასთან ერთად, მოვარდნილმა წყალმა მეუღლეს გამოსტაცა ხელიდან. სამივე თურმე სახლის სახურავზე ავიდა და თავის დაღწევას ცდილობდა. მაშველებმა მხოლოდ ივლიტას მეუღლის გადარჩენა შეძლეს; მარიამ ქუთელიას ცხედარი მალე იპოვეს, ივლიტას კი დიდხანს ეძებდნენ.

"მეგობრებო, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან: ძალიან გთხოვთ, ბიჭებო, ძმებო, ვისაც შეგიძლიათ, დამეხმარეთ დამიდექით გვერდით, რომ გადავარჩინოთ 24 წლის ივლიტა ჯიბუტის სიცოცხლე... ის თავის ქმარს წყალმა ვერეს ხეობის სტიქიის დროს ხელიდან გამოჰგლიჯა... ივლიტას ვერ ვპოულობთ... გთხოვთ, ბიჭებო, ძმებო, ვისაც შეგიძლიათ ფიზიკური მუშაობა, დაგვეხმარეთ... მოვძებნოთ ივლიტა და დავუბრუნოთ მის დათოს, რომელიც ასე ელოდება.. დამიდექით გვერდით, ძალიან გთხოვთ... გთხოვთ გაავრცელოთ და დამეხმაროთ", - ასეთი სულისშემძვრელი წერილი ვიპოვე ივლიტას პოვნამდე "ფეისბუკში". ივლიტა ჯიბუტი მამა გიორგის შვილია, ის მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. მოძღვრის სახლი, რომელიც მდინარე ვერეს გადაჰყურებდა, დღეს აღარ არსებობს. სულისშემძვრელი კადრები გაავრცელეს სოციალურ ქსელში: იმ კადრებში ჩანს, როგორ ეძებდა საკუთარ შვილს მამა გიორგი.

ჟურნალისტი ესმა კუნჭულია:

- გაღმა რომ მწვანე ბუჩქები ჩანს, იქ სამი ორსართულიანი სახლი იდგა; სამივე სახლს ბედნიერი დღეები ახსოვს - ღვინის წურვა, მეგობრები, უცხოელი სტუმრები... ერთ-ერთი სახლი ჩვენი იყო, სამეგობროში ცნობილი საქეიფო, "რეზოს მუზეუმად" დარჩენილი; მეორე - კუპატაძეების და მესამე - მამა გიორგი ჯიბუტის. მუდმივად იქ მხოლოდ მამა გიორგის შვილი და სიძე ცხოვრობდნენ. ფუსფუსებდნენ, ვარდებს და ხილს უვლიდნენ... მოვარდა ვერე და სახლებიანად წაიღო წარსული. გული მაქვს გახეთქილი, ცრემლს ვერ ვიშრობ. ქმარმა ახალგაზრდა ცოლს დიდხანს ხელი არ გაუშვა, დიდხანს ებრძოდნენ სტიქიას დათო და ივლიტა, ბოლოს მდინარემ ლამაზი, 24 წლის გოგო მაინც გაიტაცა, გაიტაცა ის და მისი მეგობარი გოგონა. მამა გიორგის ოჯახის მდუღარება მკლავს.

GzaPress

ივლიტას მეგობარი:

- ივლიტასნაირ გოგონას 21-ე საუკუნეში ვერ შეხვდებით - გულუბრყვილო, ბავშვური, ნაზი, მოკრძალებული, წმინდა და წრფელი გულით, სხვებზე ზრუნვით აღსავსე, თბილი და კეთილი იყო. სტიქიის ღამეს მეგობართან ერთად გამოცდისთვის მეცადინეობდა. ორი უნიჭიერესი, უჭკვიანესი გოგო უნივერსიტეტის დამთავრებისთვის ემზადებოდა. პრეზიდენტის სტიპენდიანტები იყვნენ ივლიტა და მარიამი. ივლიტა გახარებული იყო, წარმატებით გაიარა გასაუბრება - სამსახურს იწყებდა; ახალ სახლში რემონტი სრულდებოდა, სადაც საყვარელ მეუღლესთან ერთად უნდა გადასულიყო საცხოვრებლად... უეცრად მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მარტონი აღმოჩნდნენ სტიქიის წინაშე. ვერც ჭიშკარი გააღეს, რომელიც შლამმა ჩახერგა, ვერც სახლის უკან არსებულ კლდეზე აძვრნენ. დახმარების მოლოდინში, სახლის სახურავზე ცდილობდნენ გადარჩენას. ამაოდ ელოდნენ დახმარებას 45 წუთის განმავლობაში. იდგნენ თურმე უკუნ სიბნელეში... ივლიტა საოცრად მშვიდი იყო. ამბობენ, მშვიდად იდგა და ლოცულობდაო. არც გამკვირვებია: თავისი ფორიაქით გარშემო მყოფთ არ შეაწუხებდა. მოძღვრის შვილს ბავშვობიდან გაძლიერებული ჰქონდა რწმენა. სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდა. მშვიდად იყო კიდევ ერთი მიზეზის გამო - გვერდით დათო ჰყავდა. დიდხანს არ გაუშვეს თურმე ერთმანეთს ხელი, მერე გაიტაცა ღვარცოფმა... დათო გადარჩა. მეგობარი გოგონას ცხედარი იპოვეს, ცოტა მოგვიანებით ივლიტასი!

დაღუპული მარიამ ქუთელია ზუგდიდელია. მისი ცხედარი მშობლიურ კუთხეში გადაასვენეს. ოთხჯერ ყოფილა პრეზიდენტის სტიპენდიანტი, წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი. მაგისტრატურაში უფასოდ რომ ესწავლა, რეიტინგში ყოველთვე ტოპათეულში იყო. ახლა ამთავრებდა მაგისტრატურას, აგვისტოში ტრენინგებზე ჩეხეთში უნდა გამგზავრებულიყო.

თვითმხილველთა თქმით, ყველაფერი ელვისუსწრაფესად მოხდა. ნახევარ საათში ფაქტობრივად, სვანიძის ქუჩაზე აღარაფერი დარჩენილა. ეს უდიდესი ტრაგედიაა ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს.

თეა ხურცილავა