ტრაგედია გმირებით - "წარღვნით" გაერთიანებული თბილისი - გზაპრესი

ტრაგედია გმირებით - "წარღვნით" გაერთიანებული თბილისი

კალაპოტიდან გადმოსულმა, ადიდებულმა ვერემ ზოოპარკში 13 ივნისს, თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე შეაღწია...

ძალზე სამწუხაროა, რომ სხვა ადამიანებთან ერთად, სტიქიამ ზოოპარკის სამი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა - გულიკო ჭიტაძე, თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე და გივი დვალი (ორივე - ცხოველების მომვლელები). მათი ცხედრები 14 ივნისს, მომვლელებისთვის განკუთვნილ შენობაში აღმოაჩინეს.

მოგეხსენებათ, წყალდიდობის შედეგად, თბილისის ზოოპარკის ბინადრების 50%-ზე მეტი დაიხრჩო. სტიქიას მხოლოდ ის ცხოველები გადაურჩნენ, რომელთა ვოლიერებიც ტერიტორიის ზედა მხარესაა განთავსებული. მათ შორის არიან: სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ირმები, ზებრები, ლამები, ტაპირი, მარტორქა, ცივეტა, სერვალი, ჯიხვი, ცხენები, აზავერები და სხვადასხვა სახეობის ფრინველები. წყალდიდობას გადაურჩა ეგზოტერიუმიც. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნ და გადარჩენილ ცხოველებს შორის არიან: დათვები, ნიანგები და მგლები, ექვსი პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი. ამჟამად ზოოპარკის ყველა თანამშრომელი ჩვეულ რიტმში აგრძელებს გადარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობას.

GzaPress

მიმდინარე ამბებზე ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშიძე და სტუდენტი გიორგი იანქოშვილი გვესაუბრებიან:

მზია შარაშიძე:

- ცხადია, ზარალი ძალიან დიდია, თუმცა, მის დათვლას დრო სჭირდება. ამ ეტაპზე, კონკრეტული ციფრებისა და თანხების დასახელება ჯერ კიდევ შეუძლებელია. ფაქტობრივად, ზოოპარკი აღარ არსებობს, მხოლოდ ზედა ნაწილში მდებარე ვოლიერებია, სადაც წყალმა ვერ მიაღწია, ქვემოთ ყველაფერი განადგურებულია.

- სხვა ქვეყნების ზოოპარკების ხელმძღვანელებმა დახმარება აღგვითქვეს. თქვენი ინფორმაციით, ეს ფულადი სახით იქნება თუ ცხოველებს გვაჩუქებენ?

- ვერ გეტყვით, ფაქტობრივად, ყველა ზოოპარკი შეგვეხმიანა, შორეული ქვეყნებისაც კი და დახმარებას გვთავაზობენ, ვისაც რით შეუძლია. აქაც ჩამოდიან და მადლობა მათ, რომ შეძლებისდაგვარად მხარში გვიდგანან.

- ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანა რამდენად ახლო პერსპექტივა შეიძლება იყოს?

- მოგეხსენებათ, ამაზე რამდენიმე წელია მიდის საუბარი, თუმცა, დამოუკიდებლად, ჩვენი რესურსებით ამ პროექტის განხორციელებას ვერასდროს შევძლებთ. თუ ამის სურვილი შესაბამისი უწყებებიდან იქნება, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. დახმარებების მეშვეობითაც კი ამის განხორციელება შეუძლებელია, რადგან ისეთ თანხებზეა საუბარი, ჩვეულებრივი მოქალაქეების შემოწირულობით ამ იდეის განხორციელება წარმოუდგენელი და არარეალურია. ზოოპარკის გადატანა მინიმუმ 100 მილიონი ევრო ჯდება, მაქსიმუმ კი - 500 მლნ. რაც შეეხება განახლებას, ახალი ცხოველების შეძენაზე საუბარი ჯერჯერობით არცაა, ამ ეტაპზე მთავარი იმის შენარჩუნებაა, რაც გადარჩა.

GzaPress

- როგორია თქვენი პოზიცია, სოციალურ ქსელებში ხელისუფლების, მაშველების და შესაბამისი სამსახურების მიმართ წარმოქმნილ აგრესიაზე, როცა ვანდალიზმსა და ცხოველების მიზანმიმართულ დახოცვაზე საუბრობენ?

- "ფეისბუკზე" წარმოებული პოლემიკა ხშირ შემთხვევაში დაუდასტურებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. პათეტიკური ჭორები, ასე ვთქვათ. ამიტომ, ყველაფერი არ უნდა დავიჯეროთ და არც კამათში ავყვეთ. ცხოველების ექსპერტიზა რომ დასრულდება, ვნახავთ, რომელი რა პირობებშია დაღუპული. თუ ადამიანს ეტყვით, რომ ცხოველები შეგნებულად დახოცეს, რა თქმა უნდა, ამას აგრესია მოჰყვება და ეს კარგიცაა, მაგრამ არ შეიძლება ფაქტების დამახინჯება, სიტუაციის რეალურად შეფასება უნდა შეგვეძლოს. როცა ცხოველი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, რაც ღამით ხდებოდა, როდესაც ავტომაგისტრალზე საცობი იყო და ვეფხვები ბარიერებზე გადადიოდნენ, სადაც ხალხი იმყოფებოდა, ცხადია, ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლეს შორის არჩევანის შემთხვევაში, უპირატესობა ადამიანს ენიჭება. ეს ცრუ ალიაქოთისა და აჟიოტაჟის საფუძველი არ უნდა გახდეს. თითოეული ცხოველის დაკარგვაზე ჩვენზე მეტად ნამდვილად არავის სწყდება გული, მაგრამ რეალობა რეალობაა და ფაქტების დამახინჯება არ უნდა მოხდეს.

- პატრიარქის განცხადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი. რა პოზიცია აქვს ზოოპარკის ადმინისტრაციას? თქვენი ინფორმაციით, თავის დროზე, ზოოპარკის გაშენება მართლაც ეკლესიებიდან ჩამოხსნილი, გადამდნარი ზარების თანხით მოხდა?

- ვერ გეტყვით, ჩვენ ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ზოოპარკის დაარსების შესახებ, ჩვენს საიტზე ინფორმაცია დევს, თუმცა, ეს რა თანხით მოხდა, ნამდვილად არ ვიცი.

GzaPress

გიორგი იანქოშვილი, ილიაუნის მეოთხე კურსის სტუდენტი:

- საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტზე ვსწავლობ, ძირითადი მიმართულება ეკოლოგიაა და ზოოპარკთან ხშირი შეხება მაქვს, მისი დირექტორი - ზურაბ გურიელიძე და მისი მეუღლე - ქალბატონი ნათია კოპალიანი ჩემი ლექტორები არიან. ადრე, რამდენიმე სახის კვლევა დაგვევალა ზოოპარკში ჩასატარებლად, მგლებს ვაკვირდებოდით და მას შემდეგ, ხშირი კონტაქტი მაქვს, ჩემი თავისუფალი დრო, ძირითადად, ზოოპარკს უკავშირდება, ცხოველები ძალიან მიყვარს. ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურად ვარ ჩართული იქ მიმდინარე პროცესებში და შეძლებისდაგვარად, ვეხმარები. მოგეხსენებათ, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დატბორილი იყო, იმ წყლის ამოტუმბვა ხდებოდა და მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულები, ბევრი გოგონაც იყო. მართალია, ფიზიკური სამუშაოების შესრულება არ გამოსდიოდათ და ამით ცოტა ხელსაც კი უშლიდნენ, მაგრამ ასეთი ერთსულოვნება და აქტიურობა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. პარკის ზედა მხარე რომ არ დაიტბორა, ამან ფრინველები და ცხოველების ნაწილი გადაარჩინა, დანარჩენებიც ამ ნაწილში და შესაბამის თავშესაფრებში გადაიყვანეს. დაძინებული ცხოველები, რომლებიც გადაარჩინეს, ახლა კარგად არიან. წყლის ნაკადმა ქვედა მხარეს ვოლიერები 4-5 მეტრით მთლიანად დაფარა და ზედა მხარეს, კვალიც კი ჩანს, სად გაიარა წყალმა. ბატონი ზურაბის ადმინისტრაციული შენობა სადაცაა, იქაც ეტყობა, რომ წყალი დაახლოებით მეორე სართულის სიმაღლეზე იყო. შესაძლოა, ამანაც განაპირობა, ცხოველები გალიებიდან ამომძვრალიყვნენ და თავიანთი თავებისთვის ეშველათ. ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არა მაქვს, მაგრამ ვწუხვარ, რომ ის განცხადება გააკეთეს. ჩემი აზრით, სიმართლე არ უნდა იყოს...

თამთა დადეშელი