ზემო იმერეთის ტურისტული პოტენციალი - გზაპრესი

ზემო იმერეთის ტურისტული პოტენციალი

იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც მილიონიანი ტურისტული ვიზიტები აქვს, გრანდიოზული შემოსავლები აქვთ. გაერთიანებულ სამეფოს ყოველწლიურად, დაახლოებით 30 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს და სოლიდურ თანხასაც ტოვებს სახელმწიფოში. საგულისხმოა, რომ ამ სახელმწიფოს მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია...

როგორია საქართველოს ბოლო პერიოდის სტატისტიკა ტურიზმის თვალსაზრისით? ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2014 წელს 5 493 492 მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მონაცემს 1,3%-ით აღემატება. საქართველოში უმეტესად, მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან ვიზიტორები, თუმცა, გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადებიც. მათ უმეტესობას მთიანი რეგიონები აინტერესებთ. სამწუხაროდ, ინფორმაციის სიმცირის გამო, ტურისტების ყურადღების მიღმა რჩება ძალიან საინტერესო ბუნებრივ-ეთნოგრაფიული ძეგლები, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ზემო იმერეთშია.

მდინარე ყვირილას ხეობა უხსოვარი დროიდან სტრატეგიული დანიშნულების იყო. ჯერ კიდევ ფარნავაზის დროს ყვირილა-ძირულის შესართავში აგებული შორაპნის ციხე თავისი ხელსაყრელი მდებარეობის გამო, ტურისტულ მარშრუტში, ფაქტობრივად, არ შედის. იქ უცხოელ კი არა, ქართველ ტურისტებსაც იშვიათად ნახავთ. რაც შეეხება ზემოთ ხსენებული ხეობის უნიკალურ ლანდშაფტებს, მცირე ტაძრებსა და ციხესიმაგრეებს, მათ საერთოდ არ ექცევა ყურადღება.

დასანანია, რომ მნახველი არ ჰყავს მდინარე ყვირილას ხეობაში არსებულ ადრეფეოდალურ თუ გვიანდელი შუა საუკუნეების ეთნოგრაფიულ ძეგლებს (არადა, იაკობ გოგებაშვილის მოსაზრებით, ჭიათურის მისადგომებთან ორი საგანმანათლებლო კერა იყო: თირისა და მღვიმევის მონასტრები. მღვიმევის ყველაზე ადრინდელი ეკლესია, სავარაუდოდ, VI საუკუნისაა და აფრიკელი მამების მიერ უნდა იყოს აგებული. XIII საუკუნის რაჭის ერისთავთა მიერ აგებული ტაძარიც აქვეა, რამდენიმე მეტრში, ისევე, როგორც ბუნებრივ ქვაბულში არსებული მესამე სალოცავი.

შედარებით მეტადაა ვიზიტორებით დატვირთული კაცხის ტერიტორია. საინტერესოა თავად ამ ადგილის სახელწოდება: "კაცხი" სვანურიდან მომდინარე სიტყვა უნდა იყოს და წვეროს ნიშნავს (ეს სახელი მას კაცხის ცნობილი სვეტის გამო ეწოდა ალბათ). 40 მეტრის სიმაღლის დენუდაციური "მოწმე" აოცებს მნახველს თავისი გრანდიოზულობითა და წარსულით. ამ სვეტთან წარმართულ პერიოდში უნდა ყოფილიყო სამსხვერპლო ბომონი, თავად სვეტზე ორი უდუღაბოდ ნაგები მცირე ტაძარი ბოლო პერიოდში აღადგინეს, მიმდებარე ტერიტორიასახ მოუარეს, თუმცა ამ შესანიშნავ ტურისტულ ობიექტს ბიუჯეტში მოგება არ შემოაქვს. თუნდაც მიზერული სახდელი, რომელსაც გიდის მომსახურებაში ადამიანი გადაიხდიდა, კაცხის სვეტის მიდამოების დასუფთავება-მოწესრიგებას მაინც ეყოფოდა და დამთვალიერებელიც მოგებული დარჩებოდა, რადგან ის, გარდა სვეტის ნახვისა, იმ განსაკუთრებულ ისტორიას გაეცნობოდა, რომელიც სვეტთანაა დაკავშირებული.

სვეტთან ახლოს მდებარეობს კაცხის მაცხოვრის სახელობის ტაძარი, რომელსაც შარშან 1000 წელი შეუსრულდა და თვით სვეტიცხოველზე უხნესია 15 წლით. ტურისტული ჯგუფები ხშირად მასაც გვერდს უვლიან, რადგან მხოლოდ რელიგიურ ნაგებობად მიიჩნევენ. ამ ტაძრის შიდა კედელზე მასშტაბური ბარელიეფია, ამაღლების უნიკალური გამოსახულებით. თანაც ტაძრის ინტერიერი იმდენად შთამბეჭდავია, რომ მას მნახველი ვერ ივიწყებს (გარე პერანგის ამოშენების შემდეგ ამ ტაძარმა სიმაღლის ის ეფექტიც დაკარგა, რომლითაც თავდაპირველად გამოირჩეოდა).

GzaPress

ეთნოგრაფიულად ბევრი ნაგებობაა ზემო იმერეთში საყურადღებო, მაგრამ მათი "არატურისტული" მდებარეობა მათ წარსულსა და ღირსშესანიშნაობას ფარავს. თუნდაც ის რად ღირს, რომ ანტიკური დროის ორი ნაქალაქარი (სვერი და ითხვისი) მოგზაურებს ვერ იზიდავს. სვერის ციხე, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაშრომში, "მტრისაგან აროდეს ძლეულს" უწოდებს, ახლა უკვე ტურისტებისგანაც დაუძლეველი და უნახავი რჩება.

რახან ციხესიმაგრეებზე ვსაუბრობთ, აქვე დავურთოთ საჩხერეში მდებარე წერეთლების საგვარეულო ციხის - მოდინახის შესახებ ინფორმაციაც. გასული საუკუნის მიწურულს დამანგრეველმა მიწისძვრამ მისი ყველა კოშკი დაანგრია და ეს მომხიბვლავი შენობა მიწასთან გასწორდა; მერე მცენარეებმა გადაფარა ნაშთები და უკვე თვალსაწიერს აღარ ალამაზებს სიყვარულის ულამაზეს ლეგენდასთან დაკავშირებული ციხე (ორიოდე წლის წინ ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიწყო ზრუნვა ციხის აღდგენაზე, ჩამოაყალიბა ფონდი "მოდინახე", რომელსაც წლეულს თვითმმართველობამ დაფინანსება შეუწყვიტა. სამწუხაროა, რომ თვითმმართველობამ თითქმის შუა გზამდე მიყვანილი საქმე დაამუხრუჭა - ფონდი ყველაზე აქტიურ არასამეწარმეო ორგანიზაციად ითვლებოდა. ამ ფონდმა მოდინახის ფერდობის მოვლა-პატრონობის გარდა, ციხის პროექტის შედგენა და ხარჯთაღვრიცხვითი სამუშაოების ჩატარება შეძლო). ალბათ შეიძლება დაისვას კითხვა, - რატომ სურდა თვითმმართველობას "კარის გაზეთის" ააიპის ჩამოყალიბება და 35 ათასი ლარით დაფინანსება და ფონდს კი 20 ათასი ლარიც არ გამოუყვეს?

ტურისტული თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმიც. საქართველოში იმხელა მემორიალური მუზეუმი, როგორიც აკაკის სახლ-მუზეუმია, არ არსებობს. ანსამბლი, რომელიც სხვიტორელ წერეთლებს ეკუთვნოდათ, შეირყვნა კომუნისტურ პერიოდში ერთი ყოვლად უსახური შენობის "ჩაკვეხებით" მუზეუმის ეზოში. ფიქრობენ, რომ ამ შენობის დაშლა მუზეუმისთვის ხელსაყრელი იქნება. წერეთლების 7 ათასამდე კუთვნილი ნივთი, რომელსაც მართლაც დიდი ღირებულება აქვს, საცავებშია ჩაკეტილი და მნახველს მასზე თვალი არ მიუწვდება. აკაკის გარდაცვალებიდან 100 წლისთავის იუნესკოს ეგიდით აღნიშვნა იმედს აძლევდა მუზეუმის მოამაგეებს, რომ საექსპონატო დარბაზი დასრულდებოდა (აკაკის დედას, ეკატერინე აბაშიძეს, ცალკე ბაღი ჰქონია და მას ულამაზესი ბაღნარის სტატუსი ჰქონია თავის დროზე, ახლა კი ხბოც შეიძლება შეამჩნიოთ ეკატერინისეულ ბაღში მოსეირნე. ამ ბაღის ტერიტორიაზე უზარმაზარი დაუსრულებელი შენობაა ექსპონატებისთვის ჩაფიქრებული, რომელიც ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ დაასრულა). თუ მკითხველს დააინტერესებს, დავურთავთ აქვე იმასაც, რომ სასახლის იატაკი გამოიცვალა, მაგრამ მუხის ფიცრების იატაკს იმხელა ღეჭოები აქვს, ნამდვილად პროტესტის გრძნობას გამოიწვევს...

GzaPress

ცალკე საკითხია ბუნებრივი ძეგლები. უამრავი მღვიმე, რომლებიც მოქცეულია ჭიათურა-საჩხერის ტერიტორიაზე, საფუძვლიან კვლევას საჭიროებს. ათასჯერ მაინც დაიწერა ძუძუნას მღვიმეზე, რომელიც ჭიათურის სიახლოვეს მდებარეობს და იქ 34 ათასი წლის წინანდელი ძაფის ნაშთებთან ერთად, საყოფაცხოვრებო ნივთები და გადაშენებული ცხოველების ჩონჩხები აღმოაჩინეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი ძველი ნაბინარი და ძაფი არსადაა აღმოჩენილი, ეგებ სახელმწიფო ზრუნვის საგანი გამხდარიყო მსოფლიო დონის აღმოჩენა - ძუძუანას მღვიმე! ამჟამად იქ მისვლას უგზოობისა და ეკალ-ბარდების გამო, თავზე ხელაღებული ტურისტების გარდა ვერავინ გაბედავს (ამ მღვიმესთან ახლოსაა კარსტული მდინარე, რომლის ტურისტული ინფრასტრუქტურით აღჭურვით შეიძლება "ფულის კეთება"). ფინანსურ სიკეთეს თავი რომ დავანებოთ, ეგებ ის არქეოლოგიური ჭრილი მაინც დააშრონ, რომელიც ამჟამად წყლითაა ავსებული.

მოქანავე ლოდი, "ქუაქანცალია", რომლითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ამაყობს, ბევრ ტურისტს იზიდავს, მაგრამ ცოტამ იცის, რომ ასეთივე მოქანავე ლოდი ჭიათურა-რაჭის გასაყარზეცაა. ამავე მარშრუტზე შემორჩენილია კოლხური ბზის დაუავადებელი კორომიც. საფეხმავლო ან ე.წ. ჯიპტურებს ვინ გაუკვალავს გზას ზემო იმერეთსა და რაჭას შორის?

შავი ზღვის სანაპირო ზოლის, კახეთის, მთიანი საქართველოსა და მცხეთის პოტენციალი დიდია, მაგრამ თუ სათანადო ყურადღება არ მიექცა ზემო იმერეთის ტურისტულ შესაძლებლობებს, მაშინ, დიდი ალბათობით, არა მარტო ბუნებრივ-ეთნოგრაფიული ძეგლების განადგურება მოხდება, არამედ იმ პერსპექტივის გაქრობაც, რომელიც რეკრეაციული მეურნეობის აღორძინებას ახლავს.

როლანდ ხოჯანაშვილი