"13 ივნისის ტრაგედიის მთავარი მიზეზი მეწყერი არ ყოფილა" - გზაპრესი

"13 ივნისის ტრაგედიის მთავარი მიზეზი მეწყერი არ ყოფილა"

მდინარე ვერე, რომლის ნაპირებზე XIX საუკუნეში წყლის წისქვილები იყო ჩამწკრივებული და რომლის წყალს თბილისის მოსახლეობა სასმელადაც იყენებდა, დედაქალაქისთვის ტრაგედიის წყაროდ იქცა. ამ ტრაგედიაზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ზურაბ კერესელიძე:

- თავდაპირველად, ყველაზე მთავარ მიზეზს დავასახელებ, რის გამოც ეს უბედურება დატრიალდა და რასაც არ სჭირდება ბევრი მტკიცება: ნებისმიერ სერიოზულ (ან თუნდაც არასერიოზულ) არქიტექტორს მიმართეთ და ყველა გეტყვით, რომ მშენებლობა მდინარის კალაპოტსა და ჭალებში მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განიხილება, ასი კილომეტრის სიღრმის საძირკველიც რომ გაჭრათ, მაინც! ეს ახალი მიგნება არ არის - მთელ მსოფლიოში მიღებული და აღიარებული პრინციპია. საერთოდ, ლაპარაკიც კი არ უნდა იყოს ასეთ ადგილებში სახლის მშენებლობაზე. ეს არის პრინციპი, რომელიც რატომღაც საქართველოში დაირღვა და მე არ მსურს ამ საკითხზე თქვენთან ბევრი ვისაუბრო. დიდი ხანია, მაგნიტური ჰიდროდინამიკის საკითხებზე ვმუშაობ და ამ მეთოდებს ფართოდ ვიყენებ ჩემს კვლევებში. 13 ივნისის მოვლენების შემსწავლელ კომისიასაც მივაწოდე შეფასება, რომელიც სულ ნახევარ გვერდზე დავტიე: ჩემი აზრით, დაპროექტების დროს დაშვებული იყო სერიოზული შეცდომა. ვერ ვიტყვი, ვინც ვერეს ხეობაში არსებულ გვირაბს ან გზას აშენებდა, არაკომპეტენტურია-მეთქი, მაგრამ ჩემს გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ერთი რამ: როდესაც იქ გოფრირებულ მილს დებდნენ, მოსალოდნელი შედეგებიც ხომ უნდა გაეთვალისწინებინათ?!

GzaPress

- ნუთუ ასეთი საშიშროება შექმნა ამ მილმა?

- შეიძლება, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ მილებში წყლის დინების შესახებ მთელი თეორია არსებობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე შეიმუშავეს. ის დიდმა მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს, ხოლო არანაკლებ დიდმა მეცნიერმა - ნიკურაძემ ამ სფეროში სერიოზული ექსპერიმენტები ჩაატარა. მან შეისწავლა ნებისმიერი ტიპის დინება, რადგან მილი შეიძლება იყოს ოთხკუთხა, ელიფსის ფორმის, მრგვალი და ა.შ. საფუძვლიანად არის შესწავლილი, რა შეიძლება განვითარდეს მილში სითხის დინებისას. როდესაც სითხის დინება ტურბულენტური ხდება, იქ ისეთი წინააღდმეგობა ვითარდება, რომელმაც შეიძლება, მილის ჩაკეტვა გამოიწვიოს. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ალბათ, ოდესმე ეზოში ყვავილები ან ბალახი მოგირწყავთ. თუ შლანგი მოღუნულია, წყალი გუბდება და შლანგი თითქოს ხტუნვას იწყებს. ის აუცილებლად უნდა გაასწორო, რომ წყალი კარგად გამოვიდეს, - აი, ეს არის მილის გადაკეტვის ყველაზე მარტივი მაგალითი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, შლანგმა საერთოდ არ გაატაროს წყალი და გასკდეს კიდეც. დაახლოებით ასეთი რამ მოხდა გვირაბში, რომელშიც თავის დროზე მდინარე ვერე მოაქციეს.

- თუმცა ნათელია, რომ ამას ჩახერგილმა ხეებმა და მეწყრის შედეგად მოტანილმა ნარჩენებმაც შეუწყო ხელი.

- დიახ, ხელი შეუწყო, მაგრამ იქ მთავარი "დამნაშავე" მაინც წყალი იყო. მე მთელი გულით მიკვირს, ვინც ეს გვირაბი გააკეთა, როგორ არ დაფიქრდა, რომ გოფრირებული მილი წყალს ნორმალურად ვერ გაატარებდა?! ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ამ სფეროში რაღაც იცის, ეს მარტივი ჭეშმარიტებაც უნდა იცოდეს. ვინც მდინარე ვერეს გასატარებლად გოფრირებული მილი გამოიყენა, ხომ უნდა სცოდნოდა, რომ ეს მილი ყოველგვარი წყალდიდობის გარეშეც გასკდებოდა და გასკდა კიდეც. ვეჭვობ, რომ ის 13 ივნისამდე გასკდა, - უბრალოდ, ღვარცოფმა და წყალდიდობამ გამოამჟღავნა. ეს იყო მიუტევებელი შეცდომა, მით უმეტეს, რომ მილი ერთ ადგილას უხვევდა, რაც ასევე დაუშვებელია. ამიტომ, უბედურება ადრე თუ გვიან, მაინც მოხდებოდა. უბრალოდ, შეიძლება ასეთი მძიმე ფორმა არ ჰქონოდა. რაც მე გითხარით, ეს არ არის ჩემი აზრი, ეს უმარტივესი თეორიაა. ამ მილის გამო იქ ავარია გარდაუვალი იყო. შეიძლება, გვირაბში წყალმა რაღაც შეიტანა, ნაყარმა და მოტანილმა ნარჩენებმაც ხელი შეუწყო, მაგრამ ავარია, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდებოდა. შეიძლება, სადღაც გოფრირებულ მილებს იყენებენ, მაგრამ არა ასეთ ადგილას და ასეთ შემთხვევაში. გოფრე მიზეზი ხდება ტურბულაციისა და მილის ჩაკეტვისა. ეს იყო საბედისწერო, მე ვიტყოდი, გიგანტური შეცდომა. თუმცა, აქვე იკვეთება მეორე სერიოზული მიზეზიც.

- მაინც, რა მიზეზია ეს?

- თბილისი გრუნტის წყლების ზონაში მდებარეობს, აქ ბევრი უბანი პრაქტიკულად, წყალზე დგას. მდინარე ვერე ამ გრუნტის წყლებს ერთად კრებდა, ამას ემატებოდა ჩამდინარე წყლებიც და მდინარის ბუნებრივი კალაპოტი ამას ითვისებდა. როდესაც ბუნებრივი კალაპოტის ნაცვლად მილს ჩადებთ და მთის მდინარეს მასში გაატარებთ, რას იზამს? ძალიან დიდი ალბათობით ახალ გზას იპოვის და მის ქვეშ გაივლის. ალბათ ასე მოძებნა გრუნტის წყალმა გზა გვირაბის ქვეშ. როგორც ჩანს, ეს გზა უკვე გაჭრილი იყო და წყალდიდობამ ხელი შეუწყო იმ პარალელური, ღია კალაპოტის გამოვლინებას, რომელსაც დღეს ვხედავთ. სირცხვილია, რომ XXI საუკუნეში სპეციალისტებმა ეს ყველაფერი ვერ გაითვალისწინეს. ამას გაითვალისწინებდნენ გლეხები ორი ათასწლეულის წინ. აქედან ერთი დასკვნაა: "ვერა რეჩკა" მარწუხებისგან უნდა გათავისუფლდეს და თავისუფლად იდინოს. იქ წყალდიდობები ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება. მე ამ წყალდიდობებს უკვე 30 წელია ვუყურებ, რადგან ატენის ქუჩაზე ვცხოვრობ, ზედ ხევის პირას და ლამის ყოველ წელიწადს ვხედავ: "ვერა რეჩკა" ადიდდება და ცოტა ხანში ისევ თავის ძველ კალაპოტს უბრუნდება, ადიდდება - ჩავარდება... რაც შეეხება მშენებლობებს, მაგას ნუ მკითხავთ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი - მდინარის კალაპოტში არაფრის აშენება და გაკეთება არ შეიძლება.

- თუმცა, იქ ახლა თბილისური მანჰეტენის გახსნას აპირებენ, ოღონდ - ვერეს სათავეში დამბის აგების შემდეგ.

- დამბის აგებაში არის ლოგიკა, ამას საკმაოდ კვალიფიციური ჰიდროლოგები ამბობენ, მაგრამ არა მგონია, ამხელა ხარჯს აზრი ჰქონდეს. თუ მდინარე ვერეს თავის ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნებენ, თუ ჭკუას იხმარენ და გზას ხიმინჯებზე გააკეთებენ, იყოს ეს გზაც და იყოს წყალდიდობაც, მაგრამ ღირს კი ამდენი ფულის ხარჯვა? ხომ შეიძლება, წყალი მოვარდეს და გზა ისევ გააფუჭოს? ახლა მთავარია, ეს მდინარე გათავისუფლდეს, გზა შეიძლება გააკეთონ, ოღონდ მდინარის ბუნებრივი კალაპოტის პარალელურად. მე 11-12 წელი პეტერბურგში ვიცხოვრე, წყალდიდობა იქაც ხშირად ხდება: ნევა ადიდდება, ნაპირებზე გადავა, მაგრამ იქ სულ სხვა დინამიკაა, აქ კი, საქმე გვაქვს მთის გიჟმაჟ მდინარესთან, რომელიც ამდენ ხანს მარწუხებში იყო მომწყვდეული. ვინც იქ მშენებლობის ნებართვები გასცა, ჩემზე კარგად იცის, რომ ეს დაუშვებელი იყო.

GzaPress

- თუმცა, ასეთი არგუმენტიც გამოითქვა: თუ ასეთი საშიში იყო ვერეს ხეობაში რაღაცის აგება, რატომ აშენდა იქ გივი სვანიძის ლაბორატორიაო?

- მოდი, გივი სვანიძეს თავი დავანებოთ, რა! სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მდინარე ვერეს ხასიათი საფუძვლიანად არის შესწავლილი. ეს იყო შესანიშნავი ლაბორატორია, გივი სვანიძე იქ მარტო მდინარე ვერეს კი არ აკვირდებოდა, "ვერა რეჩკა" იყო მოდელი, განსაკუთრებით რთული მდინარე, რომლის შესწავლითაც საერთოდ მთის მდინარეებზე დაიდო დასკვნა. ამ კაცმა თავისი საქმე შესანიშნავად გააკეთა და მისი დანატოვარი მასალაც შესანიშნავია. ეს იყო მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი, რომლის რეკომენდაციებიც XXI საუკუნეში არ გაითვალისწინეს.

- 13 ივნისის წყალმოვარდნის ერთ-ერთი მიზეზი მეწყერიც ხომ იყო?

- იყო, ოღონდ - ნაწილობრივ. კი, ჩამოიტანა ღვარცოფმა მეწყრის მასის ნაწილი, მაგრამ არც იმდენი, რამდენიც ჰგონიათ. ეს რომ მეწყრული ადგილია, ყველამ იცის, ვინც ამ სფეროს იკვლევს და შესწავლილი აქვს. მეწყერმა შემოიტანა გარკვეული მასა კალაპოტში, მაგრამ წყალდიდობის მიზეზი მეწყერი არ ყოფილა. მილმა ვერ გაატარა წყალი და ის ჩაიკეტა. ამ მილს რომ წყლის გატარების უნარი ჰქონოდა, ამხელა ნგრევისა და მსხვერპლის მოწმენი არ გავხდებოდით. იმ ღამეს რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ წყალი ჩამოწოლილი მეწყრის გამო არ დაგუბებულა. ასე რომ, მეწყერი არ არის მთავარი მიზეზი წყლის დაგუბებისა. სვანიძის ქუჩაზე მცხოვრებნი საკუთარი თვალით ხედავდნენ, რომ მეწყრის ჩამოწოლამდე დაიწყო წყალმა კატასტროფული მომატება - ეს ყველამ იცის. უბრალოდ, არსებობდა რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც მთავარ მიზეზს დაემატა.

- და რა სამწუხაროა, რომ ეს გოფრირებული მილი იქ სიიაფის გამო გაკეთდა...

- სიიაფის გამო გაკეთდა თუ რის გამო, არ ვიცი, მაგრამ ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ერთი იმათ თავში ჩამახედა!.. თანაც, გათვალისწინებული იყო, რომ ამ ყველაფერს ათწლეულების მანძილზე უნდა გაეძლო. კიდევ ვიმეორებ, დაშვებულია გამოუსწორებელი შეცდომა, რომელსაც გამართლება არა აქვს! ამ გვირაბის გაყვანას ვერეს ხეობაში გამართლება არ მოეძებნება.

ხათუნა ჩიგოგიძე