ქუთაისელების "ლიტერატურული მოგზაურობა" პოლონეთში - გზაპრესი

ქუთაისელების "ლიტერატურული მოგზაურობა" პოლონეთში

ქართული დელეგაციიის წევრები 2 ქალაქში - ვარშავასა და კრაკოვში ლიტერატურულ მარათონებსა და ქართული კულტურის საღამოებში მონაწილეობდნენ. პროექტის ავტორი ქუთაისის "ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის" ხელმძღვანელი შალვა კამლაძე გახლავთ:

- ეს პროექტი ქართველი და პოლონელი ახალგაზრდა პოეტების პოლონეთის რესპუბლიკაში შეხვედრას ითვალისწინებდა, რაც ქალაქ ვარშავისა და კრაკოვის საზოგადოების თავშეყრისა და დასვენების პარკებში განხორციელდა. ქართველების და პოლონელების გარდა, ქალაქ კრაკოვში ეთნიკურად უკრაინელი ახალგაზრდებიც შემოგვიერთდნენ. 2 საათის განმავლობაში, პროექტის მონაწილეებს შეთავაზებული ფრაზის საფუძველზე, ახალი ლიტერატურული ნაწარმოები (პროზაული თუ პოეტური) უნდა შეექმნათ. ფრაზები წინასწარ არ იცოდნენ. მათ განკარგულებაში მხოლოდ ფურცელი და კალამი იყო. 2 საათის შემდეგ, ახალგაზრდებმა ნამუშევრები ორგანიზატორებს ჩააბარეს.

- პროექტის მონაწილე ახალგაზრდები როგორ შეარჩიეთ?

- პროექტი ქუთაისის მერიამ დააფინანსა და თავიდანვე "გაწერილი" იყო, რომ შერჩეული 10 ახალგაზრდა ორგანიზატორებთან ერთად, პოლონეთში გაემგზავრებოდა. თქვენი ჟურნალის მკითხველებმა უკვე იციან, რომ 3 წელია, ქუთაისში მიცკევიჩის ნაწარმოებების საჯარო კითხვა ეწყობა. პროექტის 5 მონაწილე სწორედ მხატვრული კითხვის კოკურსში გამარჯვებულები არიან. მათ წერის ნიჭიც აქვთ. დანარჩენმა ხუთმა ჟიურის წინაშე საკუთარი ნაწარმოებები წარადგინეს. კონკურსის მეტი ობიექტურობისთვის საჭიროდ მივიჩნიეთ, ნაწარმოებებზე ავტორების ვინაობა მიწერილი არ ყოფილიყო. ასევე, კონკურსის დასრულებამდე, მონაწილეებმა ჟიურის წევრების ვინაობაც არ იცოდნენ.

GzaPress

- ახალგაზრდების მიერ შექმნილ ნაწარმოებებს რა ბედი ეწევათ?

- პროექტი განხორციელდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის - ქეთი ფრაგულაიშვილის პატრონაჟით. მისი ორგანიზაციის - "ხიდი საქართველოსთან" (კრაკოვში) მეშვეობით, შექმნილი პოლონური ნაწარმოებები ქართულად ითარგმნება, ქართული კი - პოლონურად და საბოლოო ჯამში, კრებულად გამოიცემა, რომ ახალგაზრდების დაწერილი უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. რაც მთავარია, ნაწარმოებებს კომპეტენტური პირები შეაფასებენ. ამ შეფასებებს ნამუშევრებს თან დავურთავთ.

- როგორც ვიცი, სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტ საბას შეხვდით...

- დიახ, პოლონეთში ჩასვლისას, ეს ჩვენთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო, რომელიც ძალიან საქმიანიც გამოდგა: დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტმა - მურთაზ ვაშელეიშვილმა მიტროპოლიტისგან ქალაქ ვარშავის უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებული შეთავაზება მიიღო. პოლონეთის მართლმადიდებლური საპატრიარქო გაისად უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს დაგეგმავს, თუნდაც - "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვასთან დაკავშირებით. რუსთაველის ნაწარმოები (როგორც პოეტურად, ასევე - პროზაულად) პოლონურ ენაზე რამდენჯერმე ითარგმნა. გვინდა, "ვეფხისტყაოსანი" ახალგაზრდებს შორის მეტად პოპულარული იყოს. როცა შემოდგომაზე პოლონეთში დავბრუნდები, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის კონგრესის ფარგლებში, საშუალება მექნება, რომ პოლონეთის რამდენიმე ქალაქში პოლონურ ენაზე "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა. მოვაწყო... ასევე, ვარშავის ერთ-ერთ გიმნაზიაში საინტერესო შეხვედრა გვქონდა: გიმნაზია თავისი სპეციფიკურობით გამოირჩევა - ევროპის აღმოლსავლეთ ქვეყნებში (იგულისხმება ამიერკავკასიაც) მცხოვრები ახალგაზრდებიდან, ვისაც პოლონელი წინაპარი ჰყავდათ, პოლონური ენის შესასწავლად იწვევენ, რითაც ახალგაზრდებს პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების საშუალება ეძლევათ. გიმნაზიის დირექტორი ჩვენთან შეხვედასთან დაკავშირებით, ძალზე მონდომებული იყო. ღონისძიებაზე ადამ მიცკევიჩის ეპიკური პოემა "პან თადეუში" ქართულად წავიკითხეთ, მასპინძლებმა კი - პოლონურად. გაისად "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა სწორედ ამ გიმნაზიაში მოეწყობა... ჩვენს "ლიტერატურულ მოგზაურობას" "ღამის მუზეუმების გამოფენა" დაემთხვა: საღამოს 4 საათიდან თითქმის გათენებამდე აბსოლუტურად ყველა მუზეუმი, გალერეა, თეატრი ღია იყო.Nნამდვილად გაგვიმათრლა - ერთ ღამეში ბევრი რამ ვნახეთ.

- განსკუთრებული ზეგავლენა რამ მოახდინა?

- კულტურაში თანამედროვე ტექნოლოგიურმა მიღწევებმა: სპექტაკლი 2 ეფექტით ვნახეთ - ეს გახლდათ თეატრის და კინოს შერწყმა. ვისურვე, რომ ასეთი მიღწევები ჩვენს ქვეყანაშიც მენახა.

პოლონეთში ჩვენს ვიზიტს ვარშავის ცენტრალურ სტადიონზე წიგნების საერთაშორისო გამოფენა დაემთხვა, სადაც საშუალება გქონდა, წიგნი ავტორის ავტოგრაფით შეგვეძინა. მწერლების გარდა, იქ ფეხბურთელები, მსახიობები, მომღერლებიც იყვნენ, რომლებიც თავის ცხოვრებაზე წერენ. Mოგზაურობის შესახებ წიგნი შევიძინე. აღმოჩნდა, რომ მისი ავტორი საქართველოშიც ნამყოფი ყოფილა. თბილისის შესახებ ბევრი მესაუბრა... ვარშავის უნივერსიტეტში (სადაც გრიგოლ ფერაძე მოღვაწეობდა) ჩვენი ღონისძიება 15 მაისს დაემთხვა: ქართული კინოს დღე სიმბოლურად აღვნიშნეთ და "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" ვაჩვენეთ. სტუმრებმა ქართული ღვინო, ჩურჩხელი, სულგუნი დააგემოვნეს. ვიცოდით, რომ პოლონეთში ქართული ღვინო პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ სიტუაციამ მოლოდინს გადააჭარბა - ცოტა არ იყოს, განვიცადე, რომ ქართული ღვინო პოლონელი ახალგაზრდებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა (იცინის)...

GzaPress

მურთაზ ბაშელეიშვილი (ბაშა):

- პროექტში კონკურსის მეშვეობით მოვხვდი: ქუთაისი უმაღლეს სამუსიკო კოლეჯში (ყოფილი კონსერვატორია) ადამ მიცკევიჩის პოემის ნაწყვეტების მხატვრული კითხვა ჩატარდა, რომელშიც ვმონაწილეობდი. პროექტის წარმომადგენლებმა იქიდან შემარჩიეს. სამუსიკო კოლეჯში ვსწავლობ... პოლონეთში მოგზაურობით ძალიან კმაყოფილი ვარ. იქ საქართველო მუსიკით წარმოვაჩინე - ვარშავის უნივერსიტეტში, გიმნაზიაში ვიმღერე. თემების დაწერა მეც მომიხდა - ლიტერატურულ მარათონში მეც ვმონაწილეობდი.

- შენი ნაწარმოები რის შესახებ არის?

- კრაკოვში ჩატარებული ლიტერატურული მარათონისთვის ცხოვრების მიმართ ჩემი დამოკიდებულებების შესახებ დავწერე, ვარშავაში კი - მოგონებებზე...

- ლიტერატურული ნაწარმოებები სხვა დროსაც დაგიწერია?

- ვერ გეტყვთ რომ მწერალი ან პოეტი ვარ, უბრალოდ, ბავშვობაში ვწერდი ხოლმე.

- პოლონეთში მოგზაურობიდან განსაკუთრებულად რა დაგამახსოვრდა?

- ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტ საბასგან მიწვევა იყო, ვარშავაში სწავლასთან დაკავშირებით.

- მერე, გამგზავრებას აპირებ?

- ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია. ცოტა ხანში ამაზე სერიოზულად დავფიქრდები.

ანა ლორთქიფანიძე (ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი):

- ლექსებს დაახლოებით 14 წლიდან ვწერ. პროექტის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე - შალვა კამლაძის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციას გავეცანი.Aარც მიფიქრია, რომ სწორედ მე შემარჩევდნენ, მაგრამ მონაწილეობის დიდი სურვილი გამიჩნდა. გადავწყვიტე, ბედი მეცადა და კონკურსისთვის ჩემი შემოქმედებიდან რამდენიმე ნაწარმეობი გავგზავნე. პასუხს ველოდი და ისიც ვიცოდი, რომ პროექტში მონაწილეობის ბევრი მსურველი იყო. როცა შევიტყვე, რომ იმ დამიანებს შორის მოვხვდი, ვინც პოლონეთში გაემგზავრებოდა, ენითაღუწერელი დადებითი ემოცია დამეუფლა! გამიმართლა, რომ ძალიან მაგარი ჯგუფი შევიკრიბეთ... პოლონეთი ულამაზესი და ჩემთვის სამაგალითო ქვეყანაა. მას ბევრი ისეთი რამ აქვს, რაც შეიძლება, ჩვენს ქვეყანასაც ჰქონდეს, გამოადგეს... ხელოვანისთვის "შოპენის ქვეყანაში" მოხვედრა დიდი ბედნიერებაა! იქ დათვალიერებულმა მუზეუმებმა, ლიტერატურულმა შეხვედრებმა, ხალხის ცხოვრების წესის გაცნობამ ბევრი მომცა...

GzaPress

- შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემო დაგხვდა?

- ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო და დასამახსოვრებელი სწორედ ადაპტირებული გარემო იყო: თითოეული ადამიანის სახლიც კი ადაპტირებულია, მეტროებზე, მაღაზიებზე აღარ ვისაუბრებ - ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე ადამიანზეა მორგებული. მე თუ მკითხავთ, ეს პოლონელი ხალხის დიდი გამარჯვებაა. თვალსაჩინო იყო ქალაქის სისუფთავეც... სხვა დანარჩენზე საუბარ დიდხანს მოგვიწევს. ბევრი რაღაც ვნახე, რაც ჩემს ქალაქს სჭირდება და "თეთრი შურით" შემშურდა. ვფიქრობ, რომ მსგავსი რაღაცები მომავალში ჩვენთანაც დაინერგება - თუნდაც იმიტომ, რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ...

- ანა, პირად საუბარში მითხარი, რომ შენი მუზა "თავხედია". ლიტერატურულ მარათონს თავი როგორ გაართვი?

- საკუთარ თავზე საუბარი უხერხულია, მგრამ მგონი - კარგად. მეშინოდა, რადგან ჩემი მუზა "ჩარჩოებს" არასოდეს ემორჩილება, "შეკვეთით" ვერასოდეს ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, მარათონისას მუზა საოცრად "კანონმორჩილი" გახდა (იცინის).

- შეგიძლია, მარათონზე დაწერილი შენი ნაწარმოებიდან მცირე ნაწყვეტი წაგვიკითხო?

- პირველი მარათონის ფრაზა ადამ მიცკევიჩის "პან თადეუშიდან" იყო აღებული: "ძველ ჩაჩოებში სურათები უცვლელ არიან":

"...თითით მტვერს ვაცლი წინაპრის ფოტოს

და ვაკვირდები სიმშვიდეს მისას,

წარსულს ვერ შევცვლი კარგით და ცუდით,

მომავალი კი შევცვალო, მინდა..."

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი