მომავალი წლიდან კახეთში სეტყვა აღარ მოვა - გზაპრესი

მომავალი წლიდან კახეთში სეტყვა აღარ მოვა

ჩვენი ახალგაზრდები გაექცნენ უგზოობას, უფულობას, გაურკვეველ მომავალს და ახლა ზოგი უცხოეთში ცხოვრობს, ზოგი კი - საქართველოს დიდ ქალაქებში. ერთადერთი სკოლა იყო, რომელიც ახალგაზრდებს აქ აჩერებდა, რამდენიმე წლის წინ ისიც დაგვიხურეს და სოფლიდან ისინიც კი წავიდნენ, ვინც ოჯახი შექმნა და სოფელში აპირებდა დარჩენას", - შემომჩივლა ქალბატონმა, რომლის მსგავსიც საქართველოში არაერთია. ალბათ ვერავინ შეგვედავება, რომ წლების განმავლობაში ქართული სოფელი უყურადღებოდ იყო მიტოვებული და რეგიონებში უამრავი პრობლემა დაგროვდა, რის გამოც სოფლები დაიცალა და ერთ დროს ძლიერი ოჯახების ნაცვლად ნასახლარებიღა შემორჩა. ქართული სოფლის პრობლემებსა და სატკივარზე, რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ბედზე, სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიას ვესაუბრეთ:

- თავდაპირველად ვიტყოდი, რომ ურბანიზაციის პროცესი მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს და გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა, თუმცა, უაღრესად სამწუხაროა, რომ ქართული სოფელი ცხოვრების დონით ქალაქისას ძალიან ჩამორჩა. სწორედ ამ პრობლემების დასაძლევად არის საჭირო რეგიონების განვითარება, იქ ცხოვრების დონის ამაღლება. "განვითარებაში" არ ვგულისხმობ მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ სხვა - ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებსაც, ყველაფრის კომპლექსურად განვითარებაა საჭირო. უკვე ვთქვი, რომ ურბანიზაცია ჩვენი დროის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ სოფლების დაცლა როგორმე მაინც უნდა შევაჩეროთ. რეგიონებში უნდა მოხერხდეს არა მარტო სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების წინსვლა, არამედ ადამიანების ცხოვრების დონის ამაღლებაც. ვგულისხმობ იმ პირობებს, რომელშიც ჩვენს ხალხს უწევს ცხოვრება, განსაკუთრებით - მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშონ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, მათ მონდომებაზე, მშობლიური სოფლისა და ხალხის სიყვარულზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ძალიან ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი და პროექტი გვაქვს, რომელიც სწორედ ამ საკითხების მოგვარებას ითვალისწინებს. მათ შორის უნდა ვახსენო სკოლებისა და საავადმყოფოების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ზოგიერთ რეგიონში უკვე ხორციელდება. უამრავი სერიოზული სხვა პრობლემაცაა დაგროვილი და მათ მოგვარებას ასე უეცრად, ერთი ხელის მოსმით ვერავინ შეძლებს. მათ მოსაგვარებლად საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი საჭირო.

- ამ ცოტა ხნის წინ კახეთი კიდევ ერთხელ დაისეტყვა. სეტყვა აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყოველ წელიწადს აზარალებს. ამიტომ, მოსახლეობა ძალიან გაახარა იმ ინფორმაციამ, რომ ქვეყანაში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები უნდა დამონტაჟდეს. სად და როდისაა დაგეგმილი ამ სისტემების ამოქმედება?

GzaPress- სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების გეგმა მართლაც გვაქვს. ამ საკითხზე მუშაობა მთავრობამ ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მუშაობის გამოცდილება საქართველოში უკვე არსებობს. თავის დროზე საქართველო ერთ-ერთი პიონერი იყო ამ მიმართულებით: საბჭოთა კავშირის დროს აქ მუშაობდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც "ალაზანი 1" ერქვა, რასაც მოჰყვა "ალაზანი 2". ქვეყანაში ახლაც მუშაობს კომპანია, სახელწოდებით - "დელტა", რომელსაც იმის გამოცდილება და ტექნიკური საშუალებები აქვს, რომ საქართველოში ამგვარი სისტემები ამუშავდეს. ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც ადრეც არსებობდა, დღესაც არსებობს, "დელტასაც" აქვს იმის საშუალება, რომ ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი სისტემები შექმნას და დაამონტაჟოს. საამისო გეგმა უკვე არსებობს და ამ გეგმის მიხედვით 2015 წლის გაზაფხულზე კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები უკვე გვექნება. მართალია, სეტყვა აზიანებს შიდა ქართლს და სამცხე-ჯავახეთსაც, მაგრამ ყველაზე დიდი რისკის ზონა მაინც კახეთშია, ამიტომ პირველად კახეთს უნდა მივხედოთ. ეს არის საკმაოდ რთული მექანიზმი: რაკეტა ატმოსფეროში აფრქვევს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ფანტავს სეტყვის ღრუბელს და ეწინააღმდეგება სტიქიას. ევროპაში ბადეების სისტემაც არსებობს, რომელიც ადგილზე მონტაჟდება და საკმაოდ ეფექტიანია, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ, ისეთი მექანიზმი უნდა ავამოქმედოთ, რომელიც უფრო იაფი და ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვის. ასე რომ, კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას მომავალი წლის გაზაფხულიდან სეტყვის აღარ უნდა შეეშინდეს.

- წელს ქართველ გლეხებსა და ფერმერებს ყურძნის ჩაბარება აღარ გასჭირვებიათ. სამაგიეროდ, გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომ დასავლეთ საქართველოში ციტრუსის მოსავლის ნახევარი განადგურდა.

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა: 2013 წელს ციტრუსის იმდენი რაოდენობა გავიდა ექსპორტზე, რამდენიც წინა 10 წლის განმავლობაში არ გასულა. ვერ დაგეთანხმებით, რომ მოსავლის ნახევარი განადგურდა თუნდაც იმიტომ, რომ დაახლოებით 60 ათასი ტონა ექსპორტზე გავიდა. მართალია, მოსავლის ნაწილი მართლაც დაზიანდა, მაგრამ მიზეზი ის იყო, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, ფერმერებმა დროზე არ მოკრიფეს მოსავალი. მერე კი, თოვლისა და სტიქიის გამო მანდარინი მოიყინა, თუმცა, ინფორმაცია, რომ მანდარინის ნახევარი გაიყინა, არასწორი და გაზვიადებულია.

- რას გვეტყოდით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე, რომლებიც საქართველოში იქმნება? ზოგს ჰგონია, რომ ეს ძველი კოლმეურნეობების მსგავსი რამ იქნება. როგორ უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე კოოპერატივი?

- ჩვენს ქვეყანაში უკვე 80-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი. ეს კოოპერატივები დაფუძნებულია ორ უმთავრეს პრინციპზე - ნებაყოფლობითობისა და თანაბარუფლებიანობის პრინციპზე. ანუ, ადამიანები თვითონ გადაწყვეტენ, გახდნენ თუ არა კოოპერატივის წევრები. ამ სისტემაში ერთი წევრი უდრის ერთ ხმას. ამიტომ, ეს იქნება სრულიად განსხვავებული წარმონაქმნი, რომელსაც არანაირი საერთო არ ექნება ძველ, საბჭოურ კოლმეურნეობებთან. თანამედროვე კოოპერატივებში ფერმერებს საშუალება მიეცემათ, რომ თავიანთი რესურსების სრული კონსოლიდაცია შეძლონ - ლაპარაკია ფინანსურ, ადამიანურ და მიწის რესურსებზე. საქართველოში ფერმერული მეურნეობები არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორიც უნდა იყოს და ამ პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი გზა სწორედ კონსოლიდაციაა. ეს მსოფლიოში ძალზე გავრცელებული და კარგად აპრობირებული მეთოდია. კოოპერატივში შეიძლება გაერთიანდეს მინიმუმ სამი-ხუთი ფერმერი, მათი ერთობლიობა აუცილებელია იმისთვის, რომ მთელი რიგი შეღავათები მიიღონ, მათ შორის გადასახადების მხრივაც. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მოგებაზე ორიენტირებული წამონაქმნი იქნება, რომელსაც მიეცემა საშუალება, მიიღოს გრანტი ისე, რომ არ დაიბეგროს. ჩვენ უკვე შევქმენით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომლის მიზანი სწორედ ამ კოოპერატივების ხელშეწყობა და დახმარებაა. კოოპერატივების ჩამოსაყალიბებლად ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი რესურსები გააერთიანონ - იქნება ეს საერთო თანხა, მიწა თუ ადამიანური რესურსი და ამის შედეგად უკეთესი მოსავალიც მიიღონ და უფრო ეფექტიანად აწარმოონ თავიანთი საქმიანობა.

- აგროდაზღვევის შესახებ რას გვეტყოდით? ვის შეეხება ის და რა ფორმით?

- აგროდაზღვევა რთული თემაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ საქმეში სახელმწიფოს ჩარევა საჭირო და აუცილებელიც კია. ჩვენ შარშან დავიწყეთ მუშაობა კონცეფციაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს აგროდაზღვევა საქართველოში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან. გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ გერმანიის მთავრობამ სპეციალურად ამ მიზნით გამოყო 200 ათასი ევრო, ჩატარდება ამ საკითხის საფუძვლიანი კვლევა და უახლოესი სამი თვის განმავლობაში გვეცოდინება, თუ რომელი გზა, რა ტიპის ინტერვენციაა საჭირო იმისათვის, რომ ქართველ გლეხებსა და ფერმერებს სრულყოფილი დაზღვევა შევთავაზოთ. დაზღვევის აუცილებლობაზე ამ დარგში არავინ კამათობს, აგროდაზღვევა აუცილებელია, თუმცა, კვლევა მაინც საჭიროა, სასურველ მიზანს რომ მივაღწიოთ. ამავე დროს, ჩვენც გვაქვს ჩვენი, საკუთარი კონცეფცია, რომელიც შესწავლას საჭიროებს. უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. როდესაც მოსავალი დაზღვეულია, ფერმერის წინაშე არსებული რისკი უკვე შეფასებულია და მას მიყენებული ზარალიც აუნაზღაურდება. ეს ტვირთი სადაზღვევო კომპანიებმა უნდა იტვირთონ. სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი დაითვლება და მას სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს - ასე ხდება მთელ მსოფლიოში. აგროდაზღვევის შედეგად გლეხისა და ფერმერის შრომა უფრო დაცული იქნება, მოსავლის მოყვანა კი - ნაკლები რისკის შემცველი. სხვათა შორის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების შექმნაც იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გლეხის შრომა დაფასდეს, რომ ის უფრო ნაკლებად იყოს დამოკიდებული ბუნებაზე, სტიქიურ მოვლენებზე.

- დასასრულ, ბატონო შალვა, კიდევ ერთი მნიშვნელოვან საკითხს უნდა შევეხოთ: გაიზრდება თუ არა მეცნიერების როლი ამ სფეროში? სელექციის, ახალი ჯიშების გამოყვანის გარეშე ხომ სოფლის მეურნეობა თითქმის წარმოუდგენელია?

- რა თქმა უნდა, მოსავლიანობის გასაზრდელად და უკეთესი შედეგების მისაღწევად სოფლის მეურნეობაში მეცნიერების ჩარევა აუცილებელია. ახლახან, ჯიღაურის მეურნეობის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დავაფუძნეთ. სხვათა შორის, ჯიღაურის მეურნეობა ჩვენს სამინისტროს ბიძინა ივანიშვილმა გადასცა. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის გამოყენება ამ დარგში აუცილებელია. ამ ცენტრის მიზანიც სწორედ ესაა: ახალი ჯიშების გამოყვანა, სელექცია, უცხოეთიდან საუკეთესო ჯიშების შემოტანა, სერტიფიცირება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ჩარევის გარეშე ამ დარგის წინსვლა და განვითარება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქართული სოფლისა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ბიოგრაფია:

შალვა ფიფია 1976 წლის 26 თებერვალს დაიბადა. 1981-1992 წლებში სწავლობდა ა. რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიაში. 1992-1993 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე, 1993-1995 წლებში კი - დიდ ბრიტანეთში - მანჩესტერის საქალაქო კოლეჯში. 1999 წელს დაამთავრა ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტი, აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკასა და პოლიტოლოგიაში. 2008 წელს კი, დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა. სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრია.

ვიდრე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდებოდა, იყო მინისტრის პირველი მოადგილე და მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. მანამდე კი - Multiplex Holdings Group-ის ფინანსური დირექტორი

2006-2008 წლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ ფონდ "ათასწლეულების გამოწვევა-საქართველოს" "აგრობიზნესის განვითარების პროექტის" მენეჯერის მოადგილე გახლდათ, ხოლო 2003-2005 წლებში - საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს კომერციული ოფიცერი. უფრო ადრე მუშაობდა "ინტელექტბანკში" ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრი კარგად ფლობს ინგლისურ, რუსულ, ესპანურ ენებს, დაოჯახებულია - ჰყავს მეუღლე."

"გზის" არქივიდან ხათუნა ჩიგოგიძე