”ვაჟას ლოდი აიტანს ჯვარს, მაგრამ ილიას "მწუხარე საქართველო" ჯვარს ვერ აიტანს”... - გზაპრესი

”ვაჟას ლოდი აიტანს ჯვარს, მაგრამ ილიას "მწუხარე საქართველო" ჯვარს ვერ აიტანს”...


ცოტა ხნის წინ, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში, ვაჟა-ფშაველას საფლავს ჯვარი დაამაგრეს, რომელიც არ შეესაბამება ძეგლის კონცეფციას და ხელოვნების ნიმუშისგან შორს არის.
ინიციატივის ავტორი უცნობია და ჯვარიც მაშინვე მოხსნეს, მაგრამ გაირკვა, რომ მსგავსი ფაქტები ვაჟას საფლავზე ადრეც ყოფილა...

როდესაც საკითხის გასაცნობად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა პასუხისმგებლობა მოიხსნა და გაგვიმარტა, რომ ეს კულტურის სამინისტროს პრეროგატივა არ არის (!) და პასუხს მერიის კულტურის სამსახური გაგვცემდა. ვაჟა-ფშაველასა და საერთოდ, პანთეონში დაკრძალული ადამიანების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფო პანეთონის მიმართ მეტ პასუხისმგებლობას აიღებდა თავის თავზე და მეტ გულისხმიერებას გამოიჩენდა...

ერთი სიტყვით, ნეკა სებისკვერაძის სამსახურმა ოპერატიულად გადაგვამისართა პანთეონების გაერთიანების სამსახურში, რომელიც თურმე ამ მიმართულებას კურირებს...

მარინა დავითაშვილი, პანთეონების გაერთიანების დირექტორი:

GzaPress- უკვე მოვხსენით ჯვარი... ასეთი შემთხვევები ადრეც მოხდა. რატომღაც ვიღაც მიიჩნევს საჭიროდ, რომ მოვიდეს და ლოდზე ჯვარი დაამაგროს. ახლაც იგივე მოხდა, მოვიდა ჩუმად და წინასწარ დამზადებული ჯვარი დაადგა. სავარაუდოდ, ის ადამიანები ამ ფორმით ვაჟას მიმართ თაყვანისცემასა და სიყვარულს გამოხატავენ. მხოლოდ ჯვრის დადგმის ფაქტები არ ყოფილა, ზოგს უბრალოდ, ქვა მოაქვს, ზოგსაც სუვენირი და ალაგებენ.

- პანთეონს დაცვის სამსახური არა ჰყავს? ჯვარი ჩაბეტონებულია...

- ჰყავს, უბრალოდ ცოტა ქვემოთ, მოშორებით დგანან. როდესაც ჯგუფი ამოდის, მათ დაჰყვებიან და აფრთხილებენ კიდეც, მაგრამ ძნელია, ყველა ადამიანს ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვე... ისე კი, უკვე შემოსულია პროექტი, რომ ყველა საფლავზე უნდა დაიდგას ჯვარი, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი საქმეა და როდის განხორციელდება, არ ვიცით.

- ყველა საფლავზე ჯვრის განთავსება ვისი იდეაა?

- იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების, მაგრამ ჯერჯერობით შესასწავლია ფორმა, სტრუქტურა და საერთოდ, ვიზუალური სახე. თუმცა, არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც მთაწმინდაზე არსებული ყველა საზოგადო მოღვაწის საფლავს ჯვარი დაედგას.

ვაჟა-ფშაველას საფლავზე ჯვრის დადგმის ფაქტს უარყოფს იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება, თუმცა მათ აქვთ პროექტი, რომ პანთეონში არსებულ ყველა საფლავზე დამაგრდეს ჯვარი...

მამა კონსტანტინე (გორგაძეს), იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების ხელმძღვანელი:

- როდესაც პანთეონში საფლავებზე ავდიოდი და პანაშვიდებს ვუხდიდი, ვხედავდი, რომ ბევრ საფლავს ჯვარი საერთოდ არ აქვს. ქრისტიანი კაცი ვარ და ძალიან გამიკვირდა, ეს რომ შევამჩნიე. მერე მივწერე მერიას, რომ კარგი იქნებოდა, თუ ყველა საფლავს ექნებოდა ჯვარი.

- რა გიპასუხეს?

- არაფერი, ამ თემის მიმართ უყურადღებობა გამოიჩინა და დღეს ეს თემა მიჩუმათებულია. არადა, ჩემი იდეის მიხედვით, ყველა ჯვარი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული საფლავის კონცეფციას.

- პანთეონში განსვენებულთა უმეტესობა მთელი საქართველოს, უფრო მეტიც, მსოფლიოს საზოგადოების კუთვნილებაა, მათ შორის - მუსლიმებისაც...

- გასაგებია, მაგრამ ილია ჭავჭავძის საფლავზე ახლაც არის ჯვარი აღმართული და არა მგონია, ეს ვინმეს აბრკოლებდეს. იმ მიზეზით, რომ მუსლიმანს ეწყინება, ქრისტიანი კაცის საფლავს ჯვარი არ უნდა დავადგათ, არასწორი მიდგომაა.

გოგი ოჩიაური, მოქანდაკე, მთაწმინდის პანთეონის საფლავების ერთ-ერთი ავტორი:

- არ არსებობს მსოფლიო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ქრისტიანი საზოგადო მოღვაწისთვის ჯვრის დადგმა აუცილებელია... გაოცებული ვარ, როგორ უნდა დადგან? რამდენიმე ძეგლი მხატვრულად დასრულებულ კომპოზიციას წარმოადგენს და მასზე ჯვრის აღმართვა სრულიად წარმოუდგენელია.

- ინიციატორთა თქმით, ეს იდეა საზოგადოებამ შთააგონა, - მაგალითად, არაერთი შემთხვევა ყოფილა, ვაჟა-ფშაველას საფლავზე ჯვარი აღუმართავთ...

- დავიწყოთ იქიდან, რომ ვაჟა-ფშაველას და იქ განსვენებულთა უმეტესობის შემოქმედება არ წარმოადგენს მართლმადიდებლურ ძეგლს, ის მსოფლიოს ცივილური სამყაროს საკუთრებაა... რაც შეეხება კონკრეტულად ვაჟა-ფშაველას საფლავზე დადებულ გამოთლილ ლოდს, ის ძალიან ცუდად შესრულებული კომპოზიციაა. არც მახსოვს, ვინ არის მისი ავტორი... იმის მაგივრად, რომ ლოდი მოეტანათ, ის გამოძერწეს. არადა, ლოდის ნაკლებობა არ გვაქვს საქართველოში, განსაკუთრებით კი - ვაჟას კუთხეში. ასე რომ, ვაჟას ლოდი აიტანს ჯვარს, მაგრამ ილიას "მწუხარე საქართველო" ჯვარს ვერ აიტანს.

GzaPressთამრიკო ზაქარიაძე, სერგო ზაქარიაძის შვილიშვილი:

- დიახ, ჯვრის დადგმა მართლა აუცილებელია, მთავარია, კარგად გათვალონ, სად და რა ფორმით დაიდგმება ჯვარი, თუმცა ეს აუცილებელია, - ჯვარი უნდა დაიდგას. კომპოზიციის შესაბამისი უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა ჩაგვაყენონ საქმის კურსში ჩვენ, ანუ შთამომავლობა და ავტორი, რათა მთლიანობაში კონცეფცია არ დაირღვეს... ვისი იდეაც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა გაგვაგაგებინონ და ჯვრის ფორმის ვერსიები შეგვითანხმონ...

ნიკუშა შენგელაია:

- პირველად მესმის ამ ინიციატივის შესახებ, მაგრამ იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება თუ არის, საფლავებზე ჯვრების აღმართვა კი არა, ადამიანების განათლებას უნდა მიხედონ... ისე კი, საფლავებზე, მთაწმინდის პანთეონი იქნება თუ სხვაგან, ჯვრის დადგმა მართლაც აუცილებელია.

ლალი პაპასკირი